ვარდისუბნის ღვთისმშობლის ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ ვარდისუბნის ცენტრში. დასავლეთ ფასადზე, შესასვლელის ზემოთ ქვიშ

ვარდისუბნის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ ვარდისუბნის ცენტრში. დასავლეთ ფასადზე, შესასვლელის ზემოთ ქვიშაქვის ფილაზე არსებული, ხუთსტრიქონიანი, მხედრული წარწერის თანახმად აშენებულია 1814 წელს. ეკლესია გეგმით სწორკუთხაა, ნაგებია რიყის ქვითა და კვადრატული აგურით. მოგვიანებით, კედლები შიგნიდან და გარედან შეულესავთ და შეუთეთრებიათ. 1990 წელს ეკლესიას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.

შესასვლელი ორია: სამხრეთით და დასავლეთით. ორივე კარი გადახურულია მშვილდისებრი თაღით. აღმოასვლეთით ღრმა, ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ცენტრში ნახევარწრიულთაღოვანი სარკმელია გაჭრილი. მსგავსი სამ-სამი სარკმელი, სიმეტრიულად, ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებშია, ხოლო ერთი დასავლეთ კედლის ზედა ნაწილში. ეს უკანასკნელი იმდენად მაღლაა ატანილი, რომ თავით თითქმის კამარას წვდება. საკურთხევლის იატაკი დარბაზის იატაკის მიმართ საფეხურითაა შემაღლებული. იგი აფსიდის მხრების ხაზიდან, დაახლოებით ერთი მეტრიღ წინწაწეულია და შუაში ნახევარწრიული ამბიონი აქვს მოწყობილი. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს, თითო, გეგმით ნახევარწრიული, კონქით გადახურული ნიშაა. ჩრდილოეთ ნიშას ქვემოთ, მიჯრით, ორი მცირე, სწორკუთხა ნიშაა.აფსიდის შუაში დგას ოთხწახნაგა ტრაპეზი. დარბაზის გრძივ კედლებზე ორ-ორი პილასტრია, რომლებზეც კამარის საბჯენი თაღებია გადაყვანილი. კამარაც და საბჯენი თაღებიც ნახევარწრიული მოხაზულობისაა. თითო პილასტრია დარბაზის დასავლეთ კუთხეებშიც. მათ დასავლეთ კედლის მიმდებარე საბჯენი თაღი ეყრდნობა.

ეკლესიის ფასადი სადაა. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ, აგურის წყობის შეღრმავებით საფეხუროვან პოსტამენტზე დაყრდნობილი ჯვარია გამოსახული. შენიბის კედლები დასრულებულია აგურის, სამსაფეხურიანი ლავგარდნით.

ეკლესიის დასავლეთ კედელზე დაშენებულია აგურით ნაგები, დაბალი პროპორციების მქონე, ოთხივე მხარეს ნახევარწრიული, ვიწრო თაღებით გახსნილი სამრეკლო, რომელიც გადახურულია აგურისავე, პირამიდული სახურავით.

ლიტერატურა რედაქტირება