ურარტუ

(გადამისამართდა გვერდიდან ბიაინილი)

ურარტუ (/ʊˈrɑːrt/; აქად.: māt Urarṭu,[1] ბაბილონურ ენაზე: Urashtu, ებრ. אֲרָרָט Ararat; სხვა სახელწოდებები — არარატი, ბიაინი, ნაირი, ვანის სამეფო ურარტ. KURbi-a-i-na, სომხ. Ուրարտու, თურქ. Urartu, სპარს. اورارتو;) — ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო, რომელიც მდებარეობდა სომხეთის მთიანეთის ტერიტორიაზე (თანამედროვე სომხეთი, აღმოსავლეთ თურქეთი, ჩრდილო-დასავლეთი ირანი და აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა) და წარმოადგენდა ერთ-ერთი უძლიერეს სახელმწიფოს ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებს შორის ძვ.წ. I ათასწლეულის პირველ მეოთხედში. ურარტუს, როგორც ტომთა გაერთიანების არსებობა დადასტურებულია ძვ.წ. XIII საუკუნიდან, ხოლო როგორც სახელმწიფოსი — ძვ.წ. IX საუკუნიდან. დედაქალაქი ტუშფა (ახლანდელი ქ. ვანი, თურქეთში). ურარტუ ამ ქვეყნის ასურული სახელწოდებაა, თავად ურარტელები საკუთარ ქვეყანას „ბიაინილს“ უწოდებდნენ[2]. ურარტუმ არსებობა შეწყვიტა ძვ.წ. VI საუკუნეში.

ურარტუ თავისი ძლიერების მწვერვალზე, სარდურ II-ის პერიოდში ძვ. წ. 743

მისი ძლიერების პიკში ურარტუ ჩრდილო მესოპოტამიიდან სამხრეთ კავკასიამდე იშლებოდა, მოიცავდა რა დღევანდელი სომხეთის ტერიტორიას სევანის ტბამდე. ურარტუს ციხესიმაგრეების ნაშთები შემორჩენილია ვანში, არმავირში, ერებუნში (დღევენადელი ერევანი), ანზაფში, კავუსტეპსა და ბაშკალეში.

ძველი მესოპოტამია
ასირიოლოგია
ქვეყნები / იმპერიები
შუმერი: ურუქიურიერიდუ
ქიშილაგაშინიფური
აქადის იმპერია: აქადი
ბაბილონიისინისუზა
ასურეთი: აშურინინევია
დურ-შარუქინინიმრუდი
ბაბილონიაქალდეა
ელამიამორიტები
ხურიტებიმითანი
კასიტებიურარტუ
ქრონოლოგია
შუმერის მეფეები
ასურეთის მეფეები
ბაბილონის მეფეები
ენა
ლურსმული დამწერლობა
შუმერული ენააქადური ენა
ელამური ენახურიტული ენა
მითოლოგია
ენუმა ელიში
გილგამეშიმარდუქი

მითანის სამეფოს არსებობის ხანაში (ძვ. წ. II ათასწლეული) ურარტელები მის შემადგენლობაში შედიოდნენ, მისი დაცემის შემდეგ კი (ძვ. წ. XIII საუკუნე) დამოუკიდებლობას მიაღწიეს. ძვ. წ. XIII-XI საუკუნეებში ისინი არაერთხელ გახდნენ მეზობელი ასურელების შემოსევის ობიექტი. ძვ. წ. IX საუკუნეში ამ თავდასხმათა გაძლიერებამ ბიძგი მისცა ურარტელთა დიდი გაერთიანების — ურარტუს სამეფოს შექმნას, რომლის პირველ მეფედ დასახელებულია არამე. მისი მემკვიდრე სარდური I განაგრძობდა ასურელებთან ბრძოლას და დიდი სააღმშენებლო სამუშაოები ჩაატარა დედაქალაქ ტუშფაში. მასვე განეკუთვნება ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ადრინდელი, ჯერ კიდევ ასურულ ენაზე შედგენილი, წარწერები. მისი მემკვიდრის, იშფუინის, წარწერები უკვე ურარტულ ენაზე აქვს შედგენილი.

ძვ. წ. IX საუკუნის დასასრულსა და VIII საუკუნის I ნახევარში ურარტუ ძლიერი სახელმწიფოა. ამ დროს მეფობდნენ მენუა, არგიშთი I, სარდურ II. ურარტუმ დიდი ტერიტორია წაართვა ასურეთს ჩრდილოეთ მესოპოტამიასა და ჩრდილოეთ სირიაში. ურარტუს დაემორჩილნენ ხუბუშქია (ვანის ტბის სამხრეთით), მუსასირი, მანა (ურმიის ტბის რაიონში, ამიერკავკასიაში დაიპყრო დიდი ტერიტორია. არარატის ველზე ააგეს ციხესიმაგრეები: მენუახინილი (არარატის მთასთან), არგიშთიხინილი (გვიანდელი არმავირი) და ერებუნი (არინბერდი, ქ. ერევნის განაპირას).

 
ერებუნის გალავანი, სომხეთი

განსაკუთრებით გამწვავდა ბრძოლა ჩრდილოეთში ურარტუსა და დიაოხს (ტაოხი, ტაო) შორის, რომელიც არგიშთის დროს დიაოხის სრული განადგურებით დამთავრდა. სარდურ II ამ რაიონში უკვე ებრძოდა კიდევ უფრო ჩრდილოეთით მცხოვრები კოლხების გაერთიანებას — კოლხას.

წარმატებული ომების შედეგად ურარტუში თავი მოიყარა დიდძალმა ნადავლმა, მოჰყავდათ ტყვე-მონებიც, რომლის ნაწილს ოჯახებითურთ მიწაზე ასახლებდნენ, ზოგჯერ სამხედრო სამსახურსაც აკისრებდნენ, ზოგს კი უფრო მძიმე სამუშაოზე იყენებდნენ. მეფის ხელში იყრიდა თავს მონების დიდი ნაწილი, ერთი ნაწილი კი „მეომრებს“ მიჰყავდათ და საშინაო მეურნეობაში იყენებდნენ. მატერიალური დოვლათის მწარმოებელთა ძირითად მასას მაინც რიგითი თავისუფლები — მეთემეები და დამოკიდებული მიწათმოქმედები შეადგენდნენ. ურარტუში ფართო სამეურნეო საქმიანობა იყო გაშლილი. წარწერებში ხშირად არის ლაპარაკი მარცვლეულისა და ღვინის საწყობების აგების შესახებ, სადაც გროვდებოდა ხარკი და გადასახადები. ასეთი ნაგებობები იქმნებოდა ურარტუს ციხესიმაგრეებთან. პრივილეგირებული წოდების უმაღლეს ფენას სამეფო გვარი წარმოადგენდა. დიდი ძალა ჰქონდათ სახელმწიფოში ცალკეული ოლქების მმართველებს, რომლებიც ურარტუს დასუსტების ხანაში, ძვ. წ. VIII საუკუნის დასარულს ხშირად აწყობდნენ აჯანყებებს მეფის წინააღმდეგ.

ასურეთის მეფემ — ტიგლათფილესერ III-მ — ძვ. წ. VIII საუკუნის 40-30-იან წლებში რამდენიმეჯერ დაამარცხა ურარტუს მეფე სარდურ II და წაართვა ჩრდილოეთ მესოპოტამიისა და ჩრდილოეთ სირიის მრავალი რაიონი, ხოლო ძვ.წ. 714 წელს ლაშქრობის შედეგად ასურეთის მეფემ სარგონ II-მ შეავიწროვა ურარტუს პოზიციები ურმიისპირა რაიონში (ამ დროს ურარტუში მეფობდა რუსა I). ამ მარცხს წინ უსწრებდა ურარტელების სასტიკი დამარცხება VIII საუკუნის 20-იან წლებში ჩრდილოეთიდან შემოჭრილ კიმერიელებთან ბრძოლაში.

 
ურარტუ მეფე რუსა I-ის დროს 715-713 წწ

ძვ. წ. VII საუკუნეში დაპყრობილი ადგილებიდან ურარტუ თავის პოზიციებს ინარჩუნებდა მხოლოდ სამხრეთ ამიერკავკასიაში. მეფე რუსა II-მ (ძვ. წ. 685 - ძვ. წ. 645) აქ ააგო ახალი ციხესიმაგრეები (თეიშებაინი, ახლანდელი კარმირ-ბლური), აწყობდა დიდ სახელმწიფო მეურნეობებს. რუსა II დიდებულებთან ბრძოლაში თავისი პოზიციების განმტკიცების მიზნით ჯარში ფართოდ უხსნიდა გზას დაქირავებულ ელემენტებს (კიმერიელებს). მათთან ერთად რუსა II-მ ილაშქრა მცირე აზიაში და ძვ. წ. 676 გაანადგურა ფრიგიის (ანუ მუშქების) სამეფო. ასურეთი ამ დროს კვლავ შეშფოთებულ იყო ურარტუს გაძლიერებით. მაგრამ მალე, მიდიის სამეფოსაგან მოსალოდნელი საფრთხის გავლენით, ასურეთი და ურარტუ ერთმანეთის მოკავშირეობას ეძებდნენ — ამ მიზნით ასურეთის სამეფო კარს არაერთხელ ეწვივნენ ურარტუს მეფის ელჩები.

მალე მიდიამ ბაბილონელებთან ერთად ასურეთი გაანადგურა, ხოლო ურარტუს ცენტრალური რაიონები ძვ. წ. 590 დაიპყრო. ძველ ბერძენ ისტორიკოს ჰეროდოტესთან ძვ. წ. V საუკუნეში ურარტუელთა შთამომავლები ალაროდიელთა სახელით იხსენიებიან. მისი ცნობით, ისინი მონათესავე ხურიტებთან ერთად (სასპერები და მატიენები) შეადგენდნენ აქემენიდური ირანის XVIII სატრაპიას. ურარტუში შეიქმნა საკმაოდ მაღალგანვითარებული კულტურა. ჩვენამდე მოაღწია მათ მიერ კლდეში გამოკვეთილ ნაგებობათა კომპლექსებმა და კლდეში გაყვანილმა ზოგიერთმა არხმა. მიკვლეულია, მათ მიერ აგებული ციხესიმაგრეების, ტაძრებისა და სასახლეების ნაშთები. ურარტუში წერდნენ ქვაზე, ლითონზე, თიხაზე ასურელებისაგან შეთვისებული ლურსმული დამწერლობით. ძირითადად მოღწეულია, ამა თუ იმ მეფის სახელით შედგენილი საომარი, სააღმშენებლო და საკულტო ხასიათის 600-მდე წარწერა.

 
ურარტული ღვთაება ხალდი.

ურარტუელთა რელიგიას, ძირითადად, ბუნების ძალთა გაღმერთება წარმოადგენდა. ურარტუელთა ღმერთების სათავეში იდგა ადგილობრივი ღვთაება ხალდი, უზენაესი ქალღმერთი კი იყო არუბანი. ხალდის კულტის ცენტრი იყო ქალაქი მუსასირი. პანთეონში მეორე ადგილი ეკავა ტაროსის ღვთაება თეიშებას და მის მეუღლეს — ქალღმერთ ხუბას. თეიშებას კულტის ცენტრი იყო ქალაქი კუმენუ. პანთეონში მესამე ადგილი ეკავა მზის ღვთაება შივინის და მის მეუღლეს — ქალღმერთ ტუშფუეას. ამ უკანასკნელთა კულტის ცენტრი იყო დედაქალაქი ტუშფა, რომლის სახელიც წარმომდგარი უნდა იყოს მზის ღმერთის მდედრობითი ორეულის — ტუშფუეას სახელიდან.

ღმერთებისა და ქალღმერთების ამ უზენაესი ტრიადების გარდა ურარტული პანთეონი მოიცავდა არაერთ ათეულ სხვა ღმერთს. მეფეების იშფუინისა და მენუას მხერ-კაპუსის წარწერაში, რომელიც ამოკვეთილია ვანის მახლობლად კლდეზე, ჩამოთვლილია ურარტული პანთეონის ყველა ღვთაება და განსაზღვრულია მათთვის მსხვერპლად მისატანი ცხოველების რაოდენობა. აღნიშნული წარწერის მიხედვით ურარტელები მამაღმერთებს სწირავდნენ ხარებსა და ცხვრებს, ხოლო ქალღმერთებს — ძროხებსა და ცხვრებს.

თავის ღმერთებს ურარტელები გამოსახავდნენ ადამიანების სახით, თუმცა აქა-იქ ჩანს ნაშთები ძველი ტოტემისტური წარმოდგენებისა — ცხოველთა ან ფრინველთა სახით გამოსახვა (ღვთაებებს აქა-იქ უხატავდნენ რქებსა და ფრთებს).

ურარტუს ზოგი ნაწილის მოსახლეობაში მიცვალებულის კრემაციის ჩვეულება იყო გავრცელებული, მაშინ როდესაც ქვეყნის სხვა რაიონებში მიცვალებულს მიწაში მარხავდნენ. როგორც ჩანს, ამ ვრცელი ქვეყნის მოსახლეობაში დიდი იყო განსხვავება რელიგიური წარმოდგენებისა და ზნე-ჩვეულებების მხრივ[3].

ურარტუს შესწავლის ისტორია

რედაქტირება

ძველი ურარტუს ტერიტორიაზე ნაპოვნია რამდენიმე ასეული ურარტული წარწერა, სადაც ლაპარაკია ურარტელების მიერ წარმოებული საომარი ექსპედიციების, მშენებლობის, საირიგაციო სამუშაოებისა და სხვათა შესახებ.

 
ურარტუ სარდური II-ის მეფობის ხანაში, ძვ.წ. 743

ურარტუს გარშემო ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ ეთნიკური გაერთიანება იმყოფებოდა; მათ შორის პირველ რიგში აღსანიშნავია ურმიის ტბის რაიონში მდებარე მანა და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი დიაოხი.

მითანის სამეფოს რამდენიმე საუკუნის მანძილზე დამორჩილებული ჰყავდა ასურეთი და ჩრდილოეთი სირია. მაგრამ II ათასწლეულის შუახანებში ჯერ გაძლიერებული ეგვიპტისა და შემდეგ ხეთების სამეფოს დარტყმებით ხურის ხალხების ეს უდიდესი გაერთიანება დასუსტდა, მან დაკარგა უცხო სამფლობელოები და თვითონაც შინაური არეულობის ასპარეზად იქცა. მითანის სამეფოს გამოეყო ერთი ნაწილი, რომელიც ცალკე სამეფოდ — „ხურის სამეფოდ“ ჩამოყალიბდა.

ამასობაში, ასურეთმა, რომელიც რამდენიმე საუკუნის მანძილზე მითანის მორჩილებაში იმყოფებოდა, მოახერხა განთავისუფლება და თვითონ დაიწყო მითანისა და ხურის ხალხების სხვა გაერთიანებებზე შეტევა. მითანის ოდესღაც ძლევამოსილი სამეფოს ნაშთები საბოლოოდ განადგურებულ იქნა ასურეთის მეფის სალმანასარ I-ის მიერ. ამის შემდეგ ასურეთის ჩრდილოეთით, ნაირი-ურარტუს მხარეში მცხოვრები ხურიტული მოდგმის ტომები პოლიტიკურად მცირე ერთეულებად დანაწილდნენ და საუკუნეთა განმავლობაში თავისი სამხრეთის ძლიერი მეზობლის, ასურეთის, არაერთგზის სასტიკ თავდასხმას განიცდიდნენ.

ურარტელი ტომები II ათასწლეულის დასასრულსა და I ათასწლეულის დასაწყისში ჩვ. წ-მდე

ხურის ხალხებთან, რომლებიც ასეთ აქტიურ როლს თამაშობდნენ ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში II ათასწლეულში ჩ. წ-მდე, ახლო მონათესავეა ურარტუს ხალხიც. მეცნიერთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ურარტული ენა ხურიტული ენის დიალექტს წარმოადგენს. მონათესავე ხურის ხალხთან ერთად ურარტელი ტომები ადრიდანვე ვან-ურმიის ტბათა რაიონში ცხოვრობდნენ და მითანისა და ხურის სამეფოთა არსებობის ხანაში, სავარაუდოდ, შედიოდნენ კიდეც ხურიტების ამ მსხვილ პოლიტიკურ გაერთიანებებში.

ურარტუს სამეფოს არსებობის ხანაში (IX–VI) სს. ჩ. წ-მდე ურარტუს ცენტრი ვანის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობდა. დღევანდელ ქალაქ ვანის ადგილას, იყო ურარტუს დედაქალაქი ტუშფა. უფრო ძველად, II ათასწლეულში ჩ. წ-მდე, დიდი ხურიტული გაერთიანებების (მითანისა და ხურის სამეფოების) არსებობის ხანაში კი, ურარტელი ტომების პოლიტიკური და რელიგიურ-კულტურული ცხოვრების ცენტრი უფრო სამხრეთით იმყოფებოდა. ურარტელი ტომების პოლიტიკური თუ რელიგიურ-კულტურული ცხოვრების უძველესი ფაქტები სწორედ ვანის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიას უკავშირდება.

ჩ. წ-მდე II ათასწლეულის დასასრულისთვის ხურიტების დიდი სახელმწიფოების დასუსტებისა და დაშლის პროცესი დაიწყო. ვანის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთით მცხოვრებმა ურარტელმა ტომებმა, რომლებიც აქამდე ხურიტების დიდ გაერთიანებათა შემადგენლობაში შედიოდნენ, ამ დროს ცალკე გაერთიანება შექმნეს. ეს იყო ურარტელი ტომების პირველი მსხვილი გაერთიანება აქამდე ცნობილ სხვა გაერთიანებათა შორის, რომელსაც სათავეში ედგა ერთ-ერთი ურარტელი ტომი — ურარტუ (ადრინდელ ასურულ წყაროებში ეს სახელი „ურუატრი“-ს ფორმით იხმარება). პირველი დიდი შეტაკებები ასურელებს ურარტელ ტომებთან სწორედ ამ გაერთიანების არსებობის დროს მოუხდათ, რის გამოც მათთან სახელი „ურარტუ“ შემდეგში ამ მოდგმის ყველა ტომის საერთო სახელწოდებად იქცა: როდესაც ეს გაერთიანება დაიშალა და დიდი ხნის შემდეგ, IX საუკუნეში, კვლავ შეიქმნა ურარტელი ტომების ახალი დიდი გაერთიანება უკვე სხვა ტომის (ბიაინის) მეთაურობით, ასურელები ამ გაერთიანებასაც ურარტუს უწოდებდნენ.

თუმცა დიდი ხურიტული სახელმწიფოების დასუსტების პერიოდში ჩამოყალიბებული ურარტელი ტომების ეს გაერთიანება მალე დაიშალა. ასურეთის მეფემ სალმანასარ I-მა, რომელსაც მიეწერება მითანის სამეფოს ნაშთების სრული განადგურება, დალაშქრა ამ გაერთიანების ტერიტორიაც, მაგრამ მას აქ ერთი მთლიანი ერთეული აღარ დაუხვდა. თავის წარწერებში იგი ურუატრის 8 სხვადასხვა „ქვეყნის“, ე. ი. დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულის შესახებ ლაპარაკობს: — „ჩემი მღვდელმთავრობის (ე.ი. მეფობის) დასაწყისში, — ამბობს სალმანასარი, — ურუატრის ქვეყანა ამიჯანყდა მე; ღვთაება ასურისა და დიად ღმერთებისაკენ გავიწოდე ხელი ლოცვა-ვედრებით, შევკრიბე ჩემი ლაშქარი და გავემართე მათი მაღალი მთებისკენ. ხიმეს, უადქუნის, მაშგუნის, სალუას, ხალილას, ლუხას, ნილიფახრის, ზინგუნის ქვეყნები — 8 ქვეყანა მათი ლაშქრიანად — მე დავიპყარი. მათი 51 ქალაქი ხელთ ვიგდე, ცეცხლს მივეცი და დავეუფლე მათ ქონებას. ურუატრის მთელი ქვეყანა სამ დღეში მორჩილებით დავამხე ღვთაება ასურის, ჩემი მეუფის, ფერხთა წინაშე, მათი ახალგაზრდა კაცები მე ავიყვანე ჩემი სამსახურისათვის და ვასწავლე მე მათ ჩემი შიში. მძიმე ხარკი მთიან ქვეყანას სამარადისოდ დავადე მე“.

სალმანასარ I-ის ეს „ურუატრი“, რომელიც სამ დღეში „მთლიანად“ დაულაშქრავს ასურეთის მეფეს, ვანის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდ. ზედა ზაბის შუა, ან ზემო დინების რაიონში უნდა ყოფილიყო.

შემდეგში ურუატრის ქვეყანაზე ლაშქრობდნენ ასურეთის კიდევ სხვა მეფეები. ასურეთის მეფეს ასურ-ბელ-კალას (1077–1067) თავისი მეფობის დასაწყისშივე დაულაშქრავს ურუატრი. ამასთან დაკავშირებით იგი იხსენიებს, სხვათა შორის, ხიმესა და მაშგუნის ქვეყნებს, რომლებსაც ურუატრის შემადგენელ ნაწილებად ასახელებს სალმანასარ I-ც. როგორც ჩანს, ასურ-ბელ-კალაც, როდესაც ლაპარაკობს ურუატრის დალაშქვრის შესახებ, იმავე ვანის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე რაიონს გულისხმობს, რომელიც იგულისხმება სალმანასარ I-ის „ურუატრის ქვეყანაში“.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Eberhard Schrader, The Cuneiform inscriptions and the Old Testament (1885), p. 65.
  2. ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, თბ., 1971, გვ. 407.
  3. ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, თბ., 1971, გვ. 430-431.