თეოფანე დავითაია

ქართველი გეოგრაფი, კლიმატოლოგი და აგრომეტეოროლოგი

თეოფანე ფარნას ძე დავითაია (დ. 15 სექტემბერი [ძვ. სტ. 2 სექტემბერი], 1911, ეკი, სენაკის მუნიციპალიტეტი — გ. 29 ივნისი, 1979, თბილისი, საქართველო) — ქართველი გეოგრაფი, კლიმატოლოგი და აგრომეტეოროლოგი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1951), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960), პროფესორი (1961), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1966). სანქტ-პეტერბურგისა (1950–1951) და მოსკოვის (1955-1961) უნივერსიტეტების პროფესორი; ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი (1962–1979); საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი (1970-1979); საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი (1972-1979). საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი 1939 წლიდან.

თეოფანე დავითაია
დაბ. თარიღი 15 სექტემბერი, 1911(1911-09-15)
დაბ. ადგილი ეკი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 29 ივნისი, 1979(1979-06-29) (67 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა გეოგრაფი და კლიმატოლოგი
მუშაობის ადგილი თბილისის ობსერვატორია, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი და საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი, წითელი ვარსკვლავის ორდენი, სამამულო ომის მე-2 ხარისხის ორდენი, მედალი „ლენინგრადის დაცვისათვის“, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახელმწიფო პრემია და Q65158091?

დიდი წვლილი მიუძღვის კლიმატისა და ამინდის არახელსაყრელ პირობებთან (გვალვა, ხორშაკი, წაყინვა) ბრძოლის მეთოდების თეორიულ დასაბუთებაში, დაამუშავა აგროკლიმატური დარაიონებისა და კლიმატის სასოფლო სამეურნეო შეფასების მეთოდები, შექმნა კლიმატის საწარმოო შეფასების ახალი მეცნიერული მიმართულება, დაადგინა თანამედროვე ცივილიზაციის ზეგავლენით ბუნებაში თავისუფალი ჟანგბადის სისტემური კლების აქამდე უცნობი მოვლენა. მას ასევე დიდი წვლილი მიუძღვის „საქართველოს ატლასის“ შექმნაში. მისი მონაწილეობით და რედაქტორობით შეიქმნა კუბის ეროვნული ატლასი. დიდი წვლილი მიუძღვის კუბის მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის დაარსებაში.

ბიოგრაფია რედაქტირება

თეოფანე დავითაია დაიბადა 1911 წლის 15 სექტემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკში. 1927 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა ქალაქ ფოთში და იქვე მოეწყო შავ მუშად. 1928 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შესვლის შემდეგ, სწავლასთან ერთად მუშაობდა თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის ამინდის ბიუროში. ჯერ კიდევ ლენინგრადის მემცენარეობის სრულიად საკავშირო ინსტიტუტის ასპირანტურაში სწავლის დროს თეოფანე დავითაიამ მრავალი წინადადება წამოაყენა სამეცნიერო მუშაობის ორგანიზაციის შესახებ. მან ასპირანტურა გაიარა თანამედროვე აგროკლიმატოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებლის გიორგი სელიანინოვის ხელმძღვანელობით. 1936 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია: „ვაზის კლიმატური ზონები სსრკ-ში“, რომელიც მონოგრაფიის სახით გამოიცა 1938 წელს. ნაშრომში პირველად იქნა მოცემული ვაზის აგროკლიმატური დახასიათება, დასაბუთებულია ეკოლოგიურად და თეორიულად ვაზის გავრცელების დამოკიდებულება კლიმატურ პირობებთან. მონოგრაფიას რამდენიმეჯერ მიენიჭა პრემია და 1948 წელს ზოგიერთი საკითხის დამატებით, მეორედ გამოიცა.

მეორე მსოფლიო ომის დროს თეოფანე დავითაია მოქმედ არმიაში გაიწვიეს; ომის დროს 42-ე ბატალიონის ავიამეტეოროლოგიური სადგურის უფროსი იყო. ხელმძღვანელობდა რა საჰაერო სამხედრო ძალების ნაწილებისა და შენაერთების მეტეოროლოგიურ სამსახურს, იგი იყო ლენინგრადის, ვოლხოვისა და სტეპის ფრონტებზე, აგრეთვე მეორე უკრაინის ფლოტზე. ამისდა მიუხედავად, მას არ შეუწყვეტია მეცნიერული მუშაობა და ომის შემდეგ განაგრძობს მუშაობას ლენინგრადში. ამ პერიოდის ნაშრომებიდან აღსანიშნავია მონოგრაფია: „ვაზის კლიმატების გამოკვლევები სსრკ-ში და მათი პრაქტიკული გამოყენების დასაბუთება“, რომელიც გამოიცა 1952 წელს და იქცა მევენახეების, მეღვინეებისა და აგროკლიმატოლოგთათვის სამაგიდო წიგნად. ომის დამთავრებამ ჩეხეთში მოუსწრო, კვლავ დაბრუნდა ლენინგრადში მემცენარეობის სრულიად საკავშირო ინსტიტუტში.

