ვიქტორიას შტატი

(გადამისამართდა გვერდიდან ვიქტორია (ავსტრალია))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვიქტორია.
ვიქტორიას შტატი
ვიქტორიას შტატი, დროშა ვიქტორიას შტატი, გერბი
დევიზი: „მშვიდობა და აყვავება“
მეტსახელი: ბაღების შტატი
ავსტრალიის რუკაზე
დედაქალაქი მელბურნი
ფართობი
 * საერთო
 * ხმელეთი
 * წყალი
 
237 629 კმ² (მე-6 ადგილი)
227 416 კმ²
10 213 კმ² (4,3%)
მოსახლეობა (2011)
 * რაოდენობა
 * სიმჭიდროვე
 
5 354 042 (მე-2 ადგილი)
23,54/კმ² (მე-2 ადგილი)
დროის სარტყელი UTC+10:00
პარლამენტი
 * წარმომადგენელთა რაოდენობა
 * სენატორების რაოდენობა
 
37
12
აბრევიატურა
 * საფოსტო
 * ISO 3166-2
 
VIC
AU-VIC
ვებ-გვერდი
{{{ვებ-გვერდი}}}

ვიქტორიას შტატი (ინგლ. Victoria) — ავსტრალიის მატერიკულ ნაწილში ტერიტორიით ყველაზე პატარა შტატი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში. სახელი ეწოდა ინგლისის დედოფლის, ვიქტორიას პატივსაცემად. 1770 — ანექსირებულ იქნა ბრიტანეთის მიერ (კაპიტანი კუკი). 1851 — ბრიტანეთის კოლონია. 1901 — ავსტრალიის შტატი.

  • ფართობი — 227 416 კმ²;
  • მოსახლეობა — 5 354 042 ადამიანი[1], 70 % ცხოვრობს მელბურნის რაიონში;
  • ქალაქები (ათ.) — მელბურნი (3,217), ფედერალური დედაქალაქი 1901-27; ჯილონგი (153), ბალარატი (83).

გეოგრაფია

რედაქტირება

ვიქტორიის ფართობი შეადგენს 227 416 კმ²-ს (მე-5 ადგილი შტატებს შორის, მე-6 ადგილი ტერიტორიების ჩათვლით). შტატის უმაღლესი წერტილი — ბოგონგის მთა (1986 მ).

 
ვიქტორიის დასახლებული პუნქტები და საგზაო ქსელი.

ვიქტორიის ჩრდილოეთის საზღვარი გადის მდინარე მურეის სამხრეთ სანაპიროზე, ასევე დიდი წყალგამყოფი ქედის უკიდურეს სამხრეთში, რომელიც გადაჭიმულია აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ და მთავრდება ქალაქ ბალარატის დასავლეთით. შტატი დასავლეთიდან ესაზღვრება სამხრეთ ავსტრალიას და აქვს ავსტრალიაში უმოკლესი სახმელეთო საზღვარი ტასმანიასთან. ოფიციალური საზღვარი შტატ ვიქტორიასა და ტასმანიას შორის გადის ბასის სრუტეში არსებულ პატარა კუნძულ ბოუნდარი-აისლეტზე 85 მეტრის მანძილზე 39° 12' სამხრეთ განედზე[2][3]. შტატი ვიქტორია შედგება სხვადასხვა ტოპოგრაფიულ, გეოლოგიურ და კლიმატურ რაიონებისგან, დაწყებული ტენიანი ზომიერი კლიმატით სამხრეთ-აღმოსავლეთში და დამთავრებული ავსტრალიის ალპების დათოვლილი რაიონებით, რომლის სიმაღლე თითქმის 2000 მეტრამდეა. დასავლეთში და ჩრდილო-დასავლეთში ასევე არსებობენ ნახევრადმშრალი დიდი ფართის მქონე დაბლობები.

ვიქტორიაში არსებობს მდინარეების ფართე ქსელი. ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს მდინარე მურეის სისტემას. სხვა მდინარეებია: ოვენსი, გოულბერნი, კინგი, სნოუი და სხვა.

მიუხედავად შტატის მცირე ფართისა, ვიქტორიის კლიმატი მრავალფეროვანია. ჩრდილო-დასავლეთით ნახევრადუდაბნო და ცხელი კლიმატია, სანაპიროზე კი ზომიერი და ცივი. დიდი წყალგამყოფი ქედი შტატის ცენტრს უზრუნველყოფს უფრო ცივი მთიანი კლიმატით.

კონტინენტის უკიდურეს სამხრეთში მდებარეობის გამო, ვიქტორიას აქვს უფრო ცივი და ტენიანი კლიმატი, ვიდრე ავსტრალიის სხვა მატერიკულ შტატებს და ტერიტორიებს. სანაპირო დაბლობში დიდი წყალგამყოფი ქედიდან სამხრეთით უფრო რბილი კლიმატია. სამხრეთის ოკეანის ჰაერის მასები აწონასწორებენ სიცხეს ზაფხულში და სიცივეს ზამთარში. მელბურნი და სხვა დიდი ქალაქები მდებარეობენ ამ ზომიერ რეგიონში.

მოლი და ზემო ვიმერა არიან ვიქტორიის ყველაზე თბილი რეგიონები, სადაც ქრის ცხელი ქარი იქვე მდებარე უდაბნოებიდან. საშუალო ტემპერატურა მერყეობს ზაფხულში 30 °C-დან 15 °C-მდე ზამთარში. ვიქტორიაში მაქსიმალური ტემპერატურა დაფიქსირდა ჰოუპთაუნში 2009 წლის 7 თებერვალს და შეადგინა 48,8 °C[4].

ვიქტორიის ყველაზე ცივი ნაწილია ვიქტორიის ალპები ჩრდილო-აღმოსავლეთში. ალპები დიდი წყალგამყოფი ქედის მთიანი სისტემის ნაწილია, რომელიც გადაჭიმულია აღმოსავლეთიდან დასავლეთით შტატის მთელ ტერიტორიაზე. ზამთარში საშუალო ტემპერატურა 9 °C-ზე დაბალია, ხოლო უფრო მაღალ ადგილებში 0 °C-ზე დაბალი. შტატში მინიმალური ტემპერატურა -17,7 °C დაფიქსირდა 1965 წლის 13 ივნისს в ოუმიოუში და 1970 წლის 3 ივლისს ფოლს-კრიკში[4].

ნალექები

რედაქტირება

ვიქტორია მეორე შტატია ატმოსფერული ნალექების რაოდენობით ტასმანიის შემდეგ. ვიქტორიაში ნალექების რაოდენობა მატულობს ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ; ყველაზე ტენიანი რაიონებია ზღვის დონიდან მაქსიმალურად მაღალი ადგილები. წლის საშუალო დონე ჩრდილო-აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში აჭარბებს 1800 მილიმეტრს, მაგრამ 250 მილიმეტრზე დაბალია მოლის რაიონში.

ყველაზე ხშირი წვიმებია ვიქტორიის სამხრეთით მდებარე ოტუეის ეროვნულ პარკში და გიპსლენდში, ასევე მთიან ჩრდილო-აღმოსავლეთში. თოვლი, როგორც წესი მოდის მხოლოდ შტატის ცენტრის მთებში და ქედებზე. ყველაზე ხშირად წვიმები მოდის ზამთარში, მაგრამ ზაფხულში ნალექების დონე მაღალია. ყველაზე რეგულარულად წვიმს გიპსლენდში და დასავლეთ რაიონში, რამაც ხელი შეუწყო მის ძირითად სასოფლო-სამეურნეო რეგიონად გადაქცევაში. ვიქტორიაში ნალექების მაქსიმალური დღიური დონე დაფიქსირდა 1983 წლის 22 მარტს ტანიბრინში (ოტუეის ეროვნული პარკი) და შეადგინა 375 მილიმეტრი[4].

1788 წელს ახალი სამხრეთი უელსის კოლონიის დაარსების შემდეგ ავსტრალია გაიყო აღმოსავლეთ ნაწილად, რომელსაც დაერქვა ახალი სამხრეთი უელსი, და დასავლეთ ნაწილად, რომელსაც დაერქვა ახალი ჰოლანდია. დღევანდელი ვიქტორიის ტერიტორიაზე პირველი ევროპული დასახლება — სალივან-ბეი — 1803 წელს დააარსა ვიცე-გუბერნატორმა დევიდ კოლინზმა პორტ-ფილიპის ყურეში. დასახლებულები რაოდენობით: 308 კატორღელი, 51 მატროსი, 17 თავისუფალი გადასახლებული, 12 სამოქალაქო მოსამსახურე, მისიონერი და მისი მეუღლე გემით გააგზავნეს ინგლისიდან ძირითადად იმის შიშით, რომ ფრანგებს, რომლებიც ამ რეგიონის გამოკვლევას აწარმოებდნენ არ დაეარსებინათ თავიანთი დასახლება და შედეგად პრეტენზია არ გამოეთქვათ კონტინენტზე. შემდეგი დასახლება გახდა პორტლენდი შტატის დასავლეთ სანაპიროზე. მელბურნი 1835 წელს დააარსა ავსტრალიელმა ფერმერმა და ბიზნესმენმა ჯონ ბეტმანმა

რეგიონს მელბურნის ირგვლივ ერქვა პორტ-ფილიპის ოლქი და ჰქონდა ახალი სამხრეთ უელსის ცალკე მართული ნაწილის სტატუსი. 1850 წლის 5 აგვისტოს დედოფალმა ვიქტორიამ ხელი მოაწერა აქტს, რომლის თანახმადაც დიდმა ბრიტანეთმა ეს რეგიონი გამოყო ახალი სამხრეთ უელსისაგან, რის შედეგადაც დააარსა ახალი კოლონია ვიქტორია. ეს გადაწყვეტილება სანქცირებულ იქნა მაშინდელი ახალი სამხრეთ უელსის გუბერნატორის ჩარლზ ფიტცროის მიერ, რომელმაც ჩათვალა, რომ ფაქტობრივად მეორე საკმაოდ კარგად განვითარებული კოლონიის მართვა სიდნეიდან მეტად ძნელია (პირდაპირი მანძილი სიდნეიდან მელბურნამდე შეადგენს დაახლოებით 900 კმ-ს და 1100 კმ-ზე მეტს ზღვით). ამ დოკუმენტების მიღების შემდეგ სიდნეიში ახალი სამხრეთ უელსის შტატის საკანონმდებლო საბჭომ 1851 წლის 1 ივლისს მიიღო შესაბამისი საკანონმდებლო აქტი.

1851 წელს ქალაქ ბალარატის, ხოლო შემდეგ ქალაქ ბენდიგოს მახლობლად აღმოაჩინეს ოქრო. შემდგომში ოქრო ასევე აღმოჩნდა კოლონიის ბევრ სხვა რაიონებში. ამან გამოიწვია ოქროს ციებ-ცხელება. კოლონია სწრაფად იზრდებოდა, როგორც მოსახლეობის რაოდენობით, ასევე ეკონომიური მნიშვნელობითაც. 10 წლის განმავლობაში ვიქტორიის მოსახლეობა გაიზარდა 7-ჯერ: 76 ათასიდან 540 ათას ადამიანამდე. ამ 10 წლის განმავლობაში — 1851—1860 წლებში ვიქტორიაში მოიპოვეს 20 მილიონი უნცია ოქრო, რაც იმ დროს შეადგენდა მსოფლიოში მოპოვებული ოქროს რაოდენობის ერთ მესამედს. ამან ბუნებრივია ხელი შეუწყო მელბურნისა და მთელი შტატის განვითარებას.

1854 წელს ბალარატში მოხდა სამთოელების შეიარაღებული აჯანყება, რომლებიც პროტესტს აცხადებდნენ ოქროს მოპოვებაზე ბაჟის გადახდაზე. აჯანყება ჩაახშო ბრიტანეთის არმიამ, მაგრამ უკმაყოფილებამ უბიძგა ხელისუფლებას მმართველობის რეფორმირებისაკენ (კერძოდ, შეამცირა გადასახადები ოქროს მოპოვებაზე) და კოლონიის თვითმმართველობის გაფართოებისკენ. მალე ბრიტანეთის იმპერიის პარლამენტმა 1855 წელს კოლონია ვიქტორიის შესახებ კანონის მიღების გზით მიანიჭა ვიქტორიას უფლება ჰქონოდა საკუთარი მთავრობა. აჯანყების ზოგიერთი ლიდერი გახდა ვიქტორიის პარლამენტის წევრი.

ვიქტორიის კოლონიის პირველი სამხედრო მოქმედება საზღვარგარეთ ტერიტორიაზე იყო ჯარისა და ფლოტის გაგზავნა ახალ ზელანდიაში მაორების წინააღმდეგ ომში. ახალი სამხრეთი უელსის ჯარს ადრე უკვე ჰქონდა მონაწილეობა მიღებული ყირიმის ომში.

1901 წელს ვიქტორიის შტატი შევიდა ავსტრალიის შემადგენლობაში. ოქროს ციებ-ცხელების დროსმელბურნი გახდა ავსტრალიის და ახალი ზელანდიის ფინანსური ცენტრი. 1901 წლიდან 1927 წლამდე, სანამ მიმდინარეობდა კანბერის მშენებლობა, მელბურნი იყო ავსტრალიის დედაქალაქი. იმ დროს ის იყო ავსტრალიის უდიდესი ქალაქი მოსახლეობის მიხედვით და მეორე (ლონდონის შემდეგ) ბრიტანეთის იმპერიაში. მელბურნი ინარჩუნებდა მთავარი და გავლენიანი ფინანსური ცენტრის როლს, სადაც განლაგებულია მრავალი ავსტრალიური და საერთაშორისო კომპანიების ოფისები, მაგრამ 1970-იან და 1980-იან წლებში მას მნიშვნელობით თანდათან გადაუსწრო სიდნეიმ.

2009 წლის შაბათს 7 თებერვალს («შავი შაბათი») შტატს თავს დაატყდა ტყის მასიური ხანძრები, რომელმაც იმსხვერპლა მინიმუმ 180 ადამიანის სიცოცხლე.

პოლიტიკური მოწყობა

რედაქტირება

კონსტიტუცია

რედაქტირება

ვიქტორიის მოქმედი კონსტიტუცია მიიღეს 1975 წელს 1855 წლის კოლონიალური კონსტიტუციის ბაზაზე. დღეისათვის კონსტიტუციაში ცვლილებები და დამატებები შეუძლია შეიტანოს პარლამენტმა, თუმცა განხილვის სტადიაშია ცვლილება, რომელიც წარმოადგენს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის დროს რეფერენდუმის აუცილებელ ჩატარებას.

პარლამენტი

რედაქტირება

ვიქტორიის საკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნის პარლამენტს, რომელიც შედგება ორი პალატისაგან: საკანონმდებლო ასამბლეა (ქვედა პალატა) და საკანონმდებლო საბჭო (ზედა პალატა).

საკანონმდებლო ასამბლეის 88 წევრი ირჩევა ოთხწლიანი ვადით ერთმანდატიან ოლქებში.

2006 წლის ნოემბერში არჩევნები საკანონმდებლო საბჭოში გაიმართა ახალი პროპორციული სისტემით. შტატი დაიყო 8 მრავალმანდატიან ოლქად, თითოეული მათგანიდან ირჩეოდა ხუთი სენატორი. ზედა პალატის წევრთა რაოდენობა შემცირდა 44-დან 40-მდე, ხოლო მათი უფლებამოსილების ვადა — 4 წელი — გაუთანაბრდა ქვედა პალატის დეპუტატების უფლებამოსილების ვადას. შტატის პარლამენტის არჩევნები ამჟამად ფიქსირებულია და ტარდება ნოემბერში ყოველ 4 წელიწადში. 2006 წლამდე საკანონმდებლო საბჭო შედგებოდა 44 წარმომადგენლისაგან, რომლებსაც ირჩევენ 8-წლიანი ვადით 22 ორმანდატიან საარჩევნო ოლქებში.

პრემიერ-მინისტრი და კაბინეტი

რედაქტირება

ვიქტორიის პრემიერ-მინისტრი (მთავრობის მეთაური) არის იმ პოლიტიკური პარტიის ან კოალიციის ლიდერი, რომელსაც აქვს ადგილების უმრავლესობა საკანონმდებლო ასამბლეაში. კაბინეტი ფორმირდება პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატების რაოდენობისაგან. კაბინეტი ახორციელებს მართვას იმ სფეროებში, რომლებშიც ავსტრალიის კონსტიტუციის შესაბამისად არ ეხება ქვეყნის უშუალო კომპეტენციას, როგორიცაა განათლება, ჯანმრთელობა, კანონმდებლობის დაცვა.

გუბერნატორი

რედაქტირება

აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის შტატის გუბერნატორს, რომელიც წარმოადგენს ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ს და ინიშნება მის მიერვე. როგორც წესი ეს პოსტი უკავია გადამდგარ შტატის გამოჩენილ მოქალაქეს. გუბერნატორი მოქმედებს პრემიერ-მინისტრის და კაბინეტის რეკომენდაციით.

პოლიტიკური პარტიები

რედაქტირება

ვიქტორიის წამყვანი პოლიტიკური პარტიებია მემარცხენე ცენტრისტული ავსტრალიის ლეიბორისტული პარტია, მემარჯვენე ცენტრისტული ავსტრალიის ლიბერალური პარტია და აგრარული ავსტრალიის ნაციონალური პარტია. ტრადიციულად ლეიბორისტები ძლიერები არიან მელბურნის მუშათა, ცენტრალურ, დასავლეთ და ჩრდილოეთ რაიონებში, ქალაქებში მორველი, ბალარატი, ბენდიგო და ჯელონგი. ლიბერალებს ყველაზე მეტად მხარს უჭერენ უფრო მდიდარ მელბურნის აღმოსავლეთში და მის შემოგარენში, ასევე ზოგიერთი სასოფლო და რეგიონულ ცენტრებში. ნაციონალისტები ეყრდნობიან შტატის ჩრდილო-დასავლეთ და აღმოსავლეთ სასოფლო რაიონებში. ყოფილი პრემიერ-მინისტრის სტივ ბრეკსის ლეიბორისტული მთავრობა ხელისუფლებაში იყო 1999 წლიდან 2010 წლამდე. 2010 წლიდან ხელისუფლებაშია ლიბერალების მთავრობა.

2006 წლის არჩევნების შემდეგ სახელისუფლებო ბალანსი საკანონმდებლო ასამბლეაში ავსტრალიის მწვანეთა პარტიის ხელშია. ეს ნიშნავს, რომ თუ ისინი გაერთიანდებიან ლიბერალური და ნაციონალისტური პარტიის დეპუტატებთან, მწვანეებს შეუძლიათ დაბლოკონ სამთავრობო საკანონმდებლო ინიციატივები.

2010 წლის 27 ნოემბერს შტატში გაიმართა მორიგი არჩევნები, რის შედეგადაც მინიმალური უპირატესობით გაიმარჯვა ლიბერალთა პარტიამ.

ფედერალური წარმომადგენლობა

რედაქტირება

შტატ ვიქტორიის მოსახლეობა ავსტრალიის პარლამენტში ირჩევს 49 დეპუტატს, წარმომადგენელთა პალატის 37 და სენატის 12 წევრის ჩათვლით. 2007 წლის არჩევნების შემდეგ ლეიბორისტულმა პარტიამ პალატაში მიიღო ვიქტორიის შტატის 21 ადგილი, ლიბერალებმა 14, ხოლო ნაციონალისტებმა 2 ადგილი. 2008 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ლიბერალებს სენატში ჰქონდათ 6 ადგილი, ლეიბორისტებს — 5 და 1 ადგილი პარტიას — «ოჯახი უპირველეს ყოვლისა».

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

ადგილობრივი მმართველობის სისტემა ითვალისწინებს ვიქტორიის შტატის დაყოფას 79 მუნიციპალიტეტად, რომელშიც შედიან 39 საგრაფო, 32 ქალაქი, 7 სასოფლო ქალაქი და 1 ბორო (ინგლ. borough). მუნიციპალიტეტთა საბჭოები ასრულებენ ვიქტორიის პარლამენტის მიერ მათთვის დელეგირებულ ფუნქციებს, კერძოდ: ქალაქის გეგმარება, საგზაო ინფრასტრუქტურა, სანიტარული მომსახურება და სხვა. საბჭოების ბიუჯეტები ფორმირდება ძირითადად ქონების გადასახადებისგან და სამთავრობო გრანტებისაგან.

მოსახლეობა

რედაქტირება

ვიქტორია — ყველაზე მჭიდროდ დასახლებული შტატია ავსტრალიაში. დემოგრაფიული ცენტრები განაწილებულია შტატის ტერიტორიის დიდ ნაწილში. მხოლოდ შორეული ჩრდილო-დასავლეთი და ავსტრალიის ალპები არიან მცირედ დასახლებულნი.

2006 წლის აღწერის მონაცემებით ვიქტორიის მოსახლეობა შეადგენს 4 932 923 ადამიანს, მატებამ 1996 წელთან შედარებით შეადგინა 6,2 %[5]. 2009 წლის ბოლოს შეფასებით შტატის მოსახლეობაა 5 496 400 ადამიანი, წლიურმა მატებამ შეადგინა 2,1 %[6]. 2011 წლის აღწერით კი შტატში ცხოვრობს 5 354 042 ადამიანი.

ვიქტორიის დამფუძნებელ ანგლო-საქსონურ მოსახლეობას მომდევნო პერიოდში თანდათან დაემატნენ ემიგრანტები სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან და, სულ ბოლოს სომალის ნახევარკუნძულიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. ვიქტორიის მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა შეესაბამება ავსტრალიის მოსახლეობის ასაკობრივ სტრუქტურას.

ვიქტორიის მოსახლეობის 70 %-ზე მეტი (დაახლოებით 3,9 მილიონი ადამიანი) ცხოვრობს მელბურნში[7]. სხვა მსხვილი საქალაქო ცენტრებია: ჯელონგი, ბალარატი, ბენდიგო, შეპარტონი, მილდიურა, უორნამბული.

ვიქტორია ავსტრალიის ყველაზე ურბანიზებული შტატია. მოსახლეობის დაახლოებით 90 % ცხოვრობს ქალაქებში. შტატის ხელისუფლება 2003 წლიდან მოსახლეობის დეცენტრალიზაციის მიზნით ახორციელებს ოფიციალურ კამპანიას ვიქტორიის მოსახლეობის სოფლის რაიონებში მისაზიდად[8]. მიუხედავად ამისა მელბურნი საგრძნობლად უსწრებს წინ სოფლის რაიონებს მოსახლეობის ზრდის ტემპში[9].

ვიქტორიის მოსახლეობის დაახლოებით 60,5 % თავს თვლის ქრისტიანად. კათოლიკები შეადგენენ უმსხვილეს რელიგიურ ჯგუფს (შტატის მოსახლეობის 27,5 %). მათ მოსდევს ანგლიკანები და ავსტრალიის გაერთიანებული ეკლესიის წარმომადგენლები. შტატის უმსხვილეს და სწრაფად მზარდ არაქრისტიანულ რელიგიურ ჯგუფ ბუდისტთა რაოდენობა შეადგენს 132 634 ადამიანს. ვიქტორიაში ასევე ცხოვრობს 109 370 მუსლიმი და 41 105 ებრაელი. ვიქტორიელთა დაახლოებით 20 % არ თვლის საკუთარ თავს რომელიმე რელიგიის მიმდევრად, მათ შორისაც კი, ვინც გამოხატა თავისი თავი რომელიმე რელიგიური ჯგუფის მიმდევრად, ეკლესიებში მათი მისვლა მაინც საკმაოდ დაბალია[10]. 2008 წელს ახალდაქორწინებულთა წილი, რომლებმაც აირჩიეს დაქორწინების ეკლესიური წესი დაეცა 36 %-მდე[11].

ეკონომიკა

რედაქტირება

ვიქტორია ეკონომიკური მნიშვნელობით არის ავსტრალიაში მეორე შტატი ახალი სამხრეთი უელსის შემდეგ, მის წილზეა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მეოთხედი. 2004 წელს შტატის მშპ შეადგენდა 222 მილიარდ ავსტრალიურ დოლარს, მშპ ერთ სულ მოსახლეზე — 44 443 ავსტრალიურ დოლარს. ვიქტორიაში ეკონომიკური ზრდა 2004 წელს შეადგენს 3,4 %-ს, რაც ავსტრალიაში საშუალო მაჩვენებელზე (5,2 %) დაბალია.

ფინანსები, დაზღვევა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები შეადგენს ვიქტორიის ეკონომიკის მსხვილ სექტორს, მაშინ როდესაც მომსახურების სფერო არის მსხვილი დამსაქმებელი. სტაგნაციურ სამრეწველო სექტორში სამუშაო ადგილების შემცირებამ უმუშევრობის დონე ვიქტორიაში 2009 წლის სექტემბრის მონაცემებით ყველაზე დიდია ავსტრალიის შტატებს შორის[12].

ეკონომიკის დონის ვარდნა 1990-იან წლებში

რედაქტირება

ვიქტორიის შტატმა განიცადა ეკონომიკური ვარდნა 1989—1992 წლებში პრემიერ-მინისტრ ჯონ კეინის დროს. ამის გამომწვევ მიზეზებად ასახელებენ უძრავი ქონების ბაზრის დაცემას, მრეწველობისათვის სახელმწიფო დახმარების შემცირებამ, ასევე მთელი რიგი ინდუსტრიული გიგანტების გაკოტრებამ, როგორებიცაა პირამიდის სამშენებლო საზოგადოება, და ვიქტორიის სახელმწიფო ბანკის, კერძოდ, მისი სავაჭრო ბანკის ტრიკონტენენტალის დაშლა. შედეგად მოხდა სამუშაო ადგილების შემცირება და მოსახლეობის გადანაცვლება ახალ სამხრეთ უელსში და კუინზლენდში.

1990-იანი წლების შუიდან ბოლომდე ვიქტორიის შტატის მთავრობამ პრემიერ-მინისტრის ჯეფ კენეტის ხელმძღვანელობით (ავსტრალიის ლიბერალური პარტია) სცადა გამოესწორებინა ეს ტენდენცია სახელმწიფო ხარჯების მასირებული შეკვეცით, ეკონომიკის სახელმწიფო სექტორის შემცირებით და ამავდროულად ახალი, ძირითადად მელბურნის ირგვლივ კონცენტრირებული საზოგადოებრივი მშენებლობების გაფართოებით. მშენებარე ობიექტებს შორის იყვნენ მელბურნის მუზეუმი, ფედერაციის მოედანი, გამოფენებისა და ყრილობების მელბურნის ცენტრი და ფასიანი ავტოგზები. ამ ღონისძიებებს თან ერთვოდა სახელმწიფო აქტივების გაყიდვა, სახელმწიფო ელექტრონული კომისიის და რიგი სახელმწიფო სკოლების ჩათვლით, სახელმწიფო მომსახურების სფეროს შეკვეცით და მელბურნის სარეკლამო კომპანიამ, რომელიც მიმართული იყო მუდმივი მოსახლეობისა და ტურისტების მოსაზიდად.

პრემიერ-მინისტრ სტივ ბრეკსის მთავრობამ (ავსტრალიის ლეიბორისტული პარტია) ახდენდა მცირე დაწოლას კაპიტალურ მშენებლობაზე და უფრო ავითარებდა სახელმწიფო მომსახურების სფეროს.

სოფლის მეურნეობა

რედაქტირება

2003—2004 წლებში ვიქტორიის შტატის სოფლის მეურნეობის წარმოების საერთო მოცულობა გაიზარდა 17 %-ით და მიაღწია 8,7 მილიარდ დოლარს. მან შეადგინა ეროვნული სოფლის მეურნეობის წარმოების 24 %. 2004 წლის მონაცემებით 32 463 ფერმას ეკავა ვიქტორიის დაახლოებით 136 000 კმ² მიწა. მან შეადგინა შტატის მიწების 60 %-ზე მეტი. ვიქტორიის ფერმები შედგება მცირე საბაღე მეურნეობიდან მსხვილი მარცვლეულის და მეცხოველეობის სამრეწველო საწარმოებამდე. ფერმების დაახლოებით მეოთხედი აწარმოებენ სამრეწველო კულტურებს.

ვიქტორიის 26 000 კმ²-ზე მეტი ფერმის მიწები გამოყოფილია მარცვლეულის დასათესად, ძირითადად შტატის დასავლეთით. ამ ფართის 50 %-ზე მეტი განკუთვნილია ხორბლისათვის, 33 % ქერისათვის და 7 % შვრიასათვის. კიდევ 6000 კმ² განკუთვნილია საკვები კულტურებისათვის. 2003—2004 წლების სეზონში ვიქტორიის ფერმერებმა აწარმოეს 3 მილიონ ტონაზე მეტი ხორბალი და 2 მილიონი ტონა ქერი. შტატში ასევე აწარმოებენ ავსტრალიაში ნაწარმოებ თამბაქოს ნახევარზე მეტს. ვიქტორიაზე მოდის ავსტრალიაში მსხლის მოსავლის დაახლოებით 90 % და ვაშლის მოსავლის მესამედი. შტატი ლიდერია კურკოვანი მცენარეების პროდუქტების წარმოებაში. ძირითადი ბოსტნეული კულტურებია სატაცური, კომბოსტო, სტაფილო, კარტოფილი და პომიდორი.

ვიქტორიის ფერმების 10 %-ზე ბინადრობს 14 მილიონზე მეტი ცხვარი და 5 მილიონი კრავი, ძირითადად შტატის ჩრდილოეთში და დასავლეთში. 2004 წელს დაახლოებით 10 მილიონი ცხვარი და კრავი დაკლეს ადგილობრივი მოხმარებისთვის და ექსპორტისთვის. ვიქტორიას ასევე ექსპორტზე გააქვს ცოცხალი ცხვარი ხორცისათვის ახლო აღმოსავლეთში და გასამრავლებლად სხვა ქვეყნებში. მატყლის წარმოება შეადგენს 108 000 ტონას წელიწადში (ავსტრალიის ნაწარმის ერთი მეხუთედი).

ვიქტორია არის ავსტრალიის ცენტრი რძის წარმოებაში. შტატში უვლიან ავსტრალიის სარძეო მიმართულების მსხვილი რქოსანი საქონლის 60 %-ს, რომელზეც მოდის დაახლოებით რძის ეროვნული წარმოების ორი მესამედი, ანუ თითქმის 6,4 მილიონი ლიტრი წელიწადში. შტატს ასევე ჰყავს 2,4 მილიონი სული სახორცე მსხვილი რქოსანი საქონელი, ყოველწლიურად იკვლება 2,2 მილიონი ძროხა და მოზვერი. 2003—2004 წლებში ვიქტორიის მეთევზეობის დარგმა აწარმოა 11 634 ტონა ზღვის პროდუქტები 109 მილიონი დოლარის ღირებულებით. მოლუსკები თევზჭერის ძირითადი პროდუქტია, რომელსაც მოაქვს 46 მილიონი დოლარის შემოსავალი. შემდეგ მოდის კიბორჩხალები 13,7 მილიონი დოლარის შემოსავალით. ძირითადი მათი ნაწილი გადის ექსპორტზე აზიაში.

მრეწველობა

რედაქტირება

მრეწველობის ძირითადი დარგია მანქანების და მოწყობილობების წარმოება, შემდეგ მოდის კვების მრეწველობა, ნავთობის და ქვანახშირის მოპოვება, ქიმიური მრეწველობა. ვიქტორიის მრეწველობაში დაკავებულია 318 ათასი მუშა-მოსამსახურე, რაც შეესაბამება შტატის მუშა ხელის 15 %-ს. სამრეწველო წარმოების მოცულობის მიხედვით შტატი უმნიშვნელოდ ჩამორჩება ახალ სამხრეთ უელსს.

მსხვილი სამრეწველო საწარმოები არიან ავტომანქანების მწარმოებელი ქარხნები ფორდი, ტოიოტა და ჰოლდენი, ალკოას ალუმინის კომბინატი პორტლენდში და პოინტ ჰენრი, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ჯელონგში და ალტონაში, ნავთობქიმიური კომბინატი ლეივერტონში.

ვიქტორია ასევე დიდ როლს ასრულებს თავდაცვით მრეწველობაში. მთავარი მისი ცენტრებია მელბურნი და ჯელონგი. ელექტროენერგიის წარმოება ხელს უწყობს წარმოების ზრდას ლეტროუბის დაბლობში.

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება

რედაქტირება

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას მოაქვს შტატის მშპ-ს 3 მილიარდ დოლარზე მეტი, რაც შეადგენს დაახლოებით 1 %-ს. დასაქმებულთა რიცხვი მუშა ძალის 1 %-ზე ნაკლებია. მოპოვების ძირითადი წილი მოდის ენერგომატარებლებზე. მურანახშირზე, ნავთობზე და გაზზე მოდის დაახლოებით ადგილობრივი წარმოების 90 %. ნავთობის და გაზის მოპოვება თავმოყრილია გიპსლენდის სანაპიროს გასწვრივ შტატის აღმოსავლეთით. მურანახშირის და ელექტროენერგიის მოპოვება ხდება ლატრობეს ველზე.

2005—2006 ფინანსურ წელს გაზის მოპოვების საშუალო მაჩვენებელმა შეადგინა 20 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი დღეში, რაც ეკვივალენტურია გაზის საერთო ეროვნული გაყიდვის 18 %-სა, ამასთან მოთხოვნა იზრდება 2 %-ით წელიწადში[13].

1985 წელს ნავთობის მოპოვება მაქსიმალურ მაჩვენებელზე ავიდა გოპსლენდის ოფშორულ აუზში, შეადგინა რა საშუალოდ 450 ათასი ბარელი დღეში. 2005—2006 წლებში საშუალო მოპოვება შემცირდა 83 ათას ბარელამდე დღეში, მაგრამ მიუხედავად ამისა ვიქტორიაზე მაინც მოდის ავსტრალიის ნავთობის მოპოვების დაახლოებით 19,5 %[14].

მურანახშირი არის ვიქტორიის ძირითადი სასარგებლო წიაღისეული. ყოველწლიურად მოიპოვება 66 მილიონი ტონა. ნახშირი გამოიყენება ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის ლატრობეს ველზე[15]. რეგიონს გააჩნია მსოფლიოში უდიდესი მურანახშირის ცნობილი მარაგი.

ისტორიულად შტატი იყო ავსტრალიის ოქროს ციებ-ცხელების ცენტრი, მაგრამ დღეისათვის ვიქტორიის წილზე მოდის ოქროს ეროვნული მოპოვების 1 %-ზე ნაკლები. ვიქტორიაში შეზღუდული რაოდენობით ასევე მოიპოვება თაბაშირი და კაოლინიტი.

მომსახურების სფერო

რედაქტირება

მომსახურების სფერო ყველაზე სწრაფად განვითარებადი სექტორია ვიქტორიის ეკონომიკაში. ის მოიცავს მომსახურების ფართო სპექტრს, როგორებიცაა: საზოგადოებრივი, სოციალური და პირადი მომსახურება; ფინანსური, სადაზღვევო და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მომსახურება; სატრანსპორტო და კომუნალური მომსახურება; საცალო და საბითუმო ვაჭრობის მომსახურება. მომსახურების სფეროს საწარმოთა უმრავლესობა მდებარეობენ მელბურნში და შტატის მსხვილ რეგიონულ ცენტრებში.

2004—2005 ფინანსურ წელს მომსახურების სფეროში დაკავებული იყო მომუშავეთა სამი მეოთხედი, და მან შტატს მოუტანა მშპ-ის სამი მეოთხედი. ფინანსური, სადაზღვევო და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მომსახურება უფრო დიდ როლს თამაშობს მშპ-ში, ვიდრე შტატის ეკონომიკის ნებისმიერი სხვა სექტორი. მომუშავეთა მეოთხედზე მეტი დაკავებულია საზოგადოებრივი, სოციალური და პირადი მომსახურების სექტორში[16].

ტრანსპორტი

რედაქტირება

ვიქტორიის საგზაო ქსელი ერთმანეთთან აერთებს დასახლებულ პუნქტებს. ავტოსტრადებით მელბურნი უკავშირდება სხვა მსხვილ ქალაქებს და რეგიონულ ცენტრებს, ხოლო მეორეხარისხოვანი ავტოგზები ავტოსტრადებს აერთებს ერთმანეთთან. ავტოსტრადების უმრავლესობა აშენებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, დანარჩენი გზები, როგორც წესი, მყარი საფარით და შესაბამისი ხარისხით.

სარკინიგზო გადაზიდვები ვიქტორიაში ხორციელდება რამდენიმე სახელმწიფოს კუთვნილი ინფრასტრუქტურის კერძო და სახელმწიფო ოპერატორების მეშვეობით. მსხვილი ოპერატორებია: მეტრო ტრეის მელბურნი, რომელიც ახორციელებს გადაზიდვებს ელექტროფიცირებული ხაზებით მელბურნში და მის შემოგარენში; ვიქტორიის მთავრობის კუთვნილი V/Line, რომელიც ახორციელებს გადაზიდვებს მსხვილ რეგიონულ ცენტრებში და შორეულ გადაზიდვებს სხვა მიმართულებით; სატვირთო გადაზიდვის კომპანიები Pacific National, CFCLA, El Zorro; Great Southern Railway, ახორციელებენ გადაზიდვებს მარშრუტით მელბურნი — ადელაიდა; CountryLink მარშრუტით მელბურნი — სიდნეი.

ასევე მუშაობენ რამდენიმე მცირე სატვირთო ოპერატორები და რიგი ტურისტული სარკინიგზო ხაზები, რომლებიც ადრე იყვნენ სახელმწიფო ქსელის ნაწილი. ვიქტორიის რკინიგზების ლიანდაგის სიგანე ძირითადად 1600 მილიმეტრია. მაგრამ შტატებს შორის არსებული მაგისტრალური ხაზები და ზოგიერთი განშტოებები შტატის დასავლეთში გადაიყვანეს სტანდარტულ სიგანეზე — 1435 მილიმეტრზე. ორ ტურისტულ სარკინიგზო ხაზს, რომლებიც მთიან რეგიონებში აშენებული ხუთი ყოფილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სარკინიგზო ხაზის გადმონაშთია, აქვთ ვიწრო სიგანე — 762 მილიმეტრი.

მელბურნს აქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი ტრამვაის ქსელი[17], რომელსაც მართავს კომპანია იარა ტრამსი. ტრამვაი, გარდა პოპულარული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობისა, ბოლო ათწლეულში გახდა მელბურნის ერთ-ერთი ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობა. ასევე არსებობს ტრამვაი ტურისტებისათვის, რომელიც კურსირებს ნაწილობრივ ბალარატის და ბენდიგოს ყოფილი ტრამვაის სისტემებში. არსებობს ტრამვაის მუზეუმი ბაილენდსში და ჰედონში.

მელბურნის აეროპორტი შტატის ძირითადი შიდა და საერთაშორისო აეროპორტი. ავალონის აეროპორტი მნიშვნელობით მეორეა. ამას გარდა, მელბურნის საჰაერო გადაზიდვები ხორციელდება ესენდონისა და მურაბინის აეროპორტებით. შტატის სხვა შიდა გადაზიდვების რეგულარულად განმხორციელებელი აეროპორტებია: ჰამილტონის, მილდიურის, მაუნტ-ჰოტამის და პორტლენდის აეროპორტები. შტატის დანარჩენი 27 აეროპორტიდან რეგულარული რეისები არ ხორციელდება.

მელბურნის საზღვაო პორტი ავსტრალიის უდიდესი პორტია, რომლის მეშვეობით მუშავდება კონტეინერები და გენერალური ტვირთები[18]. მდებარეობს მელბურნში მდინარე იარის შესართავში პორტ-ფილიპის ყურეში. სხვა პორტებია: დასავლეთ პორტი, ჯელონგის პორტი და პორტლენდის პორტი.

ინფრასტრუქტურის დარგები

რედაქტირება

ელექტროენერგეტიკა

რედაქტირება

ვიქტორიაში ელექტროენერგიის გენერაცია ძირითადად ხორციელდება მურა ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებში, კერძოდ, ლეტროუბის დაბლობზე.

წყალმომარაგება

რედაქტირება

ვიქტორიის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა შედგება უპირატესად შტატის ცენტრალურ ნაწილში არსებული მთელი რიგი დამბებისა და წყალსაცავებისაგან, რომლებიც კრებავენ და ინახავენ წყალს მისი ტერიტორიის დიდი ნაწილისთვის. შეკრებილი წყალს აქვს მაღალი ხარისხი და საჭიროებს მხოლოდ უმნიშვნელო ქლორირებას, რაც მას აძლევს წვიმის წყლის გემოს. მაგრამ ზოგიერთ რეგიონებში, კერძოდ, შტატის დასავლეთში, ქლორირების დონე გაცილებით მაღალია.

ვიქტორიის წყალმომარაგების სისტემა დღეისათვის ერთიანდება ერთიან სერიულ მილსადენების ქსელში მისი პრივატიზაციის უზრუნველსაყოფად, წყლის საბაზრო გარემოს შექმნის ხარჯზე და ინვესტორებს შეეძლებათ თავისუფლად შეისყიდონ და გაყიდონ წყალი[19]. ამ სამუშაოებში შედის ვონტეგიში დისტილაციური ქარხნის მშენებლობა, რომელმაც პრივატირიზებულ ბაზარზე უნდა უზრუნველყოს სისტემა «ახალი» წყლით ვაჭრობისთვის საუკეთესო პირობების შესაქმნელად[19].

განათლება

რედაქტირება

დაწყებითი და საშუალო განათლება

რედაქტირება

ვიქტორიის სახელმწიფო დაწყებითი სკოლების სისტემა ჩაისახა 1872 წელს, როდასაც კოლონიურმა მთავრობამ სასკოლო განათლება გამოაცხადა უფასოდ და სავალდებულოდ. სახელმწიფო საშუალო სკოლები შტატში გამოჩნდნენ 1905 წლიდან. აქამდე არსებობდნენ მხოლოდ კერძო საშუალო სკოლები. დღეისათვის ვიქტორიის სასკოლო განათლება შედგება შვიდწლიანი დაწყებითი (1 მოსამზადებელი წლის ჩათვლით) და ექვსწლიანი საშუალო სწავლებისგან.

ვიქტორიელი ბავშვები სკოლაში სწავლას, როგორც წესი იწყებენ 5 ან 6 წლის ასაკიდან. ბოლო წლებში საშუალო სკოლებში სწავლა სავალდებულო არ არის 17 წელზე უფრო მეტი ასაკის ბავშვებისათვის. საშუალო სკოლა დამთავრებულები იღებენ ვიქტორიის განათლების ატესტატს და რეიტინგს, რომელიც განსაზღვრავს მათ შესაძლო მოხვედრას უნივერსიტეტში (ATAR).

ვიქტორიაში სკოლები შეიძლება იყოს, როგორც კერძო ისე სახელმწიფო. სახელმწიფო სკოლები ფინანსდება და იმართება უშუალოდ ვიქტორიის განათლების დეპარტამენტისაგან[20]. მოსწავლეები სწავლაში საფასურს არ იხდიან, მაგრამ შეუძლიათ გადაიხადონ ზოგიერთი დამატებითი ხარჯები. კერძო ფასიანი სკოლებში შედიან რომის კათოლიკური ეკლესიის სკოლები და დამოუკიდებელი სკოლები. დამოუკიდებელი სკოლები, როგორც წესი უკავშირდება პროტესტანტულ მრევლს. ვიქტორიაში არის, ასევე, რამდენიმე კერძო ებრაული და მუსულმანური დაწყებითი და საშუალო სკოლა. კერძო სკოლები, ასევე, ნაწილობრივ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ყველა სკოლა ვალდებულია შეესაბამებოდეს მთავრობის მიერ დადგენილ განათლების სტანდარტებს. ამის გარდა, ვიქტორიაში ფუნქციონირებს 4 სახელმწიფო საკონკურსო სკოლები: მელბურნის დამამთავრებელი სკოლა ბიჭებისათვის, მაკრობერტსონის ქალთა დამამთავრებელი სკოლა გოგოებისთვის, შერეული ნოსელის დამამთავრებელი სკოლა და ვიქტორიის ხელოვნების კოლეჯის საშუალო სკოლა. მოსწავლეებს შეუძლიათ ჩაირიცხონ ამ სკოლებში კონკურსის საფუძველზე გამოცდების ჩაბარების შემდეგ.

2005 წლის აგვისტოს მდგომარეობით ვიქტორიაში იყო 1613 სახელმწიფო სკოლა, 484 კათოლიკური სკოლა და 208 დამოუკიდებელი სკოლა. 2005 წელს დაახლოებით 537 ათასი მოსწავლე ჩაირიცხა სახელმწიფო სკოლებში და 289 ათასი კი კერძო სკოლებში. კერძო სკოლების მოსწავლეთა დაახლოებით ორი მესამედი სწავლობს კათოლიკურ სკოლებში. 455 ათას მოსწავლეზე მეტი ჩაირიცხა დაწყებით სკოლებში და 371 ათასზე მეტი საშუალო სკოლებში. მოსწავლეთა პროცენტი, რომლებიც აგრძელებენ სწავლას საშუალო სკოლის ბოლო ორ კლასში, შეადგენს 77 %-ს სახელმწიფო სკოლებში და 90 %-ს კერძო სკოლებში. ვტქტორიის შტატში მუშაობს დაახლოებით 60,2 ათასი მასწავლებელი.

უმაღლესი განათლება

რედაქტირება

ვიქტორიის შტატში 9 უნივერსიტეტია. მათ შორია ყველაზე ძველია მელბურნის უნივერსიტეტი, რომელმაც პირველი სტუდენტები მიიღო 1855 წელს. უდიდეს, მონაშის უნივერსიტეტში, ყოველწლიურად ირიცხება დაახლოებით 56 ათასი სტუდენტი, მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ავსტრალიის უნივერსიტეტში. ორივე შედის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის. მათში ჩასარიცხად აუცილებელია მაღალი გამსვლელი ქულები, გამოცდების ჩაბარება უფროსი ასაკის აბიტურიენტებისათვის ან სწავლის ღირებულების გადახდა.

ვიქტორიის უნივერსიტეტებში ჩასარიცხი სტუდენტების რაოდენობა 2004 წელს შეადგენდა 241 755 ადამიანს, რომელიც წინა წელთან შედარებით გაიზარდა 2 %-ით. საზღვარგარეთელი სტუდენტები შეადგენენ ამ რაოდენობის დაახლოებით 30 %-ს და მათზე მოდის სწავლის საფასურის ძირითადი ნაწილი. ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ბიზნესის, მართვის და ეკონომიკის დარგები, რომლებსაც ირჩევს სტუდენტთა დაახლოებით მესამედი. შემდეგ მოდის ხელოვნების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერების სპეციალობები, რომლებსაც ირჩევს უნივერსიტეტში ჩარიცხულთა 20 %.

ვიქტორიის შტატში არსებობს 18 სახელმწიფო ტექნიკური და დამატებითი განათლების დაწესებულება (TAFE). შტატში დამატებითი განათლების პირველი დაწესებულება გახდა 1839 წელს დაარსებული მელბურნის მექანიკური ინსტიტუტი, რომელსაც დღეს ჰქვია მელბურნის ატენეუმი. ამას გარდა, 1000-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება სწავლებას აწარმოებს TAFE-ის მიერ აღიარებული პროგრამით. 2004 წელს დაახლოებით 480 700 მოსწავლე ჩაირიცხა შტატის სხვადასხვა დამატებითი განათლების დაწესებულებში.

ბიბლიოთეკები

რედაქტირება

ვიქტორიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა — შტატის ცენტრალური და უდიდესი ბიბლიოთეკაა. ის პასუხისმგებელია ვიქტორიის დოკუმენტალური მემკვიდრეობის შეგროვებაზე და მის შენახვაზე, ასევე სხვადასხვა მომსახურებისა და პროგრამის დახმარებით მასზე ნებართვის ქონაზე. შესაგროვებელი მასალების სიაში შედიან: წიგნები, გაზეთები, ჟურნალები, მანუსკრიპტები, რუკები, ნახატები, ობიექტები, ხმოვანი და ვიდეო ჩანაწერები, მონაცემთა ბაზები.

ამას გარდა, ადგილობრივი ხელისუფლება ინახავს მუნიციპალური ბიბლიოთეკების მრავალ ფილიალებს თავიანთ რეგიონებში.

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

ვიქტორიის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენენ:

სხვა პოპულარულ ტურისტულ გართობაში შედის დელტოპლანით და საჰაერო ბურთებით ფრენები და წყალქვეშა ცურვა.

