აკვედუკი
აკვედუკი (ლათ. aquaedictus < aqua — „წყალი“ და duco — „მიმყავს“) — წყალსატარი (არხი, მილი), რომლითაც წყალი თვითდინებით მიემართება დასახლებული პუნქტებისაკენ, სარწყავი და ჰიდროენერგეტიკული სისტემებისაკენ. აკვედუკს უწოდებენ აგრეთვე წყალსატარის ნაწილს — მდინარეზე, ხევზე ან გზაზე წყლის გადასაყვან ხიდურ ნაგებობას (ხიდ-აკვედუკი, ბელღარი). წყალსატარის ტიპის მიხედვით ხიდ-აკვედუკზე შეიძლება განლაგდეს დიდი დიამეტრის მილსადენი, ღია თუ დახურული ღარები ან არხი (ხიდ-არხი).
აღმოსავლეთ ქვეყნებში აკვედუკებს აშენებდნენ ძვ. წ. II ათასწლეულიდან, საბერძნეთში — ძვ. წ. VII საუკუნიდან, ნაწილობრივ შემონახულია ქ. რომის აკვედუკები (ძვ. წ. IV საუკუნე), რომელთა საერთო სიგრძე იყო 436 კმ, აქედან 55 კმ ხიდ-აკვედუკები ყოფილა. ცნობილია აკვედუკი „აპიუსის წყალი“ („Aqua Appia“), რომელიც ძვ. წ. 312 წელს აპიუს კლავდიუსმა გაიყვანა. რომაული არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუშებად არის აღიარებული რომაელების მიერ გალიაში (დღევანდელ საფრანგეთში), ნიმის მახლობლად აგებული აკვედუკი „პონ-დიუ-გარი“ (ძვ. წ. I საუკუნე), ამჟამად მოქმედი აკვედუკი სეგოვიის მახლობლად (II საუკუნე, ესპანეთი).
ცნობილია აგრეთვე ბურგასის აკვედუკი კონსტანტინოპოლთან (VI სსაუკუნე). მოგვიანებით აკვედუკები ააშენეს ესპანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში. თანამედროვე აკვედუკს აგებენ ბეტონის, რკინაბეტონისა და ლითონისაგან, იშვიათად — ხისგან.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 250.