ვიტრაჟი
ვიტრაჟი (ფრანგ. vitrage < ლათ. Vitrum - მინა) — გამჭვირვალე, შუქგამტარი მასალით (მინა ან სხვ.) შესრულებული დეკორატიული ან სიუჟეტიანი კომპოზიცია (სარკმელში, კარებში ანდა დამოუკიდებელი პანო და სხვ.). სამშენებლო პრაქტიკაში ვიტრაჟი ეწოდება ფასადის სრულ ან ნაწილობრივ შემინვას. სარკმლის ფერადი ვიტრაჟები ათასფრად აშუქებენ ინტერიერს და არსებით გავლენას ახდენენ მის ემოციურ გამომხატველობაზე. ბენი-ჰასანში (არაბეთი) და რომში ნაპოვნი ბრტყელი ფერადი მინის ფრაგმენტები ადასტურებს, რომ სადა ვიტრაჟი არსებობდა ძველ ეგვიპტესა (ძვ. წ. II ათასწლეული) და რომში (I საუკუნიდან). რომისა (სანტა-საბინა, დაახლ. 430) და რავენის (სანტ-აპოლინარე ინ კლასე, 549) ადრინდელ ქრისტიანულ ბაზილიკებში სარკმლის ჩარჩოებს ალებასტრითა და სელენიტით ავსებდნენ, რაც ინტერიერში სინათლის სიმკვეთრეს ამცირებდა და ბინდბუნდში მოთამაშე უცნაირი ნახატებით თავისებურ დეკორატიულ ეფექტს ჰქმნიდა. X-XII საუკუნეებში საფრანგეთისა და გერმანიის რომანულ ტაძრებში (ნორტ-დამის ტაძარი შარტრში, 1260, რეკონსტრუქციამდე; კლიუნის სააბატოს ბაზილიკა, XI საუკუნე, არ შემონახულა) წარმოიშვა კონტურის მიხედვით გამოჭრილი და ტყვიის ზოდებით დამაგრებული წითელ და ლურჯმინებიანი სიუჟეტიანი ვიტრაჟები. წმინდანთა ფიგურები ავსებდნენ სარკმელთა ჭრილებს („წინასწარმეტყველები“ აუგსბურგის ტაძარში, XII ს. დასაწყისის ვიტრაჟი); ვიტრაჟებიდან შემოსული ფერადი შუქი იდუმალ ატმოსფეროს ჰქმნიდა ინტერიერში. ეს შთაბეჭდილება განსაკუთრებით საგრძნობი გახდა გოტიკურ ტაძრებში.
გოტიკური ეპოქის ვიტრაჟები გამდიდრდა მინის ფერთა სიუხვით, სიუჟეტი გართულდა. რელიგიური სცენების პარალელურად შეიქმნა საერო ხასიათის, შრომის ამსახველი სიუჟეტები. ფერად მინებს დაემატა უფერული, რ-თა საშუალებითაც იქმნებოდა ირაციონალური სივრცეობრივი ფონი ( პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ვიტრაჟები XIII-XIV საუკუნისაა, რესტავრირებულია XIX საუკუნეში), დეტალები ხანდახან მოხატული იყო. XIV-XV საუკუნეებში ვიტრაჟის ხელოვნება განვითარდა ინგლისში (უესტმინსტერის სააბატო ლონდონში, უელსის ტაძარი და სხვ.), სადაც გოტიკური ტრადიციები XVIII საუკუნემდე შემორჩა. ვიტრაჟის ხელოვნებისთვის დამახასიათებელი სიბრტყითობა, ფორმები უფრო და უფრო დანაწევრებული ხდება, აღორძინების ეპოქაში ვიტრაჟისთვის ესკიზებს ქმნიდნენ გამოჩენილი მხატვრები: იტალ. ლ. გიბერტი, უჩლო, დონატელო; გერმ. ა. დიურერი. XVI საუკუნეში საცხოვრებელი სახლის მოსართავად იყენებდნენ ერთი ტონის „კაბინეტურ“ ვიტრაჟს, რაზეც ძირითადად საერო სიუჟეტები იყო გამოსახული. ბაროკოსა და კლასიციზმის ეპოქაში ვიტრაჟი ინტერიერიდან თითქმის გაქრა XIX საუკუნის II ნახევარში. გოტიკისადმი ინტერესების გაღვივების ხანაში, სცადეს ვიტრაჟის აღორძინება, მაგრამ იგი სტილიზაციას ვერ გაცდა. ინტერიერის ემოციური გამომხატველობისაკენ სწრაფვის ნიადაგზე წარმოიქმნა „მოდერნის“ ეპოქის ვიტრაჟი („რაინდი“, მ. ვრუბელი, ტრეტიაკოვის გალერეა). ახლებურად მიუდგნენ ვიტრაჟს XX საუკუნის მხატვრები (ფ. ლეჟე, ა. მატისი). მხატვართა კომპოზიციები ჩართულია ინტერიერის მორთვის ერთიან სისტემაში. მათი ვიტრაჟები გამოირჩევა კომპოზიციის ცოცხალი რიტმითა და მდიდარი ფერადოვნებით. თანამედროვე ტექნიკა მდიდარ შესაძლებლობას ქმნის მაღალრიცხოვანი ვიტრაჟების შესაქმნელად. კარგი დეკორ. თვისებების ფერადი და უფერული მინები (მ. შ. ორგანული მინა), ფერადი სარკეები და სხვ. იკვრება ტყვიის, ლითონის ან პლასტმასის ლენტებით. უფერულ მინაზე სხვადასხვა საშუალებით გადააქვთ ორნამენტული ნახატი, ხშირად მინების ნაჭრებს ამონტაჟებენ ცემენტით ან ბეტონით. ისეთ მინებსაც იყენებენ რომელთაც გამჭვირვალობასთან ერთად ახასიათებთ აქტურულ-დეკორ. თვისებებიც — ციმციმი, ბრწყინვალება და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 431.