პუშტუნები (პუშტუ پښتون დასავ. [paʂtun], აღმოს. [paxtun], სპარს. پختون [pæχtun], ურდუ پٹھان, ჰინ. पठान paṭhān [pəʈʰaːn]) ან ავღანელები (სპარს. افغانی [æfʁɒːniː]) — აღმოსავლეთ ირანული ეთნიკური ჯგუფის ხალხი, რომელიც ცხოვრობს ძირითადად ავღანეთსა და პაკისტანში.

პუშტუნები
پښتون
Paṣ̌tun
Pushtunebi.jpg
პირველი რიგი
იბრაჰიმ ლოდიშერ შაჰირაჰმან ბაბა
მეორე რიგი
ხუშალ ხან ხატაკიმირვაის ჰოტაკიაჰმად შაჰ დურანი
მესამე რიგი
აკბარ ხანიმუჰამედ აიუბ ხანიაბდურ რაჰმან ხანი
მეოთხე რიგი
ამანულა ხანი •ხან აბდულ გაფან ხანიმუჰამედ ზაჰირ შაჰი
მეხუთე რიგი
აბდულ აჰად მოჰმანდიზალმაი ხალილზადიჰამიდ ქარზაი
საერთო მოსახლეობა
50 მლნ. (2009)
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
პაკისტანის დროშა პაკისტანი 35,64 million (2010)[1]
ავღანეთის დროშა ავღანეთი 13,46 million (2010)[2]
არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა არაბთა გაერთიანებული საამიროები 338 315 (2009)[3]
ირანის დროშა ირანი 110 000 (2010)[4]
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო 100 000 (2009)[5]
კანადის დროშა კანადა 26 000 (2006)[6]
ინდოეთის დროშა ინდოეთი 11 086 (2001)[7]
აშშ-ის დროშა აშშ 7710 (2000)[8]
მალაიზიის დროშა მალაიზია და სინგაპურის დროშა სინგაპური 5100 (2008)[9]
ენები პუშტუ აგრეთვე ურდუ და დარი
რელიგიები სუნიზმი

პუშტუნთა განსახლების გეოგრაფია

რედაქტირება

პუშტუნთა განსახლების ტერიტორია ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში ქაბულით, ხოლო ჩრდილო-დასავლეთში ჰერათითაა შემოსაზღვრული. ის სამხრეთით სიბიდან ქუეტა-ყანდაჰარამდე ვრცელდება. ზოგიერთი პუშტუნური ტომი (მგ. მოჰმანდი, ვაზირები, სულემანხელი, აჩაქზაი) ავღანეთ-პაკისტანის საზღვრის ორივე მხარეს ცხოვრობს. აღმოსავლეთით პუშტუნთა განსახლების არეალს ინდოეთის დაბლობი, სამხრეთით ირანის ზეგანი ესაზღვრება. დამატებით, პუშტუნთა კომპაქტური დასახლებები ინდოეთშიც გვხდება (რამპურის პროვინცია, მუმბაი). რეგიონის ტოპოგრაფია ძირითადად მთიანია, წარმოდგენილია ალპურ-ჰიმალაური მთათა სარტყლის ცენტრალურ ავღანური და სულაიმანის ზონით. ავღანური კლიმატი სემიარიდულია (ნახევრად მშრალი) ცივი ზამთრითა და მშრალი ზაფხულით. პაკისტანში ჰავაზე გავლენას ახდენს ინდოეთის მუსონები, რომლებსაც ტენიანობა და წვიმა მოაქვთ.

დემოგრაფიული ცნობები

რედაქტირება

1984 წლის აღწერით პუშტუზე მოსაუბრეთაგან 11 მილიონი პაკისტანის, ხოლო 9 მილიონი ავღანეთის მაცხოვრებელი იყო (2001 წელს სულ 21,9 მილიონი, მათგან ნახევარზე ცოტა მეტი პაკისტანში). სამოქალაქო ომმა, რომელიც ავღანეთში 1979 წლიდან მიმდინარეობდა, 2 მილიონ პუშტუნს პაკისტანში ლტოლვილად გადასვლა აიძულა. როგორც დომინანტი ეთნოსი, პუშტუნები დიდი გავლენით სარგებლობდნენ ავღანურ საზოგადოებაში უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში. ავღანეთის სხვა ეთნიკურ უმცირესობებს ჰაზარები, ტაჯიკები, უზბეკები და სხვ. წარმოადგენენ. ბანგლადეშის პაკისტანისგან გამოყოფის შემდეგ პუშტუნები ქვეყნის რიგით მეორე ეთნიკურ ჯგუფად ჩამოყალიბდნენ, პენჯაბელების შემდგომ. პაკისტანის სხვა უმცირესობებს შორის აღსანიშნავია სინდჰები, ბელუჯები და ურდუზე მოსაუბრე სხვა ხალხები.

პუშტუ ინდოევროპული ოჯახის ირანული ენების შტოს მიეკუთვნება. ორი ძირითადი დიალექტია სამხრეთ-დასავლური/ყანდაჰარის პუშტუ და ჩრდილო-აღმოსავლური/ფეშავარის ფახტო. ავღანელ პუშტუნთა უმეტესობა თავისუფლად საუბრობს ფარსის დიალექტ დარიზე. ორივე ენა იყენებს მოდიფიცირებულ არაბულ დამწერლობას.

ისტორია და კულტურული ურთიერთობები

რედაქტირება

პუშტუნთა ეთნოგენეზის საკითხი დღემდე აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ენობრივი ანალიზი ამტკიცებს ეთნოსის ინდოევროპულ წარმოშობას, ზოგიერთი ტომობრივი გენეალოგია (tribal genealogy) კი პუშტუნთა სემიტებთან ნათესაობაზე მიანიშნებს. აღსანიშნავია, რომ ავღანეთი, აღმოსავლეთ ირანი და დასავლეთ ინდოეთი მრავალი დამპყრობლის ბატონობის ქვეშ მოექცა (ირანელები, ბერძნები, ინდოელები, თურქ-მონღოლები, უზბეკები, სიკჰები), რასაც მიგრირებულ ხალხთა ნაწილობრივი ან ასიმილაცია მოჰყვებოდა. სწორედ ამიტომ, პუშტუნები არაერთგვაროვან (ჰეტეროგენული) ეთნიკური ჯგუფად უნდა მივიჩნიოთ. ისტორიულად დადასტურებული პირველი ცნობა პუშტუნებზე ახ. წ. 982 წელს გვხვდება და სულაიმანის მთებში მცხოვრებ ავღანელებს უკავშირდება. პუშტუნები მსახურობდნენ მაჰმუდ ღაზნის, მუსლიმი თურქი დამპყრობლის არმიაში, რომელიც ახ. წ. 1000 წლისთვის ჩრდილოეთ ინდოეთის ხელში ჩასაგდებად იბრძოდა. 300 წლის შემდეგ ავღანელმა მონარქებმა დელიზე გაავრცელეს გავლენა. პუშტუნი ხალჯიები და ლოდჰები დელის მოგოლთა იმპერიის დამყარებამდე მართავდნენ. ყურადსაღებია, რომ პუშტუნი მეფეები ინდოეთს ჯერ კიდევ საკუთარ სამშობლოზე კონტროლის დამყარებამდე მართავდნენ. 1747 წელს აჰმედ შაჰ აბდალიმ გააერთიანა პუშტუნთა სახელმწიფო, ცენტრით ყანდაარში. მისი ტომის წევრები ავღანეთს 1973 წლამდე მართავდნენ. 1879 წელს, მეორე ანგლო-ავღანური ომის დროს პუშტუნებს ინდოეთის მიწების დათმობა მოუწიათ დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ.

დასახლების ტიპები

რედაქტირება

პუშტუნთა ნაწილი მომთაბარე (ნომადურ), ნაწილი კი ბინადარ (ურბანულ) ცხოვრებას ეწევა. უმრავლესობა 2-400 კომლიან სოფლებშია განსახლებული. სოფლები ხშირად დიდი ქალაქების გარშემო იქმნება წყლის ხელმისაწვდომობის, ასევე უსაფრთხოების მიზნით. მომთაბარე ჯგუფები მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელს აშენებენ და სეზონური საძოვრებით სარგებლობენ. ბინადარი მოსახლეობა კი ალიზის (მზეზე გამომშრალი ტალახის) სახლებს აგებს, რომლებსაც ხის საკვამურები და ბრტყელი სახურავი (ბანი) აქვთ. სახლში გაყოფილია ინტიმური (ოჯახის საცხოვრებელი) და სტუმრების მისაღები ზონები. ცალკე სივრცეები ეთმობა ქალების საცხოვრისს, ასევე მარცვლეულისა და ცხოველების სათავსოებს.

ეკონომიკური აქტივობა

რედაქტირება

პუშტუნური ეკონომიკური აქტივობის ძირითად ფორმას სოფლის მეურნეობა (მარცვლეული კულტურების მოყვანა და მეცხოველეობა) წარმოადგენს. მეურნეობის ფართოდ განვითარებას ხელს უშლის მთაგორიანი რელიეფი, ასევე მშრალი ჰავა და უნალექობა. მარცვლეულ კულტურებს შორის აღსანიშნავია ხორბალი, ქერი და სიმინდი. კულტივაცია (დათესვა) ხელით ან გამწევი პირუტყვის დახმარებით ხდება, იშვიათად გამოყენებულია მექანიზებული საშუალებები. ტრადიციული სარწყავი სისტემა, რომელიც მიწისქვეშა სადინარით დაკავშირებულ ჭებს მოიცავს, დღეს თანამედროვე საირიგაციო ტექნიკით მოდერნიზებას ექვემდებარება. მეურნეობის სხვა დარგებია მეთევზეობა, მებაღეობა, ოპიატების მოყვანა. პუშტუნთა ავღანურ-პაკისტანური საზღვრის ორივე მხარეზე განსახლება ხელსაყრელ გარემოს ქმნის კონტრაბანდის მიმოცვლისთვის.

