აგროკლიმატური დარაიონება

აგროკლიმატური დარაიონება — ტერიტორიული დანაწილება სოფლის მეურნეობისათვის მნიშვნელობის მქონე კლიმატური პირობების მიხედვით. დარაიონებისას ითვალისწინებენ იმ ლიმატურ პირობებს, რომლებიც ხელს უწყობს კულტურული მცენარეების მოყვანას, შინაური ცხოველების მოშენებას, სოფლის მეურნეობის მავნებლებისა და დაავადებათა გავრცელებას, მიწის მელიორაციის მიზნით მიწათმოქმედების სხვადასხვა ხერხების გამოყენებას, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამუშავების სპეციალიზაციას, პროდუქტების ტრანსპორტირებასა და შენახვას, აგრეთვე სოფლის მეურნეობასთნ დაკავშირებულ სხვა სამუშაოებს (მექანიზაციის გამოყენება, სამშენებლო ნორმების დადგენა, დასახლებული პუნქტების დაგეგმარება და სხვა). განასხვავებენ ზოგად და კერძო აგროკლიმატური დარაიონებას. ზოგადი აგროკლიმატური დარაიონების დროს ითვალისწინებენ სოფლის მეურნეობის ყველა ან უმრავლესი დარგის თავისებურებებს. კერძო აგროკლიმატური დარაიონების დროს კი ტერიტორიას ანაწილებენ კულტურული მცენარეულობის ცალკეული ჯგუფების, ცალკეული კულტურების, მათი ჯიშების, ცხოველთა ჯიშების, სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის წამოების სპეციალიზაციისა და სხვათა მიხედვით. ზოგადი და კერძო აგროკლიმატური დარაიონება შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა სიდიდის ტერიტორიას (მთელი დედამიწა, მსხვილი გეოგრაფიული რეგიონები, ცალკეული ქვეყნები, ადმინისტრაციული რაიონები, ცალკეული მეურნეობები და მტი ნაკვეთები). ამგვარად გამოყოფილ ტერიტორიულ ერთეულებს შესაბამისად უწოდებენ აგროკლიმატურ სარტყელს, ზონას, ოლქს, რაიონს, მიკრორაიონს, ნაკვეთს. აგროკლიმატური დარაიონების მიზანია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის რაციონალური განლაგება, რაც შესაბამისი სწორი მეთოდების გამოყენების საფუძველზე უზრუნველყოფს ამ დარგების მაღალ ეფექტურობას. აგროკლიმატური დარაიონების მეცნიერული საფუძვლები დაამუშავეს ა. ვოეიკოვმა და პ. ბროუნოვმა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე. შემდგომში იგი განავითარეს საბჭოთა მკვლევარებმა: გ. სულიანინოვმა, თ. დავითაიამ, პ. კოლოსკოვმა, ს. საპოჟნიკოვამ, დ. შაშკომ. ამ დარგში მნიშვნელოვანი გამოკვლევები აქვს იტალიელ მეცნიერ ჯ. აცის.

ლიტერატურა

რედაქტირება