ბაბილონურ-ასურული კულტურა

ბაბილონურ-ასურული კულტურაძვ. წ. IV-I ათასწლეულებში მესოპოტამიაში მოსახლე ხალხების — შუმერების, აქადელების, ბაბილონელებისა და ასურელების კულტურა.

ძველი შუამდინარეთის ხალხების მატერიალური კულტურა შედარებით მაღალ დონეზე იდგა, თუმცა ქვის იარაღები საბოლოოდ მხოლოდ III ათასწლეულის დასაწყისში გამოვიდა ხმარებიდან. III ათასწლეულის შუა ხანებიდან მეტალურგიაში უკვე ცნობილი იყო ჩამოსხმა, კვერვა, ჭედვა, ოქროსა და ვერცხლის მავთულის დამზადება, ფილიგრანი. ძირითადად სამშენებლო მასალა იყო ალიზი, იშვიათად - გამომწვარი აგური. ცნობილი იყო კამარა, მაგრამ მას ნაკლებად ხმარობდნენ. მოგვიანებით ტექნიკაში შესამჩნევი პროგრესი მოხდა, სრულყოფილი გახდა სამხედრო ტექნიკა: შეიქმნა საომარეტლებიანი ჯარი, ცხენოსანი ჯარი, გამაგრებული სამხედრო ბანაკები, ჯარი შეიარაღდა ხმლებით, სპილენძის ბალთებისგან ასხმული ჯაჭვის პერანგებით, იყენებდნენ საალყო იარაღს - ურნალებს, აგებდნენ ქვისა და ტყავის რუმბების ხიდებს. ძვ. წ. I ათასწლეულში ასურეთში და ბაბილონში გაჩნდა რკინის იარაღი, ხელოსნობაში დაიწყო ალმასის ბურღის ხმარება. დაახლოებით II და I ათასწლეულების მიჯნაზე გაჩნდა ახალი სარწყავი ტექნოლოგია - წყლის ამოსაქაჩი ბორბალი და უსარულო თოკი ტყავის სათლებით. ძვ. წ. VII საუკუნეში ასურეთში აშენდა პირველი ქვის აკვედუკი.

მეცნიერება

რედაქტირება

მეცნიერების განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო სამეურნეო პრაქტიკა, რომელიც მოითხოვდა, უპირველეს ყოვლისა, საზომთა სისტემის შემუშავებას, აგრეთვე მინდვრის ფართის, ბეღლებისა და ხელოვნურ წყალსატევთა მოცულობის განმსაზღვრელი ხერხების დამუშავებას; ამის საფუძველზე III ათასწლეულის ბოლოს შეიქმნა შუმერულ-ბაბილონური მათემატიკა. ბაბილონელი მათემატიკოსები ფართოდ იყენებდნენ შუმერების მირ შექმნილ ანგარიშის სისტემას, რომლის საფუძველზეც შეადგინეს რიცხვების გამრავლებისა და გაყოფის, რიცხვების და მათი კვადრატების და კუბების და სხვა გამოთვლითი ცხრილები. ბაბილონელებმა იცოდნენ კვადრატული განტოლების ამოხსნა, აგრეთვე „პითაგორას თეორემა“ და „პითაგორას“ რიცხვთა პოვნის მეთოდები. პლანიმეტრიული ამოცანების გარდა ისინი წყვეტდნენ სტერომეტრიულ ამოცანებსაც, პრაქტიკაში ფართოდ იყენებდნენ მინდვრების, ადგილების, ცალკეულ ნაგებობათა გეგმების გამოხაზვას, ჩვეულებრივ, უმასშტაბოდ.

დიდ წარმატებებს მიაღწიეს ბაბილონელებმა ქიმიაში, რომელსაც უმთავრესად გამოყენებითი ხასიათი ჰქონდა. შემონახულია ბრინჯაოს დამზადების II ათასწლეულის რეცეპტები, აგრათვე ჭიქურის ნიმუშები.

გეოგრაფიულ წარმოდგენათა განზოგადების ცდას წარმოადგენს „მსოფლიოს რუკა“ , რომელზედაც დედამიწა წარმოდგენილია ბრტყელ სხეულად, მას კვეთს ჩრდილოეთ მთებიდან გამიმდინარე მდინარეები - ტიგრი და ევფრატი; იგი გარშემორტყმულია ოკეანით, ხოლო ოკეანეს „ციური კაშხალი“ აკრავს გარს და ზედ რამდენიმე ცის თაღია დაყრდნობილი. დედამიწის ქვეშ ბაბილონელებს ჯოჯოხეთი წარმოედგინათ. გაცილებით უფრო ფართო იყო აქაური ვაჭარ-პრაქტიკოსების გეოგრაფიული თვალსაწოერი.

დიდ წარმატებას მიაღწია ამ პერიოდში მედიცინამ. განვითარდა ცალკეული დარგები - გინეკოლოგია, ვეტერინარია, ქირურგიაში ცნობილი იყო ამპუტაცია, მოტეხილობათა შეხორცება, თვალიდან ლიბრის მოშორება და სხვა. ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევრის სამედიცინო ტექსტებში ადამიანის სხეულის ნაწილები უკვე ანატომიურ სისტემაშია მოყვანილი. სისტემიზებულია ზოგიერთი დაავადება და მისი განმკურნავი წამლებიც.

ასტრონომიურ და მეტეროლოგიურ დაკვირვებათა საფუძველზე განვითარდა ასტროლოგია და ასტრონომია. გამოიყო პლანეტები, რომლებსაც უძრავი ვარსკვლევებისაგან განსხვავებით „ბიბუს“ - „თხებს“ უწოდებდნენ. აქედნვე იწყება პლანეტების მოძრაობაზე დაკვირვება; შემონახულია ვენერას მოძრაობისადმი მიძღვნილი ტექსტები. ასტრონომიის განვითარეის შედარებით მაღალი დონე, როგორც ჩანს, მთვარის კალენდრის მოთხოვნილებებით იყო გამოწვეული. თავდაპირველად ყოველ ქალაქ-სახელმწიფოს ჰქონდა თავისი კალენდარი, მაგრამ ბაბილონის აღზევების შემდეგ მთელ ქვეყანაში მოქმედებდა ერთიანი ბაბილონური კალენდარი. წელიწადი 12 მთვარის თვეს შეიცავდა. ვინაიდან მზის წელიწადი მთვარისაზე უფრო ხანგრძლივია, ამიტომ ამ შეუსაბამობის ასაცილებლად დროდადრო აღმატებით თვეს უმატებდნენ. ძვ. წ. II ათასწლეულების შუა ხანებისთვის უკვე აღწერილი იყო თანავარსკვლავედები, აღრიცხავდნენ მნათობთა ჰელიკალურ ამოსვლებს და ა. შ. I ათაშწლეულების შუა ხანებისთვის დადგენილი იყო ნაკიანი თვეების ანგარიშის ზუსტი თვეების ანგარიშის ზუსტი წესი. ინტენსიურად განვითარდა გამოთვლილი ასტრონომია. შემორჩენილია ტექსტები, რომლებშიც განსაზღვრული წლისათვის მოცემულია მთვარის ან პლანეტის მდებარეობა დროის გარკვეულ შუალედებში. ბაბილონელი ასტრონომების დიდი დამსახურება იყო საროსის - დროის იმ შუალედის ააღმოჩენა, რომლის გავლის შემდეგ მზისა და მთვარის დაბნელება იმავე თანამიმდევრობით მეორდება. ბაბილონის მეცნიერების საფუძველს იცნობდნენ მეზობელი ხალხებიც - ელამისტომები, ხეთები, ფინიკიელები. ასურელთა წვლილი უმნიშვნელო იყო, თუმცა ბაბილონის სამეცნიერო ლიტერატურა ძვ. წ. XII-VII საუკუნეების ბ-კებმა შემოინახა. ბაბილონელი მეცნიერების ზოგიერთი მიღწევა აითვისეს ბერძენმა მეცნიერებაც, მაგრამ არა უშუალოდ, არამედ ფინიკიისა და მცირე აზიის გზით. გარდა ასტრონომიისა, რომლის გავლენა, როგორც ჩანს, უშუალო იყო, შუმერულ-ბაბილონურში. ზომა-წონის სისტემა დაედო საფუძვლად წინა აზიის ბევრ მეტეოლოგიურ სისტემას, ხოლო სამოცობით თვლის პოზიციურმა სისტემამ ჩვენამდეც მოაღწია.

ისტორიის, როგორც მეცნიერების, ჩანასახია ე.წ. „მეფეთა ნუსხა“ - ისტორიული მოვლენების თხრობა უძველესი დროიდან გვიანდელ პერიოდამდე. იგი შედგენილია დაახლოებით ძვ. წ. 2100 წელს, სამეფო ხელისუფლების აბსოლიტურობის იდეის დასასაბუთებლად. ტაძრისა და სასახლის მდივნები ყოველწლიურად იწერდნენ ამბებს რომლებიც საინტერესოდ მიაჩნდათ, თუმცა არც ერთი ჩანაწერი არ წარმოადგენს განზოგადების, ამა თუ იმ ისტორიულ მოვლენის კანონზომიერ პროცესად გააზრების ცდას.

შედარებით უკეთ განვითარდა ფილოლოგია. ძველ შუამდინარეთში ორი სხვადასხვა მოდგმისა და ენის ხალხის - შუმერებისა და სემიტების მეზობლობამ, მათმა მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურმა კავშირმა განაპირობა ორივე ენის შესწავლის საჭიროება. ამ მინით ადგენდნენ სასკოლო სახელმძღვანელოებს, უპირველეს ყოვლისა კი ლურსმული ნიშნების ცხრილებს, სადაც მითითებული იყო შუმერული და აქადური წაკითხვა. მოღწეულია აგრეთვე აქადურ-ხეთური, აქადურ-კასიტური და შუმერულ-აქადურ-ხეთური ლექსიკონები, რომლებიც ძვირფასი წყაროა ძველი აღმოსავლეთის მკვდარი ენების შესასწავლად. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობ აქვს სასწავლო ახელმძღვანელოების დანიშნულებით შედგენილ შუმერული და აქადური ენების გრამაიკებს. განათლების ძირითადად კერას წარმოადგენდა სასახლესა და ტაძრებთან არსებული სკოლები. სკოლა იყო თავისებური ლიტერაურული ცენტრი. მაგალითად ქალაქ ნიფურში ენლილის ტაძარ ექურთან არსებული ედუბა წარმოადგენდა უმაღლეს სკოლასა და კულტურულ ცენტრს. აქ დიდი შემოქმედებითი და საგანმანათლებლო მუშაობა მიმდინარეიბდა.

 
მარდუქი

ბაბილონურ-ასურული რელიგია და მითოლოგია წერილობით დადასტურებულ რელიგიათა შორის ერთ-ერთი უძველესია, მათ შესახებ ცნობები შემორჩენილია მითებში, ჰიმნებში, ლოცვებში, რიტუალურ ტექსტებში, პოეტურ ეპოსსა და სხვა ხასიათის ძეგლებში. ღვთაებათა პანთეონი ძირითადად შუმერულია. მისი ინფილტრაცია და ასიმილაცია სემიტურ ღვთაებებთან უძველეს დროში მოხდა. ბაბილონურ-ასურული რელიგიის საფუძველია შუმერული ღმერთების ტრიადული სისტემა. პირველი ტრადია - ანუ, ენლილი და ეა, რომელიც შესაბამება შუამდინარულ წარმოდგენას სამყაროს შესახებ, განასახიერებს კოსმოსის სამ სფეროს - ცას, ხმელეთს, და მიწისქვეშა წყლებს. მეორე ტრადია ასტრალური ხასიათისაა - სინი (მთვარე), შამამი (მზე) და იშთარი (ვენერა), რომლებიც თამუზთან ერთად დაკავშირებული იყო მცენარეთა ნაყოფიერების ფართოდ გავრცელებულ კულტთან. ამ ორი ტრადიას გვერდით მნიშვნელოვანი ადგილი ეპყრათ ქვესკნელის ღვთაებებს: ნერგალს - ქვესკნელის მეფეს - და მის მეუღლეს ერეშქიგალს. სხვა ღმერთები ბუნებრივ და სოციალურ მოვლენებს განასახიერებდნენ. პანთეონი დროდადრო ივსებოდა „დაპყრობილი“ უცხო ტომების ღმერთებით. მცირე ღვთაებების რიცხვი 3 ათასს აღწევდა. ესენი იყვნენ იგიგები - ცის დემონები და ანუნაქები - ქვესკნელის დემონები, მათ დანაწილებული ჰქონდათ ცა, მიწა და ქვესკნელი, სადაც მიცვალებულთა სამართალს განაგებდნენ. ქალღმერთები ან ღმერთების ცოლები იყვნენ, ან „დიდი დედები“, ღმერთების დედად წოდებულნი. განსაკუთრებული როლი ჰქონდა იშთარს. ღმერთების ატრიბუტად შეიძლება ჩაითვალოს „ბედისწერის დაფები“, რომელთა საშუალებით განსაზღვრავდნენ კოსმოსისა და კაცთა მოდგმის ბედს. თვით ღმერთები, ელინური სამყაროს ღმერთებისგან განსხვავებით, ბედისწერას არ ემორჩილებოდნენ. სახალხო კულტის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ავი სულების შიში, ისინი ემუქრებოდნენ ადამიანის ჯანმრთელობაასა და კეთილდღეობას. რელიგიის ამ ასპექტს უფრე მეტი ადგილი ეთმობოდა, ვიდრე დიდი ღმერთებისადმი თაყვანისცემას. თითოელ გვარს, ოჯახს თუ ინდივიდს თავისი მფარველი ღვთაება ჰყავდა, რომელიც იცავდა მას ავი სულებისაგან. ქურუმები რამდენიმე კლასად იყოფოდნენ: ერთნი ღვთისმსახურებას და ტაძრის მუსიკას განაგებდნენ, მეორენი შემლოცველნი იყვნენ, მესამენი ნათელმხილველნი - სიზმრებსა და სასწაულებს განმარტავდნენ. მათ მოვალეობას შეადგენდა ცთომილებზე დაკვირვება, კეთილ და უკეთურ დღეთა გამორჩევა. იყვნენ ქურუმი ქალებიც, რომლებიც დიდი პატივით სარგებლობდნენ. ისინი საღვთო რიტუალს ასრულებდნენ სეზონურ დღესასწაულებზე, იშთარის ტაძრისადმი იყვნენ შეწირული.

ქალაქ ბაბილონის აღზევების დროს (ძვ. წ. XVIII ს.) პანთეონში პირველი ადგილი დაიჭირა ამ ქალაქის პატრონმა ღვთაებამ მარდუქმა. ასევე ასურეთში დაწინაურდა ქალაქ ასურის მთავარი ღვთაება ასური, რომელიც ასურელთა ეროვნულ მთლიანობას განასახიერებდა. რელიგია ბოლომდე პოლითეისტური დარჩა, თუმცა მისი განვითარების განსაძღვრულ პერიოდში იგრძნობოდა მონოთეიზმისაკენ მიდრეკილება, როცა მარდუქს თითქმის ყველა ღმერთის ატრიბუტი მიაწერეს.

მითოლოგიაში კონდენსირებულია შუამდინარული ცოდნა სამყაროს, ბუნების მოვლენათა და ადამიანის შესახებ. იგი წარმოიშვა და ვითარდებოდა შუმერული ტრადიციის ძლიერი გავლენით. მითებში მოკვდავნი არ მონაწილეობდნენ. მათი პერსონაჟები მარტოოდენ ღმერთები იყვნენ. ჩვენამდე მითების მხოლოდ მცირე ნაწილმა მოაღწია, ისიც ფრაგმენტულად. ყველაზე უკეთ შემონახულია შვიდდაფიანი ეპოსი ქვეყნის გაჩენის შესახებ - „ენუმა ელიში“. დასაბამიერი ქაოსის წყალში ჩაისახნენ ღმერთების თაობები, რომლებიც შეებრძოლენ თავიანთ წინაპრებს და ქაოსიდან მოწესრიგებული სამყარო შექმნეს, მათვე დამარცხებული ღმერთის სისხლისგან შექმნეს ადამიანი. სხვა მითის მიხედვით, ადამიანის სუბსტანცია თიხაა, რომელიც ანუ სჩანაფიქრის მიხედვით, ქალღმერთმა არურუმ მოზილა და სული შთაბერა. შუამდინარული წარღვნის მითი, რომელიც რამდენიმე ვერსიით არის შემონახული , საგრძნობლად უახლოვდება ბიბლიურ თქმულებას. წარღვნა წარმოდგენილია როგორც მიჯნა ძველსა და ახალ კაცობრიობას შორის. „იშთარის ჩასვლა ქვესკნელად“ ანალოგიური შუმერული მითის ვარიანტია. იგი დაკავშირებულია მკვდარი და კვლავ აღმდგარი ღვთაების კულტთან. რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული მთელ წინა აზიაში. ფრაგმენტულად არის ჩამორჩენილი „ნერგალისა და ერეშქიგალის“ მითი. ქვესკნელის დედოფალი ციურ ღმერთებს გაწყვეტით ემუქრებოდა, მაგრამ ვერაფერი დააკლო ნერგალს, რომელიც ჩავიდა ქვესკნელში და ცოლად შეირთო შეშინებული დედოფალი. ფრაგმენტულია აგრეთვე მითი გიგანტური ფრინველის ანზუს შესაებ, რომელმაც ბედისწერის დაფები მოსტაცა ენლილს და დასაკარგავში მიიმალა. ღმერთების მიერ მოწყობილი სამყარო განსაცდელში ჩავრდა, ყველანი აღდგნენ და როგორც იქნა, დაიბრუნეს ბედისწერის დაფები. ამ მითს როგორც შინაარსი, ისე სტილის მხრივ სამყაროს შექმნის მითის „ენუმა ელიშის“ გავლენა ატყვია. მითები, როგორც წესი, გადმოცემულია პოეტური ფორმით და როგორც ჩანს, ბევრ მათგანს განსაკუთრებულ დღესასწაულზე კითხულობდნენ მუსიკის თანხლებით, ზოგიერთმა ჩვენამდე რიტუალური ტექსტების სახით მოაღწია.

ლიტერატურა

რედაქტირება
 
გილგამეშის ეპოსი

ბაბილონურ-ასურული ლიტერატურა შექმნილია აქადური ენის ასურულ და ბაბილონურ დიალექტებზე. განიცადა შუმერული ზეპირსიტყვიერებისა და მწერლობის დიდი გავლენა. წერილობითი ძეგლები შემონახულია ძვ. წ. II ათასწლეულიდან ვიდრე I ათასელეულის შუა საუკუნეებამდე. მაგრამ მისი დასაბამი გაცილებით ადრეა საგულვებელი. მიუხედავად იმისა, რომ ასურელებსა და ბაბილონელებს მრავალი საუკუნის განმავლობაში ცალკე სახელწიფოები ჰქონდათ, მათი ლიტერატურა საერთო იყო. ასურული ლიტერატურა ნაკლებ ორიგინალურია, იგი ბაბილონის მხატვრული შემოქმედებით საზრდოობდა, მაგრამ ეს საერთო ლიტერატურა უმთავრესად შემოინახა ასურეთის მეფეთა წიგნთსაცავებმა. ამ ლიტერატურის მემკვიდრეობიდან უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია მითები, რომლებიც გადმოგვცემენ შუამდინარელთა კოსმოგონიურ, კოსმოლოგიურ და თეოლოგიურ შეხედულებებს.

ეპოსი ქვეყნის გაჩენის შესახებ დაწერილია არქაიზებულ, საგანგებო ეპიურ დიალექტზე. აღსანიშნავია ადაპას თქმულება და ეტანასა და არწივის ლეგენდა. ადაპას ამბავი მოგვითხრობს თუ როგორ გაუსხლტდა ადამიანს ხელიდან უკვდავება, ხოლო ეტანას ლეგენდაში დასმულია დანაშაულისა და მისი გამოსყიდვის პრობლემა. ეპიკური შემოქმედების მწვერვალია გილგამეშის ეპოსი. მოგვიანო ხანის ნიმუშია ერას ეპოსი, მასში დიდი ექსპრესიით არის გადმოცემული სისხლისმღვრელი ომების დრამა, რომლის სულისჩამდგმელია ჭირისა და სიკვდილის ღმერთი ერა. ომებისა და მშვიდობიანობის მიზეზები ახსნილია მითურ-რელიგიურ თვალთახედვით. მრავალრიცხოვან სტერეოტიპულ ჰიმნებს, ლოცვებსა და ფსალმუნებს შორის გვხვდება ბევრი პოეტური ქმნილება, რომლებიც იშვიათი სიძლიერით გადმოგვცემენ ადამიანის მიმართებას კოსმოსური ძალებისადმი, მისი სულიერ დრამას, საკუთარი ცოდვის შეგნებას. მათ საფუძველზეა შექმნილი „უბრალო ტანჯულის აღსარება“, სადაც დრამის გმირად გვევლინება ყველასაგან მიტოვებული სნეული და ზნეობრივად შეურაცხყოფილი ადამიანი, რომელსაც ხსნის იმედი ჯერ არ გაჰქრობია. მსგავსი ხასიათის ძეგლებში მკვეთრად ისახება სოციალური უთანასწორობა და ჩაგვრის თემა. მიუხედავად იმისა, რომ ბაბილონურ-ასურული ლიტერატურა მითოსით არის შთაგონებული, აქ მაინც ვხვდებით ნაწარმოებებს, რომლებიც ამ ცხოვრებას ადამიანურ მასშტაბში წარმოგვიდგენს და ადამიანური თვალთახედვით აფასებს. ასეთია შედარებით გვიანდელი თხზულება „ბატონისა და მონის გაბაასება“ ან „პესიმისტური გაბაასება“. დიდად გავრცელებული იყო დიდაქტუკური ხასიათის თხზულებანი, შეგონებები. განსაკუთრებით პოპულარული უნდა ყოფილიყო გაბაასების ჟანრი, რომლის ნიმუშები მრავლად შემოინახა თიხის დაფებმა: „იალღუნი და პალმა“, „ხარი და ცხენი“, „ტირიფი და დაფნა“ და სხვა. ფრაგმენტულადაა შემორჩენილი იგავ-არაკები, შედარებით უკეთ-ანდაზები და გამოცანები. ბაბილონურ-ასურული ლიტერატურა განსაკუთრებით მდიდარია მატიანეებით, სადაც მეფე პირველ პირში მოგვითხრობს გარდახდილი ომების, ტაძრების მშენებლობისა და სხვა ღირსშესანიშნავ მოვლენებს. ზოგიერთი ადგილი ამ ანალებიდან მხატვრულობას არ არის მოკლებული. ბაბილონურ-ასურული ლიტერატურა ფართოდ გავრცელდა წინა აზიის უძველეს ხალხს შორის და დიდი გავლენა მოახდინა, როგორც ამ ახლხების, ისიე მოგვიანო მსოფლიო კულტურული კერების მწერლობაზე.

ხელოვნება

რედაქტირება
 
მეფე ხამურაბის კანონთა კრებული
 
ადამიანისთავიანი ფრთოსანი ხარი

ძველი სამყაროს მხატვრულ კულტურაში წამყვანი ადგილი უჭირავს მესოპოტამიაში მცხოვრები ტომებისა და ხალხთა პლასტიკურ ხელოვნებას. მესოპოტამიაში, ისე როგორც ძველ ეგვიპტეში, განვითარდა არქიტექტურა, ქანდაკება და ხელოვნების სხვა დარგები.

საზოგადოების განვითარების ნელმა ტემპმა, ხელოვნების დამორჩილებამ რელიგიისადმი განსაზღვრა მხატვრული სტრუქტურისა და სტილის სიმყარე.

მესოპოტამიის მხატვრული ძეგლები ძვ. წ. V-IV ათასწლეულებს განეკუთვნება. ძვ. წ. IV ათასწლეულის შუა ხანებში გაჩნდა სამეთუნეო დაზგა. დაიწყო ტაძრების ინტენსიური მშენებლობა. შუმერში ძვ. წ. 2600 წელს ელ-ობეიდის ტაძარში პირველად გამოიყენეს მრგვალი ქანდაკება და რელიეფი. ტაძრის კედლის გასწვრივ ნიშებში იდგა სპილენძისგან ნაკეთები ხარის ფიგურები. შესასვლელთან კი - დიდი ოსტატობით შესრულებული სპილენძის ჰორელიეფი იყო, რომელიც ალაგ-ალაგ მრგვალ ქანდაკებაში გადადიოდა. ამ დროს ყალიბდებოდა მესოპოტამიის სკულპტურული რელიეფის პრინციპები. შედარებით მაღალ განვითარებას მიაღწია გლიპტიკამ.

ძვ. წ. XXIV-XXII საუკუნეებში ხელოვნებიდან შემორჩენილია მცირეოდენი ძეგლები, რომლებიც მბრძანებელთა კულტის განმტკიცებას მოწმობს. რელიეფები შესრულებულია პირობითად, მაგრამ ამასთან ერთად ჩნდება კომპოზიციის თავისუფლების, ფუგურათა მოცულობის გადმოცემისა და პეიზაჟის ჩვენების სურვილი, ვითარდება მრგვალი ქანდაკება. სრულყოფას აღწევს ბრინჯაოს მხატვრული დამუშავების ტექნიკა - ჩამოსხმა, ჭედვა, გრავირება.

ურის III დინასტიის პერიოდის გაერთიანებულ სახელმწიფოში ქურუმთა ბიუროკრატიული რეჟიმის პირობებში, სამხატვრო სახელოსნოებში უმთავრესად ღმერთების თაყვანისცემის კანონიკური სცენების ამსახველი რელიეფები იქმნებოდა, რომლებიც ფორმათა სიმშრალით ხასიათება. ქალაქ ბაბილონის აღზევების დროიდან ცოტა ძეგლია შემორჩენილი. ესენია: დიორიტის სტელა, მეფე ხამურაბის კანონთა კრებულის ტექსტით.

მესოპოტამიის ხელოვნების განვითაების ახალი ეტაპი დაკავშირებულია ასურეთის გაძლიერებასთან. საკუთრივ ასურეთის ხელოვნება ჩამოყალიბდა ძვ. წ. II ათასწლეულში აქადისა და ხეთების კულტურის გავლენით. ასურეთის ხელოვნების აყვავება ემთხვევა ასურეთის სახელმწიფოს ძლირების ხანას. მაღალ, ხელოვნურ ტერასებზე აღმართული ასურელ მეფეთა გეგმით სწორკუთხა მრავალოთახიანი სასახლეები რეგულარულად დაგეგმარებული ქალაქების კომპლექსებში იყო ჩართული. საზეიმო თაროვან კარიბჭეებს ორსავ მხარეს კოშკები ჰქონდა, კოშკების ძირას კი იდგა ადამიანისთავიანი ფრთოსანი ხარების - ქალაქის მცველი კეთილი სულების მონუმენტური ფუგურები. სასახლის კომპლექსში შედიოდა სწორკუთხოვანი სატაძრო შენობი და ზიქურათები. სასახლეთა გაფორმებაში მთავარ როლს ასრულებდა მითიოლოგიურ არსებათა, ომის და ნადირობის, სასახლის ყოფის ამსახველი კირქვისა და ალებასტრის რელიეფები. ძვ. წ. IX საუკუნე რელიეფური ფრიზების განლაგება სადღესასწაულოა, გამოსახულებები - სიბრტყობრივი; მკაცრადაა დაცული ორნამენტულობის პრინციპი. ადამიანის ფიზიკური ძალის საჩვენებლად განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ კუნთების გამოკვეთილად გადმოცემას. ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების რელიფებზე ჭარბობს თხრობითი მოტივები, ცხოვრებისეული სცენები. ძვ. წ. VII საუკუნეში რელიეფებზე რეალიზმის უმაღლეს საფეხურს აღწევს ცხოველთა გამოსახულება, ძლიერდება დინამიკა და ექსპრესია. ასურული მრგვალი ქანდაკების ნიმუშები ცოტაა გადარჩენილი. მათ მონუმენტურობა, სიმშვიდე და მასათა მთლიანობა ახასიათებს. დიდ განვითარებას მიაღწია გამოყენებითმა ხელოვნებამ.

ასურეთის დაცემის შემკდეგ ხანმოკლე აღორძინებას განიცდის ბაბილონის ხელოვნება. აღსანიშნავია ქალაქ ბაბილონის გამაგრების რთული სისტემა, ქალაქის ფართო, სწორი ქუჩები, ნაბუქოდონოსორ II-ის სასახლეებისა და სატაძრო კომპლექსთა ანსამბლები, ეთემენანქის 90 - მეტრიანი ზიქურათი.

აქემენიდთა სახელმწიფოს ქვეშევრდომობამ ბაბილონის კულტურას სპარსული და გვიანურ ელინისტური ხელოვნების ნიშნები შესძინა. თავის მხრივ ბაბილონის ხელოვნებამ გავლენა მოახდინა ირანისა და პართიის ხელოვნების განვითარებაზე.

არქიტექტურა

რედაქტირება
 
ზიკურათი

ქალაქ-სახელმწიფოების აღმოცენების პერიოდში ხელოვნებაში იზრდება კანონიკურობისა და პირობითობის ნიშნები. შუმერის ამაღლების პერიოდში მეფის ხელისუფლების გაძლიერებამ, რომლის დესპოტიზმი ქურუმების გავლენასა და ძალას ეყრდნობოდა, განსაზღვრა არქიტექტურის წამყვანი როლი, ამან თავისთავად ხუროთმოძღვრული ფორმების სიდიადეს შეუწყო ხელი. გეგმით სწორკუთხა ტაძრებს აგებდნენ ალიზით, იშვიათად - გამომწვარი აგურით ხელოვნურად შექმნილ ბაქანზე, რომელიც შენობას იცავდა სინესტისაგან: კედლებს სწორკუთხა შვერულებითა და ნიშებით ანაწევრებდნენ. ადრედინასტიური შუმერის სატაძრო ხუროთმოძღვრება სათავეს მრავალსაფეხურიან კოშკ ზიკურათისაგან იღებს, რომლის ზედა სართულზე „ღმერთების საცხოვრებელი“ იყო მოთავსებული. ურის ზიქურათი შედგებოდა ერთმანეთზე დადგმული სამი წაკვეთილი პირამიდისაგან. ზიკურათის ტერასები ერთმანეთთან გარეთა კიბეებით იყო დაკავშირებული, იარუსებს სხვადასხვა ფერად ღებავდნენ. შუმერის საცხოვრებელი სახლი, რომელმაც გავლენა მოახდინა სატაძრო და სასახლეთა ხუროთმოძღვრებაზე, გადახურული იყო ბრტყელი სახურავით და ჰქონდა გეგმით სწორკუთხა ღია შიდა ეზო.

შუმერების მცირე პლასტიკა გამოირჩევა სქემატურობითა და ფორმათა დაუნაწევრებლობით. გაშეშებულ სახეებზე მკვეთრად გამოიყოფა ფერადი ქვებით ინკრუსტირებული თვალები. რელიეფი ბრტყელი და სტატიკურია: თავი და ფეხები ჩვეულებრივ გადმოცემულია პროფილში, თვალები და ტანი კი - ფასში. ღმერთებისა და მეფეების ფიგურები დიდი ზომისაა. ამავე სტილითაა შესრულებული შტანდარტი (დროშა) ურიდან. შუმერულ საბეჭდავებს პირობითობა და ორნამენტულობა ახასიათებს.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება