ატმოსფეროს ცირკულაცია
ატმოსფეროს ცირკულაცია, ატმოსფეროს ზოგადი ცირკულაცია — ატმოსფეროში ჰაერის დინებათა სისტემა. მოიცავს კონტინენტთა და ოკეანეთა შესაბამის სივრცეს. ატმოსფეროს ცირკულაცია დამოკიდებულია წლის განმავლობაში ატმოსფეროში ტემპერატურის ზოგად განაწილებასა და მის ცვლილებებზე. ჰაერი მიედინება წნევის მკვეთრი დაცემის მიმართულებით. მასზე მოქმედებს წნევის გრადიენტის ძალა და აგრეთვე დედამიწის ბრუნვით განპირობებული გადამხრელი ანუ კორიოლისის ძალა, რაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მოძრავი ჰაერის მარჯვნივ, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში — მარცხნივ გადახრას იწვევს. ამ ორი ძალის თანაფარდობისას ჰაერის მოძრაობა მდგრადია. ეს წესი ირღვევა დედამიწის ზედაპირის მახლობლად, სადაც ჰაერის მოძრაობაზე ხახუნის ძალაც მოქმედებს.[1] იგი ამინდისა და კლიმატის ფორმირების მნიშვნელოვანი ფაქტორია.
სიმაღლის ზრდასთან ერთად ატმოსფეროში ეცემა ჰაერის წნევა, ამასთან თბილ ჰაერში უფრო ნელა, ვიდრე ცივში. ამიტომ ტროპოსფეროში, ქვედა რამდენიმე კილომეტრის გარდა, ატმოსფერული წნევა ეკვატორთან უფრო მაღალია, ვიდრე პოლუსთან, რის გამოც ჰაერის დინება აქ ძირითადად დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენაა მიმართული. ჰაერის საერთო გადატანა სტრატოსფეროს ქვედა ფენებში დასავლეთიდანაც ხდება. სტრატოსფეროში ეკვატორის გასწვრივ ზაფხულობით ჰაერი უფრო ცივია, ვიდრე პოლუსზე, რის გამოც დაახლოებით 20-25 კმ სიმაღლიდან წნევის მერიდიანული გრადიენტი პოლუსიდან ეკვატორისკენაა მიმართული და ჰაერის გადატანა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ხდება. ტროპოსფეროს ქვედა ფენებში ატმოსფეროს ცირკულაციაზე დიდ გავლენას ახდენს ხმელეთისა და ზღვის არათანაბარი გათბობა.[1]
ზაფხულობით კონტინენტები უფრო მეტად თბება, ვიდრე ოკეანეები, ამიტომ ქვედა ფენებში კონტინენტებზე წარმოიქმნება დაბალი წნევის არეები, ესე იგი ციკლონები, ოკეანეებზე კი — მაღალი წნევის არეები, ანტიციკლონები. ამის გამო ზაფხულობით ქარები ოკეანიდან კონტინენტისაკენ ქრის, ზამთრობით კი — პირიქით. ამ სეზონური ხასიათის ქარებს მუსონები ეწოდება. წნევის ასეთი სეზონური განაწილება კონტინენტებსა და ოკეანეებზე ატმოსფეროს ცირკულაციის რთულ სურათს იძლევა.[1] ატმოსფეროს ძირითადი მასა ასრულებს ბრუნვით მოძრაობას დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ და უსწრებს დედამიწის საკუთარ ბრუნვას იმავე მიმართულებით. ეს მოვლენა კარგად არის გამოხატული ტროპოსფეროს მაღალ ფენებში საქართველოს ტერიტორიაზეც.[2] ატმოსფეროს ცირკულაციის თავისებურებებთან დაკავშირებულია ქარის სიჩქარის წლიური სვლა.[3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 პაპინაშვილი კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 672.
- ↑ ელიზბარ ელიზბარაშვილი — საქართველოს კლიმატური რესურსები
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 489.