1940 წელს აირჩიეს სრულიად საკავშირო გეოგრაფიული საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ. 1951-1959 წლებში მუშაობდა მოსკოვში საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში, 1962 წლამდე კი — პროგნოზების ცენტრალური ინსტიტუტის აგროკლიმატოლოგიის განყოფილების უფროსად.

სამეცნიერო მოღვაწეობა რედაქტირება

თეოფანე დავითაიას ძირითადი სამეცნიერო გამოკვლევები ეხება ზოგად და სასოფლო-სამეურნეო კლიმატოლოგიას, აგრომეტეოროლოგიასა და სოფლის მეურნეობის გეოგრაფიას, სარწყავი მელიორაციის თეორიას, კლიმატისა და ამინდის არასასურველ ფაქტორებთან ბრძოლის მეთოდების დასაბუთებას, ბუნების გარდაქმნასა და დაცვის პრობლემებს. ყირიმისათვის დავითაიამ პირველად დაადგინა ჰაერის ტემპერატურის ინვერსიის არსებობა წლის თბილ პერიოდში, რომელიც გამოწვეულია ბრიზული ცირკულაციის გავლენით ზღვიდან სხვადასხვა მანძილით დაშორებულ ყირიმის მთების სამხრეთ კალთებზე.

მონაწილეობა მიიღო მრავალტომეული კაპიტალური გამოცემის „სსრკ ამპელოგრაფიის“ მომზადებაში. 1958-1959 წლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის მიწვევით თეოფანე დავითაია მუშაობდა საბჭოთა სწავლულების ჯგუფთან ერთად ჩინეთის ბუნებრივი დარაიონების პრობლემებზე. ამ პერიოდში მან მოამზადა და შემდგომ ქალაქ პეკინში ჩინურ ენაზე გამოიცა მონოგრაფია „კლიმატი და სოფლის მეურნეობა“, აგრეთვე სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლებისათვის „აგრომეტეოროლოგია“ (თანაავტორობით). მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესებში. მისი ძალისხმევით საზღვარგარეთ არაერთგზის წარმოაჩინა ჰიდრომეტეოროლოგიური მეცნიერება. ქალაქებს ლონდონში, მეხიკოში, დელსა და მონრეალში არჩეული იყო შესაბამისად, მეტეოროლოგიის, ჰიდროლოგიის, გლაციოლოგიისა და ოკეანოლოგიის სექციის ხელმძღვანელად. დიდ ყურადღებას უთმობდა ბუნების გარდაქმნასა და დაცვას, ადამიანის სამეურნეო მოღვაწეობის გავლენას კლიმატის შეცვლაზე. თეოფანე დავითაია იკვლევდა აგრეთვე ცნობილი რუსი კლიმატოლოგისა და გეოგრაფის ალექსანდრე ვოეიკოვის მეცნიერულ მემკვიდრეობას ჰიდრომეტეოროლოგიის დარგში.

1964-1965 წლებში თეოფანე დავითაია მუშაობდა კუბის მეცნიერებათა აკადემიაში, სადაც ხელმძღვანელობდა ქვეყნის ბუნებრივ რესურსთა შემსწავლელ საბჭოთა მეცნიერ-კონსულტანტების ჯგუფს. საბჭოთა და კუბელი მეცნიერების დამსახურებით 1970 წელს ესპანურ და რუსულ ენებზე გამოიცა კაპიტალური „კუბის ნაციონალური ატლასი“. ატლასზე მუშაობის პირველ წლებში თეოფანე დავითაიამ დაამუშავა კუბის მრავალწლიანი მეტეოროლოგიური დაკვირვებანი და ი. ტრუსოვთან ერთად მოამზადა მონოგრაფია „კუბის კლიმატური რესურსები“, რომელიც გამოქვეყნდა ესპანურ ენაზე ქალაქ ჰავანაში 1965 წელს. ნაშრომმა მიიღო მაღალი შეფასება მიიღო მთელ რიგ გამოქვეყნებულ რეცენზიებში, მათ შორის აშშ-ში. 1965 წელს კუბის მეცნიერებათა აკადემიამ ჰავანაში მიაკუთვნა გეოგრაფიული ინსტიტუტის თანადამაარსებლის ტიტული და მას ჩაბარდა კუბის ცხოვრებაში ამ დიდი მოვლენის აღსანიშნავი სათანადო დიპლომი. სამეცნიერო მივლინებებში იმყოფებოდა მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ირლანდიაში, ჩინეთში, კუბაში, აშშ-სა და ბრაზილიაში. 1967-1968 წლებში აშშ-ის უისკონსინის უნივერსიტეტის მიწვევით თეოფანე დავითაია კითხულობდა ლექციების კურსს კლიმატოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის თანამედროვე პრობლემებზე, ამერიკის სამეცნიერო ჟურნალებში აქვეყნებდა შრომებს, აგრეთვე დაწერა მონოგრაფია „კლიმატის სასოფლო-სამეურნეო შეფასების მეთოდები“. საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის მიწვევით აქტიურ მონაწილეობას იღებდა ნიგერიის რეგიონალური გეოგრაფიის კონფერენციის მუშაობაში.

