მიწისქვეშა წყალი

(გადამისამართდა გვერდიდან მიწისქვეშა წყლები)

მიწისქვეშა წყალიდედამიწის ქერქის ზედა ნაწილის ქანებში თხევად, მყარ და აირად მდგომარეობაში მყოფი წყალი. მიწისქვეშა წყალი თავმოყრილია ფხვიერ, ფორიან და ნაპრალოვან ქანებში, აგრეთვე კარსტულ სიცარიეელებში. სიმძიმის ძალის გავლენით მოძრავ მიწისქვეშა წყალს ეწოდება გრავიტაციული ანუ თავისუფალი წყალი, ხოლო ქანებთან მოლეკულური ძალებით შეკავშირებულს — ბმული წყალი (ჰიგროსკოპული, აფსკური, კაპილარული და კრისტალიზაციური).

მიწისქვეშა წყლები (აფრიკა)
მიწისქვეშა წყაროები

მიწისქვეშა წყლით გაჟღენთილ ქანთა ფენების (წყლიანი ჰორიზონტების) ერთობლიობა ქმნის წყლიან კომპლექსს. ქანებს წყალშეღწევადობისა და წყალგაცემის სხვადასხვა უნარი აქვს. წყალშეღწევადობის უნარის მიხედვით გამოყოფენ:

  • წყალშეღწევად (ფხვიერი და დანაპრალებული მასიური ქანები),
  • ნაწილობრივ წყალშეღწევად (წვრილმარცვლოვანი და თიხიანი ქვიშაქვები, ლიოსი, ტორფი, მერგელი);
  • წყალშეუღწევ (თიხები, დაუნაპრალებელი მასიური მაგმური, მეტამორფული ქანები და სხვ.) ქანებს.

ხმელეთის ზედაპირის ქვეშ არსებულ პირველ უახლოეს, მუდმივად არსებულ უდაწნეო წყლიან ჰორიზონტს ეწოდება გრუნტის წყლის ჰორიზონტი. უშუალოდ გრუნტის წყლის სარკის თავზე გავრცელებულია კაპილარული წყალი. ხმელეთის ზედაპირიდან გრუნტის წყლის სარკემდე არსებულ ზონას აერაციის ზონა ეწოდება. ამ ზონაში ხდება წყლის ჩაჟონვა ზედაპირიდან, ხოლო ფილტრაციის დაბალი უნარის მქონე ქანებში ჩნდება მიწისქვეშა წყლის დროებითი დანაგროვი, ე.წ. ლეჟერი (ზედა წყალი). გრუნტის წყლის ჰორიზონტი ქვევით მდებარე წყლიან ჰორიზონტებს, რომლებიც მისგან წყალშეუღწევი ქანებითაა გამოყოფილი, ეწოდება შრეთაშორისი წყლის ჰორიზონტები. წყალი აქ, ჩვეულებრივ, ჰიდროსტატიკური წნევის ქვეშ იმყოფება, ზოგჯერ კი უდაწნეოა. შრეთაშორისი მიწისქვეშა წყლის კვების არე განლაგებულია იქ, სადაც წყალშეუღწევადი ქანები ზედაპირზე შიშვლდება.

მიწისქვეშა წყალი ბუნებრივი ხსნარია, რომელიც 60-ზე მეტ ქიმიურ ელემენტს შეიცავს. მასში გვხვდება მიკროორგანიზმებიც. მიწისქვეშა წყალების გავრცელების კანონზომიერება განპირობებულია მრავალი გეოლოგიური და ფიზიკურ-გეოგრაფიული ფაქტორით. ბაქნებსა და კიდური როფების არეებში უმეტესად გავრცელებულია არტეზიული აუზები, ნაოჭა სისტემებში კი უფრო ხშირად ნაპრალური ტიპის მიწისქვეშა წყალი გვხვდება.

მიწისქვეშა წყალი დედამიწის წყლის რესურსების შემადგენელი ნაწილია, ამიტომ მის შესწავლას დიდი სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობა აქვს. მიწისქვეშა წყალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასარგებლო წიაღისეულია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 44-45.
  • ოვჩინიკოვი ა.მ. ზოგადი ჰიდროგეოლოგია, თბ., 1964;
  • Вернадский В. И., История минералов земной коры, т. 2 — История природных вод, ч. 1, в. 1—3, Л., 1933—1936;
  • Коноплянцев А. А., Семенов С. М., Прогноз и картирование режима грунтовых вод, М., 1974.