საქართველოს პრეზიდენტი

(გადამისამართდა გვერდიდან საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი)

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს სახელმწიფოს მეთაური, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ქვეყნის წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში. აირჩევა დებატების გარეშე ღია კენჭისყრით საარჩევნო კოლეგიის მიერ 5 წლის ვადით.[1] საქართველოში პრეზიდენტის თანამდებობა პირველად შემოიღეს 1991 წელს და დღემდე ქვეყანას 5 პრეზიდენტი ჰყავდა. ამჟამად საქართველოს პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თანამდებობას იკავებს 2018 წლის 16 დეკემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტის შტანდარტი
მიმართვის სტილი მისი აღმატებულება
რეზიდენცია ათონელის რეზიდენცია
დამნიშვნელი ხალხის პირდაპირი ხმა
(1991-დან 2018 წლამდე)
ამომრჩეველთა კოლეგია (2024 წლის შემდეგ)
ვადის ხანგრძლივობა 5 წელი
(2018-2024 წლებში - 6 წელი.)
დაარსდა 14 აპრილი, 1991
პირველი თანამდებობაზე ზვიად გამსახურდია
საიტი www.president.ge
საქართველო
 
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:
საქართველოს პოლიტიკური
მოწყობა
პრეზიდენტი : სალომე ზურაბიშვილი
აღმასრულებელი ხელისუფლება
საქართველოს მთავრობა
პრემიერ-მინისტრი : ირაკლი კობახიძე
საკანონმდებლო ხელისუფლება
საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის თავმჯდომარე : შალვა პაპუაშვილი
პარტიები პარლამენტში :
პოლიტიკური პარტიები
სასამართლო ხელისუფლება
საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საერთო სასამართლოები
ტერიტორიული მოწყობა
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა შემოღებულ იქნა 1991 წლის 14 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის საფუძველზე, რომლითაც დაწესდა რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობა და შესაბამისი ცვლილებები და დამატებები შევიდა მაშინ მოქმედ კონსტიტუციაში (დაემატა სპეციალური „თავი 13¹. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი“, რომლითაც განისაზღვა მისი უფლებამოსილებები) იმავე დღეს უზენაესმა საბჭომ რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩია უზენაესი საბჭოს მაშინდელი თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. პრეზიდენტის არჩევნების წესს დეტალურად განსაზღვრავდა საქართველოს რესპუბლიკის კანონი „პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“. პირველი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა 1991 წლის 26 მაისს, რომელშიც ზვიად გამსახურდიამ გაიმარჯვა.

ქვეყანაში 1991-1992 წწ სამხედრო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოსულმა საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭომ შეაჩერა გარდამავალი პერიოდის კონსტიტუციის მოქმედება.[2] 1992 წელს საქართველოს რესპუბლიკის ახლად არჩეულმა პარლამენტმა მიიღო კანონი „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“, რომლითაც დაწესდა სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობა. მის ფუნქციებს ასრულებდა პარლამენტის თავმჯდომარე და ირჩევდა პარლამენტი. 1995 წელს მიღებული კონსტიტუციით კვლავ დაწესდა პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომლის უფლებამოსილებებიც განისაზღვრა კონსტიტუციის მეოთხე თავში.

ახალი კონსტიტუციის მიღებიდან დღემდე, პრეზიდენტის უფლებამოსილებები რამდენიმეჯერ შეიცვალა. კერძოდ, კონსტიტუციის თავდაპირველი რედაქციით პრეზიდენტი იყო აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, ის წარმართავდა და ახორციელებდა სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას, ამასთან იყო ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში; პრეზიდენტს ეკრძალებოდა პარალელურად სხვა თანამდებობის დაკავება. 2004 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით, მთავრობის ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიზღუდა მთავრობის სასარგებლოდ, თუმცა აღმასრულებელ ხელისუფლებაში შეინარჩუნა გარკვეული ფუნქციები; დაშვებულ იქნა პარალელურად პარტიული თანამდებობის დაკავება; ამავე პერიოდში შემოღებულ იქნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინსტიტუტი. 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით კვლავ შეიზღუდა პრეზიდენტის უფლებამოსილება, ამჯერად მთავრობისა და პარლამენტის სასარგებლოდ; პრეზიდენტს ჩამოშორდა აღმასრულებელი ხელისუფლების პრაქტიკულად ყველა უფლებამოსილება და კვლავ აეკრძალა პარტიული თანამდებობის დაკავება; პრეზიდენტის უფლებამოსილებაში დარჩა სახელმწიფოს მეთაურის და საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციები.

მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში. აღნიშნული წესი შემოღებულია 2011 წლის 1 იანვრიდან. მანამდე პრეზიდენტად შეიძლება არჩეულიყო პირი, რომელსაც საქართველოში ნაცხოვრები ჰქონდა 15 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დღეს ცხოვრობდა საქართველოში.

საქართველოს პრეზიდენტების სია

რედაქტირება
სახელი სურათი ვადა თანამდებობა დაიკავა თანამდებობა დატოვა პარტია
1 ზვიად გამსახურდია
(1939–1993)
  1 14 აპრილი, 1991
(არჩეული უზენაესი საბჭოს მიერ)
26 მაისი, 1991
(არჩეული საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე)
14 ივნისი, 1991
(ინაუგურირებული)
2 იანვარი, 1992
(დამხობილი)
მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო
2 ედუარდ შევარდნაძე
(1928–2014)
  1 26 ნოემბერი, 1995
(ინაუგურირებული)
30 აპრილი, 2000 საქართველოს მოქალაქეთა კავშირი
  2 30 აპრილი, 2000
(ინაუგურირებული)
23 ნოემბერი, 2003
(გადამდგარი)
ნინო ბურჯანაძე
(დაბადებული 1964)
(მოვალეობის შემსრულებელი)
  23 ნოემბერი, 2003 25 იანვარი, 2004 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
3 მიხეილ სააკაშვილი
(დაბადებული 1967)
  1 25 იანვარი, 2004
(ინაუგურირებული)
25 ნოემბერი, 2007

(გადამდგარი)

ნინო ბურჯანაძე
(დაბადებული 1964)
(მოვალეობის შემსრულებელი)
  25 ნოემბერი, 2007 20 იანვარი, 2008
(3) მიხეილ სააკაშვილი
(დაბადებული 1967)
  2 20 იანვარი, 2008
(ინაუგურირებული)
17 ნოემბერი, 2013
4 გიორგი მარგველაშვილი
(დაბადებული 1969)
  1 17 ნოემბერი, 2013
(ინაუგურირებული)
16 დეკემბერი, 2018 ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
5 სალომე ზურაბიშვილი
(დაბადებული 1952)
  1 16 დეკემბერი, 2018
(ინაუგურირებული)
მოქმედი დამოუკიდებელი კანდიდატი

პრეზიდენტის ინაუგურაცია საპრეზიდენტო არჩევნებიდან მესამე კვირადღეს ტარდება. პრეზიდენტი ფიცს დებს ღვთისა და ერის წინაშე:

მე საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხის და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის!

რეგალიები

რედაქტირება
 
პრეზიდენტის დროშა საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ი" ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ 2020 წლის 30 ივლისს.[3]
 
პრეზიდენტის შტანდარტი, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო, 2005.

საქართველოს პრეზიდენტს 2020 ოფიციალური რეგალიები არ გააჩნდა. საქართველოს კანონმდებლობაში მხოლოდ „სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი იხსენიებს საქართველოს პრეზიდენტის შტანდარტს,[4] როგორც მცირე სახელმწიფო გერბის გამოყენების ერთ-ერთ ობიექტს, თუმცა მისი ოფიციალურად დამტკიცებული ფორმა 2020 წლამდე არ არსებობდა. არსებობს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ შემუშავებული რეგალიების რამდენიმე პროექტი - საქართველოს პრეზიდენტის შტანდარტი, დიდი სახელმწიფო ბეჭედი და საპრეზიდენტო გულსაკიდი მედალიონი,[5] თუმცა 2020 წელს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის შტანდარტზე დაყრდნობით განახლებული პრეზიდენტის დროშა დაამტკიცა.

ასევე, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულია მიხეილ სააკაშვილის მიერ, პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის პერიოდში ხმარებული შტანდარტის გამოსახულება: მართკუთხა ფორმის თეთრი ფერის ქსოვილი, რომელსაც თავში დაყვება ლურჯი ვერტიკალური ზოლი, ხოლო თეთრ ნაწილზე გამოსახულია უცნობი გერბი (ფორმით წააგავს სახელმწიფო და ბაგრატიონების გერბებს).[6][7]

ადმინისტრაცია

რედაქტირება

საქართველოს პრეზიდენტს გააჩნია საკუთარი ადმინისტრაცია, რომლის მიზანიც არის პრეზიდენტის უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობა. მას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრეზიდენტი.[1] ადმინისტრაციას გააჩნია საკუთარი დებულება, რომლითაც განსაზღვრულია ადმინისტრაციის სტრუქტურა და საქმიანობის წესი.[8]

ადმინისტრაციის ამჟამინდელი უფროსი არის - ნათია სულავა.[9] ადმინისტრაციაში თანამდებობრივად ასევე შედიან: უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილეები, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეები.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის სტრუქტურა შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებია:

  1. საქართველოს პრეზიდენტის სამდივნო (სამსახური);
  2. ადმინისტრაციის უფროსის სამდივნო (სამსახური);
  3. პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედების სამსახური;
  4. იურიდიულ საკითხთა სამსახური;
  5. პრესსამსახური;
  6. პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობების სამსახური;
  7. მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა სამსახური;
  8. სახელმწიფო ჯილდოების სამსახური
  9. საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხთა სამსახური;
  10. საფინანსო-ეკონომიკური სამსახური;
  11. კულტურული ღონისძიებების სამსახური;
  12. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
  13. საორგანიზაციო სამსახური.

ადმინისტრაციის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი, პრეზიდენტის რეზიდენციასთან ერთად არის - ქ. თბილისი, მ. აბდუშელიშვილის ქ. №1 (საფოსტო ინდექსი 0103).