ეკონომიკა აგრეთვე წარმოდგენილია მრეწველობა-ხელოსნობით. ტრადიციული პუშტუნური დარგებია ხალიჩების ქსოვა, მეხარეტეობა, კალატოზობა, მეწაღეობა, ოქრომჭედლობა. ფეშავარის პროვინციაში ასევე ვხვდებით კუსტარულად დამზადებული იარაღის მანუფაქტურებს.

შრომის დანაწილება და მიწათმფლობელობა

რედაქტირება

შრომის ბაზარი გენდერული ნიშნით მკაცრადაა დაყოფილი. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მდედრობითი მოსახლეობა ჩართულია მეურნეობაში (მოსავლის აღება), მათ ძირითადად მაინც საყოფაცხოვრებო საქმიანობა და შვილების აღზრდა ევალებათ. ქალებს ეზღუდებათ საჯარო სივრცეში გამოჩენა ან საყიდლებზე წასვლა. აღნიშნულ წესს ნაკლებად იცავენ მომთაბარე ჯგუფებში.

არიდულ, დაბალმოსავლიან რეგიონებში მიწათმოქმედებას წვრილი მიწათმფლობელები, მალიქები (ოჯახის უფროსი) და მათი ვაჟები მისდევენ. მეტი ნაყოფიერების არეალებს ხანები (სოფლის ან ტრაიბალური/ტომობრივი კლანის ლიდერი) აკონტროლებენ, მიწას კი მოიჯარადრეები ამუშავებენ. მოიჯარადრეები წარმოებული პროდუქციის 20 პროცენტს იღებენ. დღეს მიწათმფლობელობის ფეოდალური ფორმა დეგრადაციას განიცდის, ჭარბი მოსახლეობა კი პაკისტანის ურბანიზაციის ნაკადს უერთდება ან შრომით მიგრანტად მიდის სპარსეთის ყურის ქვეყნებში.

ნათესაური კავშირები, ქორწინება, მემკვიდრეობა

რედაქტირება

პუშტუნთა გენეალოგიური და გეოგრაფიული დაყოფა ძირითადად ერთმანეთს ემთხვევა. ტომი (tribe) იყოფა კლანებად, ერთი კლანი კი რომელიმე გვარის ოთხ-ხუთ თაობას აერთიანებს. კლანის უმცირესი ერთეული კორი (kor) რამდენიმე ფორმით არსებობს: ‘’ბირთვული’’ ოჯახი; ‘’გაფართოებული’’ ოჯახი; ‘’გაერთიანებული’’ ოჯახი, რომელიც რამდენიმე ‘’ბირთვული’’ ოჯახისგან იქმნება. კორი წარმოადგენს პუშტუნური ტომის ძირითად სოციალურ-ეკონომიკურ აქტორს. გენეალოგია მკაცრად პატრილინეარულია (მამის ხაზით).

ისლამური სამართლით დაშვებულია პოლიგინია (მაქს. ოთხი ცოლი), თუმცა პუშტუნებში მონოგამიაა გაბატონებული. ქორწინებები უმეტესად ენდოგამიურია და ერთი კლანის წევრებს ანათესავებს. ქალიშვილის გათხოვება თითქმის ყოველთვის მშობლებს შორის გარიგების საგანია. გავრცელებული პრაქტიკაა ნათესაურ ჯგუფებს შორის საცოლეების გაცვლა. ქორწინების შემდგომი საცხოვრებელი ვირილოკალურია (ქმრის). განქორწინება პუშტუნურ რეალობაში ძალზე იშვიათია (თუმცა ისლამით სანქცირებულია).

ბავშვებს ძირითადად დედა და უფროსი დები ზრდიან. ბიჭებს შვიდი წლის ასაკში წინდაცვეთის პროცედურას უტარებენ. პატრიარქის გარდაცვალების შემდგომ კორი იშლება, მიწა კი მამაკაც წევრებს შორის თანაბრად ნაწილდება. უფროსი ძმა, როგორც წესი, დამატებით წილს იღებს საოჯახო სახლის (ჰუჯრა) მოვლა-პატრონობისთვის. ისლამური ტრადიციის მიუხედავად, ქალები და ქალიშვილები მემკვიდრის უფლებით არ სარგებლობენ.

სოციალურ-პოლიტიკური ორგანიზაცია

რედაქტირება

პუშტუნებით დასახლებული ტერიტორიების ადმინისტრირება განსხვავებულად ხორციელდება ავღანეთსა და პაკისტანში. ავღანური სახელმწიფო ჩამოყალიბებისთანავე ტრაიბალურ საწყისებზე იდგა, შესაბამისად პროვინციებს ცენტრალური ხელისუფლება ძნელად აკონტროლებდა (გარდა მთავარი ქალაქებისა). პაკისტანური მართვის მოდელი ბრიტანული იმპერიული ადმინისტრირების გადმონაშთია და ერთგვარ სინთეზს წარმოადგენს: ზოგიერთი ტომი (მოჰმანდები და ვაზირები FATA-ში (Federally Administered Tribal Areas) სახლობენ, მალაკანდები ჩრდილო-დასავლეთ სასაზღვრო პროვინციაში და ჟობები ბელუჯისტანში კი PATA-ს კონტროლს ექვემდებარებიან (Provincially Administered Tribal Areas). PATA-შიც და FATA-შიც დიდი გავლენა აქვს ტრაიბალურ და ჩვეულებით სამართალს.

მიუხედავად ამ ერთი შეხედვით ხისტი პოლიტიკური დაყოფისა, პუშტუნები ინარჩუნებენ ეთნიკურ-კულტურული ერთობის კონცეფციას. ა. ს. აჰმედი გამოყოფს პუშტუნთა სოციალური ორგანიზაციის ორ ძირითად საფუძველს: ნანგი (ღირსება) და კალანგი (რენტა). იქ სადაც ნანგია აქტუალური, ნაკლებ სტრატიფიცირებას ვაწყდებით და ტრადიციულ ღირებულებებს, არ  არსებობს ცენტრალური პოლიტიკური ავტორიტეტი. კალანგ-დომინირებულ საზოგადოებებში ქონებრივი დიფერენციაცია თვალშისაცემია, ძალაუფლება კი არისტოკრატიულ ფენას აქვს მისაკუთრებული. ორივე ტიპის სოციუმში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ მოლებს და საიდებს (წინასწარმეტყველ მუჰამადის ჩამომავლებს). ადგილობრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილებებს იღებს ჯირგა (საბჭო). ჯირგა შედგება მალიქებისაგან, რომლებიც ინტრა- და ინტერ-ტრაიბალურ საკითხებზე მსჯელობენ და ისლამური სამართლიდან გამომდინარე წყვეტენ. ავღანეთში ამ ტომობრივმა საბჭოებმა დაუდეს საფუძველი საკანონმდებლო ინსტიტუციას - ლოია ჯირგას (პარლამენტს) - რომელიც ტომების, ეთნიკური თუ რელიგიური ლიდერების შეხვედრის ადგილია.

სოციალურ ორგანიზებაში ცენტრალური როლი უკავია ღირსებისა და ქცევის კოდექსს - პუშტუნვალის/ფახტუნვალის. პუშტუნვალი აერთიანებს სტუმართმოყვარეობის, შურისძიების, თავდაცვის, ქორწინების და უმწეოთა დახმარების ადათ-წესებს. ხშირად პუშტუნვალი ეწინააღმდეგება კლასიკური შარიათით დადგენილ ნორმებს, უპირატესობა კი ინტერესთა კოლიზიისას არც თუ ისე იშვიათად პირველს ენიჭება.

რელიგია და აღმსარებლობები

რედაქტირება

ისლამი პუშტუნთა ცხოვრებაზე კარდინალურ გავლენას ახდენს. ის პუშტუნებს ინტერნაციონალიზებასა და გლობალურ კონტექსტში (ისლამური უმა) თავის იდენტიფიცირებაში ეხმარება. პუშტუნთა აბსოლუტური უმრავლესობა სუნიტური მიმდინარეობის ჰანაფიტური მაზჰაბის მიმდევარია. ზოგიერთი ტომი (ქურამი და ორაქზაი) შიიტურ ისლამს აღიარებენ. პუშტუნურ რწმენაში ვხვდებით ჯინებს (ცეცხლისგან შობილ სულებს), მოჩვენებებსა და კუდიანებს.

მუსლიმთა ღვთისმსახურები არ არიან მკაცრად იერარქიზებულნი. სოფელში გამორჩეული ფიგურაა მოლა, რომელსაც მეჩეთში მსახურების გარდა სხვადასხვა ცერემონიის (დაბადება, წინდაცვეთა, ქორწინება, გარდაცვალება) ჩატარება ევალება. აღსანიშნავია საიდებიც, წინასწარმეტყველის შთამომავლად მიჩნეული პირები, რომლებიც არ ხვდებიან პუშტუნურ გენეალოგიაში და კლანებს შორის არბიტრის ფუნქციას ითავსებენ.

