საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა — ადმინისტრაციული შენობა თბილისში. აიგო საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისათვის 1981 წელს (არქიტექტორები: ვახტანგ აბრამიშვილი, გურამ მირიანაშვილი, ლევან ჯანდიერი; 1985 წელს მიიღეს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია). მდებარეობს პავლე ინგოროყვას 7 ნომერში.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა (თბილისი)
წინა სახელები საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის შენობა, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია, საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობა
ზოგადი ინფორმაცია
შენობის ტიპი ადმინისტრაციული შენობა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
მისამართი პავლე ინგოროყვას 7
მფლობელი საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობა
დასრულდა 1981
ზომები და ტექნიკური დეტალები
სართულთა რაოდენობა 9 და 12
არქიტექტორ(ებ)ი ვახტანგ აბრამიშვილი
გურამ მირიანაშვილი
ლევან ჯანდიერი
პრიზები და ჯილდოები შოთა რუსთაველის სახელობის პრემია

დიდი ზომის შენობა საკმაოდ მასშტაბურადაა ჩაწერილი მთაწმინდის კალთაზე გადაშლილ პანორამაში. მოპირკეთებულია ოქროსფერი ბოლნისის ტუფით. კომპოზიცია შედგება კომპაქტურად შეკრული სამი სხვადასხვა მოცულობისაგან: ორი (9- და 12-სართულიანი) პარალელეპიპედი და კონფერენცდარბაზის კუბი ქმნიან ერთიან სტრუქტურას. ფასადები თანაბარი ზომის, კვადრატული ფორმის დიდი რაოდენობის ღიობებით არის დანაწევრებული. შენობის დამაგვირგვინებელ ნაწილში ჩართულია ქართული კოშკებისათვის დამახასიათებელი ქონგურები. შენობა წარმოადგენს საბჭოთა ხუროთმოძღვრების თვალშისაცემ ნიმუშს. დომინანტია მიმდებარე განაშენიანებაში არსებულ ნაგებობებს შორის.

შენობა გამოდის ორდონიან მოედანზე. ქვედა დონეზე განლაგებულია დეკორატიული შადრევანი (მხატვარი ზურაბ წერეთელი) და სტელა (მოქანდაკე ვახტანგ ონიანი). ზედა დონეზე აღმართული იყო წითელი გრანიტით გამოკვეთილი ლენინის მონუმენტი (მოქანდაკე მ. ყიფიანი), რომელიც 1991 აიღეს.

შემდგომში შენობაში განლაგებული იყო საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია და სახელმწიფო კანცელარია, საქართველოს მთავრობის კანცელარია. დღეს აქ მდებარეობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 805, ISBN 99928-20-32-2.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 4293