კალციტი
კალციტი (< ლათ. calx, ნათ. ბრ. calcis — კირი) — კარბონატის კლასის მინერალი; ქიმიური შედგენილობა CaCO3; მინარევები: Mg, Fe, Mn (8%-მდე) და სხვა. კრისტალდება ტრიგონურ სინგონიაში. კრისტალები რომბოედრული, სკალენოედრული, ფირფიტისებრი აქვს. გვხვდება მკვრივი, მარცვლოვანი, მიწისებრი მასების, აგრეთვე ნაღვენთი წარმონაქმნების (სტალაქტიტი, სტალაგმიტი) სახით. სრული ტკეჩადობა აქვს სამი მიმართულებით. ხშირად — მრჩობლები. უფეროა ან თეთრი, ზოგჯერ მინარევებით შეფერილი. კალციტის კრისტალებს ახასიათებს ძლიერი ორმაგი სხივთტეხა. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 3; სიმკვრივე 2720-2800 კგ/მ³. კალციტი წარმოიქმნება ჰიდროთერმულ, ზოგჯერ მაგმურ პირობებში. დიდი რაოდენობით ილექება ზღვის აუზში. კირიანი ცხელი წყაროებიდან გამოილექება ტრავერტინის სახით. კალციტი ძირითადი შემადგენელი ნაწილია კირქვების, მარმარილოსი და სხვა. კალციტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მინერალია დედამიწის ქერქში.
კალციტი | |
---|---|
საერთო | |
ქიმიური ფორმულა | CaCO3 |
იდენტიფიკაცია | |
ფერი | უფერო თეთრი ვარდისფერი ყვითელი ყავისფერი |
სიმაგრე მოოსის სკალით | 3 |
სიმკვრივე | 2720-2800 კგ/მ³ კგ/მ³ |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 341.