გარდაცვლილის განბანილ სხეულს საერთო სასაფლაოზე მარხავენ პირით მექისკენ. ჭირისუფლები მომდევნო პარასკევი დღეების განმავლობაში საფლავთან იკრიბებიან, ასევე აღნიშნავენ გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს და წლისთავს.

ტრადიციული სოციალური სტრუქტურები

რედაქტირება

FATA-ში პუშტუნური საზოგადოების პრე-მილიტარულ სტრუქტურასა და მართვაში გავლენა გააჩნდათ როგორც გარკვეულ სოციალურ ინსტიტუციებს, ისევე ხელისუფლების კონკრეტულ ორგანოებს. პუშტუნთა სოციალურ წყობაში, ყველაზე გამოსარჩევი მმართველი ინსტიტუცია არის ჯირგა - უხუცესთა საბჭო, რომელიც კონფლიქტების გადაჭრაზე ზრუნავს, განურჩევლად საზოგადოების ფენებისა. რაც შეეხებათ გავლენიან პირებს პრე-მილიტარულ ხანაში ძალაუფლებას ფლობდნენ პოლიტიკური აგენტები, მალიკები და ტომის უხუცესები. მათი გავლენა FATA-ში ვრცელდებოდა როგორც ბრიტანელი კოლონიზატორების, ისევე პაკისტანის მთავრობის მმართველობის ხანაში.

პუშტუნები ამტკიცებენ, რომ ჯირგა თავდაპირველად ძველ ბერძნული დემოკრატიული ფორუმის მოდელს ეფუძნებოდა და ახლაც დაახლოებით ათენური დემოკრატიის ტიპის სტრუქტურაა. ჯირგაგასული საუკუნეების მანძილზე საზოგადოების სოციალური სტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი და რეგიონულ სტაბილურობის ხელშემწყობი ფაქტორი იყო. მართალია, პრე-მილიტარისტულ ხანაში ჯირგა ისლამაბადისგანაც იყო სამართლებრივად აღიარებული, თუმცა მისი ლეგიტიმაციის მთავარსაფუძვლად მაინც ადგილობრივი მოსახლეობა რჩებოდა. პუშტუნი, რომელიც ჯირგას არ აღიარებდა, დიდი ალბათობით, საზოგადოებიდან გარიყული აღმოჩნდება. ჯირგას უმთავრესი ფუნქცია კონფლიქტების მოგვარებაა საზოგადოების თითოეულ ფენაში. განსხვავებით დასავლური გაგებისგან, ჯირგას ფუნქცია უშუალოდ დავისმშვიდობიანი გადაჭრაა და არა დადგენილი მართლმსაჯულების წესების აღსრულება. მის მიერ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება ერთსულოვანი უნდა იყოს, პროცესი კი იქამდე გაიჭიმება, სანამ ყველა მოდავე მხარე არ მორიგდება. ჯირგას განკარგულებაშია ლაშქარი - ტომური ძალოვანი სტრუქტურა, რომლის ფუნქციაც გადაწყვეტილების იმპლემენტაციაა რომელიმე მხარის შემდგომი უკმაყოფილებისა და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში.თუმცა ბოლო დროს ჯირგას მიერ მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია გარე აქტორების FATA-ს ცხოვრებაშიაქტიურმა ჩარევამ გაართულა.

FATA-ში არსებული დაძაბული ვითარება და მიმდინარე კონფლიქტები დიდ გავლენას ახდენენ რეგიონის სოციალურ სტრუქტურასა და წამყვან ისტიტუციებზე. ბოლო ხანებში, განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ჯირგა. იმდენად, რამდენადაც ჯირგაზე შეტევა ამბოხებული სამხედროებისთვის სარგებლის მომტანი აღმოჩნდა, ის უკვე საგრძნობლად მოხშირებული თავდასხმების ობიექტია. ჯირგა საუკუნეების მანძილზეა დამკვიდრებული რეგიონში, შესაბამისად მასზე იერიშის მიტანა ადგილობრივების ინტერესებში ნაკლებად შედის. ეს ტაქტიკა უფრო გარედან შემოსული სამხედრო იდეოლოგიის ნაწილია. გამოსარჩევია 2010 წლის ივლისში ჯირგაზე ტერორისტი კამიკაძეს თავდასხმა, რომელმაც 100 ადამიანზე მეტი შეიწირა და კიდევ უფრო მეტი დააზარალა. 2008 წლის ოქტომბერში ზემო ორაქზაიში ტერორისტი ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული სატვირთოთი შეიჭრა ჯირგას სხდომაზე, რომელსაც ეს-ეს იყო რეგიონში ძალაუფლების შესანარჩუნებლად ლაშქარის გამოყენება გადაეწყვიტა.

ადგილზე არსებული მსხვერპლის გარდა, ჯირგაზე თავდასხმებმა რეგიონზე სოციალურ-პოლიტიკურ ჭრილშიც იქონია გავლენა. მათ გამო, ბევრად იშვიათი გახდა ჯირგას შეკრება და შემცირდა მასზე დამსწრე წევრთა ოდენობა. პოტენციური საფრთხის შიშით, ჯირგას სხდომები შედარებით პრივატულ ადგილებში იმართება და ნაკლები უხუცესი ესწრება, რაც მის ლეგიტიმაციასა და წარმომადგენლობის პრინციპს მნიშვნელოვნად აკნინებს. ამასთან, თავდასხმებს მოქალაქეებზე ფსიქოლოგიური ეფექტიც აქვს. მოსახლეობა კარგავს ჯირგას, როგორც ეფექტიანი და მშვიდობიანი მექანიზმის ნდობას კონფლიქტების მოგვარებაში. ბევრი თვლის, რომ სტრუქტურას, რომელიც სათანადოდ საკუთარი უსაფრთხოების დაცვა უჭირს, არ შესწევს უბრალო მოქალაქეებზე ზრუნვის უნარი. მისი დასუსტების შედეგად, რეგიონში უფრო დიდი გავლენა მოიპოვა პაკისტანის არმიამ, რომელიც პუშტუნთა მმართველობის ტრადიციულ ფორმებში, რისი კარგი მაგალითიც ჯირგაა, უფრო ფართოდ ერევა. ჯირგების უმეტესობას დღეს მთავრობასთან მჭიდროთ დაკავშირებულად განიხილავენ, რამეთუ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების იმპლემენტაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ ის რეგიონული არმიის დოქტრინასთან არ მოდის წინააღმდეგობაში.

მალიქები და მულაჰები

რედაქტირება

მალიქები გასული ხანების მანძილზეFATA-ს(Federally Administrated Tribal Area) საზოგადოების გავლენიან ნაწილს წარმოადგენდნენ. ისტორიულად, ისინი მდიდარი მიწათმფლობელები იყვნენ და ქონებას მემკვიდრეობით გადასცემდნენ. ბრიტანელები რეგიონზე კონტროლის მოსაპოვებლად სწორედ მათ გამოყენებას ეცადნენ პოლიტიკურ აგენტებად,პაკისტანის შექმნის შემდეგ კი ფედერალური მთავრობა იგივე კურსს მიჰყვა. 1973 წლის კონსტიტუციამ დაახლოებით 37 ათას მალიქს FATA-ს მთელი მოსახლეობის სახელით მისცა ხმის მიცემის უფლება. გავლენის მიუხედავად, ისინი მოსახლეობაში პოპულარობით არასდროს სარგებლობდნენ. თუმცა საუკუნის დამლევს სახელმწიფო პოლიტიკა კვლავ შეიცვალა - კორუფციის, ადამიანის უფლებების მასობრივი დართვევის და საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, პაკისტანის მთავრობას პოლიტიკის გადახედვა მოუწია. 1997 წელს მათ FATA-ს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს დართეს ხმის მიცემის უფლება. მალიქებისადმი მოსახლეობის ნეგატიური განწყობის გამძაფრება ადგილობრივმა მილიტარისტებმაც შეძლეს, რისი მთავარი საწინდარიც სოციალური უთანსწორობა, ნიქათი (გადასახადების სისტემა) და რესურსების უსამართლო გადანაწილება გახდა.ეს განწყობები რელიგიურმა განსხვავებებმა კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა. ეს რეგიონული ძალაუფლების მულაჰების ხელში გადასვლის ერთ-ერთი წინაპირობა გახდა. მალიქების დიდი ნაწილი ისლამაბადსა და პეშავარში გაიქცა, ხოლო ის, ვინც FATA-ში დარჩა, დღეს დიდი გავლენით აღარ სარგებლობს.

ზოგადად, რეგიონული ძალაუფლების გადაცემა მალიქებიდან მულაჰებისთვის, ღვთისმსახურებისა და რელიგიური ლიდერებისათვის, 1970-იანი წლებიდან დაიწყო. FATA-ს თან მიმართებაში ისლამიზაციის პოლიტიკის გატარება ამ ხანებში სამხედრო რეჟიმის ხელმძღვანელს, გენერალ ზიაულ ჰაქს უკავშირდება, რაც სსრკ-ს წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის ნაწილი იყო. შედეგად, მულაჰების პოლიტიკური ძალაუფლება რეგიონში საგრძნობლად გაიზარდა. იქამდე ისინი მცირეოდენ გავლენას თუ ფლობდნენ, რაც ჯირგაში რჩევის მისაცემად მიწვევით შემოიფარგლებიდა. ჯირგას განხილვების დროს მათ ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ. დღეს მულაჰების ხელში მნიშვნელოვანი ბერკეტებია. მაგალითისთვის, თუ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას ადგილზე გარკვეული პროექტების წარმოება სურს, ნებართვის აღებისთვის და შემდგომში სამუშაოს გაგრძელების მხარდაჭერისათვის სწორედ მულაჰებს უხდის ფულს. 2009 წელს ჩატარებულმა ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მულაჰები FATA-ში ყველაზე დიდი საზოგადოებრივი ნდობით სარგებლობენ.