მსხვილი ღონისძიებები ასევე დიდ როლს თამაშობს ვიქტორიის ტურიზმის განვითარებაში, კერძოდ კულტურულ და სპორტულ ტურიზმში. ამ ღონისძიებების დიდი ნაწილი კონცენტრირებულია მელბურნის ირგვლივ, მაგრამ ზოგიერთი მათგანი იმართება რეგიონულ ქალაქებშიც, მაგალითად В8 სუპერკაფი და ავსტრალიის სამოტოციკლეტო გრან-პრი ფილიპის კუნძულზე, დიდი ყოველწლიური სტიპლჩეზი ვარნამბულში, ავსტრალიის საერთაშორისო ავიაშოუ ჯელონგში და ბევრი ადგილობრივი ფესტივალი, როგორიცაა პოპულარული ფოლკლორული ფესტივალი პორტ-ფერიში, მუსიკალური ფესტივალი ქუინზკლიფში, ბელს-ბიჩ სიორფ კლასიკი და საშემოდგომო ფესტივალი ბრაიტში.

ვიქტორიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს ავსტრალიური ფეხბურთი. ავსტრალიური ფეხბურთის ლიგის 10 კლუბი 16-დან ბაზირებულია ვიქტორიაში. ტრადიციული გრანდ ფინალი ტარდება მელბურნ კრიკეტ გრაუნდზე, როგორც წესი სექტემბრის ბოლო შაბათს.

ვიქტორიის კრიკეტის გუნდი ვიქტორიან ბუშრეინჯერსი გამოდის კრიკეტის ეროვნულ ლიგაში შეფილდ შილდში. ვიქტორია წარდგენილია ეროვნული სარაგბო ლიგაში გუნდით მელბურნ სტორმი და სუპერ რაგბის ლიგაში გუნდით მელბურნ რებელსი (2011 წლიდან). ვიქტორია ასევე წარდგენილია საფეხბურთო ეი-ლიგა-ში გუნდებით მელბურნ ვიქტორი და მელბურნ ჰარტი (2010 წლიდან).

მელბურნში ჩატარდა ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 1956 წელს, თანამეგობრობის თამაშები 2006 წელს, მსოფლიო ჩემპიონატი ცურვაში. ასევე იანვარში მელბურნში ყოველწლიურად ტარდება ავსტრალიის ღია პირველობა ჩოგბურთში, დიდი მუზარადის ოთხიდან პირველი საჩოგბურთო ტურნირი, და ავსტრალიის გრან-პრი ავტორბოლებში ფორმულა ერთის კლასში.

ვიქტორიის ბელს-ბიჩის პლაჟზე ტარდება მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ტურნირი სიორფინგში ბელს-ბიჩ სიორფკლასიკი, რომელიც ასპ-ს მსოფლიო ტურის ნაწილია.

ვიქტორიაში პოპულარობით სარგებლობს ნეტბოლი. გუნდი მელბურნ ვაიკსაზი წარმოადგენს ვიქტორიას в ანზ-ს ჩემპიონატში.

ფილიპის კუნძულის სარბოლო ტრასა ფილიპ-აილენდზე ტარდება ავსტრალიის სამოტოციკლეტო გრან-პრი, MotoGP-ის ანალოგი (მსოფლიოში ლიდერი სამოტოციკლეტო კლასი), სუპერბაიკის მსოფლიო ჩემპიონატის ავსტრალიური ეტაპი და ადგილობრივი რბოლები В8 სუპერკარი, რომლებიც ასევე ტარდება ავტოდრომებზე სანდაუნ რეისუეი და უინტონ მოტორ რეისუეი.

ყოველწლიურად ტარდება ავსტრალიაში ყველაზე პრესტიჟული კროსი სტოელ გიპტი.

ვიქტორიაში ტარდება სამხრეთ ნახევარსფეროში ყველაზე დიდი ტურნირი პოკერში ოსი მილიონსი.

მელბურნის საგაზაფხულო ფესტივალი — ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი დოღი და სპორტული ღონისძიებაა მსოფლიოში, რომელიც საკმაო რაოდენობის მაყურებელს იზიდავს. ძირითადი გარბენები ტარდება მელბურნის თასისათვის.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Jan Critchett, (1990), A distant field of murder: Western district frontiers, 1834-1848, Melbourne University Press (Carlton, Vic. and Portland, Or.) ISBN 052284389
  • Ian D Clark (1990) Aboriginal languages and clans: An historical atlas of western and central Victoria, 1800-1900, Dept. of Geography & Environmental Science, Monash University (Melbourne), ISBN 090968541X
  • Ian D Clark (1995), Scars in the landscape: A register of massacre sites in western Victoria, 1803-1859, Australian Institute of Aboriginal and Torres Strait Islander Studies (Canberra), ISBN 0855752815
  • Ian D Clark (2003) ‘That’s my country belonging to me’ - Aboriginal land tenure and dispossession in nineteenth century Western Victoria, Ballarat Heritage Services, Ballarat.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. მოსახლეობის აღწერა (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-29. ციტირების თარიღი: 2014-06-11.
  2. Victoria Tasmania border. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-28. ციტირების თარიღი: 2014-06-11.
  3. Boundary Islet on street-directory.com.au. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-30. ციტირების თარიღი: 2014-06-11.
  4. 4.0 4.1 4.2 Rainfall and Temperature Records: National. Bureau of Meteorology (Australia)
  5. Австралийское бюро статистики. მოსახლეობის აღწერა (2006 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-08. ციტირების თარიღი: 2014-06-12.
  6. ავსტრალიის სტატისტიკის ბიურო. დემოგრაფიული სტატისტიკა, 2009 წლის დეკემბერი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-25. ციტირების თარიღი: 2014-06-12.
  7. Regional Population Growth, Australia, 2007-08
  8. DIIRD — About. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-26. ციტირების თარიღი: 2014-06-12.
  9. Pressure grows as Melbourne rockets to 4 million
  10. ავსტრალიის სტატისტიკის ბიურო. მოსახლეობის აღწერა (2006 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-08. ციტირების თარიღი: 2014-06-12.
  11. სტატისტიკური ანგარიში 2008 წლისთვის. ქორწინების, დაბადების და სიკვდილიანობის რეგისტრაცია[მკვდარი ბმული]
  12. Business & Finance News — Yahoo!7 Finance[მკვდარი ბმული]
  13. Department of Primary Industries
  14. DEPARTMENT OF PRIMARY INDUSTRIES: Oil and Gas
  15. Australian Bureau of Statistics: Year Book Australia, 2004 — Profile of major commodities
  16. Australian Bureau of Statistics, Department of Primary Industries
  17. DoI (2008).[მკვდარი ბმული]
  18. DoI media release — 'GOVERNMENT OUTLINES VISION FOR PORT OF MELBOURNE FREIGHT HUB' — 14 August 2006
  19. 19.0 19.1 Kenneth Davidson. Water Lies. Issue 31 Summer 09/10. Dissent. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-16. ციტირების თარიღი: 2014-06-14.
  20. ვიქტორიის განათლების დეპარტამენტი