ურარტელები
ურარტელები[1] — ძვ. წ. IX-VI საუკუნეში არსებული ურარტუს სახელმწიფოს ძირითადი მოსახლეობა. ენის მიხედვით ახლოს დგანან ხურიტებთან (მითანელებთან). ბევრი საერთო აქვთ მათ ღვთაებათა პანთეონშიც (ტავროსის ღვთაება თეიშება - ხურიტული თეშუბი, მისი „მეუღლე“ ქალღმერთი ხუბა - ხურიტული ხეფა, მზის ღმერთი შივინი - ხურიტული შიმიგი და სხვა). ბევრი მკვლევარი ენით ურარტელებს კავკასიელ ხალხებს უკავშირებს (ქართველები, ვეინახები). ურარტელების უძველესი კერა, მათი პოლიტიკური და კულტურულ-რელიგიური ცხოვრების ცენტრი ადრინდელ ხანაში ვანის ტბის სამხრეთ-აღმსავლეთით უნდა ყოფილიყო. ურარტუს სახელმწიფოს დაცემის შემდეგ ურარტელები მალე გაითქვიფნენ სომხურ მოსახლეობაში, აგრეთვე ქართველურ ტომებში, რამდენადაც შეიძლება ვიმსჯელოთ ძველი ქართული სიმღერების მისამღერებში შემონახული ცალკეული ურარტული სიტყვებისა და გამოთქმების მიხედვით.
ლიტერატურა
რედაქტირება- მელიქიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 168-169.
- ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, გვ., 407-438, თბ., 1971
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ურარტელები. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.