საფრანგეთის ისტორია

საფრანგეთის ისტორია უძველესი დროიდან იწყება. ქვეყანაში პირველი დასახლებები ჯერ კიდევ ადამიანის განვითარების ადრეულ სტადიაში ჩნდება და ძვ.წ 40 000 წლით თარიღდება. აღმოჩენილია მრავალი არქეოლოგიური ძეგლი. საფრანგეთის ტერიტორიაზე მოსახლეობის ინტენსიური დასახლება დაიწყო ზემო პალეოლითის დროიდან.

საფრანგეთის ისტორია
საფრანგეთის დროშა 1789 წლამდე და 1814 და 1830 შორის საფრანგეთის დროშა
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა
ძველი ისტორია
წინაისტორიული საფრანგეთი
გალია
რომაელთა გალია (ჩ. წ. 50–486)
ფრანკთა იმპერია
მეროვინგები (481–751)
შუა საუკუნეები
კაროლინგები (751–987)
კაპეტინგები (987–1328)
ვალუები (1328–1498)
ადრეული საფრ.
ვალუა-ორლეანები (1498–1515)
ვალუა-ანგულიმები (1515–1589)
ბურბონები (1589–1792)
რევოლუცია (1789)
XIX საუკუნე
პირველი რესპუბლიკა (1792–1804)
კონვენტი (1792–1795)
დირექტორია (1795–1799)
კონსულობა (1799–1804)
პირველი იმპერია (1804–1814)
რესტავრაცია (1814–1830)
ივლისის რევოლუცია (1830)
ივლისის მონარქია (1830–1848)
რევოლუცია 1848
მეორე რესპუბლიკა (1848–1852)
მეორე იმპერია (1852–1870)
მესამე რესპუბლიკა (1870–1940)
პარიზის კომუნა (1871)
XX საუკუნე
ვიშის რეჟიმი (1940–1944)
დროებითი მთავრობა (1944–1946)
მეოთხე რესპუბლიკა (1946–1958)
მეხუთე რესპუბლიკა (1958–დღემდე)
  •  •  

საფრანგეთის მნიშვნელოვანი განვითარება დაიწყო რკინის ხანიდან, ქვეყნის სამხრეთ სანაპირო ზოლზე დაარსდა ბერძნული კოლონიები. ბერძენი და რომაელი მწერლები აღნიშნავდნენ რომ ქვეყანა შედგებოდა სამი ეთნიკური ჯგუფისაგან: გალებისგან, აკვიტანიელებისგან და ბელგიებისგან. ამ სამი ჯგუფიდან ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი იყო გალების ერთობა, ისინი თავიანთ გალურ ენაზე საუბრობდნენ. უკვე ძველი წელთაღრიცხვის მიწურულისთვის ამ მიდამოებში რომაელთა და კართაგენელთა კოლონიები ჩნდება. რომის რესპუბლიკამ დაიპყრო სამხრეთ გალია და შეიქმნა ნარბონის გალიის რომაული პროვინცია. ძვ.წ. II საუკუნეში იულიუს კეისარმა შეძლო გალიის სრულად დაპყრობა, აქ ძვ.წ 58–51 წლებში იმართებოდა გალური ომები. ამის შემდგომ აღმოცენდა გალურ-რომაული კულტურა და რეგიონი ინტეგრირდა რომის იმპერიაში.

რომის იმპერიის დაშლის შემდეგ, გალია განიცდიდა ბარბაროსთა თავდასხმებს, მოგვიანებით ამ ტერიტორიაზე გერმანელი ფრანკები მიგრირდნენ. ფრანკთა მეფის ხლოდვიგ I-ის მმართველობის დროს V საუკუნის გვიან პერიოდში ფრანკთა სახელმწიფო დომინიონი გახდა მთელს რეგიონში. ამ სახელმწიფომ ძლიერების ზენიტს მიაღწია კარლოს დიდის დროს. ფრანკების სახელმწიფო უკვე იმპერია გახდა, სამეფოს კაროლინგების დინასტია მართავდა, 843 წელს კი ფრანკთა იმპერია დაიშალა. საფრანგეთის სათავეში კაპეტინგების დინასტია მოექცა. პირველი კაპეტინგი მმართველი იყო ჰუგო კაპეტი, ის მეფე 987 წელს გახდა. კაპეტინგები ვალუას დინასტიამ შეცვალა, 1337 წელს ინგლისსა და საფრანგეთს შორის დაიწყო ასწლიანი ომი, ომი დასრულდა 1453 წელს. ამის შემდეგ საფრანგეთში თანდათანობით ყალიბდება აბსოლუტური მონარქია. მომდევნო საუკუნეებში საფრანგეთი გავრცელდა რეფორმაცია, ევროპის მსგავსად აქაც მიმდინარეობდა რელიგიური ომები. გვიან, XVIII საუკუნეში საფრანგეთში მოხდა რევოლუცია. ქვეყანაში დაემხო მონარქია, ამ მოვლენამ სამუდამოდ შეცვალა საფრანგეთის მომავალი. იგი რესპუბლიკური მმართველობის ქვეყანა გახდა, რამდენიმე წლის შემდეგ ნაპოლეონ ბონაპარტიმ ქვეყანა ერთ-ერთ უძლიერეს იმპერიად აქცია. ნაპოლეონის დამარცხება გამოიწვია მისმა ომებმა, ქვეყანაში მოხდა მონარქიის რესტავრაცია, 1852 წელს საფრანგეთში კვლავ შეიქმნა იმპერია, 1870 წელს კი ქვეყანა მესამედ რესპუბლიკური სახელმწიფო გახდა.

