აგრომეტეოროლოგია
აგრომეტეოროლოგია (ბერძ. agros — მინდორი და მეტეოროლოგია), იგივეა რაც სასოფლო-სამეურნეო მეტეოროლოგია, — მეცნიერება, რომელიც შეისწავლის მეტეოროლოგიურ პირობებს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ობიექტებსა და პროცესებთან ურთიერთკავშირში. აგრომეტეოროლოგია განიხილავს ჰიდრომეტეოროლოგიურ ფაქტორებს, როგორც ეკოლოგიური გარემოს მნიშვნელოვან კომპონენტებს. მრავალი ამ ფაქტორთაგანი არსებით გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობის ობიექტებზე და შეადგენს მის აგრომეტეოროლოგიურ პირობებს, რომლებიც იცვლება ადგილის გეოგრაფიული მდებარეობის, ატმოსფეროს ცირკულაციის, ბუნების ადგილის ფაქტორების (რელიეფი, ნიადაგი, მცენარეულობა და სხვა) და ხელოვნური ღონისძიებების (მორწყვა, ამოშრობა, მინდორსაცავი ტყე, ნიადაგის დამუშავება და სხვა) შესაბამისად.
აგრომეტეოროლოგია შეისწავლის სინათლის, სითბოს, ტენისა და სხვა მეტეოროლოგიური ფაქტორების გავლენას სოფლის მეურნეობის კულტურებზე და იძლევა ამინდის ხელსაყრელი პირობების ეფექტიანი გამოყენების მეცნიერულ დასაბუთებას; ადგენს სასოფლო-სამეურნეო წარმოების დამაბრკოლებელ (სითბოს და ტენის ნაკლებობა ან სიჭარბე, მოკლე სავეგეტაციო პერიოდი და სხვა) ან დამაზარალებელ (ხორშაკი, სუსხი, სეტყვა და სხვა) მეტეოროლოგიურ მოვლენებთან ბრძოლის თეორიულ საფუძვლებს; ამუშავებს აგრომეტეოროლოგიური ინფორმაციისა და აგრომეტეოროლოგიური პროგნოზის მეთოდებს; ქმნის ხელსაწყოებსა და დანადგარებს ნიადაგში, მიწისპირა ჰაერის ფენაში, მცენარის ზედაპირსა და ცხოველებზე სხვადასხვა ფიზიკური ფაქტორებისა და პროცესების მოქმედების გასაზომად.
აგრომეტეოროლოგიაში ძირითადად იყენებენ ჰიდრომეტეოროლოგიური და აგრომეტეოროლოგიური სადგურების, აგრეთვე ექსპერიმენტულ დაკვირვებათა მონაცემებს, სპეციალურად ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგებს; ფართოდ იყენებენ ფენოლოგიურ დაკვირვებებს, აგრეთვე ნიადაგის სითბური და წყლის ბალანსის მონაცემებს.
აგრომეტეოროლოგია მჭიდროდ არის დაკავშირებული ბიოლოგიასთან, ნიადაგთმცოდნეობასთან, გეოგრაფიასთან და სხვა მეცნიერებებთან. აგრომეტეოროლოგიის საფუძვლები ძველთაგანვეა ცნობილი, მაგრამ დამოუკიდებელ მეცნიერებად აგრომეტეოროლოგია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ჩამოყალიბდა. ქართველთაგან მნიშვნელოვანი გამოკვლევები აგრომეტეოროლოგიაში ჩაატარა თეოფანე დავითაიამ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 71.