ვარდისუბნის ორმოცსაყდარი
ვარდისუბნის ორმოცსაყდარი — არქიტექურული ძეგლი, მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის სამხრეთით 1 კილომეტრზე, თელავ-თეთრი წყლების გზის მარცხენა მხარეს, გზიდან ასიოდე მეტრის მოშორებით. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია. ამჟამად მისგან მხოლოდ აღმოსავლეთ ნახევარიღაა შემორჩენილი, მაგრამ მასაც გარეთა კუთხეების უმეტესი ნაწილი მონგრეული აქვს. დარანჩენი კეგლები კი მიწის ზედაპირისგან დაახლოებით 1-1,2 მეტრის სიმაღლეზე დგას.
შენობა ნაგებია რიყის ირეგულარული წყობით. ერთადერთი შესასვლელი დასავლეთითაა. ეკლესიის დარბაზი მოკლეა, აღმოსავლეთით მას ერთვის ნახევარწრიული აფსიდი, რომლის ცენტრში მცირე, თარაზულად გადახურული სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარე მოწყობილია თითო, მცირე, სწორკუთხა ნიშა. აფსიდი გადახურულია რიყის წვრილი ქვით ნაწყობი, არაწესიერი ფორმის კონქით. კონქის წყობაში ჩასმულია, თიხის სამი მილი, რომლებიც რეზონატორებად გამოიყენებოდა. მათგან ერთი სარკმლის ასწვრივაა, ხოლო თითო-თითო, ერთმანეთის სიმეტრიულად გვერდებზე. შიგნით კედლები შელესილი ყოფილა. ნალესობა მხოლოდ კონქშიღაა შემორჩენილი. დარბაზის გრძივი კედლები სადაა, მოკლებულია პილასტრებს. ეკლესია შიგნით გადახურული იყო ოდნავ დადაბლებული, ნახევარწრის ფორმის კამარით, რომლის მცირე ნაწილები მხოლოდ აფსიდის თაღს შემორჩა. გარედან ეკლესიის აღმოსავლეთი ნახევრის შემორჩენილ კედლებში, ორი, სხვადასხვა ხასიათის წყობა გამოიყოფა, კედლების ქვემოთა ნაწილები, მოზრდილი, რიყის ქვითაა შესრულებული, ზემოთ კი, წყობა წვრილი, რიყის ქვისაა, რომელშიც აქა-იქ, კრამიტის ნამტვრევებიცაა გამოყენებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 211.