საფრანგეთი წარმოადგენდა ანტანტის უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოს, სწორედ მან დიდი ბრიტანეთთან და რუსეთთან ერთად შეძლო პირველ მსოფლიო ომში გამარჯვება. საფრანგეთი აგრეთვე იყო მოკავშირე სახელმწიფო, მეორე მსოფლიო ომში, თუმცა ამის მიუხედავად ნაცისტურმა გერმანიამ შეძლო ორ თვეში ქვეყნის დაპყრობა. საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა დაიშალა, ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი უშუალოდ შეუერთდა გერმანიის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებს, ხოლო სამხრეთში შეიქმნა ვიშის რეჟიმი. ომის დასასრულს ქვეყანა გათავისუფლდა, საფრანგეთში შეიქმნა მეოთხე რესპუბლიკა, 1958 წელს კი მეხუთე რესპუბლიკა. ომის შემდგომ დაიშალა საფრანგეთის კოლონიური იმპერია, სახელმწიფოთა უმრავლესობამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ხოლო ტერიტორიათა გარკვეული ნაწილი კვლავ დარჩა საფრანგეთის შემადგენლობაში განსაკუთრებული სტატუსით. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყანა გაწევრიანდა გაეროში, ევროკავშირსა და ნატოში.

პრეისტორია

რედაქტირება
 
ლასკოს გამოქვაბულში აღმოჩენილი ნახატი, რომელზეც გამოსახულია ცხენი (დორდონი, ძვ.წ 18 000 წელი)

ადამიანთა ცხოვრების უძველესი კვალი, რომელიც დაახლოებით ძვ.წ 18 000 წლით თარიღდება, საფრანგეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.[1] ამ პერიოდში ადამიანებს, გამყინვარების ხანისთვის დამახასიათებელ მკაცრ და ცვალებად კლიმატთან უხდებოდათ გამკლავება, რამაც მათი ცხოვრების ნირის შეცვლა გამოიწვია: მათ ხელი მიჰყეს მომთაბარეობას, ხოლო თავს ნადირობითა და შემგროვებლობით ირჩენდნენ.[1] საფრანგეთი ცნობილია იმ გამოქვაბულთა სიმრავლით, რომლებიც ზედა პალეოლითის ერას მიეკუთვნებიან, ხოლო მათგან ყველაზე ცნობილია ლასკოს გამოქვაბული[1] (დორდონი, ძვ.წ 18 000 წელი).

გამყინვარების ხანის ბოლო ეტაპზე (ძვ.წ 10 000 წელი) კლიმატი შერბილდა[1] და დაახლოებით ძვ.წ 7000 წლიდან დასავლეთ ევროპის ამ ნაწილმა ნეოლითის ხანაში გადაინაცვლა, რამდენადაც მოსახლეობის ცხოვრების წესი შეიცვალა, ამ ეტაპზე ჩნდება დამჯდარი მოსახლეობის სამიწათმოქმედო კულტურა. ძვ.წ IV—III ათასწლეულების ძლიერი დემოგრაფიული და სასოფლო სამეურნეო განვითარების შემდეგ, ძვ.წ III ათასწლეულში მოსახლეობამ მეტალურგიას მიჰყო ხელი, თავდაპირველად მუშაობდნენ: ოქროზე, სპილენძსა და ბრინჯაოზე, ხოლო მოგვიანებით დაიწყეს რკინის დამუშავებაც.[2] საფრანგეთის ტერიტორიაზე მრავალი მეგალითი მდებარეობს, მათგან ყველაზე გამორჩეული კი კარნაკის ქვებია (მორბიანი, ძვ.წ 3300 წელი).

 
გალია, ძვ.წ I საუკუნე. გალიის ტერიტორიებზე, რომელიც დღევანდელ საფრანგეთს, ბელგიას, შვეიცარიას, ნიდერლანდებისა და გერმანიის გარკვეულ ნაწილს (მდ. რაინის მარცხენა სანაპირო) და ჩრდოლოეთ იტალიის ნაწილს მოიცავდა, კელტები სახლობდნენ.
 
მეისონ კარეს ტაძარი რომაულ - გალური კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანელი ძეგლია, იგი აშენებულია ქალაქ ნემასუსში (დღევანდელი ნიმი)

ძვ.წ 600 წელს იონიელმა ბერძნებმა, რომლებიც წარმოშობით ფოკაიადან იყვნენ, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე დააარსეს მასალიის კოლონია (დღევანდელი მარსელი, რომელიც საფრანგეთის უძველესი ქალაქია).[3][4] აღსანიშნავია ისიც, რომ დღევანდელი საფრანგეთის ტერიტორიაზე ასევე სახლობდნენ გალურ-კელტური ტომები, მაგრამ მხოლოდ ძვ.წ V-III საუკუნეებში.[5]