რეზიდენცია

რედაქტირება

ცეკას ყოფილი შენობა
ავლაბრის რეზიდენცია
ათონელის რეზიდენცია

თავდაპირველად პრეზიდენტის ადმინისტრაცია განთავსებული იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილ შენობაში (ამჟამად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა).

რეზიდენციის ახალი შენობა (ავლაბრის რეზიდენცია) აშენდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 2004-2009 წლებში. ოფიციალურად გაიხსნა 2009 წლის 12 ივლისს. სასახლის პროექტის ავტორია არქიტექტორი გიორგი ბათიაშვილი. რეზიდენციის კომპლექსი შიდა ეზოს ირგვლივ გაერთიანებულ განსხვავებული არქიტექტურის შენობათა კომპლექს წარმოადგენს. სასახლის კომპოზიცია კლასიკურია — სამ-პორტიკიანი ჰორიზონტალური შენობა, ცენტრში მინის გუმბათით სრულდება. მის სამხრეთ-აღმოსავლეთით დგას ადმინისტრაციის შენობა, რომელსაც სპეციალური გადასასვლელით უკავშირდება.

2012 წლის წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალმა მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელის 25-ში გადაეტანა, სადაც წინა ხელისუფლების გადაწყვეტილებით დაგეგმილი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის მშენებლობა.[10] სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე კი, საპრეზიდენტო კაბინეტის დროებით სახელმწიფო კანცელარიის შენობაში განთავსდა.[11] თუმცაღა, 2014 წლის ზაფხულში, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დატოვა კანცელარიის შენობა და ადმინისტრაცია კვლავ ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა. ამ ფაქტს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა მთავრობისა და ზოგადად, მმართველი პარტიის მხრიდან. თავად მარგველაშვილმა განმარტა: „ავლაბრის რეზიდენციაში შესვლა იყო გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯი იმასთან დაკავშირებით, რათა ნათლად მეთქვა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ არის ინსტიტუტი, რომელსაც შენ დასვამ ორ ოთახში და არ გადაიყვან, დასვამ ორ ოთახში და ეტყვი - ეს არის შენი სამუშაო ადგილი.“[12]

პრეზიდენტის სასახლის თემამ აქტუალობა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ისევ შეიძინა და მაშინ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის ავლაბრის სასახლეში არ შევიდოდა. ახალმა პრეზიდენტმა რეზიდენციას ორბელიანების სასახლე აირჩია. სასახლისა და მისი შემოგარენის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაჩქარებულ ტემპში მიმდინარეობდა, თუმცა სამუშაოების დასრულება პრეზიდენტის ინაუგურაციამდე მაინც ვერ მოესწრო. პრეზიდენტი მუშაობას სანახევროდ გარემონტებულ შენობაში შეუდგა.[13]

იმპიჩმენტი

რედაქტირება

კონსტიტუციის დარღვევის ან ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის საფუძვლით საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. საკითხი გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას წარუდგენს ერთი თვის ვადაში.

თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, პარლამენტი დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.

საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.[1]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-05-21. ციტირების თარიღი: 2022.
  2. საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს დეკლარაცია. საქართველოს პარლამენტი ძველი ვებსაიტი. საქართველოს პარლამენტი (1992). ციტირების თარიღი: 2013.[მკვდარი ბმული]
  3. პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტის დროშის დამტკიცების შესახებ ბრძანებულება გამოსცა. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი, 31.07.2020.
  4. „საქართველოს პრეზიდენტის შტანდარტ“-ი - ძიების შედეგები. დოკუმენტის საძიებო სისტემა. საქართველოს საკნონმდებლო მაცნე. ციტირების თარიღი: 2013.
  5. რეგალიები. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო. ციტირების თარიღი: 2013.
  6. Georgia: Standard of the President of the Republic ინგლისური. Flags of the World. CRW Flags'. ციტირების თარიღი: 2013.
  7. სააკაშვილი ივანიშვილს ხვდება. ფოტოსურათი სტატიდან. სააგენტო სივილ ჯორჯია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2013.
  8. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №562. საქართველოს საკნონმდებლო მაცნე (2005). ციტირების თარიღი: 2013.
  9. ადმინისტრაციის უფროსი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-05. ციტირების თარიღი: 2013.
  10. მაია მეცხვარიშვილი (2013). „პრემიერის ადმინისტრაციის 26-მილიონიანი შენობა აღარ აშენდება“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 23 ნოემბერი, 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  11. ნინო კახიშვილი (2013). „პრეზიდენტის ძველი და მომავალი რეზიდენცია“. რადიო კომერსანტი. ციტირების თარიღი: 23 ნოემბერი, 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  12. გიორგი მარგველაშვილი - ავლაბრის რეზიდენციაში შესვლის თემა გახდა პოლიტიკური, როდესაც მიმითითეს ადგილი, ინტერპრესნიუსი 07.08.2014
  13. „პოლიტიკის გამო "დასჯილი" შენობები“. რადიო თავისუფლება. 3 თებერვალი, 2019. ციტირების თარიღი: 28 მაისი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)