ვარდისუბანი (თელავის მუნიციპალიტეტი)

სოფელი საქართველოში, თელავის მუნიციპალიტეტი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვარდისუბანი.

ვარდისუბანისოფელი საქართველოში (კახეთის მხარე), თელავის მუნიციპალიტეტში (ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეული).

სოფელი
ვარდისუბანი

სოფლის ცენტრი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თელავის მუნიციპალიტეტი
თემი ვარდისუბანი
კოორდინატები 41°55′55″ ჩ. გ. 45°26′36″ ა. გ. / 41.93194° ჩ. გ. 45.44333° ა. გ. / 41.93194; 45.44333
ცენტრის სიმაღლე 640
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 2646[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვარდისუბანი (თელავის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ვარდისუბანი (თელავის მუნიციპალიტეტი)
ვარდისუბანი (თელავის მუნიციპალიტეტი) — კახეთის მხარე
ვარდისუბანი (თელავის მუნიციპალიტეტი)
ვარდისუბანი (თელავის მუნიციპალიტეტი) — თელავის მუნიციპალიტეტი
ვარდისუბანი (თელავის მუნიციპალიტეტი)

მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე თურდოს (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას, ახმეტა-თელავისა და თელავი-გომბორის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 640 მ-ზე, თელავიდან 3 კმ-ში. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2646 ადამიანი.

ქართულ საისტორიო წყაროებში სოფელი პირველად მოიხსენიება XIV საუკუნეში. სოფლის თავში, თურდოს ხეობაში, მიკვლეულია ძველი ნაქალაქარი, რაც, სავარაუდოდ, იმის დამადასტურებელია, რომ ეს ადგილები უძველეს დროიდანვე ადამიანთა აქტიურ სამოსახლოს წარმოადგენდა. სოფლის მნიშვნელობას ზრდიდა კახეთის სხვა ადგილებთან დამაკავშირებელ გზაზე მისი მდებარეობაც. ამას ხელს უწყობდა ვარდისუბნის თელავთან მეზობლობაც. XIV-XV საუკუნეებში ვარდისუბანში დიდი იყო საკათალიკოსო ყმა-მამულის ხვედრითი წონა. XVI საუკუნის დასაწყისში, კახეთის სამეფოს წარმოქმნის შემდეგ, სოფელი კიდევ უფრო მომძლავრდა. კახთა მეფის ლევანის მეუღლემ, გურიელის ასულმა თინათინმა სოფლის მახლობლად ახალი შუამთის ღვთისმშობლის მონასტერი ააშენა და მას შესწირა „აგარაკნი და დაბანი და დაადგინა მასზედა მოძღუართ-მოძღუარი“. „დაბანში“ ვარდისუბნის ნაწილიც შედიოდა.

XVII საუკუნის პირველი ნახევრიდან, კახეთში შაჰ-აბას I-ისა და სხვათა შემოსევების შემდეგ, „დასტურლამალში“ და სხვა ქართულ საისტორიო წყაროებში ვარდისუბანი ნასოფლარად მოიხსენიება. ამავე საუკუნის II ნახევარში იგი, როგორც ნასოფლარი, ფეოდალ-მოხელე მაღალაშვილებს ეკუთვნოდა. XVIII საუკუნის დასაწყისში ვარდისუბანმა კვლავ იწყო დასახლება, რასაც ხელი შეუწყო მისმა სიახლოვემ თელავთან და მნიშვნელოვან სატრანსპორტო გზასთან. 1706 წლის ამბებთან დაკავშირებით, თავის თხზულებაში სოფელს იხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილი. ამ დროს ერეკლე I-ის ძის დავითის კახეთში მმართველობის პერიოდში, კახელებმა გადაწყვიტეს ჭარის დალაშქვრა და მარბიელი ლაშქრობების გამო ჭარელების დასჯა. კახელებს მიეშველნენ თუშ-ფშავ-ხევსურებიც. დავითის სარდლობით ქართველთა გაერთიანებული ლაშქარი 1706 წელს ვარდისუბანში დაბანაკდა. აქედან აპირებდნენ ჭარელებზე გალაშქრებას, მაგრამ ჭარელებმა დავითს პატიება სთხოვეს.

XVIII საუკუნის I ნახევარში ვარდისუბანი თანდათან იზრდებოდა და შენდებოდა. შესაბამისს ისტორიულ დოკუმენტებში იგი სათავადიშვილო სოფლად იხსენიება. 1764 წელს ვარდისუბანი ერეკლე II-მ ალავერდის მონასტერს შესწირა, რის შემდეგ სოფლის ყმა-მამულს ალავერდის მონასტრის ნაცვლად განაგებდა. სოფელში იყო დავითგარეჯის მონასტრისათვის შეწირული მამულიც. ვარდისუბნელი მოლაშქრეები კახეთის მეოთხე სადროშოს შემადგენლობაში შედიოდნენ, რომელთაც ალავერდელი ეპისკოპოსი სარდლობდა. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ ვარდისუბანი თბილისის გუბერნიის თელავის მაზრის შემადგენლობაში შედიოდა.

ვარდისუბანში განვითარებული იყო და დღესაც მისდევენ მეჭურჭლეობას, აწარმოებენ ასევე აგურს, კრამიტს. სოფლის მეურნეობის დარგებიდან წამყვანია მევენახეობა.

დემოგრაფია

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა
2002 3 288[2]
2014 2 646[1]  

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

სოფლის მახლობლად, გომბორი–თელავის გზიდან 3 კმ-ზე, ტყეში დგას VI –VII საუკუნეების მიჯნის ხუროთმოძღვრების ძეგლი, თეთრი გიორგის სამეკლესიიანი ბაზილიკა. ადგილ. მცხოვრებნი მას „დეკანოზურს“ უწოდებენ. სოფლის სამხრეთით, ადგილ „სოფლის თავში“ შემორჩენილია საცხოვრებელი კომპლექსის კოშკისა და მასზე მიდგმული საცხოვრებელი დარბაზის ნაშთი, ასევე ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევები. მოსახლეობა მას „ბაქრაძიანთა კოშკებს“ უწოდებს. სოფელში, ყარაულაშვილების უბანში, კიდევ 2 ეკლესიაა — ღვთისმშობლისა (XIX ს.) და მთავარანგელოზისა (გვიანდელი შუა საუკუნეები), ამავე უბანშია გვიანდელი ხანის „ხახმატის ჯვრის“ ეკლესია. ვარდისუბნის მიდამოებშია აგრეთვე ძველი შუამთისა და ახალი შუამთის მონასტრები, წმ. კვირიკესა და ღვთისმშობლის (გვიანდელი შუა საუკუნეები) ერთნავიანი ეკლესიები.

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება

ვარდისუბანში დაიბადნენ მწერლები ძმები ჩხეიძეები, რომლებიც ქართულ ლიტერატურაში ცნობილნი არიან გიორგი ქუჩიშვილისა და დავით თურდოსპირელის სახელით. ვარდისუბანში დაიბადა ასევე ნინო ქურციკაშვილი-სალია, რომელმაც 1948 წელს პარიზში დააარსა ქართველოლოგიური სამეცნიერო ჟურნალი „ბედი ქართლისა“.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
  2. 2002 წლის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-07-27.