ვარდისუბნის ნათლისმცემლის ეკლესია
ვარდისუბნის ნათლისმცემლის ეკლესია — არქიტექტურლი ძეგლი, დგას სოფელ ვარდისუბნის სამხრეთით სამიოდე კილომეტრზე, ფოთლოვან ტყეში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია. დასავლეთიდან ეკვრის თანადროული. გეგმით თითქმის კვადრატულია კარიბჭე, რომელიც ეკლესიასთან შედარებით, რამდენადმე ვიწროა და დაბალი. ორივე ნაგებობა რიყის ქვითაა ნაშენი. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია ეკლესიისა და კარიბჭის სახურავის საფარი, ალაგ-ალაგ, ლავგარდანი და კედლების ზედა ნაწილები, ეკლესიის სამხრეთ კედელზე მიყრდობილია ცაცხვის ხე, რის გამოც საპირე წყობის ქვების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოცვენილია. შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან და დასავლეთიდან კარიბჭიდან აქვს. ორივე კარი, ხის ძელებით, თარაზულად ყოფილა გადახურული. იკლესიის შიდა სივრცე შემაღლებული პროპორციებითაა გადაწყვეტილი. აღმოსავლეთით იგი დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომლის ცენტრში ნახევარწრიულთაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის გვერდებზე, სხვადასხვა დონეზე, ორ-ორი, მცირე, სწორკუთხა ნიშაა საკურთხევლის სარკმლის გარდა, თითო, მსგავსი სარკმელი ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებშიცაა. მათგან ჩრდილოეთ და სამხრეთ სარკმელებში შესაბამისი კედლების აღმოსავლეთ ნაწილშია მოწყობილი, დასავლეთისა კი, კედლის ღერძზე, ზედა ნაწილში. აფსიდის მხარეები დასრულებულია ნათალი ქვის, თაროსებრი იმპოსტებით, რომლებსაც ნახევარწრიული ფორმის, სატრიუმფო თაღი ეყრდნიბა. მსგავსი ფორმისაა კამარაც. გრძივ კედლებზე თითო, ერთსაფეხურიანი პილასტრია, რომლებიც შესაბამისს კედლებს, თანაბარ ნაწილებად ყოფს. კარიბჭეში შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი შეისრულთაღოვანია. კარის ზემოთ პატარა, სწორკუთხა სარკმელია, რომელიც შიგნიდან გარეთკენ მაღლდება. შიგნით, ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში, მოწყობილია თითო, განიერი და მაღალი, შეისრულთაღოვანი ნიშა. კარიბჭის აჭმოსავლეთ კედელში გამოყვანილია მაღალი, შეისრულთაღოვანი ნიშა. კარიბჭის აღმოსავლეთ კედელში გამოყვანილია მაღალი, შეისრულთაღოვანი არე, რომელშიც ეკლესიის დასავლეთ შესასვლელია მოქცეული. შიგნით კარიბჭეს ცილინდრული კამარა ხურავს, რომლის ღერძი ეკლესიის გრძივ ღერძს ემთხვევა.
ეკლესიის კედლები დასრულებულია აგურის სამსაფეხუროვანი ლავგარდნით. ლავგარდნის თითოეული საფეხური აგურის ორ-ორი რიგისგან შედგება. ქვედა რიგში აგური კუთხურადაა დაწყობილი, ზედაში მიჯრით. კარიბჭის ლავგარდანი ორსაფეხურიანია. ორივე რიგში აგურები მიჯრითაა ნაწყობი.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 210-211.