რეგიონში თალიბანის გაძლიერებისას ადგილობრივი მთავრობა უკვე არასტაბილურ მდგომარეობაში იყო, რამეთუ მისი ძალაუფლება გავლენის მალიქებიდან მულაჰებისთვის გადაცემისას მნიშვნელოვნად შესუსტდა.

ტომთა უხუცესები

რედაქტირება

FATA-ში მიმდინარე კონფლიქტის დაწყებამდე ათასობით უხუცესი გარკვეულ სოციალური ძალაუფლების სტრუქტურას ქმნიდა. მთელი რეგიონის მასშტაბით, ისინი იყვნენ ჯირგას წევრები, არჩეულნი იყვნენ რა თავიანთი სოფლების/დასახლებების მიერ. ჩვეულებრივ, 10-დან 15 კომლამდე სიდიდის სოფელი ერთ წარმომადგენელს წარადგენდა. ეს პროცესი საუკუნეების მანძილზე ჩვეულებრივ პრაქტიკას წარმოადგენდა რეგიონში, ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ეს ფართო წარმომადგენლობითი მმართველობის პრინციპისადმი პუშტუნთა ერთგულებას ამტკიცებდა. ბოლო პერიოდში, ჯირგასთან და სხვა პუშტუნებისთვის ტრადიციულ სოციალურ ინსტიტუციებთან ერთად, უხუცესებიც გახდნენ მილიტარისტული ძალების თავდასხმის ოებიექტები. იქიდან გამომდინარე, რომ უხუცესები დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერით სარგებლობდნენ და მათსა და მთავრობას შორის ერთგვარად შუამავლის როლს ასრულებდნენ, მათმა მასობრივმა მკვლელობებმა პუშტუნურ საზოგადოებაზე დიდი გავლენა იქონია. ტომთა უხუცესების მკვლელობის შემდგომ, დანაშაულზე პასუხისმგებლობას რომელიმე ორგანიზაცია ძალზედ იშვიათად იღებს.უხუცესების მიზანში ამოღება თავდამსხმელებს ორმაგ სტრატეგიულ უპირატესობას აძლევს. მათი ლიკვიდაცია რეგიონში ფიზიკური ძალის ვაკუუმს ქმნის, რასაც შემდგომში სამხედრო ძალები ავსებენ.როგორც ავღანელ პუშტუნთა უხუცესები აცხადებენ, რომლებიც თავიანთ სამშობლოში იმავე დატვირთვის მქონენი არიან, როგორც FATA-ს უხუცესები, „ამ მკვლელობების მიზანი იმათი გზიდან ჩამოშორებაა, ვისაც ამ საზოგადოების გაძღოლა, მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება შეუძლია“. უხუცესებზე თავდასხმას აგრეთვე დიდი ფსიქოლოგიური გავლენა აქვს ადგილობრივ მოსახლეობაზე. ძლიერი რეგიონული ლიდერების სიდუხჭირე, ჯირგას დასუსტებასთან ერთად, სამხედრო მმართველობის გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა გახდა.

ჯირგას გავლენის შერყევას ხელი შეუწყო თალიბანის მიერ კონტროლირებადი შურას მოძლიერებამ FATA-ს გარკვეულ ნაწილებში. თალიბანის მიერ ადმინისტრირებულ მხარეებში ჯირგას საქმიანობა შურამ უკვე ჩაანაცვლა. შურა რელიგიური საბჭოა, რომლის დანიშნულებაც ჯირგასგან ბევრით არ განსხვავდება. თუმცა ის არაა წარმომადგენლობითი. მის წევრებს ადგილობრივი სამხედრო მეთაური ირჩევს, რომლის მთავარი მიზანიცშარიათის სამხედრო წესების გატარებაა.შურა პუშტუნურ საზოგადოებაში იმ ფონზე გახდა მართლმსაჯულების მთავარი სტრუქტურა, როცა ამ ფუნქციის შესრულების უნარი არც ერთ სხვა ინსტიტუციას არ შესწევდა. აღსანიშნავია, რომ შარიათის კანონთა ისეთი ინტერპრეტაცია, რომლითაც შურა ხელმძღვანელობს, ბოლომდე შესაბამისობაში არ მოდის პუშტუნების სამართლის მთავარ წყაროსთან, პუშტუნვალისთან (პირდაპირი თარგმანი: პუშტუნების გზა). ამასთან, შურას ისტებლიშმენტის დიდი ნაწილის წარსული საქმიანობა ტრადიციული პუშტუნური ნორმების უარყოფასა და FATA-ს ზოგიერთ ნაწილში მილიტარისტული იდეოლოგიის გავრცელებას უკავშირდება.

პუშტუნვალი

რედაქტირება

პუშტუნვალი პუშტუნთა ქცევის კოდექსის მთავარი დოკუმენტია. ის მოიცავს შურისძიების, სტუმართმოყვარეობას, საზოგადოების სუსტი ნაწილის დაცვისა და დაქორწინებული ქალების თავდაჭერილობის პრინციპებს. პუშტუნვალი რიგ შემთხვევებში ეწინააღმდეგება ისლამურ სამართალს და ზოგადად, საკუთარ თავს მასზე მაღლა აყენებს. ამისდა მიუხედავად, ის სიმკაცრითაც გამოირჩევა. მაგალითისთვის, კანონით აკრძალული სექსუალური ქცევა სიკვდილით ისჯება, რასაც მწვავე სოციალური წნეხიც ახლავს თან. პუშტუნვალის წესების დართღვევის დაფიქსირება ტრადიციულად ჯირგას ან სამთავრობო უწყებებს ევალებოდათ.

პუშტუნების დაღმასვლა ავღანეთში

რედაქტირება

1992 წლის აპრილში ნაჯიბულას რეჟიმის კოლაფსმა ქაბულში დაასრულა არა მხოლოდ კომუნისტური მმართველობა ავღანეთში, არამედ გახდა პუშტუნების დომინაციის დასასრულის ნიშანი ავღანურ პოლიტიკაში. ბევრი ექსპერტის აზრით, ეთნიკურ ურთიერთობებში ეს ცვლილება ბევრად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე კომუნიზმის დასასრული.

ეთნიკური ურთიერთობების ევოლუცია

რედაქტირება

ავღანური საზოგადოება ჰეტეროგენურია და შედგება პუშტუნების, ტაჯიკების, უზბეკების, ჰაზარების და აიმაქებისგან (დაახლოებით 50%, 26%, 8%, 7% და 6%) და ძალიან ბევრი მცირე ზომის ეთნოსისგან. პუშტუნებმა ავღანური სახელმწიფო შექმნეს 1747 წელს და ქვეყნის ჰეტეროგენურობის მიუხედავად, შეინარჩუნეს ძალაუფლება 1992 წლამდე. ამ ორნახევარი საუკუნის განმავლობაში ქვეყნის ისტორია შეგვიძლია დავყოთ 4 ძირითად ნაწილად: 1. დურანთა იმპერიის აღზევება და დაცემა (1747-1818); 2. ეთნიკურად ჰომოგენური, მაგრამ დეცენტრალიზებული ავღანეთის შექმნა  (1818-80); 3. თანამედროვე ავღანური სახელმწიფოს  კონსოლიდაცია (1880-1950); 4. ერი-სახელმწიფოს წარმოშობა (1963-92).

დურანის იმპერიამ პირველად ავღანეთის ისტორიაში, პუშტუნებს პოლიტიკური კონტროლის მექანიზმი მისცა. პუშტუნთა ტომები იმპერიის ხერხემალს წარმოადგენდნენ სამხედრო თვალსაზრისით და ამის გამო, მათ სხვა ეთნოსებთან შედარებით პრივილეგირებული მდგომარეობა ჰქონდათ. ისინი ნაკლებ გადასახადს იხდიდნენ და მათი ტომები, განსაკუთრებით დურანები, იყვნენ ქვეყნის უდიდესი მიწათმფლობელები და მათზე მოდიოდა სახელმწიფო ხარჯების უდიდესი ნაწილი. დურანის იმპერიის დროს პუშტუნებს სრული დომინაცია ჰქოდნათ ყველა ინსტიტუციაზე, ეკონომიკაზე, ჯარზე და პოლიტიკაზე.

იმპერიის დაშლის შემდეგაც, ეთნიკური თვალსაზრისით მათი დომინაცია გაგრძელდა, მაგრამ შიდადინასტიური კონფლიქტის გამო, ცენტრალური მთავრობა ვერ აკონტროლებდა ბევრ რეგიონს. მიუხედევად ყველაფრისა, მაინც ყველაზე ძლიერ ეთნიკურ ჯგუფად რჩებოდნენ ქვეყანაში.

