ნახატი
ნახატი — ხელით შესრულებული (კონტურული ხაზის, შტრიხის, ლაქის და სხვა შერწყმით მიღებული) გრაფიკული გამოსახულება. ნახატი იქმნება ერთი ან რამდენიმე ფერის ორგანული შეხამებით. იგი მხატვრობის (ფერწერა, გრაფიკა, რელიეფი) საფუძველია, შეიძლება დამოუკიდებელი მხატვრული ნაწარმოებიც იყოს (დაზგური გრაფიკა). ნახატს ქმნიან მშრალი და თხევადი საღებავებით. მშრალი ნივთიერებაა ნახშირი, რომელსაც ანტიკური ხანიდან იცნობენ. აღორძინების ეპოქაში ხმარობდნენ ე. წ. იტალიურ ფანქარს („შავი ცარცი“) და სანგინს („წითელი ცარცი“). XVI საუკუნიდან იყენებდნენ გრაფიტს, XVIII საუკუნის დასასრულიდან - თანამედროვე ტიპის ფანქარს. ტუში, ბისტრი, სეპია, მელანი თხევადი ნივთიერებებია, რომლებიც კალმით (ლერწმის, ფრთის, ლითონის) ან ფუნჯით გადააქვთ ქაღალდსა თუ სხვა მასალაზე. უძველეს პერიოდში ფართოდ იყენებდნენ პაპირუსს, შუა საუკუნეებში - პერგამენტს, რომელიც ზოგჯერ სპეციალური გრუნტით იყო დაფარული. აღორძინების ეპოქაში ძირითადი მასალა იყო ქაღალდი, რომელიც ჩინეთში გამოიგონეს და ევროპაში ცნობილი გახდა X-XII საუკუნეებში. ქაღალდს ზოგჯერ გრუნტავდნენ და სხვადასხვა ფერით ღებავდნენ (ფერად ქაღალდზე ხატავდნენ იტალიური ფანქრით, ნახშირით; ნათელი ადგილები ცარცით ან თეთრათი გამოიყოფოდა). ნახატი ზოგჯერ ზერელეა, სახელდახელოდ შესრულებული (ე. წ. კროკი), არის აგრეთვე გულმოდგინედ დასრულებული დეტალებით დამუშავებული ნახატი.
ნახატი ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი სახეობაა. პირველად მას ვხვდებით პირველყოფილ ხელოვნებაში - კლდისა და გამოქვაბულის მხატვრობაში. ნახატს განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ძველ ეგვიპტეში. წმინდა გრაფიკული ხასიათისაა ძველი ეგვიპტის ახალი სამეფოს (ძვ. წ. XVI-XI სს.) პერიოდში პაპირუსებზე შესრულებული ნახატები. განსაკუთრებით პლასტიკურია ნახატები კლასიკური პერიოდის ძველ ბერძნულ ლარნაკწერაში, რეალურ ცხოვრებაზე უშუალო დაკვირვება ჩანს აბრეშუმსა და ქაღალდზე ტუშით შესრულებულ ნახატებში, რომელთაც ქმნიდნენ ძვ. წ. IV საუკუნის ჩინეთში და მოგვიანებით იაპონიასა და შორეული აღმოსავლეთ ქვეყნებში (პეიზაჟი, ადამიანთა, ცხოველთა, ყვავილების გამოსახულება).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 346—347.
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |