აგროკლიმატოლოგია (აგრო... და ბერძ. klimaკლიმატი, logosმეცნიერება) — სასოფლო-სამეურნეო კლიმატოლოგია, კლიმატოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის კლიმატს, როგორც სასოფლო-სამეურნეო ფაქტორს. კლიმატი დიდ გავლენას ახდენს სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და ცხოველების გეოგრაფიულ გავრცელებაზე, მათ ზრდა-განვითარებაზე, მოსავლიანობასა და პროდუქტიულობაზე, სასოფლო-სამეურნეო მავნებლებისა და დაავადებათა გავრცელებაზე. კლიმატური პირობები განსაზღვრავს სხვადასხვა აგროტექნიკურ და ზოოტექნიკურ ღონისძიებათა ეფექტურობას, გავლენას ახდენს სასოფლო-სამეურნეო მანქნანა-იარაღების მწარმოებლურობასა და მუშაობის ხარისხზე. თავის მხრივ, ნიადაგის კლიმატი და მიწისპირა ჰაერის ფენა იცვლება მცენარეთა და ცხოველთა, აგრეთვე მათი ზრდისათვის გამოყენებული საშუალებების გავლენით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ცვლილებები, რომლებსაც იწევს ნიადაგის დამუშავების სისტემა, მინდვრის დამცველი ტყის ნარგავები, თოვლის საფრის ხანგრძლივობა აგრეთვე ნადნობი წყალი და ღვართქაფი, მორწყვა, ამოშრობა, გაწყლოვანება და სხვა ღონისძიებები. აგროკლიმატოლოგიის ძირითადი ამოცანაა ტერიტორიული აგროკლიმატური რესურსების გამოკვლევა და სოფლის მეურნეობისათვის არახელსაყრელ კლიმატურ ფაქტორებთან ბრძოლის მეთოდების მეცნიერული დასაბუთება. მიღებული დასკვნების საფუძველზე ხდება სასოფლო-სამეურნეო წარმოების რაციონალური განლაგება, ტარდება სათანადო სამელირაციო ღონისძიებები უხვი მოსავლის უზრუნველსაყოფად და მეცხოველეობის პროდუქტიულობის ასამაღლებლად. არსებითი მნიშვნელობა აქვს საგანგებოდ შედგენილ აგროკლიმატურ ცნობარებს და სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით ქვეყნის მნიშვნელოვანი რაიონების აღწერილობებს. კლიმატის სასოფლო-სამეურნეო დახასიათების სქემას ადგენენ ვეგეტაციური პერიოდისა და ქვეპერიოდების თერმული და სინათლის რესურსების, აგრეთვე იმავე პერიოდის განმავლობაში ატმოსფეროსა და ნიადაგის სინოტივით უზრუნველყოფისა და კულტურების გამოზამთრების პირობების შეფასების საფუძველზე.

დიდი მნიშვნელობა აქვს სასოფლო-სამეურნეო კულტურების ზრდის განვითარებასა და მდგომარეობის კლიმატურ პირობებთან კავშირის გამოკვლევას. მათ რაოდენობრივ გამოხატულებას აგროკლიმატურ მაჩვენებლებს უწოდებენ. აგროკლიმატურ მაჩვენებელებს გეოგრაფიულ განაწილებას შეისწავლიან ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურთა ქსელის ხანგრძლივი დაკვირვების საფუძველზე: ითვალისწინებენ როგორც საშუალო მრავალწლიან სიდიდეებს, ასევე რამდენიმე წლის განმავლობაში აგროკლიმატური მაჩვენებლების განმეორებადობას. იმის გამო, რომ ცალკეული მიწის მასივებისა და თესლბრუნვის მინდვრების კლიმატი შეიძლება არსებითად განსხვავდებოდეს სტანდარტულ პირობებში განლაგებული მეტეოროლოგიური სადგურების მაჩვენებლებისაგან, აგროკლიმატოლოგიაში მიღებულია მეტეოსადგურის მონაცემების სათანადოდ შევსება და დაზუსტება. ამასთან ითვალისწინებენ ტერიტორიულ მიკროკლიმატურ თავისებურებსაც. ლიტერატურაში ტერმინი „აგროკლიმატოლოგია“ გვხვდება XIX საუკუნის I ნახევრიდან, მაგრამ აგროკლიმატოლოგიას, როგორც მეცნიერების დარგს, საფუძველი ჩაეყარა XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის I მეოთხედში. მისი ფუძემდებლები არიან რუსი მეცნიერები ალექსანდრე ვოეიკოვი და პეტრე ბროუნოვი. კლიმატის შესწავლის მეთოდიკა სასოფლო სამეურნეო წარმოების მოთხოვნილებათა თვალსაზრისით ყველაზე უფრო სრულად დამუშავებულია საბჭოთა მეცნიერების გ. სელიანინოვის, პ. კოლოსკოვის და სხვათა შრომებში. ასევე მნიშვნელოვანი გამოკვლევები აქვთ ჯ. აცის და ბ. ლივინგსტონს.

ლიტერატურა

რედაქტირება