თანამედროვე ავღანეთის დაბადება დაიწყო აბდულ რაჰმ ხანის(1880-1901) მმართველობისას, რომელსაც ჰქონდა ორი წინააღმდეგობრივი მიზეზი პუშტუნების ბატონობისთვის.1893 წელს გაფორმდა დურანდის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთის ინდოეთმა შეიერთა ავღანეთის უზარმაზარი ტერიტორია და პუშტუნური მოსახლეობის ნახევარზე მეტი, რამაც ძალიან შეამცირა პუშტუნთა უმრავლესობა ავღანურ სახელმწიფოში. ამასთანავე, მოხდა ამ ეთნოსის გადასახლება უფრო ჩრდილოეთით  და ჰაზარაჯათის ოჯახმა ახალი ძალა მისცა პუშტუნთა დომინაციას. 1929 წელს ქაბულში ძალაუფლება ხელში ჰაბიბულამ ჩაიგდო, რომელიც ეთნიკურად ტაჯიკი იყო და მან სერიოზულად შეარყია პუშტუნთა ძალაუფლება ნადერხანის მოსვლამდე, რომელმაც ჰაბიბულა დაამარცხა ძმასთან, ჰაშიმ ხანთან ერთად. 1946 წლიდან შაჰ მაჰმუდმა და მუჰამედ დაუდმა დაიწყეს ქვეყნის სწრაფი მოდერნიზება.

სერიოზული საფუძველი იყო ერი-სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში ავღანეთის პირველი კონსტიტუცია(1964). ამ ეპოქას კონსტიტუციური დეკადა ეწოდა (1964-73). პირველად ქვეყნის ისტორიაში, კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ არცერთი ეთნიკური ჯგუფი არ იყო პრივილეგირებული. ამასთანავე შეწყდა ქვეყანაში მცხოვრები შიიტური უმცირესობის დისკრიმინაცია. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში მნიშვნელოვანთანამდებობებზე მოხვდნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები.  ინტერეთნიკურ ურთიერთობებს ძალიან დიდი ყურადღება დაეთმო 1978 წელს კომუნისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ხალქისფრაქციის მმართველობის დროს (1978-78), კომუნისტმა ლიდერებმა, პუშტუსა და დარისთან ერთად, უზბეკური, თურქმენული და ნოორისტანული აღიარეს ოფიციალურ ენებად. ოფიციალურად ამის მიზეზი იყო პუშტუს დომინაციის შემცირების სურვილი, თუმცა რეალურად ეს პოლიტიკა მიზნად ისახავდა დაესუსტებინა დარი და წაეხალისებინა პუშტუ, როგორც ინტერეთნიკური დიალოგის ენა.

ბარაკ ქარმალის მმართველობის დროს (1980-86) იყო მცდელობა წაეხალისებინათ ეთნიკური კონფლიქტი რეჟიმის სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით. მან დამატებით კიდევ 6 ენას მისცა ოფიციალური სტატუსი. ქარმალს სჯეროდა, რომ მის წინააღმდეგ ყველაზე აქტიურად პუშტუნები იბრძოდნენ, ამიტომ გადაწყვიტა სხვა უმცირესობების გაძლიერებით დაეჩაგრა ისინი. ამ პოლიტიკამ არა მხოლოდ განდევნა პუშტუნები სახელმწიფო ბიუროკრატიიდან და სამხედრო ელიტიდან, არამედ საბოლოოდ გამოიწვია ქვეყანაში სტაბილურობის რღვევა საბჭოთა არმიის გასვლის შემდეგ. პაკისტანში დაარსებული შვიდი ძირითადი წინააღმდეგობრივი მოძრაობიდან 6 იყო პუშტუნური. შიიტური ორგანიზაციები ამ კონფლიქტში დიდ როლს ვერ თამაშობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ირანი უწყობდათ ხელს.

პუშტუნების დაღმასვლა

რედაქტირება

პუშტუნთა დაღმასვლა დაიწყო 1992 წლის აპრილიდან, როდესაც ეთნიკური უმცირესობების კოალიციამ, „ჩრდილოეთის ალიანსმა“ ჩამოაგდო პრეზიდენტ ნაჯიბულას რეჟიმი. შესაძლოა ამის მთავარი მიზეზი დემოგრაფიული კატასტროფაა, რადგან ამ დროისთვის პუშტუნები მოსახლეობის 50%-ზე ნაკლებს შეადგენდნენ. სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით ავღანეთი ხუთ ნაწილად დაიყო: ჩრდილოეთი უზბეკი გენერალი აბდულ რაშიდ დოსტუმი აკონტროლებდა ფარიაბს, ჯოზჯანს, ბალხს, სამარგანს, ბაღლანს და ნაწილობრივ ქუნდუზს; ჩრდილო-აღმოსავლეთით აჰმედ შაჰ მასუდი იყო გამაგრებული და აკონტროლებდა ტახარს, ბადახაჰანს, პარვანს, კაპისას და ქუნდუზის ნაწილს; ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ეთნიკურად ჰაზარების ორგანიზაცია „ჰიზიბი ვაჰდათს“ ჰქონდა დაკავებული ბამიანი და ღაზნი; დასავლეთში ტაჯიკი მეთაური ისმაილ ხანი აკონტროლებდა ბადღის, ჰერათს და  ფარას; და დანარჩენი სამხრეთ და სამხრეთ დასავლეთ პროვინციები, სადაც პუშტუნები ცხოვრობდნენ და რომელიც ქვეყნის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი იყო, თალიბანის კონტროლქვეშ იყო. თალიბანის პუშტუნმა სტუდენტებმა შექმნეს 1992 წელს და აქტიურად 1994-ში გამოჩნდა, როდესაც პუშტუნურმა ისლამურმა ორგანიზაციებმა დაიკავეს აღმოსავლეთის სამი პროვინცია: ლაღმანი, ნანგარარი და კუნარი.

1994 წლის ნოემბრიდან 1995 წლის თებერვლამდე თალიბანმა კონტროლი დაამყარა ათ პუშტუნურ პროვინციაზე, მათ შორის, ისმაილ ხანის კონტროლირებადი ფარაჰის პროვინცია, მაგრამ ისინი ვერ აკონტროლებდნენ ქაბულს, რომელიც ქვეყნის ცენტრი და დედაქალაქი იყო და მისი აღება გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო ხელისუფლებაში მოსასვლელად. ამ ორგანიზაციის გამოჩენამ პუშტუნებს ახალი ოპტიმიზმი შესძინა, იმედი იმისა, რომ მათი დაღმასვლა შეწყდებოდა.

თალიბანმა წარმოშვა ძალიან დიდი მუხტი პუშტუნებში, რაც დაეხმარა მას რეკრუტირებაში. არაპუშტუნები აკონტროლებდნენ ქვეყნის სამ მეოთხედს. პუშტუნთა დაცემაზე საუბრისას მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტების საკითხი, რომელიც 1992 წლიდან მოიშალა და ავღანეთის არმიის მხოლოდ რამდენიმე შენაერთი დარჩა მზადყოფნაში ქაბულსა და მაზარ ი შარიფში. მიუხედავად იმისა, რომ პუშტუნი ოფიცრები მსახურობდნენ, არმიას არაპუშტუნები მასუდი და დოსტუმი აკონტროლებდნენ. სამოქალაქო ინსტიტუციებიც იგივე ბედს იზიარებდნენ და იშლებოდნენ და რაც გადარჩა (საელჩოები სხვადასხვა ქვეყნებში და ეროვნული ბანკი) პრეზიდენტ რაბანის და მასუდის მიერ იყო კონტროლირებადი, რომლებიც ტაჯიკები იყვნენ პარტია ჯამაათ ისლამიდან, რომელიც აკონტროლებდა დარჩენილ ბიუროკრატიას და დიპლომატიურ კორპუსს.

პუშტუნურმა ენამ დაკარგა სტატუსი მთავრობის მიერ კონტროლირებად მედიაში. 1920-იანი წლებიდანნაჯიბულას რეჟიმის დაცემამდე,  ამ ენის განვითარებას და გავრცელებას მთავრობის პოლიტიკაში დიდი როლი ეკავა ან დარისთან თანაბრად მაინც იყო. ამიტომ ტელე-რადიო პროგრამების ნახევარი პუშტუზე გადაიცემოდა. 1992 წლის აპრილიდან პუშტუნური პროგრამების რაოდენობა დრამატულად შემცირდა და ბეჭდური მედიაც ნაკლებ ადგილს უთმობდა პუშტუს.

პუშტუნთა დაცემის ფაქტორები

რედაქტირება

პუშტუნთა დაცემა ხუთმა ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა:

1. მოვლენები, რომელიც კომუნისტური რეჟიმის დაცემას მოჰყვა, განაპირობა ეთნიკური უმცირესობების აღზევება. ქარმალის ცბიერმა სტრატეგოსმა გაიაზრა, რომ საბჭოთა მხარდაჭერის გარეშე კომუნისტური რეჟიმი დაემხობოდა და საბჭოთა კავშირის გასვლის შემდეგ, ამიტომ დაიწყო ალიანსის შეკვრა ეთნიკური ნიშნით. მან და მისმა გუნდმა გადაწყვიტეს შეექმნათ არაპუშტუნ ამბოხებულებთან, არაპუშტუნ კომუნისტ სამხედრო ოფიცრებთან და ბიუროკრატიასთან ერთად ალიანსი. ასე რომ, 1989 წლიდან ეთნიკური ნიშნით მტრობა გამძაფრდა ავღანეთის პოლიტიკურ ლიდერებს შორის.