გალიის ცნება სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა; იგი მოიცავს კელტთა დასახლებას მდინარე რაინიდან ატლანტიკის ოკეანემდე, ანუ პირენეებსა და ხმელთაშუა ზღვას. დღევანდელი საფრანგეთის საზღვარიც თითქმის იმავე ტერიტორიებს მოიცავს, რასაც ძველი გალია მოიცავდა, რომელიც დასახლებული იყო კელტი გალებისაგან. ამ დროის გალია საკმაოდ ძლიერ სახელმწიფოს წარმოადგენდა. ძვ.წ 390 წელს გალთა ბელადმა ბრენუსმა მდინარე ტიბრთან რომაელებს ცხარე ბრძოლა გაუმართა, რომელიც ალიის ბრძოლის სახელითაა ცნობილი, სადაც გალებმა სასტიკად დაამარცხეს რომაელი ლეგიონერები. ბრძოლის შემდეგ გალებმა რომი დაიკავეს და ხარკი დაადეს.

გალთა თავდასხმამ საკუთრივ რომი ძალიან დაასუსტა, ხოლო მის მოხარკეებს აჯანყების სურვილი აღუძრა, რომმა კი მათ ხელმეორედ დამორჩილებას 50 წელი მოანდომა. გალები რეგიონს მანამდე ავიწროებდნენ, სანამ რომთან ფორმალური სამშვიდობო ხელშეხრულება არ გააფორმეს, რაც ძვ.წ 345 წელს მოხდა. სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების მიუხედავად რომისა და გალიის მტრული პოლიტიკა მომდევნო საუკუნეებშიც გაგრძელდა.

ძვ.წ 125 წელს რომაელებმა სამხრეთ გალია დაიპყრეს და დაპყრობილ ტერიტორიას რომის პროვინცია დაარქვეს. სახელმა საუკუნეების მანძილზე ცვლილება განიცადა და დღესდღეობით მას პროვანსის სახელით ვიცნობთ.[6] იულიუს კეისარმა დანარჩენი გალიაც დაიპყრო, ხოლო ძვ.წ 52 წელს გალების აჯანყებაც ჩაახშო, რომლის ინიციატორიც გალთა ბელადი, ვერცინგეტორიქსი იყო.[7]

ძვ.წ 125 წელს რომაელებმა სამხრეთ გალია დაიპყრეს და დაპყრობილ ტერიტორიას რომის პროვინცია დაარქვეს. სახელმა საუკუნეების მანძილზე ცვლილება განიცადა და დღესდღეობით მას პროვანსის სახელით ვიცნობთ.[6] იულიუს კეისარმა დანარჩენი გალიაც დაიპყრო, ხოლო ძვ.წ 52 წელს გალების აჯანყებაც ჩაახშო, რომლის ინიციატორიც გალთა ბელადი, ვერცინგეტორიქსი იყო.[7]

გალიის რომის პროვინციებში გაერთიანება ავგუსტუსს მიეწერება, ისევე როგორც მისი დაყოფა ოთხ პროვინციად: სამხრეთ გალია - ნარბონენსად, სამხრეთ-აღმოსავლეთ გალია - აკვიტანიად, ცენტრალური გალია - ლუგდუნენსად და ჩრდილოეთ გალია - ბელგიკად.[8] გალურ-რომაულ პერიოდში მრავალი ქალაქი დაარსდა, მათ შორის გალიის დედაქალაქი - ლუგდუნუმი (დღევანდელი ლიონი).[8] ეს ქალაქები ტრადიციულ რომაულ სტილში შენდებოდა; ფორუმით, თეატრით, ამფითეატრით, ცირკით და თერმული აბანოებით. გალები თანდათან აერივნენ რომაულ მოსახლეობაში და მათთან თანაცხოვრების პერიოდში თითქმის მთლიანად შეითვისეს რომაული კულტურა და ენა (ლათინური, რომლისგანაც მოგვიანებით ფრანგული ენა წარმოიშვა). ასევე მოხდა რომაული და გალური რელიგიების ერთმანეთში აღრევა, რის შედეგადაც რელიგიური სინკრეტინიზმი წარმოიქმნა.

III საუკუნის მეორე ნახევარში რომაული გალია ლიმესის სერიოზულ ნაკლებობას განიცდიდა, იმ დროს, როდესაც მთელი იმპერია ბარბაროსთა შემოსევებისგან იტანჯებოდა.[9] გალიამ რომის სისუსტე სათავისოდ გამოიყენა: გამოეყო მას და შექმნა დამოუკიდებელი გალების იმპერია,[9], რომელმაც მხოლოდ რომის იმპერიის კრიზისის პერიოდში იარსება (260-273 წლებში).

თუმცაღა, სიტუაცია საგრძნობლად გამოსწორდა IV საუკუნის მეორე ნახევარში, რომელიც რომაული გალიის აყვავებისა და აღორძინების პერიოდად ითვლება.[10] 312 წელს კონსტანტინე დიდმა მრწამსი შეიცვალა და ქრისტიანობა მიიღო. მას შემდეგ ბოლო მოეღო ქრისტიანთა დევნას რომის იმპერიაში,[11] მაგრამ V საუკუნის დასაწყისში ბარბაროსთა შემოსევები კვლავ განახლდა,[12] ხოლო გერმანულმა ტომებმა: ვანდალებმა, ალანებმა და სვებებმა გადალახეს რაინი და დასახლდნენ გალიაში, ესპანეთში და იმპერიის სხვა ნაწილებში.[13]

ფრანკთა სამეფო (486–987)

რედაქტირება
 
პუატიეს ბრძოლა უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ევროპისთვის, ამ ბრძოლის შემდეგ არაბებმა ვეღარ შეძლევს ესპანეთიდან ევროპაში შეღწევა.

