თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორია
თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორია, კუკიის ობსერვატორია — გეოფიზიკური ობსერვატორია თბილისში (კოორდინატები: 41°43′00″ ჩ. გ. 44°47′23″ ა. გ. / 41.716778° ჩ. გ. 44.789722° ა. გ., სიმაღლე ზღვის დონიდან: 403 მ).
ისტორია
რედაქტირებაXIX საუკუნე გეოფიზიკურ მეცნიერებათა ისტორიაში უწყვეტი, სისტემური და სრულასოვანი მაგნიტური დაკვირვებებით აღინიშნა. ეს იყო ხანა, როდესაც დედამიწის მაგნეტიზმს, მეტეოროლოგიას და დედამიწის შემსწავლელ ხვა დარგებს ფართო მასშტაბით ჩაეყარათ საფუძველი. დედამიწის კვლევის ასეთი ერთსულოვანი იმპულსი XIX საუკუნის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანწილად ემადლიერება დიდი გერმანელი მეცნიერის, ბუნებისმეტყვეკის, გეოლოგისა და გეოგრაფის ალექსანდრ ფონ ჰუმბოლტის შრომებს. აღიარებულია ისიც, რომ ჰომბოლტის იდეას ეყრდნობოდა ინგლისის, რუსეთის იმპერიისა და ჩრდილოეთ ამერიკის სახელმწიფოების მიერ მაგნიტური ობსერვატორიების ფართო ქსელის დაარსებაც დედამიწის ზურგზე.
ალექსანდრე ჰუმბოლტის აზრით მაგნიტური დაკვირვებები წინასწარ განსაზღვრულ დროს უნდა ჩატარებულიყო ერთმანეთისაგან დაშორებულ ობსერვატორიებში, რომელთაც იგი „მაგნიტურ სახლებს“ უწოდებდა[1].
დედამიწის კვლევის ამ ერთიანი სისტემის ნაწილს თბილისის ობსერვატორიაც წარმოადგენდა, რომელიც XIX საუკუნის დასაწყისში, 1830-იან წლებში ჩაისახა და 1844 წლიდან მსოფლიო ობსერვატორიათა ერთიან სისტემაში გაერთიანდა. ამ წელს მან სისტემური, სრულფასოვანი მაგნიტური და მეტეოროლოგიური დაკვირვებები დაიწყო. ამით საფუძველი ჩაეყარა კლიმატურ გამოკვლევებსაც, რომლებმაც ბოლო დროს განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა გლობალური კლიმატის ცვლილების პრობლემასთან დაკავშირებით.
მსოფლიოს მრავალი ობსერვატორიის მსგავსად, თბილისის მაგნიტური ობსერვატორიაც, როგორც ცნობილია, საკმაოდ დიდ სივრცეს ემსახურებოდა, კერძოდ, რუსეთის იმპერიის სამხრეთ ნაწილს, მთელ კავკასიას და მათ მიმდებარე კასპიის, შავი ზღვისა და აზოვის ზღვის აკვატორიებს.
გერმანელი კოლონისტების, არნოლდ მორიცის და მისი თანამოაზრეების შედეგია საქართველოში გეოფიზიკური მეცნიერების მკვიდრი საფუძვლის შექმნა და 1850-იანი წლების დასაწყისიდან მისი შემდგომი განვითარებაც.
არნოლდ მორიცის სახელთან არის დაკავშირებული XIX საუკუნის შუახანების კავკასიის მთავარ კულტურულ და ადმინისტრაციულ ცენტრში მაგნიტურ-მეტეოროლოგიური ობსერვატორიის მთელი კომპლექსის მშენებლობა და სპეციალურად ობსერვატორიული ტიპის პირველი შენობის აგებაც.
თბილისის მაგნიტურ-მეტეოროლოგიური ობსერვატორიის კომპლექსის ასაშენებლად თბილისის კოლონიის ტერიტორიაზე, ძველი კუკიის მიწაზე შეირჩა. ვიდრე თბილისის ობსერვატორია ძველი კუკიის ტერიტორიაზე, თბილისის კოლონიაში დაიდებდა ბინას, მან ოთხჯერ იცვალა ადგილი. ამის მიზეზი მაგნიტური დაკვირვებები იყო, რაც ვერ იტანს დედამიწის ბუნებრივი, ე. წ. ნორმალური მაგნიტური ველის ოდნავ დარღვევასაც კი, განსაკუთრებით, როდესაც ეს ტრანსპორტის ელექტროფიკაციიტაა გამოწვეული.
სოლოლაკის მთის კეხზე 1836-1837 წლებში აგებული პირველი მაგნიტური ობსერვატორიის გაუქმების მიზეზი მისი მოუხერხებელი მდებარეობა იყო. მამადავითის მთის მისადგომებთან აშენებული, რიგით მეორე, და ავლაბარში, შემაღლებულ ადგილას მდებარე, რიგით მესამე, მაგნიტურ-მეტეოროლოგიური ობსერვატორიების გაუქმების მიზეზი კი მჭიდრო მოსახლეობის გაჩენა გახდა.
საბოლოოდ თბილისის ობსერვატორიის მშენებლობა 1850-იანი წლების მიწურულში კუკიაზე დაიგეგმა, პროექტი 1859 წელს შედგა, ხოლო მშენებლობა კი 1860-1861 წლებში განხორციელდა.
XX საუკუნის დასაწყისში ობსერვატორიის ტერიტორია ფრანგულ ყაიდაზე გეომეტრიული სიზუსტით გაშენებულ ბაღად იქცა და მიხეილის პროსპექტის მიმდებარე ტერიტორიის ერთ-ერთ დენდროლოგიურ ოაზისს წარმოადგენდა. მაშინვე უნდა აღემართათ ობსერვატორიის მთავარ შენობასა და პლეხანოვის პროსპექტის სწვრივად მდებარე საცხოვრებელ სახლს შორის სტალინის ქანდაკება, რომელმაც 1960-იან წლებამდე იარსება. ამ დროსაც კომპლექსის დომინანტად კვლავ ობსერვატორიის მთავარი შენობა რჩებოდა. ეს ჰარმონია საბოლოო 1984 წელს დაირღვა, როდესაც მექანიკოსთა ფლიგელის ადგილას საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღლივი შენობა აღიმართა, ობსერვატორიის მაღის ორი ნაწილი კი ერთმანეთისაგან ბეტონის დაბალი შენობით გაიმიჯნა. ობსერვატორიის ბაღის გადარჩენილი ნაწილები თანდათანობით ნადგურდებოდა — იჩეხებოდა ხეები, იკაფებოდა ხეივნები.
2008 წელს ობსერვატორიის დარჩენილ ნაწილს დასავლეთი მხარე ჩამოეჭრა, როდესაც ობსერვატორიის ტერიტორიაზე, მთავარი ნაგებობის სსამხრეთ-დასავლეთით მდებარე, 1960-იან წლებში აშენებული საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის მაღლივი შენობა საქართელოს თავდაცვის სამინისტრომ დაიკავა.
ობსერვატორიის კომპლექსის თავდაპირველი ნაგებობებიდან დღეს მხოლოდ მისი მთავარი შენობა, მის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდგარი მცირე ზომის ნაგებობა და დიდად სახეცვლილი საცხოვრებელი სახლია გადარჩენილი.
არქიტექტურა
რედაქტირებაარნოლდ მორიცის თანადროული სიტუაციური გეგმის მიხედვით კომპლექსში რამდენიმე ნაგებობა შედიოდა — შეულესავი აგურის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც სწორხაზოვნად მიუყვებოდა მიხეილის ქუჩას და ობსერვატორიის ბაღს აღმოსავლეთიდან საზღვრავდა, გრძივი კონფიგურაციის მქონე ერთსართულიანი ე. წ. მექანიკოსთა ფლიგელი, რომელიც ობსერვატორიის ტერიტორიას ჩრდილოეთით ჩაუდიოდა და მექანიკოსთა საცხოვრებელ ბინებს შეიცავდა, ინსტრუმენტების ოთახს, ფიზიკური ინსტრუმენტების სადგომსა და ლაბორატორიას, ქიმიურ ლაბორატორიას და სხვა. მექანიკოსთა ფლიგელის გადასწვრივ, მის საპირისპირო, სამხრეთ მხარეს ე. წ. ყინულის სარდაფის ერთსართულიანი ნაგებობა იდგა, რომელიც სივრცეში თავისუფლად აღიქმებოდა.
მექანიკოსთა ფლიგელს ჩრდილოეთით ვიწრო შუკა მიუყვებოდა, რომელზეც ობსერვატორიის კუთვნილი რამდენიმე სწყობი მდებარეობდა. ობსერვატორიის ზღვარს ჩრდილოეთითაც და სამხრეთითაც ადგილობრივი ფლეთილი ქვით ნაშენი ღობე მონიშნავდა, რომლის გარეთაც, ჩრდილოეთით, კერძო შენობები და კერძო ბაღები მდებარეობდა.
კვარტლის სიღრმეში გაშლილი ტერიტორიის უკიდურესი აღმოსავლეთით, მტკვრის სიახლოვეს, გეგმით ოქტაგონალური აბსოლუტურ დაკვირვებათა ხის პავილიონი იდგა. კომპლექსის ნაგებობებს შორის მნიშვნელოვანი იყო წრიული გეგმის მცირე ზომის ნაგებობა ღერძის ირგვლივ მბრუნავი ხის მცირე კოშკით, რომელიც გეოდეზიურ დაკვირვებებსა და გეოდეზიური ინსტრუმენტების შენახვას ემსახურებოდა. კომპლექსის დომინანტი — ობსერვატორიის მთავარი შენობა, სივრცეში ლაღად გაშლილი მკლავებითა და ცენტრალურ ნაწილში აღმართული ღერძის ირგვლივ მბრუნავი ხის მაღალი კოშკით, მიხეილის ქუჩიდან მტკვრამდე მოქცეული ვიწრო ნაკვეთის აღმოსავლეთ ნახევარში იყო აღმართული.
ობსერვატორიის მთავარი შენობა კომპლექსის გამოკვეთილი დომინანტი და ვეებერთელა სივრცის მაორგანიზებელი და შემკვრელი იყო. მას ემორჩილებოდა ობსერვატორიის კომპლექსში შემავალი ყველა სხვა ნაგებობა.
ობსერვატორიის მთავარ შენობას გარს ღრმა თხრილი უვლიდა. თხრილი მიწის მოგრძო მონაკვეთს შემოწერდა და აღმოსავლეთით სამკუთხედს ქმნიდა. სამკუთხედის ჩრდილოეთით გვერდზე ოდესღაც ხის ხიდი იყო გადებული, რომელიც მოგვიანებით ქვის ხიდით შეიცვალა. თხრილის სამხრეთი და ჩრდილოეთი კონტური მტკვრამდე სწორხაზოვნად მიემართებოდა და მისი მარცხენა ნაპირას დაბალ რელიეფს ერწყმოდა. თხრილის კონტურში იყო მოქცეული მტკვრის სიახლოვეს მდებარე აბსოლუტურ დაკვირვებათა პავილიონიც და ობსერვატორიისმთავარი შენობის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდგომი ზემოთხსენებული მცირე კოშკიც.
ლიტერატურა
რედაქტირება- მანია მ., თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორია - ისტორია და არქიტექტურა, თბილისი, 2010, ISBN 978-9941-0-2174-9.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ნოდია მ., თბილისის მანიტური ობსერვატორია - მაგნიტურ ობსერვატორიათა მსოფლიო ქსელში, თბილისი 1500, საიუბილეო კრებული, თბ., 1958, გვ. 291