თეოფანე დავითაია არჩეული იყო უცხოეთის მრავალი ქვეყნის სამეცნიერო საზოგადოების წევრად. კითხულობდა ლექციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (აშშ, ბელგია, ბრაზილია, ბულგარეთი, იაპონია, ინგლისი, ინდოეთი, ირლანდია, კანადა, კუბა, მექსიკა, ნიგერია, პოლონეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, შვედეთი, შვეიცარია, ჩეხოსლოვაკია, ჩინეთი, ახალი ზელანდია, ავსტრალია, პორტუგალია და სხვა). თეოფანე დავითაია იყო ალექსანდრე ჯავახიშვილის მოწაფე. აღსანიშნავია, რომ XX საუკუნის 70-იან წლებში, მაშინდელი საკავშირო მთავრობის მიერ შემოთავაზებული იყო გალი-ზუგდიდის რაიონებში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის იდეა, თუმცა თეოფანე დავითაიამ მეცნიერულ დონეზე, არგუმენტირებულად უარყო ამ იდეის განხორციელების მიზანშეწონილობა. 1978 წელს ხელმძღვანელობდა იუნესკოს №6/1 პროექტის შედგენას — „ადამიანი და ბიოსფერო“. დიდი მუშაობა გასწია საერთაშორისო გეოფიზიკური წლის მომზადებისა და ჩატარებისათვის.

თეოფანე დავითაია იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი და დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების თავმჯდომარე; სსრ კავშირის მთავარი ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსის მოადგილე; იყო ჟურნალ „მეტეოროლოგია და ჰიდროლოგიის“ მთავარი რედაქტორი, ჟურნალ „სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მოამბის, გეოგრაფიული სერიის“ რედკოლეგიის წევრი. 1966 წელს საქართველოს კომუნისტური პარტიის 23 ყრილობამ თეოფანე დავითაის აირჩია საქართველოს კპ ცკ წევრობის კანდიდატად.

თეოფანე დავითაიას სახელს ატარებს თბილისის ერთ-ერთი ქუჩა ვაზისუბანში. სენაკის მუნიციპალიტეტშის სოფელ ეკში გახსნილია თეოფანე დავითაიას სახლ-მუზეუმი. მის სახელს ატარებდა სანაოსნო თბომავალი „აკადემიკოსი დავითაია“. სსიპ ქალაქ ფოთის N1 საჯარო სკოლას მინიჭებული აქვს თეოფანე დავითაიას სახელი.

ჯილდოები რედაქტირება

მინიჭებული აქვს სამჯერ ალექსანდრე ვოეიკოვის პრემია (ორჯერ 1956 და 1966 წლებში), სრულიად საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენის დიდი ვერცხლისა (1962) და ოქროს (1964) მედლები. 1971 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია, 1972 წელს კუბის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დიპლომი და დიდი ოქროს მედალი. 1973 წელს კუბის ეროვნული ატლასის შექმნაში მონაწილეობისათვის მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია, ხოლო 1976 წელს სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების დიდი ოქროს მედალი. აგრეთვე დაჯილდოებულია მეორე მსოფლიო ომის „საპატიო ნიშნით“. 1980 წელს აირჩიეს კუბის სპელეოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრად (გარდაცვალების შემდეგ).

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

თხზულებები რედაქტირება

  • Климатические зоны винограда в СССР, 2 изд., М., 1948;
  • Исследование климатов винограда в СССР и обоснование их практического использования, М.– Л., 1952;
  • Прогноз обеспеченности теплом и некоторые проблемы сезонного развития природы, М., 1964;
  • Климатические ресурсы Кубы и их использование в народном хозяйстве, Тб., 1966 (თანაავტ. И. И. Трусов);
  • Проблема прогноза испаряемости и оросительных норм, Л., 1970 (соавтор).
  • Атмосфера и биосфера — прошлое, настоящее, будущее. — Л., 1975;
  • აგრომეტეოროლოგია, პეკინი, 1960 (თანაავტორი; ჩინურ ენაზე);
  • ჰავა და სოფლის მეურნეობა, პეკინი, 1959 (ჩინურ ენაზე).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 336.
  • თეოფანე დავითაია. ბიობიბლიოგრაფია, შემდგ. ე. ელიოზიშვილი, თბ., 1984;
  • კვერენჩილაძე რ., გაგუა გ., აკადემიკოსი თეოფანე დავითაია, თბ., 1984;
  • მედვედევი ი., აკადემიკოსი თეოფანე დავითაია, თბ., 1987;
  • ხარაძე კ., კაცი ლეგენდა. აკადემიკოსი თეოფანე დავითაია, თბ., 2011;
  • Медведев Ю.Э., В первом приближении, М., 1975.