ვარდისუბნის პირველი ეკლესია
ვარდისუბნის პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ვარდისუბნის სამხრეთ-დასავლეთით, ახალი შუამთის დედათა მონასტრის სიახლოვეს, ტყეში, 700-800 მეტრზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია. ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და კირის ხსნარით. წყობა სწორხაზოვანია. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი კედლის ჩრდილოეთ კიდეშია მოწყობილი და გარედან ნახევარწრიული თაღი ხურავს. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. აფსიდის ცენტრში ვიწრო, ოთკუთხა სარკმელია გაჭრილი, რომლის სამხრეთით და ჩრდილოეთით თითო, ოთკუთხა ნიშაა. აფსიდის სარკმელის გარდა, ერთი მცირე, თაღოვანი სარკმელი დასავლეთ კედელშიცაა.
ეკლესიისთვის მოგვიანებით, ჩრდილოეთიდან, მიუშენებიათ გეგმით სწორკუთხა, ეკლესიაზე რამდენადმე მცირე სამლოცველო, რომელსაც ზემოდან რვაწახნაგოვანი ფანჩატური ადგას. სამლოცველო ეკლესიაზე ისეა მიდგმული, რომ მათი დასავლეთ კედლები ერთ ხაზზე მდებარეობს. შესასვლელი სამლოცველოს დასავლეთიდან აქვს, აღმოსავლეთით კი ღრმა აფსიდია, რომლის ცენტრში ვიწრო, ოთკუთხა სარკმელია გაჭრილი. მსგავსი სარკმელი შესასვლელის თავზეცაა. აფსიდში, სარკმლის სამხრეთით და ჩრდილოეთით თითო, ოთკუთხა ნიშაა, ქვმოთ კი, კედელზე, მოდგმულია ნახევარცილინდრული ფორმის ტრაპეზი. ნახევარცილინდრულია კამარაც. კამარის ჩრდილოეთ ნაწილში მოწყობილია კვადრატული ღიობი, რომლითაც სამლოცველო სამრეკვლოს უკავშირდება. სამრეკვლო შიგნიდან მრგვალია, გარედან რვაწახნაგოვანი. თითოეულ ღერძულ წახნაგში მოწყობილია თითო, მაღალი, ვიწრო, თარაზულთავიანი სარკმელი. შიგნით სამრეკლო გადახურულია გუმბათოვანი კამარით, გარედან კი, აგურით ნაწყობი, პირამიდული ფორმის, რვაწახნაგოვანი სახურავით. სამლოცველოს დასავლეთ ფასადზე, სარკმლის გვერდებზე, თითო ნიშაა. სამლოცველოს სახურავი ცალფერდაა. იგი ეკლესიის სახურავის ჩრდილოეთ ფერდის გაგრძელებაზეა.
ეკლესია შემოსაზღვრული ყოფილა გალავნით, რომელიც საკმაოდ დიდ ფართობს ფარგლავდა. გალავანი აშენებულია რიყის ქვით, ალაგ-ალაგ ქართული აგურის ჩანართებია. გალავანში დატანებულია ნიშები, მცირე შესასვლელები. შემორჩენილია სამეურნეო ნაგებობების კვალი, რომლებიც სავარაუდოდ, ხით იქნებოდა გადახურული.
2005-2007 წლებში საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით ეკლესიას ჩაუტარდა აღდგენითი სამოშაოები. ეკლესიის ირგვილ მოიჭრა მიწის ფენა. სახურავის კალთები გაიწმინდა მცენარეული საფარისგან. აღდგა კამარის და კედლების დანგრეული ნაწილები. ამოივსო კედლებში და კამარაში არსებული გამჭოლი ბზარები. აღდგა საპირე წყობის ჩამოშლილი ნაწილი და აგურის, საფეხხუროვანი ლავგარდანი. ეკლესია გადაიხურა ღარისებრი კრამიტით. დაკონსევრდა გალავნის შემორჩენილი კედლები.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 202-203.