ანტიკური ხანის დასასრულს გალია რამდენიმე გერმანულ სამეფოდ დაიყო (ფრანკთა სახელმწიფო (ჩრდილოეთი), ალემანია (ჩრდილო-აღმოსავლეთი), ბურგუნდია (აღმოსავლეთი), სეპტიმანია (სამხრეთი), ვესტგოთების სახელმწიფო (სამხრეთ-აღმოსავლეთი) და დარჩენილ ტერიტორიაზე სუასონის სამეფო). ამავდროულად, ბრიტებს (კელტური მოდგმის ტომები) ანგლო-საქსთა მიერ ბრიტანეთის დაპყრობის ხანაში მშობლიური ტერიტორიის დატოვება და სხვაგან, კერძოდ კუნძულ არმორიკაზე გადასახლება მოუხდათ (გალიის შორეული დასავლეთით). შედეგად კუნძულს სახელი შეუცვალეს და ბრეტანი დაარქვეს, ხოლო კელტებმა კვლავ შეძლეს აღორძინება და ამ ტერიტორიაზე დააარსეს პეტის დამოუკიდებელი სამეფო.

ფრანკთა დაქსაქსული ტომები პირველად მეფე მეროვემ გააერთიანა, ამიტომ მის შთამომავლებს მეროვინგები უწოდეს. V საუკუნის ბოლოს ფრანკთა მეფე გახდა მეროვეს შთამომავალი ხლოდვიგი. მისი მეთურობით ფრანკებმა დაიწყეს გალიის ვრცელი ტერიტორიების დაპყრობა ხლოდვიგ მეროვინგელის თაოსნობით. ხლოდვიგმა შეძლო ვესტგუთებისა და მათი მოკავშირე ალემანების დამარცხება. მათი სამოსახლო ტერიტორიის დაპყრობით და გაძევების შედეგად 484 წელს თანამედროვე საფრანგეთის ტერიტორიაზე შეიქმნა ფრანკთა პირველი სამეფო და ხლოდვიგი მის პირველ მეფედ გამოცხადდა. ბურგუნდიის სამეფო კი დინასტიური ქორწინებით დაიმორჩლა. მან 493 წელს ცოლად შეირთო ბურგუნდიის მეფის ასული კლოტილდა, რომელიც ქრისტიანი იყო და ყოველთვის ცდილობდა ხლოდვიგის გაქრისტიანებას, თუმცა ხლოდვიგი, გარკვეულიპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, თავს იკავებდა სარწმუნოების შეცვლისგან (ფრანკთა სამეფოში მრავლად იყვნენ არაქრისტიანები და ხლოდვიგი ქრისტიანობის მიღებით მათ მხარდაჭერას დაკარგავდა). ხლოდვიგი ჭკვიანი ლიდერი გამოდგა და არაერთი ღონისძიება გაატარა ქვეყნის გასაძლიერებლად. მან, მიუხედავად არსებული პოლიტიკური სიტუაციისა, ქრისტიანობა მაინც მიიღო, თუმცა აღნიშნული ქმედების შესრულებამდე მან გარკვეული წინაპირობები შექმნა. უპირველეს ყოვლისა, განამტკიცა ხელისუფლება და ნდობა მოიპოვა ხალხში, ქრისტიანობა კი 498/499 წელს მიიღო, ნათლობისას მასთან ერთად ჯარისკაცებიც მოინათლნენ, რაც რელიგიურ ნიადაგზე აღმოცენებული დაუმორჩილებლობისა და აჯანყების პრევენციას ემსახურებოდა. ხლოდვიგის მიერ ქრისტიანობის მიღებას დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა, კერძოდ, მან რომის იმპერიის დაცემის შემდეგ მარტო დარჩენილ სასულიერო პირთა მხარდაჭერა და მორჩილება მოიპოვა, ისინი კი დამოუკიდებელი ტერიტორიების მმართველები იყვნენ. ხლოდვიგის მიერ განხორციელებული რეფორმებიდან აღსანიშნავია ე.წ. სალიკური სამართლის შექმნა. იგი დაწერილია ვულგარული ლათინურით ანუ ისე, როგორც გერმანელი ტომები მეტყველებდნენ. იგი აწესრიგებდა ქვეყანაში სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ ცხოვრებას. VII საუკუნიდან ქვეყანაში უკვე ჩნდება გარკვეული პოლიტიკური კრიზისი, რაც მეტწილად გამოიხატებოდა სამეფო ხელისუფლების ფუნქციის მოშლასა და სახელისუფლებო ბერკეტებზე კონტროლის დაკარგვით. აღნიშნული ფაქტი კარგს არაფერს უქადდა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასაც, რომელიც ღვევის პირას იყო. ეს რღვევა გამოვლინდა კიდეც სამეფოს სამ ტერიტორიულ ერთეულად დაშლით (ავსტრაზია, ნეისტრაზია და ბურგუნდია). მეროვინგთა ხელისუფლების შესუსტებამ VIII საუკუნის მეორე ნახევარში სახელმწიფოს სათავეში ახალი დინასტიის, კერძოდ, კაროლინგების მოსვლა განაპირობა, რამაც ტერიტორიული რღვევა შეაჩერა და ფრანკთა სახელმწიფომ კვლავ ერთიანობა შეინარჩუნა. მეროვინგების დინასტიის კრიზისი კი მაიორდომთა (მაიორდომი სასახლის მეურნეობის მმართველს, ლათინურად ოჯახის მმართველს ნიშნავს) ძალაუფლების ზრდის ფონზე გამოვლინდა. თავდაპირველად მაიორდომები მხოლოდ საკუთარი უფლებამოსილების შესრულებით შემოიფარგლებოდნენ, თუმცა მათი უფლებები თანდათანობით გაიზარდა და ბოლო პერიოდში მეფის ხელისუფლებაზე ქმედითიც აღმოჩნდა. მაიორდომთა მოვალეობად ითვლებოდა მეფის უსაფრთხოებაზე ზრუნვა და აქედან გამომდინარე რაც უფრო ძლიერნი და მატერიალურად დამოუკიდებლები იქნებოდნენ, მით უფრო კარგად შეასრულებდნენ საკუთარ მოვალეობას. ეს თანამდებობა თავდაპირველად დანიშვნითი იყო, მაგრამ თანდათან მემკვიდრეობითი ხასიათი მიიღო.

მაიორდომების ძალაუფლება განსაკუთრებით გაიზარდა კარლოს მარტელის მოღვაწეობის დროს. 718 წელს, მისი მაიორდომობის დროს გალიაში შეიჭრნენ არაბები. კარლოს მარტელი თავსატეხის წინაშე დადგა, რადგან ფრანკთა ჯარი არ იყო სათანადო მზადყოფნაში არაბთა წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ ვითარებაში კარლოსმა გაატარა სამხედრო რეფორმა. მან ფრანკ მეომრებს ბენეფიციუმის სახით დაურიგა ფეოდები, რომლებიც ჯარისკაცთა ხელში რჩებოდა მათი ჯარში მსახურობის პერიოდში, რამაც აამაღლა სამხედროების მოტივაცია ემსახურათ ჯარში დიდი ხნის განმავლობაში და თავდადებით ებრძოლათ. 732 წელს ფრანკებმა დაამარცხეს არაბები გადამწყვეტ პუატიეს ბრძოლაში და შეაჩერეს მათი ექსპანსია ევროპაში. ზოგიერთი ისტორიკოსი ამ ბრძოლას გადამწყვეტ მომენტად მიიჩნევს შუა საუკუნეების სამხედრო ისტორიაში, რომლის შედეგადაც ქვეითმა ჯარმა დაკარგა თავისი გადამწყვეტი მნიშვნელობა კავალერიის სასარგებლოდ. ამ პერიოდში იწყება კავალერისტთა დაწინაურება სამხედრო და სოციალური თვალსაზრისით, რაც ევროპაში რაინდების ფენის ჩამოყალიბების წინაპირობაა, თუმცა ეს პროცესი დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, ხოლო კავალერისტები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კვლავ დამხმარე შენაერთების ფუნქციას ასრულებდნენ.

კარლოს მარტელის მმართველობისას მეფის ხელისუფლება კაროლინგთა დინასტიის ხელში მხოლოდ ფორმალურ ხასიათ ატარებდა რეალური მმართველი კი მაიორდომი იყო და ამიტომაც ეწოდათ ამ პერიოდის კაროლინგ მეფეებს "ზარმაცი მეფეები". საბოლოოდ, პიპინმა 741 წელს უკანასკნელი მეროვინგი მეფე ჰილდერიკ III ბერად აღკვეცა და სათავე დაუდო კაროლინგების მმართველობას.

 
კარლოს დიდის იმპერატორად კორონაციის ცერემონია

768 წელს ფრანკების მეფე გახდა პიპინ მოკლეს შვილი კარლოსი. მან არაერთი ბრძოლა გამართა, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში თვითონ სარდლობდა. ბრძოლების შედეგად მან დაიმორჩილა რაინის აღმოსავლეთით არსებული ტომები. ქვეყნას შემოუერთა იტალიაც. ფრანკთა სამეფო ევროპის უძლიერესი სახელმწიფო გახდა. IX საუკუნის დასაწყისისთვის კარლოსის სახელმწიფო მდებარეობდა ატლანტის ოკეანედან, კარპატის მთებამდე და ჩრდილოეთ ევროპიდან ხმელთაშუა ზღვამდე.

ამ დროს რომის პაპ ლეო III-ს, რომის მოქალაქეები აუჯანყდნენ. პაპმა დახმარებისთვის კარლოს მიმართა, კარლოსმა ჯარის დახმარებით შეძლო აჯანყების ჩახშობა და გაქცეული პაპის უკან დაბრუნება, ეს მოხდა 800 წელს. ამავე წელს პაპმა კარლოსი იმპერატორად აკურთხა, დასავლეთში აღდგა რომის იმპერიის სახელი. 814 წელს კარლოსი გარდაიცვალა.