ამ თამაშში ელიტებმა წაახალისეს ეთნიკური კონფლიქტი, რათა მიეღწიათ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. პუშტუნები დომინანტი იყვნენ ხალქის დაჯგუფებაში და დიდი გავლენით სარგებლობდნენ „ავღანეთის სახალხო დემოკრატიული პარტიის“პარ ჩამის დაჯგუფებაში და ასევე, ხალქებმა დაკარგეს პოლიტიკური გავლენა პერჩამიტებზე(ავღანეთის სახალხო დემოკრატიული პარტიის აბრევიატურა) საბჭოთა ინტერვენციის შემდეგ, მაგრამ ჯარში მაინც შეინარჩუნეს დომინაცია. საბჭოთა კავშირის გასვლის შემდეგ ეთნიკური კონფლიქტის ინტენსიფიკაცია მოხდა და ბევრმა პრო-პუშტუნმა ხალქმა(მაგ: თავდაცვის მინისტრი შაჰ ნავაზ ტანი) მიაღწიეს შეთანხმებას ჰიზბი ისლამის ამბოხებულთა ჯგუფთან, რომლის ლიდერიც გულბუდდინ ჰეკმატიარი იყო და 1990 წლის მარტში სცადეს სამხედრო გადატრიალების მოწყობა ნაჯიბულას წინააღმდეგ. გადატრიალება ვერ შედგა, მაგრამ ამის შემდეგ პუშტუნმა ხალქებმა მთლიანად დაკარგეს გავლენა ავღანეთს არმიაზე. ამან ცუად იმოქმედა ნაჯიბულაზე, რომელიც თავად  პუშტუნი იყო, მაგრამ ამ ეთნოსის გავლენის შემცირებამ პუშტუნებში მისი პოპულარობა სერიოზულად შეარყია, რადგან ის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს, არაპუშტუნ პერჩამიტებსაწინაურებდა არმიაში. ბევრი მათგანი „ავღანეთის სახალხო დემოკრატიული პარტიის“ ქარმალის ფრთის წარმომადგენელი იყო. საბოლოოდ, როცა ნაჯიბულამ გააცნობიერა, რომ ზედა დონეზე, ავღანეთის ომი ეთნიკურ შიდაკონფლიქტად გარდაისახა, სცადა შეცდომების გამოსწორება და მნიშვნელოვანი თანამდებობების პუშტუნი ოფიცრებისთვის დაბრუნება, მაგრამ უკვე გვიანი იყო. 1991 წლის ბოლოს, უზბეკი გენერალი დოსტუმი და ტაჯიკი გენერალი აბდულ მომეინ უარს ამბობენ დაემორჩილონ ნაჯიბულას ბრძანებებს.

ამავდროულად, გაეროს სამშვიდობო გეგმა სწრაფად პროგრესირებდა. ადრეულ 1992 წელს ნაჯიბულა დათანხმდა ძალაუფლების დათმობას. შედეგად გაეროს მიერ ორგანიზებულმა შეკრებამ, რომელშიც ცნობილი ავღანელი მეთაურები და პიროვნებები მონაწილეობდნენ, მათ უნდა შეექმნათ გარდამავალი მთავრობა. პაკისტანის დახმარებით შექმნილმა წინააღმდეგობრივმა მოძრაობებმა, რომელთაგანაც 6 სრულად პუშტუნური იყო, დიდი როლი ითამაშეს ამ გეგმის განხორციელებაში. არაპუშტუნ მოჯაჰედ მეთაურებს, მაგალითად აჰმედ შაჰ მასუდს სჯეროდა, რომ გაეროს მიერ ორგანიზებული პროცესი საშიში იყო ქვეყნისთვის და მასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ პუშტუნი საველე მეთაურები. მისი აზრით, პროცესის საბოლოო მიზანი იყო პოსტ-კომუნისტურ ავღანეთში პუშტუნთა დომინაციის აღდგენა. ამიტომ მასუდმა ჰეზართან ლიდერ აბდულ ალი მაზართან, უზბეკ გენერალ დოსტუმთან და ისმალთა სექტის ლიდერ ჯაფერ ნადერისთან ერთად შექმნა ჩრდილოეთს ალიანსი, რათა საბოლოოდ დაემხო ნაჯიბულას რეჟიმი, რომელიც ძალაუფლების დატოვებას პუშტუნებისთვის აპირებდა. ამ კოალიციას ძალიან მალე შეუერთდნენ სახალხო დემოკრატიული პარტიის ანტი-პუშტუნი წევრები. მათგან ბევრმა არაპუშტუნმა ოფიცერმა მასუდს უფლება მისცა კონტროლი დაემყარებინა ქაბულის სამხედრო საწყობებზე და იქ მდგარ თვითმფრინავებზე. ამის მსგავსად, ჩრდილოეთში გენერალმა დოსტუმმა ხელში ჩაიგდო ავღანეთის არმიის და საჰაერო ძალების შეიარაღების უდიდესი ნაწილი. 1980-იანი წლების შუა ხნიდან კომუნისტური რეჟიმი შეიარაღების დიდ მარაგებს ინახავდა მაზარი-შარიფში, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ქაბულს დაკარგავდნენ, ჩრდილოეთში გამაგრების საშუალება ჰქონოდათ. მცირე რაოდენობით იარაღი ქაბულში მდებარე საწყობებიდან მოხვდა პუშტუნი მეთაურებისა და შიიტური ჰიზბი ისლამის ხელში. ასე რომ, კომუნისტური რეჟიმის ქაოტურმა დაცემამ საშუალება მისცა ეთნიკურ უმცირესობებს მოეპოვებინათ უპირატესობა პუშტუნებზე.

პუშტუნთა დაცემის მეორე ფაქტორი მათივე შიდა დაპირისპირება იყო. 7-დან 6 ამბოხებული ორგანიზაცია პუშტუნებით იყო დაკომპლექტებული და ამან პუშტუნებს მისცა საშუალება მიეღოთ ყველაზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო მხარდაჭერა, მაგრამ ამავე მიზეზით გაჩნდა შიდა დაპირისპირება, ეჭვებიან და გახშირდა სისხლიანი დაპირისპირებები მათ შორის.

სწორედ, ამ შიდა კონფლიქტებმა შეუშალეს ხელი პუშტუნ ლიდერებს კოორდინირებულ მოქმედებაში, რათა ერთად ემოქმედათ კომუნისტური რეჟიმის დაცემის  შემდეგ. ბოლო ორი წლის განმავლობაში, პროსაუდური ისლამის პუშტუნური დაჯგუფების ლიდერი აბდულ-რაბ რასულ საიაფი მხარს უჭერდნენ ტაჯიკ პრეზიდენტ რაბანის, პაკისტანის ინტერესების გამტარებელი ჰაკმატიარის წინააღმდეგ. მსგავსად ამისა, ორი პუშტუნური ამბოხებული ორგანიზაციის ლიდერი, საიედ აჰმად გაილანი და მავლავი მუჰამად ნაბი მუჰამადი, მხარს უჭერდნენ რაბანის ჰაკმატიარის წინააღმდეგ, მაგრამ შემდეგ ორივეს დაუპირისპირდნენ.

საპირისპიროდ, ეთნიკურ უმცირესობებს არ ჰქონიათ შიდაკონკურენცია და ბევრ ნაწილად დაშლილი მოძრაობა. ჯამაათ-ისლამი იყო ტაჯიკურ მოსახლეობაში დომინანტი ორგანიზაცია. მაგრამ ჰაზარები, პუშტუნების მსგავსად სერიოზულ შიგა დაპირისპირებაში იყვნენ ჩაფლული. მაგრამ ირანი ამ შიიტურ ეთნოსს აიძულებდა გაერთიანებულიყვნენ ორგანიზაცია „ჰიზბი ვადათში“ და ამ დაჯგუფებამ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია პოსტ-კომუნისტურ ავღანეთში. უზბეკებს არ ჰქონდათ ცალკე პოლიტიკური ორგანიზაცია გენერალ დოსტუმის მიერ ნაჯიბულას ჩამოგდებამდე და ჩრდილოეთ პროვინციებზე კონტროლის დამყარებამდე. ამის შემდეგ მისი გავლენა კარდინალურად გაიზარდა და ის გახდა უზბეკების სახე ავღანეთში. უზბეკებს მოსწონდათ ჩრდილოეთში დომინაცია და ამიტომაც მხარს უჭერდნენ გენერალ დოსტუმს.

მესამე ფაქტორი, პუშტუნური ამბოხების ლიდერებსა და პუშტუნურ მოსახლეობას შორის არსებობდა სუსტი კავშირი. პუშტუნთა აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერდა მეფე ზაჰირ შაჰს, მაგრამ ის არ მოსწონდათ პუშტუნ საველე მეთაურებს და მათ დასავლელ მოკავშირეებს. სწორედ, ამ პერიოდში კომუნისტური რეჟიმის კოლაფსის შემდეგ გულბუდდინ ჰაკმატიარი მიიჩნეოდა ამ ეთნიკური ჯგუფის ლიდერად, მაგრამ, ამავდროულად, საკმაოდ არაპოპულარული იყო მოსახლეობაში.

მეოთხე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ჰაკმატიარის ცუდი დამოკიდებულება ამერიკულ მხარესთან. პუშტუნურ ფუნდამენტალისტურ ორგანიზაცია „ჰიზბი ისლამს,“ რომელსაც ჰაკმატიარი ხელმძღვანელობდა, ჰქონდა ყველაზე მჭიდრო კავშირები საერთაშორისო ტერორისტულ ქსელთან. ეს კავშირები ძალიან დაეხმარათ მათ მოეპოვებინათ გადამწყვეტი უპირატესობა სხვა კონკურენტ დაჯგუფებებზე. ცივი ომისშემდგომ სამყაროში, ამერიკას სწამდა, რომ ისლამური ფუნდამენტალიზმი მათთვის მთავარი საფრთხე იყო დასავლეთ აზიაში და ჰაკმატიარის „ჰიზბი ისლამი“ იყო ამ ფუნდამენტალიზმის ბასტიონ ავღანეთში. ამიტომ, 1989 წელს საბჭოთა ჯარების გასვლის შემდეგ, აშშ ცდილობდა დაესუსტებინა ჰაკმატიარი და მისი ორგანიზაცია, რაბანი-მასუდის არაპირდაპირი მხარდაჭერით, რათა მათ დაემარცხებინათ პუშტუნები და მთელ ქვეყანაზე აეღოთ კონტროლი. ამერიკული მხარის პოზიცია შეიცვალა 1994 წლის მარტიდან, როდესაც აშშ-მ მხარი დაუჭირა გაეროს სამშვიდობო პროცესს. მეტიც, ამის შემდეგ აშშ არაპირდაპირთალიბებს უჭერდა მხარს.

და საბოლოოდ, გავლენისთვის ბრძოლამ ავღანეთში ყველაზე მეტად პუშტუნები დააზარალა. საბჭოთა ჯარების გასვლის შემდეგ ქვეყანაში გაქრა ორი ზესახელმწიფოს ინტერესები და გაძლიერდა რეგიონალური მოთამაშეების გავლენა პროცესებზე. 1992 წლისთვის ავღანეთის ირგვლივ მყოფი ყველა რეგიონალური ძალა უჭერდა მხარს კონკრეტულ ეთნიკურ ჯგუფს: ირანი ეხმარებოდა ჰაზარებს და ტაჯიკებს; უზბეკეთი და თურქეთ უზბეკებს და საუდის არაბეთი და პაკისტანი პუშტუნებს. საუდის არაბეთის მთავარი მოტივი იყო გაეძლიერებინა ფუნდამენტალისტური ისლამი და დახმარებოდა ჰაკმატიარს, რათა არ გაზრდილიყო ირანის გავლენა ქვეყანაში.  მაგრამ შემდგომში შემცირდა ეს დახმარება, რადგან მასუდს და რაბანის გაუუარესდათ ურთიერთობა ირანთან.

პაკისტანიც ისლამური რადიკალიზმის გასაძლიერებლად ეხმარებოდა ჰაკმატიარს. ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქოდნა მათთვის, რადგან პუშტუნური ნაციონალიზმი, რა თქმა უნდა, საკმარისი მიზეზი იქნებოდა პუშტუნთათვის მასუდის და რაბანის წინააღმდეგ ბრძოლის დასაწყებად, მაგრამ ამის ნაწილი იქნებოდა პაკისტანის ტერიტორიაზე მცხოვრები 10 მილიონამდე პუშტუნიც, რომლებსაც სურვილი გაუჩნდებოდათ „ახალ“ ავღანეთში ეცხოვრათ. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ თალიბანის გაძლიერებამდე და მთავარ მოთამაშედ ქცევამდე პაკისტანი საკმარისად არ უჭერდა მხარს ჰაკმატიარს სწორედ ამ შიშის გამო, ხოლო თალიბანის გამოჩენამ ყველაფერი შეცვალა და ამ ორგანიზაციამ უზარმაზარი მხარდაჭერა მიიღო მათგან ახალ სამოქალაქო ომში.

საკვები პუშტუნების თემში

რედაქტირება

„შეჭამე საჭმელი და მიიღე ძალა კეთილი საქმის საკეთებლად“, ეს ფრაზა მეტად გავრცელებულია პუშტუნებში, ვინაიდან მათთვის საჭმლის და ტრაპეზის ტრადიციები ერთობ  საკრალურ ხასიათს ატარებს. კვების ტრადიცია დაყოფილია შემდეგ „დარგებად": ყურანისეული, თემური, ჯანმრთელობისეული და მაგიური. ჩამოთვლილთაგან თითო დარგი განპირობებულია ისლამისტი პუშტუნების ისტორიული, რწმენისეული და ფიზიოლოგიური მოტივებით. პოლიტიკა, ეკონომიკა, ვაჭრობა და ოკულტისტური რწმენებიც თავის მხრივ წარმოადგენდნენ მნიშვნელოვან ფაქტორებს მათ კვებაში. მაგალითისთვის რომ ავიღოთ პუშტუნების რაციონის ყველაზე ხშირი პროდუქტები: უსაფუარო პური, ჩაი და რძის პროდუქტები. ისინი ყველა ფენისთვისაა ხელმისაწვდომი. ბრინჯი, მათი მიწის ნაყოფიერებიდან გამომდინარე, უაღრეს ფუფუნებად ითვლება. ხორცი კი საშუალო ფენებისთვის და უფრო დაბლა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებშია ხელმისაწვდომი, რადგან ცხვრების დაკვლა უწევთ ცხვრისა და მატყლისთვის, ხოლო მდიდარი ფენებისთვის ხორცი ცალსახად ყოველდღიურ საკვებს წარმოადგენს.

პუშტუნებს წესად აქვთ დღეში სამჯერ ჭამა. დილით საუზმეზე უსაფუარო პურით და ჩაით კმაყოფილდებიან; შუადღეს ხორცით და რძის პროდუქტებით ტრაპეზობენ, ხოლო საღამოს შეჭამანდს, წვნიანს, ან თუ შესაძლებელობა აქვთ, ბრინჯის ღვეზელს მიირთმევენ.

მუსლიმებს შორის, ისინი განსაკუთრებული ერთიანობით და სტუმართმოყვარეობით გამოირჩევიან. ხშირად იმართება რელიგიური და წარმართობის დროიდან შემორჩენილი დღესასწაულები, რომლებიც ითვალისწინებენ სახალხო ტრაპეზობას და მოლხენას. ასევე ქორწილებზე და პირად დღეობებზეც ხდება ხშირად სტუმრების მოწვევა, იქნებიან ისინი პუშტუნების თემში, თუ უცხო ხალხი. ნათქვამია, რომ ვისაც ესმის სტვირის და დოლის ხმა, ყველას შეუძლია დაესწროს ტრაპეზობას. ღარიბი პუშტუნებისთვის სახალხო ტრაპეზობები ფაქტობრივად გადარჩენის ერთადერთი საშუალებაც კია. ზამთრობით, მაშინ, როდესაც ზეიმები ნაკლებად იმართება, ღარიბ ხალხს უაღრეს შიმშილობაში უწევთ ყოფნა და მხოლოდ ზედა ფენების დახმარების იმედი აქვთ დარჩენილი.

საინტერესოა პუშტუნურ ენაში დამკვიდრებული ერთ-ერთი ტერმინი „ხვარალ“, რომელიც „ჭამასთან“ ერთად, ასევე ატარებს შემდეგ მნნიშვნელობებს: მიღება (საჭმლის, წამლის, საწამლავის, დარტყმის, ქრთამის.), ასევე „ტანჯვას“, „გაფლანგვას“ და „დანიშვნასაც“ ნიშნავს. ამ სიტყვის ასეთი საფუძვლიანობა კულტურაში და ენაში მოგვაგონებს ქართულ ენაში წყლისმნიშვნელობა, რომელი საფუძვლად უდევს ფართო მნიშვნელობის სიტყვებს, როგორიც მაგალითად, წყალობაა.

როგორც უკვე ვახსენეთ, პუშტუნებს საჭმლის ოთხი “დარგი” გააჩნიათ:ყურანისეული, თემური, ჯანმრთელობასთან ასოცირებული და მაგიური.

ყურანისეული დარგი თავის მხრივ განიხილავს საჭმლის შემდეგ მახასიათებლებს: კანონიერებას (ანუ, რისი ჭამაა ლეგიტიმური („ჰალალი“), და რისი ჭამაა აკრძალული(„ჰარამი“), ზებუნებრივ მახასიათებლებს (მარხვისთვის გამოსადეგი საჭმელები, ღმერთთან დასაახლოებელი საკვები, და უბრალოდ ფრაზის ირგვლივ ტრიალი: „მე შენ გიწილადე საკვები, მიირთვი და ადიდე უფალი, თუ მისი ერთგული მსახური ხარ“).

„კარგი საჭმელი“ მუსლიმებისთვის დაახლოებით იგივეა, რაც ებრაელებისთვის, მაგრამ ხორცის ჭამა აქ აკრძალულია, თუ ცხოველი ღვთის სახელით არაა დაკლული, ასევე მაშინ, როდესაც ადამიანის ხელით არ კვდება ცხოველი. იკრძალება ასევე ღორის, როგორ უწმინდური ცხოველის ჭამა და დაკლული ცხოველის სისხლის რაიმე სახით მიღებაც კი.

რიტუალებში მეტ  ნაკლებად ექცევა ყურადღება სიწმინდესაც. მუჰამედის სიტყვების მიხედვით, სიწმინდე რწმენის ნახევარია. რელიგიურ უწმინდურობად ითვლება მენსტრუაცია, სექსუალური კავშირი, მშობიარობა და სხვა მსგავსი ერთობ ბუნებრივი ქმედებები, რომლებიც მუსლიმთა რწმენის მიხედვით, ზომიერად აბინძურებენ რელიგიას და თვითონ ადამიანს არსებობას, რომელიც გა მოსყიდული უნდა იქნას სიცოცხლის განმავლობაში. თუმცა, ალკოჰოლი, ძაღლი და ღორი წარმოადგენს მუდმივ სიბინძურეს რელიგიაში, რომლებთან შეხებაც უპატიებლად ითვლება.

