კლასტოკარსტი
კლასტოკარსტი (ბერძ. klastikos — დამსხვრეული და კარსტი) — რელიეფის ზედაპირული და მიწისქვეშა ფორმების ერთობლიობა, რომელიც წააგავს კარსტს. წარმოიქმნება ნატეხი ქანების (კონგლომერატები, ქვიშაქვები, თიხები და სხვა) შემაცემენტებელი ხსნადი კომპონენტების ეროზიისა და გახსნის შედეგად.[1] კლასტოკარსტი მიეკუთვნება ფსევდოკარსტს. იგი აერთიანებს მღვიმეებს, ძაბრებს, ქვაბულებსა და სხვა რელიეფის ფორმებს. კლასტოკარსტული მოვლენები ხასიათდება მექანიკური დენუდაციის სიჭარბით. შედარებით ნაკლებად მონაწილეობს ქიმიური დენუდაცია. ადგილი აქვს აგრეთვე დალექვასა და ჩამოქცევას.[2][3]
ალევროლითების კლასტოკარსტი კირქვის, თაბაშირისა და მარილების, ჩვეულებრივ კარსტში გახსნის მსგავსად, გამოიხატება კირქვის, თაბაშირის ან მარილის ხსნარების შეზავებაში. მიწისქვეშა წყლები აზავებენ შემადგენელ წყლებს. ამასთან, კლასტოკარსტული პროცესების ინტენსივობა დამოკიდებულია შენაზავების კონცენტრაციაზე. ლიოსისებრ თიხნარში, რომელიც ევრაზიის ექსტრაგლაციალურ მხარეში გვხვდება, შეინიშნება მხოლოდ კარსტის ემბრიონული ფორმები — დუბეები. გვალვიან მხარეებში ცნობილია კარსტული ჭები, ხევები, ხიდები და ალევროლითების კლასტოკარსტის სხვა ფორმები.[2]
ალევროლითების კლასტოკარსტი ფართოდ არის გავრცელებული უნგრეთში, რუმინეთში, უკრაინაში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ამიერკავკასიაში, ციმბირში, შუა აზიაში, ჩინეთში, ჩრდილოეთ ამერიკის სტეპებში, სამხრეთ ამერიკის პამპასებში და ავსტრალიის მშრალ დაბლობებში. ალევროლითების კარსტის ფართობია 30 მლნ. კმ². კონგლომერატის კლასტოკარსტი ხსნადი ცემენტით უფრო ფართოდაა განვითარებული. კონგლომერატის ცემენტს ჩვეულებრივ, წარმოადგენს კალციტი ან თაბაშირი. ცემენტის გახსნა განაპირობებს მღვიმეების, ძაბრებისა და ჩანაქცევების წარმოშობას.[2]
კონგლომერატის კლასტოკარსტი ცნობილია დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ცენტრალურ სამეგრელოსა და აფხაზეთში. რამდენადმე ფართოდ არის გავრცელებული ქვიშაქვის კლასტოკარსტი. თიხის კლასტოკარსტი წარმოიქმნება არიდული და სემიარიდული კლიმატის ფარგლებში. თიხოვანი კლასტოკარსტი აღწერილია ჩრდილოეთ კავკასიაში (მდინარე ჩეგემი), აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში (მდინარე მტკვარი), ჩრდილოეთ ამერიკაში (სამხრეთი დაკოტა, ნებრასკა). მცირე გავრცელებით სარგებლობს პიროკლასტური მასალის კლასტოკარსტი. საქართველოში მდებარე კლასტოკარსტული მღვიმეებიდან აღსანიშნავია ნაზოდელავოს მღვიმე, ყალიჩონის მღვიმე და სხვა. ტერმინი კლასტოკარსტი მეცნიერებაში დაამკვიდრა სპელეოლოგმა გიორგი მაქსიმოვიჩმა.[4]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ გეომორფოლოგიური ლექსიკონი, თბ., ნეკერი, 1996, გვ. 107
- ↑ 2.0 2.1 2.2 Максимович Г. А. География карста в обломочных породах
- ↑ Д. А. Тимофеев, В. Н. Дублянский,. Т. З. Кикнадзе. Терминология карста, М.: Наука, 1991. — 260 с.
- ↑ Основы карстоведения: Том I. Вопросы морфологии карста, спелеологии и гидрогеологии карста, Пермь, 1963 г., 445 стр.