კარლოს დიდის გარდაცვალების შემდეგ, ფრანკთა იმპერიაში დიდი არეულობა დაწყო. ახალ იმპერატორ ლუის, დიდებულები აღარ ემორჩილებოდნენ. ლუი ღვთისმოშიშს უკვე შვილებიც აღარ ემორჩილებოდნენ. იმპერატორმა სახელმწიფო თავის სამ ვაჟს გაუყო. უფროს ლოთარს - იმპერატორის გვირგვინი, იტალია და მდინარე რაინის ორივე სანაპიროს მიწები ებოძა, შუა ლუის (გერმანულად ლუდვიგი) - მდინარე რაინის აღმოსავლეთით არსებული მიწები უბოძა, ხოლო პატარა კარლოსს (ფრანგულად შარლს) - დასავლეთის ყველა ტერიტორია ხვდა წილად. ლუი ღვთისმოშიშის გარდაცვალების შემდეგ, 840 წელს, იმპერატორად ლოთარი აკურთხეს. 842 წელს ქალაქ სტრასბურში ერთმანეთს შეხვდნენ ძმები - კარლოსი და ლუდვიგი, რათა ლოთარის წინააღმდეგ შეთანხმება დაედოთ. მომევნო 843 წელს ქალაქ ვერდენში დადებული ხელშეკრულებით, იმპერია საბოლოოდ დაიშალა.

ახლად შექმნილი ფრანგული სახელმწიფოს, პირველი მეფე გახდა შარლ მელოტი. საფრანგეთშიც მეფესა და მთავრებს შორის ისეთივე წინააღმდეგობა სუფევდა, როგორიც ევროპის სხვა ქვეყნებში. შარლ მელოტი და მისი მემკვიდრეები იძულებულები იყვნენ ბევრი რამ დაეთმოთ დიდგვაროვანი ჰერცოგებისა და გრაფებისთვის. კაროლინგი მეფეების ძალაუფლება იმდენად დასუსტდა, რომ X საუკუნის ბოლოსთვის, ისინი ქვეყანას ვეღარ მართავდნენ. ამას დაემატა ნორმანთა თავდასხმები. X საუკუნეში ნორმანებმა არაერთხელ დაარბიეს ჩრდილოეთი საფრანგეთის ტერიტორია. მათ წინააღმდეგ ბრძოლაში თავი ისახელეს პარიზის გრაფებმა.

საფრანგეთი შუა საუკუნეებში (987–1453)

რედაქტირება

კაპეტინგების დინასტია

რედაქტირება

987 წელს, ფრანგ დიდებულთა კრებაზე, პარიზის გრაფი ჰუგო, კაპეტინგების გვარიდან, მეფედ აირჩიეს.

პირველი კაპეტინგი მეფეები მეტად სუსტები იყვნენ. ბევრ გრაფს ან ჰერცოგს გაცილებით უფრო დიდი სამფლობელოები ჰქონდა, ვიდრე მეფეს. უკვე მეფეებს თავიანთი მემკვიდრეების გამეფებაც აღარ შეეძლოთ, ფეოდალებთან შეთანხმების გარეშე. ისინი იყვნენ პირველები თანასწორთა (ფეოდალთა) შორის. საფრანგეთის გაერთიანება და სამეფო ხელისუფლების გაძლიერება დაიწყო XII საუკუნის მეორე ნახევრიდან.

პარიზის ახლოს მდებარეობდა სენ-ჟენის მონასტერი. XII საუკუნის შუა ხანებში ამ მონასტერის წინამძღოლი იყო აბატი სიუჟე. ის მალე ლუი VI-ის და მისი ვაჟის ლუი VII-ის მრჩეველი გახდა. სიუჟე მეფეს ურჩევდა ქვეყნის გაერთიანებისთვის და ურჩი ფეოდალების წინააღმდეგ ბრძოლაში წვრილი რაინდები და ქალაქები გაეხადა მოკავშირედ. მისივე რჩევით, საჭირო იყო ხელოვნებისა და ვაჭრობისთვის ხელშეწყობა. ლუი VII სიუჟეს ხშირად არ უჯერებდა.

ლუი VII-ის შვილმა ფილიპ II-მ კარგად გაიაზრა სიუჟეს რჩევები და მისი განხორციელება დაიწყო. მეფემ დაიწყო საფრანგეთის გაერთიანება, ამ საქმეში მის გვერდით ქალაქები იყო. ფილიპმა ჯერ თავადები დაიმორჩილა, ხოლო შემდეგ ინგლისელ პლანტაგენტ მეფეებს წაართვა ფრანგული მიწები. ფილიპ II-ის მეფობის დასარულს ხელისუფლება იმდენად გაძლიერდა, რომ უკვე ადვილად უმკლავდებოდა როგორც შინაურ, ასევე გარეშე მტერს. მის მიერ დაწყებული აღმშენებლობითი მოღვაწეობა განაგრძო მისმა შვილიშვილმა ლუი IX-მ. ის აქტიურად იბრძოდა სამეფოს გაძლიერებისთვის. მან 1259 წელს პარიზის ზავით ინგლისს უარი ათქმევინა პლანტაგენტების ფრანგულ სამფლობელოებზე. ინგლისის მეფემ საფრანგეთის მეფის ვასალად ცნო თავი. ლუი IX-მ აკრძალა სასამართლოს დუელი - „კერძო ომები“ და შემოიღო „ორმოცი დღე“, რომლის განმავლობაში მოდავეებს შეეძლოთ სამეფო სასამართლოში საქმის გარჩევა. ლუი IX ორ ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობდა. ერთ-ერთი ლაშქრობის დროს იგი ტყვედ ჩაუარდა ეგვიპტის სულთანს და დიდი გამოსასყიდით დაიხსნა თავი ტყვეობისგან. 1270 წელს ლუიმ წამოიწყო ჯვაროსნული ლაშქრობა ტუნისზე, რომლის დროსაც ის დაიღუპა შავი ჭირით. რომის პაპმა საფრანგეთის მეფე წმინდანად შერაცხა.

საფრანგეთის მეფე გახდა ფილიპ IV ლამაზი, ის საკმაოდ ჭკვიანი და ძლიერი დიპლომატი იყო. ქორწინების წყალობით სამეფო მიწებს შემოუერთა შამპანის საგრაფო და ნავარის სამეფო, მან დაიმორჩილა ფლანდრიის სამეფო. ქვეყნის გაერთიანება საკამოდ რთული პროცესი იყო, მას ბევრი წინააღმდეგობა ჰქონდა. ერთ-ერთი ასეთი იყო კათოლიკური ეკლესია რომის პაპის მეთაურობით. საფრანგეთის ეკლესია იმ დროს პაპს ემორჩილებოდა და არა მეფეს. აქ არსებული ეკლესიები გადასახადებს რომს უხდიდნენ. ფილიპ ლამაზმა აკრძალა საფრანგეთიდან რომში გადასახადების გაგზავნა. ამ ყველაფერმა რომის პაპაის აღშფოთება გამოიწვია, პაპი ბონიფაციუს VIII მეფეს ანათემით დაემუქრა. ფრანგებმა მეფეს დაუჭირეს მხარი. ამ მხარდაჭერით დაიმედებულმა ფილიპ IV-მ, 1302 წელს პარიზში მოიწვია ფრანგი ხალხის წარმომადგენელთა კრება, რომელსაც გენერალური შტატები ეწოდა. გენერალურმა შტატებმა მხარი მეფეს დაუჭირა.

ფილიპ ლამაზის მრჩეველი გიომ ნოგარე რჩეული რაზმით იტალიისკენ გაემართა. ამ დროს პაპი დასასვენებლად იყო პატარა ქალაქ ანანიში. ნოგარე შეიჭრა პაპის სასახლეში და შეურაცხმყოფა მიაყენა მას. მალე რომის პაპი გარდაიცვალა. მეფის ბრძანებით ახალი პაპი საფრანგეთში აირჩიეს და ქალაქ ავინიონში, მას საპატიო ტყვეობაში, მიუჩინეს ადგილი. ფილპ ლამაზმა შეძლო ეკლესიის დამორჩილება.

ასწლიანი ომი

რედაქტირება
 
ჟან დ’არკი.

XIV საუკუნეში ინგლისსა და საფრანგეთს შორის დაიწყო ომი, რომელიც ისტორიაში ასწლიანი ომის სახელით შევიდა. ომის დაწყების მიზეზი იყო ის რომ, ინგლისის პლანტაგენტ მეფეებს საფრანგეთის ჩრდილოეთით არსებული მიწები ეკუთვნოდათ, ეს ტერიტორიები გაძლიერებულმა საფრანგეთმა შეიერთა. ომის დაწყების მეორე ძირითადი მიზეზი იყო ფლანდრიის საკითხი. ამ ტერიტორიასთან ინგლისს სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა, გაძლიერებული საფრანგეთი ცდილობდა ეს ტერიტორიები თავისი სამფლობელოსთვის მიეერთებინა. ინგლისის სამეფოს, საფრანგეთის ტახტზე პრეტენზიები გააჩნდა. საფრანგეთის მეფე ფილიპ IV ლამაზს სამი ვაჟი ჰყავდა, რომლებიც უშვილოდ გარდაიცვალნენ. ფილიპის ქალიშვილი იზაბელა ინგლისისი მეფე ედუარდზე იყო დაქორწინებული, ვინაიდან საფრანგეთს ტახტის მემკვიდრე არ ჰყავდა, კანონით ის იზაბელას უნდა რგებოდა. 1328 წელს ფრანგებმა ტახტზე აიყვანეს კაპეტინგების ნათესავი, ფილიპ VI.

 
საფრანგეთი 1477 წელს.

1337 წელს დაიწყო ასწლიანი ომი. ინლისმა დიდ წარმატებას მიაღწია, 1346 წლის კრეისის და 1356 წლის პუატიეს ბრძოლაში. საფრანგეთის მეფე ტყვედ ჩაუვარდა ინგლისელებს. ინგლისლეები და ზოგი ფრანგი დიდებული ჩრდილოეთ საფრანგეთის ძარცვით იყო დაკავებული. 1358 წელს დაიწყო გლეხთა დიდი აჯანყება, რომელიც „ჟეკერიის“ სახელით გახდა ცნობილი. აჯანყება ამავე წელს იქნა ჩახშობილი. ინგლისელებს ჩრდილოეთი საფრანგეთი ჰქონდათ დაკავებული. საომარი მოქმედებები ახალი ძალით განახლდა XV საუკუნის დასაწყისში. 1415 წელს აზენკართან ფრანგები კვლავ დამარცხდნენ, ინგლისელების ხელში აღმოჩნდა პარიზი.

სწორედ ამ დროს გამოჩნდა ჟანა დ'არკი, მან გადაიცვა ვაჟის ტანსაცმელი და ჩავიდა დოფინთან. ჟანმა შეძლო დაერწმუნებინა ტახტის მემკვიდრე, რომ მისთვის ჯარის სარდლობა დაევალებინა. მას ჩააბარეს ყველაზე უდისციპლინო და ცუდად შეიარაღებული ჯარი. მალე ჟანმა შეძლო ინგლისლების დამარცხება, მან მრავალი ქალაქი და სოფელი გაათავისუფლა ინგლისლებისგან. 1429 წელს ბრძოლების შედეგად გათავისუფლდა ქალაქი ორლეანი, ხოლო შემდეგ რეიმსი. სწორედ ამიტომ ეწოდა ჟანს ორლეანელი ქალწული. ერთ-ერთი ბრძოლის დროს ფრანგმა სარდლებმა და დიდებულებმა ჟანა დ'არკი მიატოვეს, ინგლისლებმა შეძლეს მისი ტყვედ ჩაგდება. მათ ჟან დ’არკი ფრანგულ კათოლიკურ ეკლესიას გადასცეს, ეკლესიამ ის „ჯადოქრად“ და „მწვალებლად“ გამოაცხადა. 1431 წლის მაისში ქალაქ რუანში, ჟან დ’არკი ცეცხლზე დაწვეს.

1475 წლის 29 აგვისტოს დაიდო პიკინის ზავი. ინგლისს საფრანგეთში მხოლოდ კალე დარჩა, ინგლისის მეფემ უარი თქვა "საფრანგეთის მეფის" ტიტულზე.

საფრანგეთი მეორე მსოფლიო ომში

რედაქტირება

1939 წლის 1 სექტემბერს გერმანია თავს დაესხა პოლონეთს, რითაც დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. დიდმა ბრიტანეთმა ულტიმატუმი წაუყენა გერმანიას, რომ შეეწყვიტათ საომარი მოქმედებები, თუმცა ნაცისტებმა უარყვეს ულტიმატუმის პირობები. ამის გამო 3 სექტემბერს დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ ომი გამოუცხადეს გერმანიას. მეორე მსოფლიო ომის ამ სტადიას ხშირად უწოდებენ უცნაურ ომს, რადგან ომის გამოცხადების მიუხედავად, საფრანგეთს და ბრიტანეთს თავიანთ მოკავშირეებთან ერთად არანაირი ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია არ წამოუწყიათ გერმანელების წინააღმდეგ. 7 სექტემბერს ფრანგ და ბრიტანელ ჯარისკაცთა 40-მა ბატალიონმა დაიწყო თავდასხმითი ოპერაცია ზაარზე. ერთი კვირის განმავლობაში მათ მხოლოდ 12 დასახლებული პუნქტი აიღეს, თანაც საკმაოდ დიდი ზარალი განიცადეს. ამავდროულად ნელ-ნელა გერმანელებიც ძალებს იკრებდნენ და კონტრ-შეტევაზე გადადიოდნენ. 12 სექტემბერს ანგლო-ფრანგულმა უმაღლესმა სამხედრო საბჭო შეიკრიბა ქალაქ აბვილში და მიიღო გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ სამხედრო მოქმედებები. ფრანგმა და ბრიტანელმა ჯარისკაცებმა მიიღეს ბრძანება ერთ კილომეტრზე ახლოს არ მიახლოვებულიყვნენ გერმანელთა პოზიციებს. 16-17 ოქტომბერს გერმანელებმა პოლონეთის ოპერაციიდან დაბრუნებული ჯარისკაცების ნაწილი დასავლეთ ფრონტზე გადაისროლეს და აიღეს ფრანგების მიერ დაკავებული პუნქტები ზაარლანდში. ფრანგებმა კვლავ უკან დაიხიეს მაჟინოს ხაზთან.

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Jean Carpentier (dir.), François Lebrun (dir.), Alain Tranoy, Élisabeth Carpentier et Jean-Marie Mayeur (préface de Jacques Le Goff), Histoire de France, Points Seuil, coll. « Histoire », Paris, 2000 (1re éd. 1987), p. 17 ISBN 2-02-010879-8
  2. Carpentier et al 2000, pp. 20–24
  3. (2000) The Cambridge ancient history. Cambridge University Press, გვ. 754. ISBN 978-0-521-08691-2. ციტირების თარიღი: 23 January 2011. 
  4. Claude Orrieux (1999). A history of ancient Greece. John Wiley & Sons, გვ. 62. ISBN 978-0-631-20309-4. ციტირების თარიღი: 23 January 2011. 
  5. Carpentier et al 2000, p. 29
  6. 6.0 6.1 (13 July 1953) Life magazine, 13 July 1953, p. 76. Google Books. ციტირების თარიღი: 23 January 2011. 
  7. 7.0 7.1 Carpentier et al 2000, p.44-45
  8. 8.0 8.1 Carpentier et al 2000, pp. 53–55
  9. 9.0 9.1 Carpentier et al 2000, pp. 76–77
  10. Carpentier et al 2000, pp. 79–82
  11. Carpentier et al 2000, p. 81
  12. Carpentier et al 2000, p. 84
  13. Carpentier et al 2000, pp. 84–88