ყურანული დარგის მთავარი მახასიათებელი მაინც ისაა, რომ ყველანაირი საჭმელი ღმერთისგან არის მოვლენილი და საჭმლის მოხმარება, ასე ვთქვათ, ენერგიას გვანიჭებს, რომელიც სიბინძურისგან განწმენდას და ღვთის სახელის დიდებას უნდა მოვახმაროთ. ვინაიდან ღვთის საჩუქარია ყველანაირი საჭმელი, მისი გადაგდება, რაც უმადურებასთან ასოცირდება ხალხს მხრიდან, სასტიკადაა აკრძალული. საჭმლის ნარჩენებს ცხოველებს აჭმევენ, რასაც ისინი ღვთის სახელით ჩადენილ წყალობასთან და ქველმოქმედებასთან აიგივებენ.

როგორც ვახსენეთ, აქ იმართება ფესტივალები, რომლებიც მსხვერპლშეწირვის და შემდგომ სახალხო ტრაპეზის სახით გვევლინება. აქედან შეგვიძლია გამოვარჩიოთ ორი ყველაზე დიდი ფესტივალი, რომლებსაც „ლოი ახტარს“ უწოდებენ. დიდი რაოდენობით დაკლულ საქონელს, ძირითადად ცხვრებს და ჩლიქოსნებს,  მეზობლები ინაწილებენ, რომლებსაც შემდგომ უფრო დაბალი ფენის წევრებს, ინვალიდებს და მათხოვრებს ურიგებენ, გამომდინარე იქიდან, რომ ხორცის რაოდენობა წარმოუდგენლად დიდია. მამაკაცები იკრიბებიან და რელიგიური რიტუალების ჩატარების შემდეგ მეჩეთში ესწრებიან საერო ლოცვებს. ეს ფესტივალი გრძელდება საშუალოდ სამი დღის განმავლობაში.

მეორე უდიდესი ფესტივალი არის „დვალასი“, ანუ წინასწარმეტყველის დაბადების დღე. ამ ფესტივალის დროსაც, ისევე როგორც ზემოთხსენებული ფესტივალისას იკვლება საკლავი თუმცა შედარებით ნაკლები რაოდენობით და იგივე პრინციპით ინაწილებენ სამეზობლოში, თემში და სხვა მათ  საცხოვრებელ ჯგუფებში. ასევე აღსანიშნავია რამაზანიც, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის ეკვივალენტურია ყველასათვის ცნობილი  „მიტევების დღის“. ამ ფესტივალზე ოჯახის წარმომადგენელი კაცები ერთმანეთში ყველანაირ შუღლს აგვარებენ, ერთობის ნიშნად მეჩეთში კომუნალურ ტრაპეზობებსაც ესწრებიან და ორი ან სამი დღის განმავლობაში იმის ნაცვლად, რომ სახლში ჭამონ მთელ ოჯახთან ერთად, დიდი ხნის უნახავი მეგობრების მოკითხვაში ატარებენ მთელ საფესტივალო დღეებს.

ერთადერთი თვალსაჩინო სოციალური დისკრიმინაცია, რომელიც ყურანულ დარგს ახასიათებს არის კაცთა და ქალთა შორის დისბალანსი და არა ფინანსურად განსხვავებულ სოციალურ ფენებს შორის.

შემდგომი ჩამოთვლილ დარგთაგანი არის თემური დარგი, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული პოლიტიკურ და ეკონომიკურ მახასიათებლებთან. აქ ბევრი არაფერია საკვებზე სასაუბრო, ერთს, რასაც ძირითადად განიხილავს ეს დარგი არის საჭმლის გემო, ესთეტიკური მხარე და ძალა, ენერგეტიკული მხარე. ზემოთხსენებული ყველა საჭმელის უპირველესი მახასიათებელი გახლავთპუშტუნელი ხალხის თვალში.

ჯანმრთელობასთან ასოცირებული დარგი მჭიდრო კავშირშია ბერძნულ ფილოსოფიასთან კვების თვალსაზრისით. პუშტუნების შექმნილი ფილოსოფია ბერძნულ ფუძეზე მოიცავს დისკრეტულ დაყოფას ყველანაირი სახის სისტემისა. როგორც ჩვენთვის ცნობილი ოთხი ელემენტი: ცეცხლი, წყალი, მიწა და ჰაერი შეადგენს სამყაროს, მათი აზრით ასეთივე დაყოფით შეიძლება მოვიცვათ ყველანაირი საგანი და ცნება სამყაროში. სწორედ ამ მიზეზით დაჰყვეს მათ საჭმლები: ცხელი, ცივი, ნამიანი და მშრალი.

პუშტუნები ყოველთვის ცხელ საჭმელს ამჯობინებენ, ისინი ამბობენ, რომ ლუხუმ ჰაკიმი, ერთი ბრძენი კაცი, ერთხელ ესტუმრა  ჩრდილო ავღანეთს და დაახასიათა ის ადგილი „ცივად“, ამიტომ ურჩია ხალხს ამის საპირწონედ ეჭამათ ცხელი საჭმელი და ასევვე ჩაეცვათ თბილი ტანსაცმელი. სწორედამ რჩევის შემდეგ, ჩრდილოელები მეტწილად ქათმის ბულიონს, ხორცს და შეჭამანდს ამჯობინებენ, ვინაიდან ქათმის ხორცი მათთვის ყველაზე ცხელ ხორცად ითვლება. თუმცა, ეს ტრადიცია შესრულებას მხოლოდ მაშინ ექვემდებარება, თუ ოჯახს ქათმის ხორცის მოპოვების უნარი აქვს, ეს გაჭირვებული პუშტუნელებისათვის არც ისეთი ადვილია. ავღანელებს ქათამი მდიდრულ ხორცად მიაჩნიათ, როდესაც ჩლიქოსნის ხორცს, რომელსაც „ცივად“ ახასიათებენ, ღარიბულ ხორცად მოიხსენიებენ და მდიდრები ნაკლებად იღებენ მას. მსგავსი „ცხელი ცივის წინააღმდეგ “დაპირისპირებები ხშირად გვხვდება კულტურაში: ცხელი - ცხვარი, ცივი - თხა; ცხელი - ცხვრის რძის პროდუქტები, ცივი - თხის; ხორბალი და ქერი; შავი და მწვანე ჩაი; ცხელი საჭმელები ყოველთვის უფრო ძვირია, ვიდრე ცივი, თუმცა არის გამონაკლისებიც, როგორიცაა მაგალითად ძალიან გავრცელებული საკვები პუშტუნებში, ბრინჯი, რომელიც ცივია, თუმცა ძვირი და სიმინდის პური, იგივე მჭადი, რომელიც ცხელია, მაგრამ ამასთანავე იაფი.

რაც შეეხება მაგიურდარგს, ამ უკანასკნელის მთავარ შესწავლის საგანს წარმოადგენს ოკულტისტური ცნებები, როგორებიცაა მაგალითად გათვალვა და ჯინები. ჯინები ზებუნებრივი არსებები არიან, რომლებიც დემონების ეკვივალენტურები არიან და ადამიანის სისხლი მათი კვების პირველ წყაროს წარმოადგენს. ყურანის მიხედვით მათ აქვთ უნარი ჩასახლდნენ ადამიანში და აიძულონ ისინი ამოთხარონ ცხედრები და მიირთვან ისინი.

მსხვერპლშეწირვისას ადამიანები სისხლს ანადგურებენ, რათა განწმენდილი მივიდეს მსხვერპლშეწირული ცხოველი ღმერთამდე და დაუბრუნდეთ მათ განწმენდილი საკვები სახით. ასე რომ, მაგიური დარგი ჯინებთან ბრძოლასაც განიხილავს, კერძოდ ეგზორციზმსღმერთისა და წმინდანების დახმარებით, რომელიც მოიცავს „გამოსწოებულ საკვებ რაციონს“ და „სიტყვების ძალას“. მაგიური დარგი ყურანულის ბნელ შებრუნებულად ითვლება, თუმცა კულტურისა და ფოლკლორის განუყრელი ნაწილია.

  1. Population Census Organization, Population by Mother Tongue. Government of Pakistan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-05-24. ციტირების თარიღი: 2006-06-07.
  2. Afghan Population: 28,395,716 [Pashtun 42%]. Central Intelligence Agency (CIA). The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-07. ციტირების თარიღი: 2010-09-08.
  3. United Arab Emirates: Demography. Encyclopædia Britannica World Data. Encyclopædia Britannica Online. ციტირების თარიღი: 2008-03-15.
  4. Ethnologue report for Southern Pashto: Iran (1993). SIL International. Ethnologue: Languages of the World. ციტირების თარიღი: 2010-09-08.
  5. Maclean, William (2009-06-10). „Support for Taliban dives among British Pashtuns“. Reuters. ციტირების თარიღი: 2009-08-06.
  6. Ethnic origins, 2006 counts, for Canada. 2.statcan.ca (2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-24. ციტირების თარიღი: 2010-04-17.
  7. Abstract of speakers’ strength of languages and mother tongues - 2001. Census of India (2001). ციტირების თარიღი: 2008-03-17.
  8. Language Spoken at Home. US Census Bureau (2001). ციტირების თარიღი: 2008-03-15.
  9. Afghanistan: Pashtun, Southern of Afghanistan. Joshua Project. ციტირების თარიღი: 2010-09-10.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: