საფრანგეთის რევოლუცია (1848)

(გადამისამართდა გვერდიდან 1848 წლის საფრანგეთის რევოლუცია)

1848 წლის საფრანგეთის რევოლუცია იგივე თებერვლის რევოლუცია1848 წლის რევოლუციების ნაწილი, ერთ-ერთი უდიდესი გადატრიალება საფრანგეთში, რომლის დროსაც ქვეყანაში დასრულდა 1830-1848 წლების „ივლისის მონარქია“ იგივე „ორლეანელთა მონარქია“ და შეიქმნა საფრანგეთის მეორე რესპუბლიკა. მისი ძირითადი მოტივი იყო მუშების, გლეხებისა და წვრილი ბურჟუაზიის მდგომარეობის გაუმჯობესება და არისტოკრატიის მმართველობის შეზღუდვა ქვეყანაში.

წინარეისტორია და მიზეზები

რედაქტირება
 
შარლ X 1827 წელს
 
ლუი ბლანი, რევოლუციის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი

ნაპოლეონის მიერ შექმნილი საფრანგეთის პირველი იმპერია 1815 წელს საბოლოოდ დაიშალა. იმავე წელს, ვენის კონგრესზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, საფრანგეთში აღდგა ბურბონების მმართველობა, მაგრამ ამჯერად კონსტიტუციური მონარქიის სახით. ლუი XVIII-ის მეფობის პერიოდში ქვეყანაში სამართალი ვერ აღდგა. წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 28 მილიონიანი ქვეყნის მოქალაქეთაგან მხოლოდ 100 000 მდიდარ მოქალაქეს ენიჭებოდა, მეფის მიერ შექმნილი ქარტია კი უპირატესობას ძირითადად ისევ არისტოკრატიას ანიჭებდა. 1825 წელს ტახტზე ასული, კონსერვატორული იდეოლოგიის მქონე შარლ X მოსახლეობისთვის „საშინელ“ მონარქად იქცა. მის მიერ დაფუძნებული „ულტრათა პარტია“ ძველი რეჟიმის ანუ აბსოლუტიზმის რესტავრაციას გეგმავდა. გლეხებისა და მუშების უფლებები ნელ-ნელა უფრო უძლურდებოდა. შარლ X-მ მილიარდი ფრანკიც კი გაიღო ემიგრაციაში მყოფი არისტოკრატიისათვის საფრანგეთის რევოლუციის დროს ჩამორთმეული მამულებისა და ქონების ასანაზღაურებლად.

 
მეფე ლუი-ფილიპი 1842 წელს.

მოსახლეობის უფლებებისა და პრესის თავისუფლების შეზღუდვის გამო, 1830 წლის ივლისში საფრანგეთში მეორე დიდმა რევოლუციამ იფეთქა, რომლის დროსაც ბურბონების მმართველობა საბოლოოდ დასრულდა და ქვეყნის სათავეში დაპირებებით მოვიდა ლუი-ფილიპ ორლეანელი იგივე „მეფე ბურჟუა“. მან გარკვეული რეფორმები გაატარა მოქალაქეთა დაბალი ფენის წარმომადგენელთა სასარგებლოდ. 1831 წელს გამოსცა საარჩევნო კანონი, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველთა რაოდენობა 200,000 კაცამდე გაიზარდა. (ძირითადად ისევ ბურჟუაზიის წევრების, მსხვილი მეწარმეებისა და მსხვილი ვაჭრების ხარჯზე) ბურჟუაზიამ მალევე მოახერხა ხელისუფლებიდან არისტოკრატიის ნაწილის გამოდევნა, მაგრამ ივლისის მონარქიამ ვერ შეცვალა ვითარება ქვეყნის ძირითადი მასის სასარგებლოდ. გლეხების, წვრილი ბურჟუაზიისა და მუშების პოლიტიკური და საზოგადოებრივი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, რამაც ლიონში მუშათა აჯანყებები გამოიწვია 1831 და 1834 წლებში. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა 1834 წლის აჯანყებას, რომელიც ტალღად მოედო თითქმის მთელ საფრანგეთს. მოსახლეობის ფართო ფენები გამოდიოდნენ საარჩევნო სისტემის ცვლილების მოთხოვნით.

აჯანყებულების ფავორიტი ამჯერად ლუი-ნაპოლეონ ბონაპარტი გახდა, რომელიც საზოგადოებას, ბიძამისის, იმპერატორი ნაპოლეონის მსაგვსად, თავისუფლებისა და სამოქალაქო უფლებების დამცველად ესახებოდა. მან ნაპოლეონის კულტი განადიდა და მოსახლეობაში „ბონაპარტისტული“ განწყობა დაამკვიდრა. აჯანყებულთა გულის მოსაგებად ლუი-ფილიპმა 1840 წელს ნაპოლეონის ცხედარი გადმოასვენა წმინდა ელენეს კუნძულიდან. ხალხის ამგვარი განწყობით ლუი-ნაპოლეონმა ისარგებლა და ორჯერ სცადა გადატრიალების მოწყობა, მაგრამ უშედეგოდ. მას, როგორც აჯანყების მოთავეს, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ ინგლისში გაქცევა მოახერხა.

1840-იან წლებში საფრანგეთში ყოველწლიურად მძიმდებოდა მოსახლეობის დიდი ნაწილის მდგომარეობა. 1846 წლის მოუსავლიანობის გამო სურსათზე ფასები გაიზარდა. ქვეყანაში ფინანსურმა კრიზისმა დაისადგურა. 1847 წელს პარიზელი მუშების დაახლოებით 35% შიმშილობდა. ფრანგი სოციალისტის, ლუი ბლანის პროგრამის მიხედვით, ხელისუფლებას აუცილებლად უნდა დაესაქმებინა უმუშევარი მოქალაქეები სახელმწიფო საწარმოებში, ე.წ „ნაციონალურ საწარმოებში“ და კერძო საწარმოები სახელმწიფო საკუთრებაში გადაეცა.

მიმდინარეობა და შედეგები

რედაქტირება
 
ბარიკადები პარიზში, 1848
 
ნაპოლეონ III

1847 წლის ბოლოსათვის საფრანგეთის მოსახლეობაში რევოლუციურმა სულმა იფეთქა. დეკემბერში ლუი ბლანმა სამეფო ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციები გამართა მარსელსა და ბორდოში. მან გამოაქვეყნა 2 ნაშრომი, რომლებიც ეყრდნობოდა საფრანგეთის რევოლუციას და სწორედ მის გამეორებისკენ მოუწოდებდა მოქალაქეებს. ქვეყანაში არსებულმა დაუცხრომლობამ და ჯერ კიდევ საფრანგეთის დიდი რევოლუციიდან მოყოლებული ტრადიციად ქცეულმა ხელისუფალთა დევნამ, მეფე ლუი-ფილიპი შეაშინა. მან ლუი ბლანი ქვეყნის მოღალატედ მიიჩნია, ხოლო მისი და ნაპოლეონ III-ის მიმდევრები შუა საუკუნეებში მცხოვრებ გლეხებად გამოაცხადა. მოსახლეობამ მეფეს ეს სიტყვები არ აპატია და 1848 წლის თებერვალში დაიწყო აჯანყება, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ფრანსუა გიიომ ამბოხს რევოლუცია უწოდა და დაიწყო არმიის მობილიზება მის ჩასახშობად. ბრძოლები გაიმართა პარიზში, ლიონში, მარსელში, რენსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში.

დედაქალაქში მოქალაქეების მიერ ბარიკადების აღმართვის შემდეგ ხელისუფლების მდგომარეობა დამძიმდა. მეფეს მეზობელი სახელმწიფოებისგან ჯარისკაცებით შესაძლო დახმარების იმედიც კი არ ჰქონდა, რადგან პარალელურად, გერმანიასა და ავსტრიაშიც რევოლუციები დაიწყო. 1848 წლის 22 თებერვალს მთავრობამ აკრძალა დემონსტრაციის ჩატარება, რომელსაც საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა უნდა მოეთხოვა. 23 თებერვალს პარიზელებმა ისევ ათასობით ბარიკადა აღმართეს ქუჩებში. ლუი-ფილიპის მიერ გამოსვლათა აღსაკვეთად გაგზავნილი ნაციონალური გვარდია კი აჯანყებულთა მხარეზე გადავიდა. 25 თებერვალს მეფე თავის ოჯახთან ერთად ინგლისში გაიქცა, სადაც დახმარება სთხოვა დედოფალ ვიქტორიას. დედოფალმა საფრანგეთის მოსახლეობას მოუწოდა აჯანყების შეწყვეტისაკენ, მაგრამ უშედეგოდ.

1848 წლის 24 თებერვალს საფრანგეთი რესპუბლიკად გამოცხადდა.(საფრანგეთის მეორე რესპუბლიკა) დაინიშნა დროებითი მთავრობა, რომლის სათავეშიც სწორედ ლუი ბლანი მოვიდა, რომელიც შრომის მინისტრად დაინიშნა. ქვეყანაში დაბრუნებულმა ნაპოლეონ III-მ ამ გამარჯვებას ღვთისგან მოვლენილი ნიშანი უწოდა, რადგან მისი აზრით „ბონაპარტისტული ეპოქა“ დაბრუნდა. ახალმა მთავრობამ შექმნა ნაციონალური საწარმოები, მიწის სამუშაოებით დაასაქმა უმუშევრები გარკვეული ანაზღაურების სანაცლოდ, ხოლო დაუსაქმებლებს დაეხმარა მინიმუმ 1 ფრანკით დღეში.

სოციალისტური საკითხების მოგვარების შემდეგ, დროებითმა მთავრობამ თანასწორი ხმის მიცემის უფლება მიანიჭა ყველა მამაკაცს. აპრილში გაიმართა კონსტიტუციური ნაციონალური კრების არჩევნები, რომელშიც უკვე 9 მილიონმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად ამისა, ხმების უმეტესობა ისევ ბურჯუაზიამ მოიპოვა. მათ გაამძაფრეს სახელმწიფოს საწარმოების კრიტიკა არამომგებიანობის გამო. ნაციონალურმა კრებამ სახელმწიფო საწარმოები დახურა. ამას მოჰყვა 23 ივნისს, პარიზელი შეიარაღებული მუშების აჯანყება, რომელიც ევროპაში მუშათა პირველ რევოლუციადაა შეფასებული. მთავრობამ მალევე გაგზავნა ჯარი ლუი-ევგენი კავენიაკის მეთაურობით, რომელმაც მალევე ჩაახშო ეს ამბოხი. ბრძოლებში 12,000 ადამიანი დაიღუპა.

1848 წლის დეკემბერში, ახალი კონსტიტუციის საფუძველზე ჩატარდა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები. ამომრჩევლები მხოლოდ მამაკაცები იყვნენ. ხმათა 75% მიიღო ლუი-ნაპოლეონმა მიიღო. ის ბურჟუაზიას წესრიგსა და დაცულობას შეჰპირდა, წვრილ ბურჟუაზიასა და მუშებს კი სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის დაძლევას.

2 დეკემბერს დასრულდა 1848 წლის საფრანგეთის რევოლუცია, რომლის ძირითადი მოტივი იყო: „ჯერ ხალხი, შემდეგ სახელმწიფო.“ ევროპის სხვა ქვეყნებში მომხდარმა რევოლუციებმა გარდატეხა შეიტანა მსოფლიოს ცხოვრებაში. რევოლუციას უამრავი ცნობილი პიროვნება გამოეხმაურა. ვიქტორ ჰიუგოს აზრით ეს რევოლუცია უმნიშვნელო იყო, რადგან 1 ბურჟუაზიული მთავრობა მეორემ ჩაანაცვლა. ფრიდრიხ ენგელსი კი საფრანგეთის რევოლუციას აფასებდა, როგორც მუშათა და მსხვილ მეწარმეთა კლასების გამარჯვების დასაწყისად. კარლ მარქსმა ქვეყნის მთავრობის მიერ გაჩაღებული კლასობრივი ომის გამო ამ რევოლუციას კონსერვატორიაზე გამარჯვება უწოდა.

ამრიგად, საფრანგეთის ეს უმნიშვნელოვანესი რევოლუცია ფრანგი ხალხისთვის გარკვეული ბიძგი გახდა ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყებად. მათ წარსულს ჩააბარეს მონარქია და დაიწყეს ცხოვრება თანამედროვე შეხედულებების მმართველთა ხელში მყოფ საფრანგეთში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება