მღვიმე
მღვიმე — ვრცელი სიღრუე დედამიწის ქერქის ზედა ფენაში, მიწის ზედაპირზე გამოდის ხვრელებით. წარმოიქმნება წყალში ხსნადი ნაპრალოვანი ქანების (კირქვა, დოლომიტი, თაბაშირი და სხვ.) გამოტუტვითა და გადარეცხვით, აგრეთვე სუფოზიური, აბრაზიული, ეოლური და სხვა პროცესების შედეგად. მღვიმეთმცოდნეობის შემსწავლელ მეცნიერებას სპელეოლოგია ეწოდება, შვეიცარიელი მღვიმეთმცოდნის ალფრედ ბიოგლის თქმით, სპელეოლოგია მეცნიერების დამოუკიდებელი დარგია და გეოგრაფიას ენათესავება.
მსოფლიოს უგრძესი მღვიმური სისტემებია: მამონტ-ფლინტ-რიჯი — (გამოკვლეული ნაწილის სიღრმე - 587 კმ) (აშშ), ჰელოხი — 194 კმ (შვეიცარია), ოპტიმისტური მღვიმე — 230 კმ (უკრაინა), ახალი ათონის მღვიმე — 3,3 კმ (საქართველო). ზოგიერთი მღვიმე ციცაბოდ ეშვება მიწის სიღრმეში და ე. წ. უფსკრულს წარმოქმნის. უღრმესი უფსკრულებია: კრუბერის გამოქვაბული (საქართველო) - 2190 მ, თოვლიანი უფსკრული — 1753 მ (საქართველო, ბზიფის ქედი), ლამპრეხტსოფენი - 1632 მ (ავსტრია), ჟან-ბერნარი — 1602 მ (საფრანგეთი), ტორკა-დელ-სიერა 1589 მ (ესპანეთი), პიერ-სენ-მარტენი — 1342 მ, (საფრანგეთი), გვხვდება მრავალსართულიანი მღვიმეებიც (მაგ. ცუცხვათის მღვიმოვანი).
დასავლეთ საქართველოს კარსტის სპელეოლოგიურ თავისებურებას განსაზღვრავს ცალკეული მასივების გეოლოგიური სტრუქტურა და გეომორფოლოგიური თავისებურება, ასევე ატმოსფერული ნალექების რაოდენობა და სხვ.
საქართველოში 1500 მ-დე მღვიმეა (მრავალი მათგანი შესწავლილია). კარსტული რელიეფი ძირითადად დასავლეთ საქართველოშია, აღმოსავლეთ საქართველოში კარსტი სპორადულადაა განვითარებული და წარმოდგენილია თრუსოს ხეობაში, მდ. ქსნის სათავეში, ასევე გომბორის ქედზე და ა.შ.
საქართველოში ფართოდ გვხვდება კლასტოკარსტი. მისი გავრცელების უდიდესი რაიონებია ცენტრალური სამეგრელო და აფხაზეთი. კლასტოკარსტი დაკავშირებულია კარბონატული ცემენტის მქონე ნგრეულ ქანებთან - ეს ქანებია ქვიშაქვა, კონგლომერატი და ბრექჩია.
საქართველოს მღვიმეები მდიდარია აგრეთვე მიწისქვეშა წყლებითა და ტბებით. გვხვდება ისეთი მდინარეებიც რომლებიც იკვებებიან ზედაპირული წყლებით მაგრამ მიწისქვეშეთში გაედინებიან. ასეთ მდინარეებს კარსტულ მდინარეებს უწოდებენ. ამის მაგალითია კელასურ-ბასლას კარსტული მდინარე, ასევე ამტყელის მიწისქვეშა დინება, თურჩუ-ტობი და სხვ. საქართველოს მღვიმეებში ბევრია ტბებიც. ზოგი მათგანი შეგუბებული ტიპისაა, ზოგიც კი ჩანჩქერის ვარდნის ადგილზეა გაჩენილი.
საქართველოს მღვიმეებში არის ასევე სტალაქტიტები და სტალაგმიტები. ფართოდ გვხვდება სტალაქტიტები, რომელიც მრავალ მღვიმეშია მიკვლეული. სტალაქტიტები სხვადასხვს ფორმისა არიან - არის ფირფიტისებრი, წვრილმილისებრი, კონუსისებრი და სხვა ფორმის სტალაქტიტები. გიგანტური სტალაქტიტები გვხვდება ახალი ათონის, აბრსკილისა და სხვ. მღვიმეებში.
ჩვენს მღვიმეებში გვხვდება აგრეთვე სტალაგმიტები. უფრო გავრცელებულია კონუსისებრი, გუმბათისებრი და გიგანტური სანთლისებრი სტალაგმიტები. მათი სიდიდე მერყეობს რამდენიმე სმ-იდან რამდენიმე მ-მდე.
საქართველოს მღვიმეებში გვხვდება ასევე რთული ექსცენტრული წარმონაქმნები როგორებიცაა - ჰელიქტიტები, ჰელიგმიტები, სტალაგნატები და სხვ. მათგან უფრო გავრცელებულია ჰელიქტიტები, რომელიც საქართველოს რამდენიმე მღვიმეში გვხვდება, მ.შ. ახალი ათონის, აბრსკილისა, მთისკალთის, სათაფლიისა და სხვა მღვიმეებში.
მღვიმეებში სპეციფიკური მიკროკლიმატი და ფაუნაა. ქვის ხანაში მღვიმეებში ადამიანები ცხოვრობდნენ. მღვიმეებს ახლა ფართოდ იყენებენ წყალმომარაგებისათვის, მაცივარ-სათავსოებად, სამკურნალო, ტურიზმისა და სხვა მიზნით.
მღვიმეთა ზოგადი კლასიფიკაცია
რედაქტირებამღვიმეთა კლასიფიკაციას საფუძვლად უდევს მათი წარმომშობი ფაქტორები. ამ ნიშნის მიხედვით გამოიყოფა მღვიმეთა ტიპები, ქვეტიპები, სახესხვაობანი და ასე შემდეგ. სხვადასხვა ბუნებრივი ფაქტორების ზემოქმედებით გაჩენილი მღვიმეები ერთიანდებიან „ბუნებრივი მღვიმეების ჯგუფში“, რომლებიც უპირისპირდებიან ერთადერთი ტიპით შედგენილ ხელოვნურ მღვიმეთა (გამოქვაბულთა) ჯგუფს.
ბუნებრივი მღვიმეები
რედაქტირებაკარსტული მღვიმეები - მიწისქვეშა წყლების, უმთავრესად, ქიმიური მოქმედებით წარმოქმნილი მღვიმეები. მისი ქვეტიპებია: კირქვული და დოლომიტური, თაბაშირული, ქვამარილის, ნგრეული ქანების (კონგლომერატების, ქვიშაქვების).
ვულკანური მღვიმეები - დედამიწის ზედაპირზე ამონთხეული ლავების გაციებისას წარმოქმნილი მღვიმეები. მისი ქვეტიპებია: ლავური გვირაბები (გამაგრებული ქერქის შიგნიდან თხიერი ლავის გამოდინებით გაჩენილი), გაზის ბუშტებისგან გაჩენილი.
სუფოზიური - თიხების, ლიოსის და სხვა ფხვიერი ნალექების ეროზიით გაჩენილი ფსევდოკარსტული მღვიმე.
აბრაზიული - ზღვის ტალღების მექანიკური ენერგიით წარმოქმნილი მღვიმეები.
ნაირგვაროვან წყებებში, გამოფიტვით წარმოქმნილი მღვიმეები.
თოვლმყინვარული - მყინვარული გვირაბები; ნაზვავთა გვირაბები.
ხელოვნური მღვიმეები
რედაქტირებაგამოქვაბულები
კარსტული მღვიმეების წარმოშობა-განვითარების პირობები და პროცესები
რედაქტირებაყველაზე დიდი ზომის მღვიმეებია კარსტული მღვიმეები, ისინი ყველგან არ ვითარდება. მათი წარმოშობა-განვითარებისთვის საჭიროა განსაზღვრული პირობები. გ. მაქსიმოვიჩის გაანგარიშებით, კარსტვად ქანებს ჩვენი პლანეტის ხმელეთის დაახლოებით მესამედი, 50 მილიონი მ² უჭირავს. ამას უნდა დაემატოს ოკეანეებისა და ზღვების ფსკერქვეშ არსებული კარსტვადი უბნები, რომელთა ფართობი ჯერჯერობით უცნობია. იმისათვის რომ წარმოიქმნას კარსტული მღვიმე, საჭიროა შემდეგი პირობები:
1. კარსტული მღვიმის გაჩენის მთავარ პირობას წარმოადგენის ადვილადხსნადი ქანის მნიშვნელოვანი მთლიანი მასის არსებობა. წყალში ბევრი ქანი მეტ-ნაკლებად იხსნება, მაგრამ კარსტული პროცესები ისეთი მასშტაბით როგორიც მღვიმის გაჩენისთვის არის საჭირო, მიმდინარეობს მხოლოდ მეტად ხსნად ქანებში - ქვამარილში, თაბაშირში, კირქვაში, დოლომიტში, კარბონატული ცემენტის მქონე ნგრეულ ქანებში, ტრავერტინებში. თითოეული მათგანი კარსტვადი ქანებია. კარსტვადი ქანის მიერ დაკავებული სივრცის სიდიდე - ფართობი და სისქე, გავლენას ახდენს კარსტული ფორმების განზომილებაზე; რაც უფრო მეტია სივრცე, მით მეტია მსხვილი, ზედაპირული და მიწისქვეშა კარსტული ფორმებიც.
2. კარსტული პროცესისა და მღვიმეთწარმოქმნისთვის, გარდა ლითოლოგიური პირობებისა; საჭიროა სტრუქტურულ-გეოლოგიური პირობებიც: ქანის შრეებრიობის, შრეთა წოლის და ნაპრალოვნების განსაზღვრული ხასიათი. სქელი შრეები უფრო ხელშემწყობია კარსტისათვის, ვიდრე თხელშრიანი წყობა. შრეთა ჰორიზონტალური ან ზომიერად დახრილი წოლა უფრო უწყობს ხელს დაკარსტვას, ვიდრე ციცაბოდ ან ვერტიკალურად დაქანებული შრეები. კარსტვადი წყობისთვის აგრეთვე სავალდებულოა პირველადი ნაპრალოვნება, ანუ ისეთ ნაპრალთა სისტემა რომელიც წამოიშობა ნალექი ქანის გამოშრობა-გამაგრებისა და გამოფიტვის პროცესში.
3. კარსტის განვითარებისთვის აუცილებელია წყლის რეგულარულად დენა ატმოსფერული ნალექის, ლანქერის ან ზედაპირული მდინარის სახით. წყალში გახსნილი ნახშირმჟავა აჩქარებს ქანის ქიმიურ გახსნას, ამიტომ რაც უფრო მეტი რაოდენობითაა იგი წყალში, მით უფრო სწრაფად ხდება კარსტვის პროცესი. წყლის დენასთნ ერთად აუცილებელია წყლის მუდმივი ცირკულაცია. ცირკულაციას ხელს უწყობს ნაპრალთა სისტემის წყლისგან განტვირთვა მდინარეთა ხეობებში, ზღვის ნაპირზე. კარსტული პროცესი და კერძოდ, მიწისქვეშა სიღრუვეების გამომუშავება ხდება არა მარტო ზედაპირზე გაშიშვლებულ, არამედ არაკარსტვადი ქანებით დაფარულ ხსნად წყობებშიც.
კარსტი ადვილად ხსნად ქანებში მიმდინარე პროცესების ერთობლიობა და მათ შედეგად წარმოქმნილი ბუნებრივი ფორმებია. კარსტული პროცესების შემადგენელ მოვლენებს, რომლებიც მიწის ქვეშ წარმოებს და იწვევს მღვიმეთა წარმოშობა-განვითარებას და გადაგვარება-მოსპობას, სპელეოპროცესები ეწოდება.
სპელეოპროცესების გავრცელების არეალს წარმოადგენს ეგრეთ წოდებული კარსტროსფერო - დედამიწის (სტრატოსფეროს) ქერქის ის ნაწილი, რომელიც კარსტვადი ქანებითაა აგებული და მოიცავს არამარტო კონტინენტებისა და კუნძულების, არამედ ოკეანეებისა და ზღვების ფსკერის ნაწილებსაც. კარსტოსფერო არის გეოიდური მოყვანილობის წყვეტილი გარსი, რომლითაც დაფარულია დედამიწის მთელი ფართობის დაახლოებით 25 %.
სპელეოპროცესებს შორის მთავარი როლი ეკუთვნის კოროზიას, წყლის მიერ ქიმიურად გახსნას. ამ პროცესის მონაწილეობის გარეშე კარსტი არ წარმოიშვება. კოროზია მღვიმის განვითარების საწყის სტადიებში განვითარების ერთადერთ ფაქტორს წარმოადგენს. ვიწრო ნაპრალების გაფართოებით იგი ქმნის მნიშვნელოვან სიღრუეებს და იწვევს ამ უკანასკნელში წყლის მნიშვნელოვანი ნაკადების წამოშობას. ამის შემდეგ კოროზია მიმდინარეობს მის მიერ გამოწვეული ეროზიული და ნგრევითი პროცესების თანხლებით და აღწევს მღვიმური ციკლის ბოლო სტადიამდე.
დეპორტაციული პროცესები
რედაქტირებაკარსტვადი ქანები, წყალში იხსნება სხვადასხვა ინტენსივობით, როგორც თვით ქანის ქიმიური შედგენილობის, ასევე გარემოს პირობების მიხედვით. ხსნადობის მიხედვით პირველ ადგილზეა ქვამარილი, შემდეგ თაბაშირი, კირქვა და ბოლოს დოლომიტი. კირქვის როგორც კარსტწარმომქმნელი ქანის უპირატესობა სხვა კარსტვად ქანებთან შედარებით გამოწვეულია საკმაოდ მაღალი ხსნადობის, დიდი გეოგრაფიული გავრცელების და სიმძლავრის თანაწყობით.
კოროზია
რედაქტირებაკირქვის გახსნაში მონაწილეობას იღებს ნახშირორჟანგი, რომელიც ბუნებრივ წყლებში თითქმის ყველგან და ყოველთვის არის. კირქვის გახსნის პროცესს შემდეგი სახე აქვს:
კალციუმის ბიკარბონატი გაცილებით უკეთესად იხსნება წყალში, ვიდრე მონოკარბონატი. ზემოთ მოყვანილი რეაქცია უკუქცევადია, ესე იგი ფიზიკურ-ქიმიური ვითარების შეცვლისას კალციუმის ბიკარბონატი ისევ იშლება მონოკარბონატად, წყლად და ნახშირორჟანგად.
ქიმიურად სუფთა დესტილირებულ წყალში, რომელიც არ შეიცავს თავისუფალ ნახშირორჟანგს, კირქვის ხსნადობა სუსტია. ერთ ლიტრ წყალში იხსნება 12-15 მილიგრამი კალციუმის მონოკარბონატი. იმ შემთხვევაში, როდესაც წყალი ნახშირორჟანგის შემცველობის მიხედვით ჰაერთანაა გაწონასწორებული, კალციუმის მონოკარბონატის ხსნადობა იზრდება 50-60 მილიგრამამდე. დადგენილია, რომ ნახშირორჟანგის რაოდენობა ბუნებრივ წყალში ჩვეულებრივად გაცილებით მეტია იმ წყალთან შედარებით, რომელიც ატმოსფეროსთანაა გაწონასწორებული. ამიტომაც კარსტული პროცესის დროს კირქვა შედარებით ინტენსიურად იხსნება წყალში. წყალში გახსნილი თავისუფალი ნახშირორჟანგის ჭარბ რაოდენობას, რომელსაც გააჩნია კალციუმის მონოკარბონატთან რეაქციის უნარი, აგრესიული ნახშირორჟანგი ეწოდება.
თაბაშირის ხსნადობა გაცილებით მეტია კირქვისაზე. დედამიწის ხმელეთის ფარგლებში თაბაშირით აგებულია 7 მილიონი კმ² ფართობი. ბუნებრივი მიწისქვეშა წყლების ტემპერატურულ ვითარებაში თაბაშირი 5-9-ჯერ მეტი რაოდენობით იხსნება, ვიდრე კირქვა ნახშირორჟანგით გაჯერებულ წყალში. 20 °C ტემპერატურის დროს ერთ ლიტრ ქიმიურად სუფთა წყალში იხსნება 2.05 გრამი CaSO4. კიდევ უფრო ძლიერია წყლის გამხსნელობითი უნარი მარილის NaCl-ის მიმართ. ქვამარილს და სხვა მარილებს კონტინენტებისა და კუნძულების ზედაპირზე უკავიათ 4 მილიონი კმ².
ეროზია
რედაქტირებამნიშვნელოვან მღვიმეთწარმომქმნელ ფაქტორს წარმოადგენს ეროზია. ესეიგი მდინარე წყლის მექანიკური ზემოქმედება ქანზე. ეროზიის მსვლელობისათვის საჭიროა წყლის ნაკადი. მოძრავი წყლის ეროზიული უნარი (ცოცხალი ძალა) დამოკიდებულია წყლის მასაზე და მისი მოძრაობის (დინების) სიჩქარეზე. ეროზია მღვიმეში იწყება მას შემდეგ, რაც კოროზია გააფართოებს ნაპრალებს და წყლის მოძრაობა მიიღებს მნიშვნელოვან სიჩქარეს განსაკუთრებით ინტენსიურად წარმოებს ეროზია ნგრეულ ქანებში - კონგლომერატებში და კირქვებში. ეს დაკავშირებულია ამ ქანების გახსნის შედეგად ქანის მექანიკურ დაშლასა და ამის შედეგად მღვიმური ნაკადისთივის ადვილად გადასაზიდი მასალის დამზადებასთან. ეროზია მიისწრაფვის მღვიმის ფსკერის გასწვრივი პროფილის გაწონასწორებისაკენ, ესე იგი ნაკადის დინების მიმართულებით სუსტად დახრილი, დამრეცი პროფილის გამომუშავებისაკენ. წყლის მექანიკური ენერგია თითქმის ნულამდე მცირდება და ეროზია წყდება. მღვიმური ნაკადის ეროზიული ბაზისის დადაბლებას შეუძლია კვლავ გააძლიეროს ეროზია და განაახლოს მღვიმის ფსკერის გაღრმავება.
ქანის ნგრევა
რედაქტირებამესამე პროცესი, რომელიც მონაწილეობს კარსტული სიღრუვეების მოცულობის ზრდაში, არის ქანის ნგრევა და ცვენა, რასაც ალფრედ ბიოგლის ინკაზიას უწოდებენ. ეს პროცესი მწყობრში შედის მღვიმის განვითარების საკმაოდ მწიფე სტადიებში, როდესაც პირველი ორი პროცესის - კოროზიისა და ეროზიის - მიერ ნგრევითი მოვლენების გამოვლინებისათვის მომზადებულია პირობები, ესე იგი როდესაც სიღრუვის მოცულობის ზრდის შედეგად მღვიმის განსაზღვრულ ნაწილებში ირღვევა მღვიმის ჭერისა და კედლების ამგები ქანების მასათა წონასწორობის პირობები. ნგრევა ხშირად უკავშირდება მიწისძვრებს, რომლებიც აჩქარებენ მის განხორციელებას. ნგრევითი პროცესების მიმდინარეობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქანის ლითოლოგიურ-სტრუქტურულ თვისებებს. მაგალითად, არაბიკას მასივის ამგები თხელი და საშუალოშრიანი კირქვები, რომლებიც საკმაოდ ინტენსიურადაა დანაოჭებული და ჩარღვეული, ადვილად ინგრევა. ამიტომაც დასახელებული ვრცელი და მაღალი მასივი თითქმის მოკლებულია დიდი სიგრძისა და სიღრმის მქონე თავისუფალ სიღრუვეებს. საქართველოს უგრძესი მღვიმეები შესასვლელიდან რამდენიმე ასეული მეტრის მანძილზე, ხოლო უფსკრულები 100-200 მეტრის სიღრმეზე დაკეტილია ჩამონგრეული მასალით. დასავლეთ ევროპის იმ რაიონებში, სადაც სქელშრიანი კირქვებია გავრცელებული, არსებობს 100 კილომეტრზე მეტი სიგრძისა და 1000 მეტრი სიღრმის მქონე მღვიმეები. როდესაც ქანის სხვადასხვა განზომილების ნატეხები დროგამოშვებით მცირე რაოდენობით სწყდება მღვიმის ჭერსა და კედლებს და ცვივა მის ფსკერზე, ეს მიუთითებს ქვათაცვენის პროცესზე, მისი გამომწვევი მიზეზი გამოფიტვისა და კოროზიის პროცესებია, რომლებიც არღვევენ ქანის მთლიანობას.
ზემოთ ჩამოთვლილი სამი სპელეოლოგიური პროცესი - კოროზია, ეროზია და ნგრევა ერთად შეადგენენ დეპორტაციულ პროცესთა ჯგუფს, რომლის შედეგადაც ხდება მღვიმის სიღრუვის გამომუშავება-ზრდა. მათ შეიძლება დაემატოს მეოთხე დეპორტაციული პროცესი - ანთროპოგენული - მღვიმის მოცულობის გადიდება, რაც ვლინდება რიგი მღვიმეების ხელოვნური გაფართოება-კეთილმოწყობის ნიშნებით.
მღვიმეებში მიმდინარეობს პროცესთა მეორე ჯგუფიც - ადვექტური და აკუმულაციური პროცესები, რომელთა არსი მდგომარეობს მღვიმის ამგები ქანის მასიდან, წყლის სიმძიმის ძალის, ცხოველების ან ადამიანის მიერ გადაადგილებულ-მოტანილი მასალის დაგროვებაში. მღვიმეში მიმდინარე აკუმულაციური პროცესებიდან ყველაზე თავისებური და მხოლოდ მღვიმეებისთვის დამახასიათებელი არის ჰიდროქიმიური აკუმულაცია, რომელიც კოროზიასთან შერწყმით ქმნის ქემოგენურ პროცესთა წყვილს. კალციუმის კარბონატის (CaCO3) შემცველი წყალი, ნაპრალთა სისტემის გავლის შემდეგ, შეიძლება გამოვიდეს მღვიმეში ნაპრალებიდან, აქ წყალში გახსნილი ბიკარბონატი Ca(CO3)2 განიცდის დაშლას მონოკარბონატად. წყლად და თავისუფალ ნახშირორჟანგად და გამოიყოფა CaCO3-ის ნალექი. ეს უკანასკნელი ეწებება მღვიმის ჭერს, კედლებსა და ფსკერს და ქმნის ნაღვენთ ფორმებს. ქემოგენური აკუმულაცია ჩვეულებრივად იწყება მღვიმის არსებობის საკმაოდ მწიფე სტადიაში. სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულია დაკვირვებები ჰიდროქიმიური აკუმულაციის სიჩქარეზე. რისთვისაც რამდენიმე მეთოდი არსებობს. ერთი მათგანი დამყარებულია მზარდი ნაღვენთების უშუალო გაზომვებზე, მეორე-ნაღვენთთა შრეების დათვლაზე და ასე შემდეგ. ნალექის გამოყოფის ინტენსივობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე - ქანის შედგენილობაზე, წყლის შედგენილობაზე და მის მიერ ქანის მასაში განვლილი გზის სიგრძე-ხასიათზე, მღვიმური ჰაერის ტემპერატურასა და სინოტივეზე. ამიტომაც იგი ფართო დიაპაზონით ცვალებადობს და თითქმის ყოველ მღვიმეში განსხვავებულია. ზოგან სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების საგრძნობი გაზრდა ერთი წლის განმავლობაშიც შესამჩნევია, ზოგან კი რამდენიმე წლის მანძილზეც არ შემიჩნევა. დიდი ნაღვენთების და კერძოდ, სტალაგმიტების განვითარება ზოგ შემთხვევაში ათეული და ასეული წლების ნაგმავლობაში მიმდინარეობს. მაგალითად, საფრანგეთში - ლოზერის დეპარტამენტში მდებარე არმანდის უფსკრულის დიდი, 30 მეტრის სიმაღლის მქონე, სტალაგმიტის გაჩენას 150 000 - 300 000 წელი დასჭირდა. ჰიდრომექანიკური აკუმულაცია ეროზიასთან ერთად ქმნის ჰიდრომექანიკურ პროცესთა წყვილის, მაგრამ აკუმულაციის პროცესის ამ სახეობისათვის მასალის მომზადებას აწარმოებენ აგრეთვე კოროზიაც და ნგრევაც. მღვიმეებში, ისევე, როგორც ზედაპირზე, ჰიდრომექანიკური აკუმულაცია ხდება მიმდინარე ან დამდგარ წყალში, პირველ რიგში ილექება მხოლოდ მსხვილი მასალა - ღორღი, ქვიშა, მეორე რიგში კი უმთავრესად წვრილი - წვრილი თიხა, თიხნარი მასალა.
მღვიმეთა გეოლოგიური ასაკი და მისი გამოკვლევის ხერხები
რედაქტირებაკარსტული მღვიმეების არსებობის პერიოდი ასი ათასიდან, მილიონობით წლებს მოიცავს. ამასთან ერთად ამ ტიპის მღვიმეების განვითარება შედგენილია მთელი რიგი სტადიებით. საწყისი სტადიების დროს მღვიმე დედამიწის ქერქის სიღრმეებშია მოქცეული. უხილავია და კვლევისთვის მიუწვდომელი. დედამიწის ზედაპირზე მღვიმის გამოჩენის მომენტიდან განსაზღვრული დრო გადის, სანამ იგი ადამიანისათვის შეღწევადი გახდებოდეს და უფრო მეტი დრო, სანამ მასში შეიქმნებოდეს ადამიანთა ცხოვრებისთვის საჭირო პირობები. აქედან გამომდინარეობს მღვიმის გეოლოგიური ასაკის ზოგადი ცნების ჩამოყალიბების სიძნელე. თუ ამ ასაკს ათვლით მღვიმის ჩასახვის მომენტიდან, როდესაც ის წნევითი წყლით გამოვსებულ ვიწრო ნაპრალს წარმოადგენს, გაურკვეველი დარჩება რა დროიდან გადაიქცა იგი მნიშვნელოვან ღრუდ. ცხადია, რომ სიღრუვეს შეიძლება მღვიმე ეწოდოს მხოლოდ იმ დროიდან დაწყებული, როდესაც იგი იძენს მოცულობას და ნაწილობრივ მაინც ჰაერით ივსება.
მღვიმეთა გეოლოგიური ასაკის გამოსარკვევად საკუთრივ გეოლოგიური მეთოდები შემდეგია:
1.მღვიმის ასაკის ქვედა ზღვარს წარმოადგენს იმ გეოლოგიური ფორმაციის ასაკი, რომელშიც გამომუშავებულია მღვიმე. ჩვეულებრივად, კარსტვადი წყობა, რომელშიც გამომუშავებულია მღვიმე გაცილებით ძველია ამ უკანასკნელზე. ასაკის სსხვაობა იზომება მილიონი და ათეული მილიონი, ხან კი ასეული მილიონი წლებითაც.
მღვიმის ქვედა ასაკობრივი ზღვარის გამორკვევა მხოლოდ განსაკუთრებული გეოლოგიური პირობების მქონე რეგიონებში იძლევა საკმაოდ ზუსტ მითითებას მღვიმის ასაკზე. მეტწილად სტარტიგრაფიული მეთოდით განსაზღვრული, მღვიმის ქვედა ასაკობრივი ზღვარი დიდადაა დაშორებული მღვიმის ჭეშმარიტ ასაკს.
2. მღვიმის ასაკის ზედა სტრატიგრაფიულ ზღვარს წარმოადგენს მასში დაგროვებული ნაფენების უძველესი შემადგენელი შრის ასაკი, რომელიც განისაზღვრება ამ შრეში მოქცეული ორგანული ან კულტურული ნარჩენების შესწავლის საფუძველზე. ეს შეიძლება იყოს ცხოველთა ძვლები და ნიჟარები, ხის ნახშირი, ადამიანის იარაღები და მატერიალური კულტურის სხვა კუთვნილებანი. რამდენადაც ცხოველები და ადამიანი მღვიმეებში სახლდებიან ამ უკანასკნელთა განვითარების საკმაოდ მოგვიანებულ სტადიებში, ყოველ შემთხვევაში მღვიმური ნაკადის წყლიანობის მნიშვნელოვანი შემცირების ან სრული გაქრობის შემდეგ, სტრატიგრაფიულად დადგენილ მღვიმის ზედა ასაკობრივ ზღვარსა და ჭეშმარიტ ასაკს (სიღრუვის გამომუშავებასა და გახსნის მომენტს) შორის რჩება განსაზღვრული ქრონოლოგიური შუალედი. ეს შუალედი სხვადასხვა მღვიმისათვის სხვადასხვა სიდიდისაა და მერყეობს რამდენიმე ათასეულიდან რამდენიმე ათეულ ათას წლამდე.
აბსოლუტური გეოქრონოლოგიის ფიზიკური მეთოდების გამოყენება მღვიმეებისა და მათი ნაფენების ასაკის განსაზღვრისათვის ამჟამად ჯერ კიდევ შეზღუდულია.
მღვიმეთა მორფოლოგია
რედაქტირებამღვიმის, როგორც სიღრუვის წარმოქმნა-განვითარებას და გადაგვარებას, მისი მორფოლოგიური დეტალების ევოლუციის პროცესთა ერთობლიობას სპელეომორფოგენეზი ეწოდება.
სპელეომორფოგენეზის ფაქტორებია: 1. კარსტვადი წყების შედგენილობა, ჰორიზონტალური და ვერტიკალური გავრცელება, ტექტონიკური მდგომარეობა; 2. მკარსტველი წყალნაკადების სიმძლავრე, მიმართულება და რეჟიმი; 3. წყლის ქიმიური ენერგია; 4. წყლის მექანიკური ენერგია; 5. სიმძიმის ძალა (გრავიტაცია); 6. ჰიდროქიმიური აკუმულაცია; 7. ჰიდრომექანიკური აკუმულაცია; 8. გრავიტაციული აკუმულაცია; 9. შთენილი პროდუქტების აკუმულაცია; 10. ზოოგენური და ანთროპოგენური აკუმულაცია; 11. მეორადი ტექტონიკური დეფორმაციები.
კარსტვადი წყების სიგრძე-სიგანე და სიმძლავრე განსაზღვრავს მასში გამომუშავებული მღვიმეების სიგრძე-სიღრმესა და გეგმის სირთულის ხარისხს, თუ წყების შემადგენელი ქანები ყველა მის ჰორიზონტში მნიშვნელოვან ხსნადობას იჩენს, და ასევე მისი დიდი ჰორიზონტალური და ვერტიკალური გავრცელება წარმოადგენს ვრცელი და ღრმა მღვიმეების განვითარების საწინდარს. თხელი უხსნადი შრეები მღვიმეების ზრდის პროცესში ეროზიით ინგრევა და სერიოზულ დაბრკოლებას ვერ უქმნის სიღრუვეთა განვითარებას. თხელი უხსნადი შრეები მღვიმეების ზრდი პროცესში ეროზიით ინგრევა და სერიოზულ დაბრკოლებას ვერ უქმნის სიღრუვეთა განვითარებას.
ტექტონიკური პირობები და ნაპრალოვნება ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებწ კარსტული დრენაჟის სისტემის ჩამოყალიბებაში და აქედან გამომდინარე, მღვიმეთა განლაგება-მიმართულების გეგმის შექმნაშიც.
სპელეომორფოგენეზის აქტიური ფაქტორები - კოროზია, ეროზია, ნგრევა, აკუმულაციის ჰიდროქიმიური, ჰიდრომექანიკური, გრავიტაციული, ანთროპოგენული და სხვა სახეობები ქმნიან სპელეორელიეფის ფორმებს.
მღვიმეები
რედაქტირებაცალკეული მღვიმეები ერთმანეთისგან განსხვავდებიან სიდიდით, გაღებულობის ხასიათით, გეგმური მოყვანილობით, სართულიანობით და სხვა მორფოლოგიური თავისებურებებით.
მღვიმის სიდიდე
რედაქტირებამღვიმის სიდიდეს რამდენიმე განსხვავებული საზომი აქვს: 1. სიგრძე; 2. სიღრმე; 3. მოცულობა. მღვიმის სიგრძე ორგვარად შეიძლება შეფასდეს: მთავარი ან უგრძესი ტალანის სიგრძით და მღვიმის შემადგენელი ყველა ტალანის სიგრძეთა ჯამით. მსოფლიო სპელეოლოგიურ ლიტერატურაში მიღებულია უკანასკნელი მაჩვენებელი.
მღვიმის გაღებულობის ხასიათი
რედაქტირებამღვიმის გაღებულობა ეწოდება მისი შესასვლელების რაოდენობის, სიდიდისა და შეფარდებითი მდებარეობის თანაწყობას. შესასვლელთა რიცხვის მიხედვით განასხვავებენ ცალკარიან, გამჭოლსა და კარმრავალ მღვიმეებს. ცალკარიანი მღვიმეები შეიძლება იყოს აღმავალი ან დაღმავალი, აღმავალი მღვიმე ქვევმო ბოლოდანაა ღია. დაღმავალი კი ზემოდან, თუ მღვიმეს ერთი ბოლოდან ორი ან მეტი შესასვლელი აქვს, მას ეწოდება შესაბამისად ორკარიანი, ან სამკარიანი მღვიმე და ასე შემდეგ. კარმრავალი მღვიმე ეწოდება სამი ან მეტი შესავლელის მქონე მღვიმეს და შეიძლება იყოს გამჭოლი, აღმავალი ან დაღმავალი. შესასვლელთა სიმრავლე ზოგ შემთხვევაში დაკავშირებულია მღვიმის მრავალსართულიანობასთან, ზოგჯერ კი ჭერის ნგრევასთან.
ცვალებადია მღვიმის შესასვლელთ სიდიდეც. ამ ნიშნის მიხედვით გამოყოფენ დართოდ გაღბულ და ვიწროდ გაღებულ მღვიმეებს. მღვიმეთა გაღებულობის ხასიათი მნიშვნელოვან, ზოგჯერ გადამწყვეტ გავლენას ახდენს მღვიმის კლიმატურ რეჟიმზე, ორგანიზმების არსებობის პირობებზე, ადამოამოს მიერ მის ათვისებაზე.
გეგმური მოყვანილობა მღვიმის მოყვანილობა გეგმაში იქმნება შემდეგი ელემენტებით:
1) მღვიმის შემადგენელი ტალანების რაოდენობა და დატოვილობის ხასიათი;
2) ტალანების სიგანე და დარბაზოვნების ხარისხი;
3) ტალანების კლაკნილობა.
ტალანების რიცხვი, რომლებისგანაც შედგება მღვიმე, ცვალებადობს ერთიდან მრავალ ასეულამდე. დატოტვილობის მიხედვით განირჩევა: დაუტოტველი, ბუჩქისებური, მანგრისებური, ლაბირინთისებური მღვიმეები. დაუტოტველი ანუ მარტივი მღვიმეები შედგებიან ერთი ან ორი ტალანისგან. ბუჩქისებური მღვიმეები შედგებიან სამი ან მეტი ტალანისგან, რომლებიც ქვემო ბოლოებით უკავშირდებიან ერთმანეთს. მანგრულ ტიპში, პიეიქით, ტალანები ზემო ბოლოებითაა შეერთბული. ლაბირინთისებური მღვიმე შედგება მრავალი ტალანისგან, რომლებიც ან ქვემო ან ზემო ბოლოებით უერთდებიან ერთმანეთს მღვიმური ტალანსი განტოტვის იმ ტიპს, რომლეშიც ტოტები ქვემო ბოლოებით უერთდებიან ერთურთს და აერთიენებენ თავიანთ ნაკადებს, ეწოდება თავმოყრითი ანუ ადიუნქტიური განტოტვა. თუ პირიქით ტოტები ზემო ბოლოებითაა შეერთებული და ინაწილებენ ჩამონადენს, საქმე გვაქვს განთვისებით ანუ დისკლუზიურ განტოტვასთან. იმ შემთხვევაში, როდესაც ტალანები ჯერ იყოფიან და შემდეგ ისევ უერთდებიან ერთურთს, ვლაპარაკობთ ასაქცევის ტიპის ანუ პრეგრედიორულ გატოტვაზე. თავმოყრილი გატოტვის თავისებუტ ვარიანტს წარმოადგენს შემხვედრი განტოტვა, სადაც ორი ტალანი შეიძლება მიმართული იყოს ერთმანეთის საწინააღმდეგოდ, მაგრამ აერთიანებდნენ თავიანთ ჩამონადენს, ასეთი ვარიანტი წარმოდგენილია სათაფლიის კარსტულ მღვიმეებში. ტალანების სიგრძე ცვალებადობს 0.5-1 მეტრიდან რამდენიმე ათეულ მეტრამდე, მეტწილად უდრის 3-7 მეტრს. დარბაზებში ის შეიძლება იზრდებოდას 100 მეტრამდე და მეტადაც.
დარბაზოვნების ხარისხის მიხედვით მღვიმეები არსებითდად განსხვავდებიან. არსებობს უდარბაზო მღვიმეები და ამავე დროს ისეთი მღვიმეები, რომლებშიც დარბაზები ერთიმეორეს მისდევენ მნიშვნელოვან მანძილზე. პირველ, უდარბაზო, ტიპს მიეკუთვნება კლასტოკარსტული მღვიმეების უმრავლესობა, ზოგიერთი კიექვული მღვიმეები, მეორე დარბაზმრავალ ტიპს კი აბსკილის და სათაფლიის მღვიმეები. მღვიმის დარბაზოვნების ხარისხი შეიძლება გამოსიახოს როგორც შეფარდება დარბაზების რიცხვისა ტალანის სიგრძესთან, ან დარბაზების ჯამური სიგრძისა მღვიმის საერთო სიგრძესთან.
კლაკნილობის მიხედვითც მღვიმეები დიდ მრავალგვაროვნებას იჩენენ. თითქმის სწორხაზობრივ მღვიმეთ გვერდით არსებობს კლაკნილი მღვიმეები, რომლებიც ამ მხრივ არ ჩამოუვარდებიან მეანდრირებულ ზედაპირულ მდინარეებს. მღვიმეებში განასხვავებენ მაკრომეანდრირებას და მიკრომეანდრირებას. პირველ მათგანში მეანდრების სიმრუდის რადიუსი ათეულ მეტრობით აზომება, მეორეში კი მხოლოდ 2-3 მეტრით.
კლაკნილი მღვიმეების გარდა, არსებობს ტეხილი მიმართულების მღვიმეებიც. მათ მაგალითს წარმოადგენს მიგარიას კირქვულ მასივზე არსებული შქერიანის მღვიმე, რომელიც შედგება ურთიერთპერპენდიკულარული მონაკვეთებისგან, უფრო დიდი მასშტაბით ტეხილად მიმართული ტალანები წარმოდგენილია პოდოლიის, თაბაშირის, მღვიმეებში.
მღვიმეთა სართულიანობა
რედაქტირებამღვიმეთა მრავალსართულიანობა ეწოდება ისეთ მოვლენას, როდესაც ერთი და იმავე კარსტული ნაკადის მიერ გამომუშავებულია, სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა პიფსომეტრიულ დონეებზე ორი ან მეტი ტალანი. ასეთი სართულები შეიძლება ერთმანეთის თავზე იყოს განლაგებული, მაგრამ უფრო ხშირად ისინი განზე გადაადგილებულიცაა. სართულთშორისი შუალედი ეწოდება ვერტიკალურ მანძილს ორი მეზობელი სართულის ფსკერის სიბტყეებს შორის. მისი სიდიდე ცვალებადობს 2-5 მეტრიდან ათეულ და ასეულ მეტრებამდე. სართულების რაოდენობა მეტწილად 2-4-ის ფარგლებში ცვალებადობს, მაგრამ ზოგიერთ მღვიმურ სისტემებში 11 და ალბათ მეტსაც აღწევს. ცუცხვათის მღვიმის 11 სართული განლაგებულია 60-70 მეტრის სიმაღლის შუალედში და, ამრიგად, აქ სართულთშორისი შუალედი საშუალოდ 5-6 მეტრი გამოდის, გამოიყოფა სართულიანობის სამი ძირითადი ტიპი:
1. პარალელური ანუ განცალკავებული სართულიანობა - ხასიათდება სისტემის შემადგენელ სართულთა ერთმანეთისგან სრული იზოლირებით ან სუსტი კავშირით.
2. მკვეთი ანუ ნაწილობრივ შეკავშირებული სართულიანობა - სხვადასხვა ასაკის ტალანები უერთდებიან ან კვეთენ ერთმანეთს.
3. ჩადგმული ანუ შეკავშირებული სართულიანობა - მდგომარეობა, როდესაც ქვედა (ახალი) სართული გამომუშავებულია ზედა (უფრო ძველი) სართულის ფსკერში.
მღვიმეების ამგები ქანების ნგრევის პროცესში ხანდახან ხდება სართულების გაერთიანება მთლიან სიღრუვედ. მაგალითად, ცუცხვათის მრავალსართულიანი გამჭოლი მღვიმის მთავარი ტალანი გაჩენილია სამი სართულის გაერთიანების შედეგად. ანალოგიურ მოვლენას ადგილი ჰქონდა კუნგურის მღვიმეშიც. მღვიმეთა მრავალსართულიანობის მიზეზს წარმოადგენს კარსტული წყლების ჰორიზონტალური ცირკულაციის ზონის თანდათანობით გადაადგილება, კარსტვადი ქანების მასაში ზემოდან ქვემოთ.
სპელეორელიეფის საშუალო და წვრილი ფორმები
რედაქტირებასაშუალო ფორმები. მღვიმეთა მსხვილი შემადგენელი ნაწილები წარმოადგენენ სპელეორელიფეის საშუალო ფორმებს, რომლებიც უმრავლესად პოლიგენეტური ბუნებისაა. მათ მიეკუთვნება: ტალანები და გასასვლელები, დარბაზები, შახტები და გუმბათები.
ტალანი ეწოდება მღვიმის გრძელსა და მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი განივკვეთის მქონე, სუბჰორიზონტალური ან ზომიერად დახრილი ფსკერით აღჭურვილ ნაწილს, რომელიც წარმოადგენ ან წარმოადგენდა ოდესღაც მიწისქვეშა ნაკადის სადინარს, რაც შეეხება გასასვლელებს, ისინი განსხვავდებიან ტალანისგან უმნიშვნელო სიგრძით, ზოგიერთ შემთხვევაში აგრეთვე სივიწროვისმ უწესო ფორმის განივკვეთით და გაუწონასწორებელი გასწვრივი პროფილით.
დარბაზები ჩვეულებრივ წარმოიქმნება ქანის ნგრევისათვის ხელსაყრელ ადგილებში და მდებარეობენ ან მღვიმური ტალანის ფსკერის სიმაღლეზე, ან უფრო მაღლა. რამდენადაც დარბაზის სახელით აღინიშნება ტალანის გაფართოებული და მაღლებული ნაწილები, ხოლო ტალანების სიგანე და სიმაღლე, იმდენად შეუძლებელია ზღვრული სიდიდის დასახელება. სათაფლიის კარსტული მღვიმეების ყველა დარბაზი ტავისუფლად მოთავსდება ცუცხვათის მღვიმოვანის ერთ-ერთ გვირაბთაგანში.
დარბაზთა განსაკუთრებული სახესხვაობაა ეგრეთ წოდებული კარ-დარბაზები ანუ ვესტიბიულები, რომლებიც მღვიმეთა შესასვლელებში მდებარეობს. ისინი მკვეთრადაა გამოსახული კონგლომერატულ მღვიმეებში, გვხვდება აგრეთვე კირქვულ მღვიმეებშიც. მათი წარმოშობის მიზეზად უნდა ჩაითვალოს მღვიმის გარეთ მოქმედი გამოდიტვის პროცესი - ტემპერატურის რხევა, წვიმის, ქარის მოქმედება ქანებზე. კირქვები, როგორც შედარებით მტკიცე ქანები, კონგლომერატებზე ნაკლებად განიცდიან გამოფიტვას, ამიტომაც კირქვულ მღვიმეებში კარ-დარბაზები ნაკლებადაა განვითარებული. დარბაზების მოყვანილობა სხვადასხვაგვარია, თღისებური ნაპრალისებული, უწესო და სხვა.
ვერტიკალურ სიღრუვეებს, რომლეთაც ზედა ბოლო დახურული აქვთ, ქვედა კი გახსნილი, ეწოდება გუმბათები ანუ ორღანის მილები. ისინი ქვედა ბოლოებით უერთდებიან მღვიმუ ტალანებს. შახტი ეწოდება გრძელსა და ვიწრო ვერტიკალურ, ზევიდან ღია სიღრუეს, რომლის სიღრმე გაცილებით აღემატება მის დიამეტრს. შახტის რეკორდულ სიღრმედ ითვლება 460 მეტრი, საფრანგეთში მდებარე ჰიერსენ-მარტენის უფსკრულის საწყისი სიღღმე. არაბიკას მასივზე მდებარე კრუბერის უფსკრული ზევიდან იწყება 60 მეტრი სიღრმის მქონე შახტით.
წვრილი (მონოგენური) ფორმები' უდაბლესი კატეგორიის ფორმები, შეიძლება განვიხილოთ გენეტური ტიპების მიხედვით.
კოროზიული ფორმები რომლებიც გვხვდება მღვიმეებში, ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: I. ერთგვაროვან ხსნად ქანებში განვითარებული ფორმები; II. მრავალფეროვნად, მეტად ან ნაკლებად ხსნად ქანებში განვითარებული ფორმები.
კირქვული მღვიმეების ჭერში, კედლებზე და ფსკერის იმ ნაწილებში, რომლებიც არ განიცდიან მდინარე წყლების მექანიკურ ზემოქმედებას და არც ნაფენით დაფარვას, გვხვდება პირველი ტიპის ფორმები. ასეთებია: ჭერში განვითარებული ზარისებური ღრმულები „პაპის ტიარები“, რომლებიც ნაპოვნია ბელგიის არდენის მთიანეთის და კანტაბრიის მთების მღვიმეებში. ეგრეთ წოდებული „ღრუბლისებრი ზედაპირები“ დიდ ბრიტანეთში მდებარე ოგოფ-ფინონ-ფუს მღვიმის ჭერში. ორივე შემთხვევაში კოროზიას წნევიანი წყალი იწვევდა, რომლითაც გამოვსებული იყო ტალანის მთელი კვეთი.
ნგრეულ ქანებში (კონგლომერატებში, ქვიშაქვებში) კოროზიის მოქმედება სხვადასხვაგვარ მორფოლოგიურ გამოვლინებას ჰპოვებს. მღვიმის კედლებიდან გამონაჟონი და გარედან შესული ჰაერის კონდენსაციით გაჩენილი წყლები, მოქმედებენ რა, შერჩევით ნაირგვარი შედგენილობის კონგლომრატულსა და ქვიშაქვურ შრეებზე, ახორციელებენ შედარებით ნაკლებად ხსნადი ქანების შრეთა პრეპირებას (სკულპტირებას) კარნიზების სახით რომელთა შორისაც უფრო ხსნადი შრეები თაროებს და უჯრებს აჩენენ.
ეროზიული ფორმები მღვიმეებში წარმოდგენილია პატარა კანიონებით, რომელთა სიღრმე ცვალებადობს 1-10 მეტრის ფარგლებში და ზოგან მეტიცაა. ასეთი ფორმები განსაკუთრებით კარგადაა გამოხატული კლასტოკარსტულ მღვიმეებში. მღვიმეებში გვხვდება აგრეთვე აკუმულაციური ტერასები. მღვიმეებში, მიწისქვეშა მდინარეთ კალაპოტებში გვხვდება ჩანჩქერ-ჭორომებიან უბნებში მბრუნავი ქვების მიერ ამობურღილი ორმოები - ევორზიული ფორმები. საქართველოში ასეთი „ბურღილი-ორმოები“ ნაპოვნია მოთენას და ტობის მღვიმეებში, მათი სიღრმე ცვალებადობს 0.5-2 მეტრის ფარგლებში.
ჰიდროქიმიური აკუმულაციის ფორმები
რედაქტირებამღვიმეებში მრავალნაირია და მიწისქვეშა სამყაროს მშვენებას წარმოადგენს. სტალაქტიტი მღვიმის ჭერიდან ან კედლის შვერილიდან ჩამოკიდებულ კალციტის მოგრძო სხეულს. არსებობს სტალაქტიტის მთელი რიგი ნაირსახეობანი - მაკარონისებური, ჩურჩხელისებური, ბურთისებური, ბოლქვისებური და სხვა, ზოგიერთ შემთხვევაში სტალაქტიტი გადაიხრება ჰორიზონტალურად და ქმნის უცნაური ფორმის ჰელექტიტებს. სტალაქტიტების უმრავლესობას განივკვეთი წრიული აქვს.
მთელ რიგ მღვიმეებში გამოვლენილია ეგრეთ წოდებული „მუსიკალური სტალაქტიტები“ - სხვადასხვა ზომისა და სტრუქტურის სტალაქტიტთა ჯგუფები, რომლებზეც რაიმე საგნის დარტყმისას განსხვავებულ ბგერებს გამოცემს. ამგვარი „ბუნებრივი ორღანები“ ნაპოვნია მღვიმე ჯენოლენში (ავსტრალია), მამონტის (აშშ) და სხვა. ამერიკელმა ინჟინერმა ელანდ სპრინკელმა სტალაქტიტებისგან შექმნა ნამდვილი მუსიკალური ინსტრუმენტი „სტალაქტიტური ორღანი“, რომელზეც ყოველგვარი მელოდიის დაკვრა შეიძლება. ფერადი სტალაქტიტი - ნაირფეროვანი სტალაქტიტები დაფიქსირებულია კატერლოხის (ავსტრია) და ანაკოფის მღვიმეებში. სტალაქტიტების შეფერილობა ნაწილობრივ დამოკიდებულია მათ ხნოვანებაზე, ამიტომ ჰერმან ჰოფერის მიერ შემოთავაზებულია ფერის მიხედვით სტალაქტიტების ასაკის განსაზღვრის მეთოდი.
სტალაგმიტი - მღვიმის ფსკერიდან ამართული კალციტის მოგრძო ცილინდრულ ან თითქმის კონუსურ სხეულს, რომელიც ჭერიდან ჩამოცვენილი წვეთების მიერ დალექილი ნივთიერების კონცენტრული გარსებისგან შედგება. სტალაგმიტების სიდიდე სტალაქტიტებისაზე დიდია. ეს ბუნებრივიცაა, რამდენადაც სტალაგმიტი მღვიმის ფსკერზეა დაყრდნობილი, ხოლო სტალაქტიტი ადვილად შეიძლება, თავისი სიმძიმის გავლენით მოწყდეს ჭერს.
სტალაგმიტების თავისებურ სახესხვაობას წარმოადგენენ კეგლისებური სტალაგმიტები, რომლებსაც თავი ოდნავ გამსხვილებული აქვთ. სტალაგმიტების დიამეტრი ცვალებადობს რამდენიმა სანტიმეტრიდან 5 მეტრამდე, სიმაღლე კი შეიძლება ზოგ შემთხვევაში შეიძლება აღწევდეს 10-20-30 მეტრს. ვაინდოტის მღვიმის (ფლინტის ქედთა სისტემა) ერთ-ერთ სტალაგმიტს 13,7 მეტრის სიმაღლე და 21,6 მეტრის გარშემოწერილობა აქვს.
სვეტი - ანუ სტალაგნატი ეწოდება მღვიმის ჭერისა და ფსკერის შემაერთებელ კალციტურ მოგრძო სხეულს, რომელიც სამნაირად შეიძლება გაჩნდეს:
1. სტალაქტიტისა და მის ქვეშ მყოფი სტალაგმიტის შეზრდით;
2. სტალაქტიტის იატაკამდე ჩამოზრდით;
3. სტალაგმიტის ჭერამდე აზრდით;
სვეტები, ისევე როგორც სტალაგმიები, ხშირად მნიშვნელოვან სიდიდეს აღწერენ. აბრსკილის მღვიმის „ფარდებიანი დარბაზის“ დიდ სვეტს 3 მეტრი დიამეტრი აქვს და მორთულია სამ წყებად განლაგებული „პარაზიტული“ სტალაქტიტებით. უნდა აღინიშნოს, რომ ზედაპირის გამართულებები ასეთი ფორმებით დამახასიათებელია სვეტებისათვის.
იმ შემთხვევაში, როდესაც სტალაქტიტები მჭიდრო მწკრივად იზრდება ნაპრალის გასწვრივ, წარმოიქმნება სტალაქტიტური ფარდები. კედელზე მოზრდილი სტალაქტიტები ქმნიან ეგრედ წოდებულ ნეკნებს, ფირფიტებს და ასე შემდეგ. ზოგჯერ მღვიმის ჭერიდან ჩამონაწვეთი, კიროვანი ხსნარით გაჯერებული წყალი სტალაქტიტებსა და სტალაგმიტების წარმოქმნის მაგივრად, გუბდება იატაკზე და დროთა განმავლობაში წყალი თავის მიერვე გამოლექილი კალციტის ჩარჩოში ან ბორდიურში ექცევა. ამგვარ გუბეებში ხშირად ჩნდება კალციტური ოოლითები, პიზოლითები და კონკრეციები - წვრილი მრგვალი ან მოგრძო კენჭები, რომლებიც „მღვიმური მარგალიტის“ სახელითაა ცნობილი. კენჭების დიამეტრი ცვალებადობს 5-8 მილიმეტრიდან 2-3 სანტიმეტრამდე. ოოლითბს, პიზოლითებსა და კონკრეციებს ახასიათებს კონცენტრული აღნაგობა. ისინი ჩნდება რაიმე ბირთვის (ქანის ნამცეცის, მწერის გვამის) ირგვლივ კრისტალიზაციის შედეგად. ამორფული კალციტის ანუ ტრავერტინის დანაგროვები კარსტულ (კირქვულ) მღვიმეებში ხშირი მოვლენაა.
გრავიტაციული აკუმულაციის ფორმები მღვიმეებში ხშირად გვხვდება და წარმოდგენილია სამი ძირითადი სახეობებით:
1) სხვადასხვა მოყვანილობის მთლიანი გროვები;
2) ლოდთა მწკრივები;
3) გაჭედილი ლოდები;
ლოდთა გროვები დაკავშირებულია მღვიმურ დარბაზებთან ან შესასვლელებთან. ძველ ჩამონანგრევთა ლოდებზე, ზოგჯერ უკვე ნაწვეთი ქერქი და სტალაგმიტებია განვითარებული, ზოგ შემთხვევაში ლოდთა გროვების სიდიდე მნიშვნელოვანია. ლოდთა მწკრივები იქმნება მღვიმური ტალანების ჭერის ნგრევის შედეგად. გაჭედილი ლოდები გვხვდება როგორც ვერტიკალურ უფსკრულებში, ისევე სუბჰორიზონტალურ მღვიმეებშიც. ჰიდრომექანიკური აკუმულაცია, შთენილი პროდუქტების აკუმულაცია და ანთროპოგენური აკუმულაცია, მიისწრაფვიან რა მღვიმის ამოვსებისკენ, ქმნიან და თანდათან ამაღლებენ მღვიმეთა ბრტყელ, ფხვიერ ფსკერს. ტბაში დაგროვებული თიხების ზედაპირის დანაწევრების შემდეგ წარმოიშვება ტერასები და მაგიდისებური მაღლობები. ტერსების რიცხვი შეიძლება 2-4 მდე აღწებდეს. მაგიდისებური მაღლობი მის კიდეებში გამოკვეთილი ტერასებით ძლიერ კარგად იყო გამოსახული აბრსკილის მღვიმის „მეანდრის დარბაზში“, მაგრამ მისი ნაკვეთები დამახინჯდა სტიქიური ექსკურსიების შედეგად.
მღვიმეთა განვითარება
რედაქტირებამღვიმეები, როგორც საერთოდ რელიეფის ფორმები, გარკვეული კანონზომიერებების მიხედვით ჩნდებიან, ვითარდებიან და ისპობიან. გეოლოგიურ ასპექტში, მღვიმეების განვითარება ციკლური პროცესია. შეიძლება გავარჩიოთ კარსტული მღვიმეების ციკლური ცვალებადობის სამი სახეობა: მცირე, საშუალო და დიდი ციკლები. ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან ხანგრძლივობითა და სივრცობრივი მასშტაბებით ისე, რომ დიდი ციკლი მოიცავს საშუალო ციკლთა ჯგუფს, ხოლო საშუალო ციკლი თავის მხრივ შედგენილია მცირე ციკლებით.
სპელეომორფოგენეტული მცირე ციკლი მოიცავს ცალკეული მღვიმის არსებობის პერიოდს ჩასახვიდან სიკვდილამდე. იგი შედგება მთელი რიგი სტადიებისგან, რომლებიც კანონზომიერად მორიგეობენ მღვიმის არსებობის მანძილზე.
მღვიმის განვითარების სტადიების გამოყოფის პირველი ცდა ეკუთვნის თანამედროვე გეომორფოლოგიის ერთ-ერთ ფუძემდებელს, ამერიკელ გეოგრაფს უ. მ. დევისს, მან გამოყო კარსტული მღვიმეების განვითარების ფრეატული და ვადოზური „ეპოქები“ ფრეატული ეწოდება მღვიმის არსებობის იმ საწყის ნახევარს, როდესაც მღვიმე დედამიწის ზედაპირზე არ იხსნება და მთლიანად გამოვსებულია მაღალი წნევის ქვეშ მყოფი წყლით. ვადოზურ ეპოქაში მღვიმეს აქვს თავისუფალი გასასვლელი და მოლოდ ნაწილობრივადაა დაკავებული ნორმალური ატმოსფერული წნევის ქვეშ მყოფი გამდინარე წყლით.
ცნობილმა რუსმა კარსტოლოგმა გ. ა. მაქსიმოვიჩმა წამოაყენა მღვიმეების განვითარების ახალი, უფრო დეტალური თეორია, რომელშიც განასხვავებს 6 სტადიას: ნაპრალურს, ხვრელურს, არხულს, ვოკლოზურს, ნაწყვეტ-ნაყაროვანს და ნგრეულ-ცემენტაციურს. აღნიშნულ სქემაში დარღვეულია სტადიების გამოყოფის პრინციპის ერთგვაროვნება: პირველი ოთხი სტადია ასახავს სიღრუვის მორფოლოგიურ-ჰიდროლოგიურ განვითარებას, ხოლო ორი უკანასკნელ პროცესებს.
ლ. მარუაშვილი გამოყოფს მღვიმის განვითარების შემდეგ სტადიებს:
1. ნაპრალური სტადია - მღვიმის განვითარების საწყისი სტადია. კარსტული წყლების ჰორიზონტალური ცირკულაციის ზონის ქვევით დიდ სიღრმეში მაღალწნევიანი წყალი მთლიანად ავსებს ვიწრო სტრუქტურულ ნაპრალებს, ძალიან ნელა მოძრაობს მათ გასწვრივ და აფართოებს ქიმიური ზემოქმედებით. ნაპრალურ სტადიაში მყოფი მღვიმეები უშალოდ დაკვირვებისათვის მიუწვდომელია. მათი გამოვლენა შეიძლება მოლოდ ჭაბურღილების საშუალებით, რომლებშიც კირქვების გავლისას ნახულობენ მტკნარი წყლის ძარღვებს.
2. ხვრელური სტადია - (ნაპრალურს მოჰყვება) ამ დროს ნაპრალები კოროზიული პროცესებით უკვე საკმაოდ გაგანიერებულია. ხვრელებში წყალი მეტი რაოდენობით იყრის თავს და უფრო სწრაფად მოძრაობს, ვიდრე ამას ნაპრალების გაუფართოებელ ქსელში ჰქონდა ადგილი. ამასთან ერთად, წყლის მასის ძირითადი ნაწილი მიჰყვება დრენაჟის გარკვეულ მიმართულებებს, მომავალ მღვიმურ ტალანებს, სადაც ნაპრალების კოროზიული გაფართოება განსაკუთრებით ინტენსიური გამოდგა. ამ სტადიაშიც, ისევე როგორც პირველში, მღვიმე დიდ სიღრმეშია მოქცეული და მოკლებულია თავისუფალ გასასვლელებს. ხვრელები წყლით მთლიანადაა გამოვსებული, მათი ორიენტაცია განივკვეთში ემთხვევა წარმომშობი ნაპრალების ორიენტაციას.
3. არხული სტადია - მოსდევს ხვრელურ სტადიას, ხასიათდება უკვე მნიშვნელოვნად გაფართოებული წყალსადინარი სიღრუვეებით, რომლებსაც განივკვეთი ელიფსური ან უწესო ფორმის აქვთ. ისინი, კვლავ, მთლიანად გამოვსებულია ნორმალურზე მაღალწნევიანი წყლით, რომელიც კიდევ უფრო მეტი სიჩქარით გაედინება განტვირთვის ზონებისკენ. წყლის განტვირთვა ხდება ზღვაში, მდინარეთა კალაპოტქვეშა კარსტულ სიღრუვეებში ან ხეობის ფსკერის ამგებელ ფხვიერ მასალაში.
ზემოთ დასახელებული სამი სტადია შეესაბამება უ. მ. დევისის „ფრეატულ“ ეპოქას. ერთადერთი პროცესი, რომელიც სამივე სტადიის განმავლობაში ქმნის მომავალი მღვიმის სიღრუვეებს, არის წყლის ქიმიური ზემოქმედება ქანზე - კოროზია. ეროზიული ნგრევა, ჰიდროქიმიური აკუმულაცია ამ სტადიებში უმნიშვნელოდ გამოვლინდება. აღნიშნული სამი სტადიის განმავლობაში მღვიმე უხილავი რჩება და შეიძლება გამოვლინებული იქნას მხოლოდ ჭაბურღილების და გეოფიზიკური დაკვირვებებით.
4. ვოკლუზური სტადია - იწყება მღვიმის განვითარების ვადოზური ეპოქა, არსებითი გარდატეხის დროა მღვიმეთა ცხოვრებაში. იგი იწყება მღვიმის გახსნით, ესე იგი მის ქვემო ბოლოში თავისუფალი გასასვლელის გაჩენით, რომელსაც გამოჰყავს მღვიმური ნაკადი დედამიწის ზედაპირზე ნორმალური ატმოსფერული წნევის გარემოში. მღვიმური ნაკადის დინება მკვეთრად ჩქარდება, რაც იწვევს ატმოსფერული ჰაერის შეჭრას და დამკვიდრებას, ჭარბი წყლისგან გათავისუფლებულ ნაწილებში, ეროზიის გაძლიერებას, ნაწვეთი ფორმების უხეშ ზრდას, ნგრევას და მღვიმის გასწვრივი პროფილის სწრაფვას წონასწორობის მრუდისაკენ.
5.ნაკადულოვან-ტალანური სტადია - დასაწყისი უკავშირდება, მღვიმეში, ინტენსიური მექანიკური ეროზიის დასასრულს, რაც შეიძლება განაპირობებული იყოს წონასწორობის პროფილის გამომუშავებით ან მღვიმური ნაკადის მკვეთრი შემცირებით. ამ სტადიაში უკვე, ძირითადად, გამომუშავებულია მღვიმის შემადგნელი ტალანები და დარბაზები, სიღრუვეების უმეტესი ნაწილი გამოვსებულია ჰაერით, ინტენსიურად მიმდინარეობს ნაწვეთების დაგროვება, გრძელდება ეპიზოდური ნგრევა, ამ უკანასკნელმა შეიძლება გამოიწვიოს შეგუბებული ტბის გაჩენა და თიხის დაგროვება. ნაკადოვან-ტალანური სტადიის ბოლოს მღვიმემ შეიძლება დაკარგოს მუდმივი ნაკადი და გახდეს დროებითი ღვარების კალაპოტი. მდინარი წყლის მკვეთრი შემცირების ან სრული გაქრობის შემდეგ მღვიმეში სახლდებოდა ადამიანი.
6. მშრალ-ტალანური სტადია - იწყება მღვიმეში წყლის ნაკადების სრული გაქრობის შემდეგ. მღვიმეში წყდება ეროზია, ხოლო კოროზიის ნაირსახეობებიდან რჩება მხოლოდ გარედან შესულ თბილ ჰაერში მოქცეული ორთქლის კონდენსაციის შედეგად კედლებზე გამოყოფილი წყლის ქიმიური მოქმედება. იწყება გრავიტაციული, შთენილი, ეოლური, ანთროპოგენური, ზოოგენური მასალის აკუმულაცია, რაც მიმართულია მღვიმის განივკვეთის შემცირებისაკენ, ესე იგი მღვიმის გამოვსება-დეგრადაციისაკენ. წყდება ნაწვეთების განვითარება.
7. ეხურ-კამერული სტადია - იწყება იმის შემდეგ, რაც მშრალი მღვიმის ფსკერზე სხვადასხვა წარმოშობის ნაფენთა უთანაბრო დაგროვება ერთ ან რამდენიმე ადგილას გადაღობავს ტალანს და დაანაწილებს მას ორ ან მეტ ერთმანეთისაგან იზოლირებულ მონაკვეთებად. ზედაპირისკენ გახსნილ კიდურ მონაკვეთს ეწოდება ეხი, ხოლო შინაგან, დახშულ მონაკვეთებს კამერები. ეხურ-კამერულ სტადიას მოსდევს მღვიმის სიკვდილი, საბოლოო გაქრობა. რაც ხორციელდება სიღრუვის გამოვსების ან ჩანგრევის გზით.
ზემოთ ჩამოთვლილი სტადიების ერთობლიობა ანუ მცირე სპელეომორფოგენეტული ციკლი, თუ მის ნორმალურ მსვლელობას არ დაარღვევს რაიმე ანომალიური გადახრა, შეიძლება დიდ ხანს გაგრძელდეს. შეიძლება ითქვას, რომ კარსტულმა მღვიმემ 1.5-2 მილიონი წელი იარსებობს, ხოლო თუ გავითვალისწინებთ ძლიერ ვრცელი მღვიმეების ამოვსებისთვის საჭირო დროის სიდიდეს ,ეს ვადა უნდა გადიდდეს 2.5-3 მილიონ წლამდე.
მეტეოროლოგიურ-კლიმატური რეჟიმი
რედაქტირებამღვიმეთა ერთ-ერთი ძირითადი თავისებურება მდგომარეობს მათ განსაკუთრებულ მეტეოროლოგიურ-კლიმატურ რეჟიმში. ეს უკანასკნელი დამოკიდებულია შემდეგ ძირითად ფაქტორებზე:
1. დედამიწის ზედაპირის კლიმატურ პირობებზე მღვიმის ადგილმდებარეობის რაიონში;
2. მღვიმის მოყვანილობასა და გაღებულობის ხასიათზე;
3. მღვიმის ჰიდროლოგიურ რეჟიმზე.
ზედაპირული კლიმატის გავლენა მღვიმეების მეტეოროლოგიურ-კლიმატურ რეჟიმზე სხვადასხვაგვარია იმისდა მიხედვით, თუ როგორია ზედაპირული კლიმატის ხასიათი და როგორია თვით მღვიმე, მღვიმეთა მნიშვნელოვანი რაოდენობა არ განიცდის მათ მიდამოებში დედამიწის ზედაპირის ჰავის სეზონური ცვალებადობისა და ამინდის ზეგავლენას, არამედ თავისი ტემპერატურით ასახავს ზედაპირის თერმიკული რეჟიმის მრავალწლიურ საშუალო მდგომარეობას. ამავე დროს დედამიწის საკმაოდ ცივ ზონებში და მთების ასეთსავე სარტყლებში ზამთრის ყინვა იწვევს გარკვეული მორფოლოგიური ტიპის მღვიმეებში ჰაერის ანომალურ გადაცივებას და ზოგიერთ შემთხვევაში ტემპერატურის მკვეთრ სეზონურ რხევას. მღვიმის მოყვანილობა და გაღებულობის ხასიათი იმ შემთხვევაში მოქმედებს მის კლიმატურ რეჟიმზე, როდესაც სიღრუვის ეს მორფოლოგიური მაჩვენებლები ხელს უწყობენ მასში ცივი ან თბილი ჰაერის ჩაგუბებას და, პირიქით, ხელს უშლიან ჰაერის მოძრაობას. მღვიმეში შემავალი ზედაპირული მდინარე ზაფხულობით ათბობს, ზამთრობით კი აგრილებს მღვიმურ ჰაერს.
მღვიმეთა მეტეოროლოგიურ-კლიმატური რეჟიმი თავის მხრივ გავლენას ახდენს მათში თოვლ-ყინულის არსებობაზე, ორგანიზმებისა და ადამიანის ბინადრობაზე, მღვიმეთა სამეურნეო, სამკურნალო და სხვაგვარ გამოყენებაზე.
მღვიმური კლიმატის ელემენტები შემდეგია: 1. ჰაერის შედგენილობა; 2. განათება; 3. ტემპერატურა; 4. სინოტივე; 5. ჰაერის წნევა; 6. ჰაერის მოძრაობა; 7. თოვლ-ყინულის წარმოქმნა-დნობა.
მღვიმეთა ჰაერის შემადგენლობა სუსტადაა შესწავლილი. ეპიზოდური დაკვირვების საფუძველზე ცნობილია, რომ კარსტულ სიღრუვეებში მოთავსებული ჰაერი იმ შემთხვევის გამოკლებით, როდეასც მღვიმეში ხდება ნახშირორჟანგის ან რომელიმე სხვა გაზის გამოყოფა, გამოირჩევა სისუფთავით. მტვერი და მიკრობები მასში პრაქტიკულად არ არის, ან ძალიან ცოტაა. ნაწვეთი კალციტის გაჩენისას მიმდინარე ქიმიური რეაქცია აუხვებს მღვიმურ ჰაერს იონებით, კერძოდ ნახშირბადის C-14 იონით, და ანიჭებს მას სამკურნალო თვისებას.
მღვიმური კლიმატის ერთ-ერთი ძირითადი თავისებურება მდგომარეობს მღვიმეთა სიბნელეში, ესე იგი მზის რადიაციის შეუღწევადობაში ან სუსტ შეღწევადობაში. თითქმის ყველა მღვიმეში შეიძლება გავარჩიოთ ბნელი და განათებული ნაწილები. არსებობს ისეთი მღვიმეებიც, რომლებშიც დღის შუქი მეტ-ნაკლებად ყველგან აღწევს. სანიმუშოა ამ მხრივ ცუცხვათის მრავალსართულიანი მღვიმის მთავარი ტალანი, რომლის სიგრძე 210 მეტრია და მიუხედავად ამისა მასში გავლა სანათურის გარეშეცაა შესაძლებელი. მღვიმეთა ბნელი და განათებული ნაწილები ერთმანეთისგან განსხვავდება სხვა მეტეოროლოგიური მაჩვენებლების და ლანდშაფტური კომპონენტების მიხედვითაც.
მღვიმეთა ტემპერატურული რეჟიმი მკვეთრად განსხვავდება ზედაპირისგან. მისი მთავარი დამახასიათებელი თავისებურებებია უმნიშვნელო ცვალებადობა წლისა და დღე-ღამის დროთა ცვლილების მიხედვით. იმ მღვიმეებში, რომლებიც კარგადაა იზოლირებული ამინდისა და სეზონური კლიმატის ზემოქმედებისგან, მთელი წლის განმავლობაში გამეფებულია თითქმის თანაბარი ტემპერატურა, რომელიც დაახლოებით ადგილის ზედაპირულ, საშუალო წლიურ ტემპერატურას უტოლდება. ამგვარი მღვიმეების ტემპერატურა ცვალებადობს კლიმატური ზონალობის კანონების შესაბამისად, ესე იგი მცირდება ეკვატორიდან პოლუსებისაკენ და ზღვის დონიდან, ქვევიდან ზევით.
ნახევარმღვიმურ პირობებში მღვიმეთა შესასვლელებში ჩანგრევით კარსტულ ძაბრებში ჯერ კიდევ შეიმჩნევა ტემპერატურის სეზონური, მნიშვნელოვანი ცვალებადობა. თუმცა შინაგანი ტემპერატურა, გარეგანი ტემპერატურის რხევასთან შედარებით, მკვეთრად შესუსტებულია. იქ, სადაც ზედაპირული ტემპერატურა წლის განმავლობაში მერყეობს 17°-იანი ამპლიტუდით, მღვიმეთა შესასვლელებში ამპლიტუდა მხოლოდ 9°-ს უდრის.
მღვიმეთა აბსოლუტურად ბნელ, ჰაერის ინტენსიურ ცვლილებას მოკლებულ ნაწილებში ტემპერატურა უმნიშვნელოდ ცვალებადობს, მისი რხევის წლიური ამპლიტუდა არ აღემატება 0.5-1 გრადუსს. მცირედ განსხვავდება მდგომარეობა ისეთ მღვიმეებში, რომლებშიც ზამთრობით შედის და გუბდება უარყოფითი ტემეპერატურის მქონე ჰაერი.
არაბიკას მასივზე, ზღვის დონიდან 2100 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ვახუშტი ბაგრატიონის უფსკრულში ზამთრობით და გაზაფხულობით გუბდება ყინვანარევი ჰაერი. ივლისში ყინული იწყებს დნობას და მყარდება დადებითი ტემპერატურა 1.5-2.5 °C. ხვამლის მასივზე, ბოგას დაღმავალ მღვიმეში, რომელიც 1710 მეტრის სიმაღლეზე იწყება, ზაფხულის ბოლომდე ინახება ყინული და გამეფებულია უარყოფითი ტემპერატურა, ხოლო სექტემბერში ყინული სწრაფად დნება და მღვიმე ივსება თბილი ჰაერით. ამგვარ მღვიმეებში, ტემპერატურის ცვალებადობის საკმაოდ მკვეთრი ხასიათის მიუხედავად, ამ ცვალებადობის ამპლიტუდა მაინც გაცილებით ნაკლებია ჰაერის ტემპერატურის არა მარტო აბსოლუტური მაქსიმუმის აბსოლუტური მინიმუმის სხვაობაზე, არამედ საშუალოთვიურ ტემპერატურათა ამპლიტუდაზეც.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მღვიმის გამჭოლი ხასიათიც კი ვერ არღვევს მღვიმეებისთვის დამახასიათებელ მდგრად თემიკურ რეჟიმს. გამჭოლ მღვიმეებშიც ტემპერატურა ახლოსაა ზედაპირის ჰაერის საშუალო წლიურ ტემპერატურასთან და უმნიშვნელოდ ცვალებადობს წლისა და დღე-ღამის განმავლობაში. ამის მაგალითებია კორცხელის მღვიმე (სამეგრელო) და ცუცხვათის მღვიმოვანის მთავარი გვირაბი. როგორც ჩანს, მღვიმეებში გავლისას ჰაერის ნაკადი ღებულობს მათი კედლების ტემპერატურას.
ჰაერის სინოტივის მხრივაც მღვიმეები თავისებურებებით გამოირჩევიან. შეფარდებითი სინოტივე მღვიმეებში საერთოდ მაღალია და ცვალებადობს 70-100 %-მდე. უწყლო მღვიმეებში ჰაერის სინოტივე უფრო ნაკლებია, ვიდრე წყლიანში. აბსოლუტური სინოტივე ზაფხულობით მღვიმეში უფრო დაბალია, ვიდრე გარეთ ჰაერში, რაც მღვიმეების შედარებით დაბალი ტემპერატურით აიხსნება. ზამთრობით საწინააღმდეგო მდგომარეობაა - მღვიმურ ჰაერში წყლის ორთქლი მეტი რაოდენობითაა გარეგან ჰაერთან შედარებით.
ჰაერის წნევა მღვიმეებში წარმოადგენს ყველაზე ცვალებად მეტოროლოგიურ ელემენტს, რომელიც რეაგირებას ახდენს დედამიწის ზედაპირის, ატმოსფეროს წნევის არა მარტო სეზონურ, არამედ უფრო ხანმოკლე ცვლილებებზეც.
ჰაერის მოძრაობის ხასიათისა და ინტენსივობის მიხედვით მღვიმეები არსებითად განსხვავებულია. სუბჰორიზონტალურ, დახშულ მღვიმეთა უმრავლესობაში ჰაერის ნაკადები არასდროს არ შეიგრძნოვა და სანთლის ალი ყოველთვის ზევითკენაა მიმართული, მეორეს მხრივ. არსებობს ქარიანი მღვიმეები, რომლებშის სწრაფად მოძრავი ჰაერის ნაკადი არ იძლევა სანთლის გამოყენების შესაძლებლობას.
ჰაერის მოძრაობას მღვიმეში სხვადასხვა მიზეზები იწვევს, ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს სიმკვრივის სხვაობა ჰაერის ორ სვეტს შორის, რომელთაგან ერთი გარეთაა დედამიწის ზედაპირზე, მეორე კი შიგნით, ან ორივე სვეტი ზედაპირზეა ან მღვიმეში. მეორე მიზეზი მდგომარეობს ატმოსფერული წნევის სხვაობაში და ცვლილებაში კარსტული მასივის თავზე. მღვიმეში ჰაერის მოძრაობა შეიძლება გამოიწვიოს აგრეთვე კარსტული წყლების მიერ ჰაერის მასების გატაცება-ჩაწოვამ და ზედაპირული ქარის ზემოქმედებამ მიწისვეშა ატმოსფეროზე.
ჰაერის განსაკუთრებით სწრაფი გადაადგილება დამახასიათებელია ვიწრო მღვიმეებისა და ხვრელებისათვის. ქარიანი მღვიმის მაგალითებია მიგარიას მასივზე (სამეგრელო) არსებული მღვიმე, სამსრის ქედის ძირში ვულკანური ლავის ფართო ნაპრალებიდან ზაფხულობით დიდი ძალით უბერავს ცივი ჰაერის ნაკადი, რომელიც აქრობს სანთელს და მაღალი ტემპერატურის დროს იზიდავს ცხვარს, სიგრილეს მონატრებული ცხოველები თავს იყრიან ჰაერის გამოსასვლელთან.
ქარიანი ხვრელები ცნობილია საფრანგეთში, შვეიცარიაში, ავსტრალიაში, და ასხვა. ესპანეთში, კოვენტორისა და კანუელის მღვიმეებში ქრის ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე აღწევს 50 მ/წმ-ს და ამ მღვიმეების ჰაერის ტემპერატურას 2.4 °C-ით ადაბლებს მეზობელ მღვიმეებთან შედარებით.
უფრო ვრცელ მღვიმეებში ჰაერის ნაკადებს ნაკლები სიჩქარე ახასიათებთ. ვახუშტი ბაგრატიონის უფსკრულში ყოფნისას სპელეოლოგები ჰაერის აღმავალ მოძრაობას შეიგრძნობდნენ აუტანელი სიცივით და იმის მიხედვით, რომ სანთელი მხოლოდ მოფარებულ კუთხეებში არ ქრებოდა.
მღვიმური თოვლ-ყინული ყოველთვის მკვლევართა ყურადღებას იპყრობდა. საყინულე მღვიმეები უკვე XVI საუკუნიდან მოიხსენიება მსოფლიოს გეოგრაფიულ ლიტერატურაში. XVIII საუკუნეში ერთდროულად აღიწერა კუნგურის ყინულოვანი მღვიმე ურალისპირეთში ვასილი ტატიშჩევის მიერ, ხოლო ხორხებისა (ქვემო ქართლის მხარე) და სხვავის (რაჭა) საყინულეები ვახუშტი ბაგრატიონის მიერ.
მღვიმური თოვლ-ყინულის გაჩენა-შენახვისთვის საჭიროა შემდეგი პირობები: 1. ყინულოვანი ზამთარი; 2. მღვიმის დაღმავალი ხასიათი და ტომრისებური ფორმა; 3. ყინულის გაჩენისთვის საჭირო მასალა;
თოვლ-ყინულოვანი მღვიმეების არსებობისთვის საჭირო კლიმატური პირობები საკმაოდ მაღალ განედებზე, დაახლოებით 50-55°-დან დაწყებული ყველა ჰიფსომეტრულ დონეზეა. საქართველოში მღვიმური თოვლ-ყინული 1200-1300 მეტრის აბსოლუტურ სიმაღლეზე დაბლა არ უნდა გვხვდებოდეს. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღლა იწევს სუბტროპიკულსა და ტროპიკულ სარტყლებში.
თოვლი მღვიმეებში ხვდება გარედან, ზოგჯერ ქარის დახმარებით. თოვლ-ყინულოვანი მღვიმეები ხშირად იწყება კარსტული ძაბრებით, რომელებშიც ზამთრობით ძირითადად თოვლი გროვდება. ვიწრო შესასვლელიანი მღვიმეები თავისუფალია თოვლ-ყინულისგან. მარტელის უფსკრული, რომელიც ვულკანური კრატერივით იხსნება ბერჭილის ქედის ერთ-ერთ მწვერვალზე, ზამთრობით ქარის მიერ ჩახვეტილი თოვლით ივსება. ზაფხულიდან თოვლი იწყებს შემოდნობას ცილინდრული უფსკრულის კედლების გასწვრივ და ზაფხულის ბოლოსთვის ქმნის 30-35 მეტის სიმაღლის წვეტიან კონუსს. ამ დროისთვის თავისუფლდება უფსკრულის ქვედა დახრილი ნაწილი, რომელშიც თითქმის 100 მეტრის სიღრმემდე შეიძლება ჩაღწევა.
ყინული მღვიმეებში სხვადასხვაგვარად წარმოიშვება, შეიძლება განვასხვაოთ მღვიმური ყინულის სამი ძირითადი სახეობა:
1. თოვლისგან წარმოქმნილი ყინული; 2. წყლისგან წარმოქმნილი ყინული; 3. ატმოსფერული ორთქლისგან წარმოქმნილი ყინული.
თოვლი მღვიმეში შეიძლება ყინულად იქცეს უშუალოდ ან ლანქერი წყლის საშუალებით. თოვლისგან უშუალოდ წარმოქმნილი მიწისქვეშა გლეტჩერის ნახვა შეიძლება სხვავას საყინულეში. უფრო ხშირია თოვლის მღვიმურ ყინულად გადაქცევის მეორე გზა: თოვლის დნობა კარსტულ ძაბრებში, მღვიმის ზედა ნაწილში ჩაჟონვა და ხელახლა გაყინვა ქვედა ნაწილებში. არაბიკას მასივზე ამგვარად გაჩენილი თოვლი ყინულის სტალაქტიტების სტალაგმიტებისა და სვეტების შემცველი მღვიმეები ასობითაა. თოვლის დნობა-გაყინვით წარმოქმნილი ყინული საერთოდ მღვიმური ყინულის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს.
წყალი, რომელიც მღვიმეებში ყინულს ქმნის, ყოველთვის თოვლის დნობით როდი ჩნდება. მღვიმეში გვერდითი ტალანებიდან და ხვრელებიდან შემოსული კარსტული წყლები ჩაგუბებულ ცივ ჰაერში მოხვედრისას იყრებიან, ქმნიან ყინულის საცობებს, ჩანჩქერებს: ხანდახან ისინი ასწრებენ მღვიმის ფსკერზე გუბეების გაჩენას, რომლებიც შემდეგ იყინება.
ყინულად იქცევა მღვიმეში გარედან შემოსული ან ნაპრალებით ქვევიდან ამოსული ჰაერის შემადგენელი ორთქლიც, რომელიც ცივ კედლებთან შეხებისას გაზისებური მდგომარეობიდან უშუალოდ მყარში გადადის და კრისტალების სახით ეწებება მათ ზედაპირს.
ფლორა და ფაუნა
რედაქტირებაკარსტული მღვიმეები ცოცხალი ორგანიზმების არსებობისთვის უფრო ნაკლებად ხელშემწყობი გარემოა, ვიდრე დადემიწის ზედაპირული ლანდშაფტური ზონები. სიცოცხლის განვითარების ხარისხის მიხედვით იგი შეიძლება შევადაროთ მშრალსა და ცივ უდაბნოებს, როგორც უდაბნოთა მესამე ტიპი - ბნელი უდაბნო. მღვიმური ბიოცენოზები მიემსგავსება უდაბნოების სივრცეში წყვეტილი გავრცელებით და ვიწროდ სპეციალიზებული ორგანიზმების სიჭარბით.
მცენარეული ორგანიზმები მღვიმეებში უფრო ნაკლები მრავალფეროვნებითაა წარმოდგენილი, ვიდრე ცხოველები. ეს აისახება ამ უკანასკნელთა აქტიური მოძრაობის უნარით, მეტი შემგუებლობით გარემო პირობების ცვალებადობასთნ. ეს დებულება ეხება მღვიმეთა ბნელ ნაწილებს. რაც შეეხება მზის შუქისათვის მისაწვდომ უბნებს, იქ მცენარეულობა შედარებით უხვადაა წარმოდგენილი.
მღვიმეში ცოცხალი ორგანიზმების საარსებო პირობების თავისებურება გამოწვეულია შემდეგი ფაქტორებით: 1. სიბნელე; 2. მაღალი შეფარდებითი ტენიანობა; 3. თითქმის მუდმივი ტემპერატურა; 4. საკვები ორგანული ნივთიერებების შედარებით სიმცირე და სპეციფიკური ხასიათი.
მღვიმეთა ფლორა
რედაქტირებაალპურ მღვიმეთა ფლორა შეისწავლა ლემერმაიერმა, რომელმაც ამ მიზნით დეტალლურად გამოიკვლია იაქური 26 მღვიმე. ლემერმაიერის დასკვნით, ქლოროფილის შემცველი მცენარეებიდან მიწისვეშ ყველაზე ღრმად აღწევენ ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები, - ისინი ნაპოვნია შესასვლელიდან 65 მეტრის მანძილზე, სადაც განათების ძალა შეადგენს ნორმალური შუქის 1:1800.
ფრაუენმაუერის მღვიმეში მცენარეები ვრცელდებიან 39 მეტრის მანძილზე, დრახენჰელში - 87 მეტრზე. დრახენჰელში იზრდება თესლოვან მცენარეთა 34 სახეობა, 4-ნაირი გვიმრა, 7 სახეობის ფოთლოვანი ხავსი, 2 სახეობის ღვიძლის ხავსი, აგრეთვე წყალმცენარეები და ლიქენები.
ვილდფრაუნჰელეს მღვიმეში, ნორმალური განათების 1:23 პირობებში იზრდებოდა: კატაბარდა, ალპიური მანანა, მარწყვი, მაჩიტა, გვიმრუჭა; 1:322 განათების პირობებში - ერთუჯრედიანი ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები.
მიკროორგანიზმები აღწევენ კარსტული სიღრუვეების ყოველ წეტილამდე. ისინი ნაპოვნია 2000 მეტრის სიღრმიდან ნავთთან ერთად ამოტყორცნილ წყლებში. სან-გოტარდის უღელტეხილის გვირაბის გაყვანისას, შესასვლელიდან 5 კილომეტრის მანძილზე წყაროებში აღმოაჩინეს ჟელესებური მასები, რომელსაც თითის სისქე და თოკის ფორმა ჰქონდა. მიკროსკოპის საშუალებით გაირკვა, რომ „ჟელე“ შედგებოდა ჩხირისებური ბაქტერიებისგან, ჩეხეთის ერთ-ერთ კარსტულ მღვიმეში სტალაქტიტების ზედაპირი დაფარულია ერთუჯრედიანი ლურჯ-მწვანე წყალმცენარეებით, ხოლო თვით სტალაქტიტების შემადგენლობაში შედიან სოკოთა ჰიფები და უმარტივესი მცენარეების სპორები. სოკოები ვითარდება მღვიმეთა ღრმა ნაწილებშიც. მიკროორგანიზმები ხელს უწყობენ მღვიმის კედლების დაშლას და გვარჯილის საბადოს წარმოქმნას.
მღვიმეებში დღის სინათლის შეღწევის ხარისხი, რაც განსაზღვრავს მცენარეთა არსებობის პირობებს, დამოკიდებულა შემდეგზე:
1. მღვიმის შესასვლელის სიდიდე და ფორმა, მისი მიმართება ჰორიზონტის მხარეებისადმი;
2. მანძილი შესასვლელიდან;
3. მღვიმის კედლების ფერი;
4. მღვიმის ფსკერისა და ჭერის დახრილობა;
5. ტალანის გვერდითი განშტოებების არსებობა.
რამდენადაც ვრცელი არ უნდა იყოს მღვიმის შესასვლელი, მისი განათება მაინც შესუსტებულია ნორმალურთან შედარებით. აქ მცენარეთა ფოთლები გარკვეული წესით ლაგდება. ნაზოდელავოს მღვიმის კარდარბაზში არსებული ხეები და ბუჩქები ამჟღავნებენ მკვეთრ ჰელიოტროპიას.
უნდა აღინიშნოს, რომ მღვიმური ცხოველებისაგან გასხვავებით, მცენარეები მღვიმეში არ ქმნიან ენდემურ ტროგლობიონტურ სახეობებსა და ფორმებს, არამედ წარმოდგენილი არიან სხვა ფოტოცენოზთა ელემენტებით. ეს გარემოება აიხსნება აქტიური გააადგილების უნარის უქონლობით, რაც მცენარეებს ართმევს მიწისქვეშეთში ფართოდ გავრცელებისა და ხანგრძლივად ცხოვრების შესაძლებლობას. მცენარეები მღვიმეთა შემთხვევითი სტუმრებია, რომლებიც აქ არ განიცდიან ევოლუციას.
მღვიმეთა ფაუნა
რედაქტირებამღვიმური ფლორისგან განსხვავებით, მღვიმეების ცხოველთა სამყარო მთელ რიგ თავისებურებებს იჩენს, რომლებიც დაკავშირებულია მის წარმოშობა-განვითარებასთან და ცხოველთა შეგუების უნართან.
მღვიმეებში მობინადრე ცხოველები მიეუკთვნებიან სახოებათა საკმაოდ დიდ რაოდენობას, ესე იგი სპელეოფაუნის სისტემატიკური შედგენილობა საკმაო სირთულით ხასიათდება. მღვიმეებში ცხოვრობენ ცხოველთა შვიდი ტიპის წარმომადგენლები. როგორც ცნობილია, დედამიწის ცხოველთა სამყარო იყოფა 13 უმაღლეს სისტემეტიკურ ერთეულად ანუ ტიპად. მსოფლიოს მღვიმეებში აღმოჩენილია უმარტივესთა, ღრუბელთა, ნაწლავღრუიანთა, ბრტყელი ჭიების, მრგვალი ჭიების, რგოლოვანი ჭიების, რბილტანიანების, ფეხსახსრიენების და ქორდიანების სახეობები.
ადამიანი მღვიმეში
რედაქტირებაადამიანის მიერ მღვიმეებით სარგებლობას რამდენიმე ასეული ათასი წლის ისტორია აქვს. ჩვენი წინაპრები ბუნებრივ სიღრუვეებს ჯერ საცხოვრებლად იყენებდნენ, ხოლო უფრო მოგვიანებით მათ ომის დროს თავშესაფრების, საკულტო, სამეურნეო სათავსოთა და სხვა საჭიროებისამებრ იყენებდნენ.
მღვიმეს, როგორც საცოხვრისს, თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს. მას არ სჭირდება აშენება, ამიტომაც კარსტული და ზოგიერთი სხვა ტიპის ბუნებრივი მღვიმეები ადამიანს ავდარისგან და მზის მცხუნვარე სხივებისგან იცავდა მანამდე, სანამ იგი ისწავლიდა სახლის მშენებლობას. ხელოვნურად აგებული საცხოვრისებისაგან განსხვავებით, მღვიმე არ ინგრევა და არც იწვის. სამხრეთისაკენ გაღებული მღვიმეები საკმაოდ თბილია, ხოლო ზოგიერთი მღვიმე საკუთარი წყლითაც უზრუნველყოფილია. მღვიმის, როგორც საცხოვრისის უარყოფითი მხარეები მდგომარეობს, მისი მდებარეობის ბუნებრიობაში, რაც ადამიანს ართმევს საცხოვრებელი ადგილის არჩევის შესაძლებლობას. გარდა ამისა, როგორც თანამდეროვე ტროგლოდიტების, მაგალითად ლიბიელების, ყოფა გვარწმუნებს, რომ მღვიმის სიბნელისა და სინესტის პირობებში მუდმივად ცხოვრება იწვევს ფილტვებისა და თვალების დაავადებებს. მღვიმური საცხოვრისების უარყოფითი ზეგავლენა ორგანიზმზე დასტურდება მღვიმური დათვისა და მღვიმეში მცხოვრები პირველყოფილი ადამიანის ძვლების პათოლოგიური დამახინჯებებითაც, რასაც მოწმობს მღვიმეთა მობინადრეების ხშირი დაავადება რევმატიზმებითა და ხერხემლის ანთებით ქვის ხანაში. ასეა თუ ისე, ქვის ხანაში ადამიანს უხდებოდა მღვიმეებში ბინადრობა.
ადამიანის საცხოვრებელ მღვიმეს უნდა დაეკმაყოფილებინა განსაზღვრული პირობები. ამ მიზნისათვის არ გამოდგებოდა ისეთი სიღრუვეები, რომლებიც მუდმივად ან პერიოდულად ეკავა შიგნიდან გამომდინარე ნაკადს ან წყალდიდობის შემდეგ იტბორებოდა. პატარა, მდგრადრეჟიმიანი ნაკადულები ამაღლებდა ამა თუ იმ მღვიმის, როგორც საცხოვრისის, ღირებულებას. ადამიანი გაურბოდა ცხოვრებას ჩრდილოეთისაკენ გახსნილ მღვიმეებში, რომლებსაც მზის შუქი არასდროს ადგება და ასევე ქარიან სიღუვეებს. ცხადია, მღვიმე უნდა ყოფილიყო სკმაოდ ადვილი მისადგომი, მღვიმის ფსკერის ფართობი და ჭერის სიმაღლე საკმარისი უნდა ყოფილიყო ადამიანთა მეტ-ნაკლები ჯგუფის ყოფნა-სამქიანობისთვის.
ღია ცის ქვეშ მდებარე პრეისტორიული არქეოლოგიური ძეგლების უმრავლესობის საწინააღმდეგოდ, ადამიანის მღვიმური ნადგომები გამოირჩევიან კულტურული ნაშთების დიდი რაოდენობისა და მრავალფეროვნებით, შედარებით, შეზღუდულ ფართობზე. ეს გარემოება მღვიმეებს არქეოლოგიაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. მათში ნაპოვნი ძველი კულტურების ნაშთები რომ არა, კაცობრიობის შორეული წარსულის ბევრი საკითხი დღემდე ამოუცნობი დარჩებოდა. პირველყოფილი ადამიანის ცხოვრების კვალი მღვიმეებში ძირითადად ჩამარხულია მღვიმურ ნაფენებში. მღვიმეში ძველი კულტურის ნაშთების გამოვლენისთვის საჭიროა მისი ნაფენების გაშურფვა - საცდელი გათხრა, ამისათვის სათანადო იარაღებით ითხრება შურფი, ესე იგი ორმო, რომლის ჰორიზონტალური კვეთის ნებადართული ზომა 1 მ x 0.8 მ, ხოლო სიღრმე დამოკიდებულია ნაფენების ერთობლივ სიმძლავრეზე და კულტურული შრეების სიღრმეზე. გაშურფვით შეიძლება დადგინდეს, ცხოვრობდა თუ არა ძველად მღვიმეში ადამიანი.
მთელ რიგ მღვიმეებში ნაშთების შემცველი შრეები ერთიმეორისაგან გამოყოფილია მუნჯი, ანუ სტერილური შრეებით, ხარვეზებით. ამ უკანასკნელთა არსებობა დაკავშირებულია იმ ეპოქებთან, რომდესაც ადამიანი არ ცხოვრობდა მოცემულ მღვიმეებში მკაცრი კლიმატური პირობების მომატებული ტენიანობის ან სხვა მიზეზების გამო. კუდაროს მღვიმეში გამოყოფენ ორ ამგვარ ფენას, რომლებსაც უკავშირებენ გამყინვარების ეპოქებს.
პირველყოფილი ადამიანის ცხოვრება-საქმიანობის ნივთიერი კვალი გამოხატულია საგანთა შემდეგი ჯგუფებით:
1. კოცონის ნაშთებით;
2. ნანადირევი ცხოველების ძვლებით, მცენარეთა ნარჩენებით;
3. საწარმოო იარაღებით მათ დასამზადებლად საჭირო მასალით;
4. სამკაულებით და ხელოვნების ნაწარმოებებით (ეს უკანასკნელი შეიძლება ნაფენებში გამოსახულ-გამოკვეთილი იყოს ცალკეული საგნების სახით კედლებზე, სტალაგმიტებზე, ქვებზე);
5. ადამიანის სქმიანობის სხვა საგნებით.
მღვიმური პირობების გავლენა ადამიანის ორგანიზმსა და ფსიქიკაზე
რედაქტირებაბევრ მკვლევარს აინტერესებდა თუ რა გავლენას ახდენდა მღვიმური პირობები ადამიანის ორგანიზმზე. მღვიმეში ხანმოკლე ყოფა ზოგიერთ სნეულებას კურნავს. მღვიმურ პირობებში ადამიანის ხანგრძლივად ცხოვრების შედეგებზე დაკვირვებები ჩატარდა დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში. 1964 წლის ბოლოსა და 1965 წლის დასაწყისში, ზღვისპირა ალპების მასივ ოდიბეგრის მღვიმეში ორმა ადამიანმა - მამაკაცმა ანტუან სენიმ და ქალმა ჟოზი ლორეზმა ორ ერთმანეთისგან იზოლირებულ მღვიმეში გაატარეს 100 დღე. ისინი მოამარაგეს 5 ტონა სურსათით, სასმელი წყლით, აუცილებელი ნივთებითა და წიგნებით, მაგრამ არ გააჩნდათ საათები და კალენდრები. მღვიმეთა მუდმივი ტემპერატურა 4 °C-ს აღწევდა, 100 % ტენიანობით. ზედაპირთან მათ აკავშირებდათ მხოლოდ ტელეფონის მავთული, რომელიც მოქმედებდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ზედაპირზე მყოფ დამკვირვებლებს აინტერესებდათ მათი მდგომარეობის შემოწმება. ცდის შედეგად გაირკვა, რომ მღვიმეებში ჩაშვებული ადამიანები თავს კარგად გრძნობდნენ, მაგრამ დაეკარგათ დროის შეგრძნება; ანტუან სენიმ შობის დღესასწაული აღნიშნა 7 იანვარს, ხოლო ჟოზი ლორეზმა 11 იანვარს. ხანდახან სადილს შუაღამისას იმზადებდნენ, დასაძინებლად კი შუადღისას წვებოდნენ. 1966 წელს ინგლისის საჰაერო დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა დევიდ ლეფერტიმ სომერსეტის ერთ-ერთ მღიმეში გაატარა 127 დღე. მას თან ჰქონდა შეტანილი 200 წიგნი, 1200 სანთელი, შაშხი, ლობიო და ხილის კონსერვები. მღვიმეში ყოფნის პერიოდში მან წაიკითხა ორასივე წიგნი და ეუფლებოდა უცხო ენებს. ლეფერტის აერია დროის აღრიცხვა და როდესაც მას 1 აგვისტოს ჰკითხეს თარიღი, მან 7 ივლისი დაასახელა. ლეფერტის ჯანმრთელობის შემოწმებით გაირკვა, რომ მისი ფიზიკური მდგომარეობა ძირითადად „ნორმალური“ დარჩა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 236.
- მარუაშვილი ლ., მღვიმეთმცოდნეობის საფუძვლები, თბ., 1973.
- ბლიაძე ნ., მღვიმეთმცოდნეობის საფუძვლები (სალექციო კურსი), ქუთაისი, 2016.