ზურაბ წერეთელი
ზურაბ კონსტანტინეს ძე წერეთელი (დ. 4 იანვარი, 1934, თბილისი) — ქართველი მხატვარი, მოქანდაკე და არქიტექტორი, სსრკ-ის სახალხო მხატვარი (1980), თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი (1983), ბროკპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (1997), რუსეთის ხელოვნებათა აკადემიის პრეზიდენტი.
ზურაბ წერეთელი | |
---|---|
დაიბადა | 4 იანვარი, 1934[1] [2] [3] (90 წლის) |
დაბადების ადგილი | თბილისი |
ეროვნება | ქართველი |
ჟანრი | ქანდაკება |
საიტი | http://www.tsereteli.ru/ და https://zurabtsereteli.com |
ბიოგრაფია
რედაქტირება1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. მისი ნამუშევრები ხშირად საზოგადოების მწვავე კრიტიკას იმსახურებს პომპეზურობისა და გარემოსთან არაპროპორციულობის გამო.
ოჯახს სადაც ის იზრდებოდა ხშირად სტუმრობდა ხელოვნების მოყვარული ხალხი, მათ შორის მხატვრები: დავით კაკაბაძე, სერგო ქობულაძე, უჩა ჯაფარიძე, აპოლონ ქუთათელაძე და სხვები. ბიძა — გიორგი ნიჟარაძეც მხატვარი იყო, ასე რომ ამ გარემოცვას უკვალოდ არ ჩაუვლია, შემდგომში, ზურაბის პროფესიის არჩევისას.
სკოლაში სწავლისას გაკვეთილებზე ხშირად ხატავდა პატარა ზურაბი, არდადეგებზე სოფელ გუბში ჩადიოდა ბებიასთან და ხალხურ შემოქმედებას ეცნობოდა. „სოფელში ჩასვლისას ქალაქის ბორკილები მძვრებოდა და ჩიტივით თავისუფალი ვიყავი“ — იხსენებს ზურაბ წერეთელი.
სწავლობდა თბილისის ხელოვნების აკადემიაში, სადაც უჩა ჯაფარიძე, აპოლონ ქუთათელაძე, იოსებ შარლემანი და ვასილ შუხაევი ასწავლიდნენ. მას იზიდავდა პანო, მოზაიკა, ვიტრაჟი და ქანდაკებები. ბევრს მოგზაურობდა საქართველოში და სხვადასხვა გამოფენის ხშირი სტუმარი იყო. 1958 წელს დაამთავრა ხელოვნების აკადემია. მისი სადიპლომო ნაშრომი იყო — „სპრტსმენის პორტრეტი“. მოგვიანებით მუშაობა დაიწყო ეთნოგრაფიისა და ისტორიის ინსტიტუტში. ხშირად მონაწილეობდა არქეოლოგიურ ექსპედიციებში.
1989 წელს საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა და 2 წლის შემდეგ სრულუფლებიანი ელჩის სტატუსი მიიღო. 1997 წლიდან ხელმძღვანელობს რუსეთის სამხატვრო აკადემიას.
დაჯილდოებულია ლენინური პრემიით და სსრკ სახელმწიფო პრემიებით, არის ნიუ-იორკის კეთილი ნების ელჩი, ესპანეთის ხელოვნების სამეფო აკადემიისა და საფრანგეთის ხელოვნების აკადემიის წევრი, საბავშვო ფონდის “სასწაულების ბაღის” პრეზიდენტი (1988), მოსკოვის საერთაშორისო “იუნესკოს დახმარების ფონდის” დამფუძნებელი და გაცხადებული “მულტიმილიონერი”. მას ეკუთვნის პეტრე დიდისადმი მიძღვნილი 98-მეტრიანი მონუმენტი მდინარე მოსკოვის სანაპიროზე, რომელიც ერთ-ერთი უმაღლესი ქანდაკებაა მსოფლიოში.
1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“.
შემოქმედება
რედაქტირებაზურაბ წერეთელს ეკუთვნის თბილისის შემოსასვლელში მდგარი „წმინდა ნინოს მონუმენტი“ და თავისუფლების მოედანზე აღმართული „წმინდა გიორგი“, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ აჩუქა საკუთარ ქალაქს. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპულთა პატივსაცემად, ზურაბ წერეთელმა ამერიკელებს 30 მეტრიანი სტელა - „გლოვის ცრემლი“ აჩუქა, რომელიც 175 ტონას იწონის და „თავისუფლების ქანდაკების“ მოპირდაპირე მხარეს, მდინარე ჰუძონის სანაპიროზე დგას.
2001 წლის 14 მაისს მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ეზოში უნიკალური ექსპონატი გაჩნდა — „ეიფელის კოშკის კიბის ფრაგმენტი“. ამ დიდებული კონსტრუქციის საწყისი ნაწილი, რომელსაც ფასდაუდებელი ისტორიული მნიშვნელობა აქვს, ეიფელის კოშკის ასოციაციის წევრმა ანრი მორვანმა ზურაბ წერეთელს გადასცა. თავის მხრივ, ბატონმა ზურაბმა ახალი ინდუსტრიული ეპოქის ეს უნიკალური სიმბოლო, ავანგარდული ხელოვნების მაუწყებელი და წლების მანძილზე უტილიტარული ფუნქციის მატარებელი ეიფელის კიბის ფრაგმენტი მოსკოვში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ჩაიტანა, რომელიც 1999 წელს უშუალოდ ზურაბ წერეთლის ინიციატივით გაიხსნა და მას შემდეგ მისი დირექტორია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 307.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ზურაბ წერეთელი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ხელოვანის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2013-08-23 საიტზე Wayback Machine.
- ზურაბ წერეთელი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
- the official site of "To the Struggle Against World Terrorism" monument by Zurab Tsereteli
- ცივი ომთან დაკავშირებული ზ. წერეთლის შემოქმედება დაარქივებული 2004-06-03 საიტზე Wayback Machine.
- ნიუ-იორკის გალერეა დაარქივებული 2021-10-19 საიტზე Wayback Machine.
- Monument to Peter the First from Inside and Above. Pictures დაარქივებული 2010-11-12 საიტზე Wayback Machine.
- ზურაბ წერეთელის ბიოგრაფია
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Церетели Зураб Константинович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ The Fine Art Archive — 2003.
- ↑ N. Ezerskaya Tsereteli, Zurab // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T086432