ვარდისუბნის თეთრი გიორგის ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ ვარდისუბნის მახლობლად, თელავი-გომბორის გზიდან სამიოდე კილომეტ

ვარდისუბნის თეთრი გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ ვარდისუბნის მახლობლად, თელავი-გომბორის გზიდან სამიოდე კილომეტრის მანძილზე, ტყეში. თარიღდება VI-VII საუკუნეებით.

შენობა სამეკლესიიანი ბაზილიკაა, აღმოსავლეთის გვერდითი ოთახებითა და დასავლეთის გარშემოსავლელით. ნაგებია დიდი ზომის, რიყის ქვის, სწორი რიგებით. კუთხეები გამოყვანილია შირიმით. შირიმისვეა კონქის სატრიუმფო თაღი და საკურთხეველის სარკმელი. ეკლესია დაზიანებულია: ჩამოქცეულია ცენტრალური ეკლესიის კამარა და აფსიდის სამხრეთ მხარე. შენობა XVI საუკუნეში გაურემონტებიათ: წვრილი, რიყის ქვით ამოუვსიათ და აგურის წყობით გასქელებული წირთხლებით გაუმაგრებიათ შუა ეკლესიის სამივე კარის თაღოვანი ნაწილი. შეისრული თაღით ადუსრულებიათ კარის შევიწროვებული მალი. დასავლეთ გარშემოსავლელი აღმოსავლეთ კედელი და სამხრეთ ეკლესიის ჩრდილოეთ კედელი გაუმაგრებიათ აგურის პილასტრებით რომლებსაც შეისრული თაღები ეყრდნიბა. აგურითვეა შეკეთებული ცენტრალური ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის სამი სარკმელი.

აფსიდის ჩრდილოეთ მხარი და კონქის ზედა ნაწილი აგურით ნაწყობი შეისრული თაღით არის გამაგრებული გვერდის ეკლესიების შესასვლელები. თავდაპირველი ლავგარდანი ოთხრიგად ნაწყობი აგურის ლავგარდნითაა შეცვლილი.

მთავარი ეკლესიის სიმაღლე 2,5 ჯერ მეტია სიგანეზე. მასში სამი შესასვლელია: ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთიდან შესასვლელები მაღალია, გადახურულია ნახევარწრიული თაღებით. საკურთხევლის აფსიდი ნახევარწრიულია. მასში შირიმით ნაწყობი, ნალესებრი თაღით გადახურული სარკმელია გაჭრილი. სამ-სამი სარკმელი გრძივ კედლებშიცაა. მათი წირთხლები ერთმანეთის პარალელურია და გადახურულია ნახევარწრიულია თაღით. კონქის ნალისებრი სატრიუმფო თაღი ეყრდნობა აფსიდის მხრების დამაგვირგვინებელ კაპიტალებს. აფსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით სამკვეთლო და სადიაკვანეა, რომლებიც ეკლესიას აფსიდის ახლოს, გრძივ კედლებში გაჭრილი, თითო კარით უკავშირდება. სამკვეთლოს ბრტყლად გადახურული კარი ამჟამად ამოქოლილია. სამხრეთ კედელში ნიშაა მოწყობილი. თითოეული სათავსის აღმოსავლეთ კედელში თითო სარკმელი, რომლებიც შიგნიდან გარეთ ვიწროვდება და გადახურულია ბრტყელი ქვის ფილით. სადიაკვნეში, ჩრდილოეთ კედელზე მიდგმულია რიყის ქვით ამოყვანილი, სწორკუთხა პილასტრი. ამავე კედელზე, პელასტრიდან, დაგაყვანილია ორი თაღი, რომლებიც, თავის მხრივ, საყრდენს უქმნის კამარას. სამრეკლოს და სადიაკვნის გაყოლებაზე, დასავლეთისაკენ, განლაგებულია გვერდის, უაფსიდო ეკლესიები. მათგან ჩრდილოეთ ეკლესიას სამკვეთლო კარით უშუალოდ უკავშირდება. გვერდითა ეკლესიებს გარედან დამოუკიდებელი შესასვლელები აქვს. ეკლესიებს აკავშირებს დასავლეთ გარშემოსავლელი, რომელსაც, თავის მხრივ, დასავლეთით აქვს კარი და ბრტყელი ქვის ფილით გადახურული, ერთი სარკმელი. აღმოსავლეთ ფასადზე, ცენტრალური ეკლესიის საკერთხევლის სარკმელს აგვირგვინებს ქვიშაქვაზე შესრულებული, ნახევარწრიული, კედლის სიბრტყიდან საგრძნობლად ამოწეული თავსართი, რომელსაც ჰორიზონტალურად აკეცილი ბოლოები აქვს. თავსართს ამკობს ღრმა, ზემოდან ვიწრო თაროთი შემოვლებული, ნალისებრი თაღების მწკრივი. ამავე ფასადზე, სადიაკვნისა და ეკლესიის მიჯნაზე ჩასმულია ქვიშაქვის ფილა, რომელზეც რელიეფურად ჯვარია გამოკვეთილი. სრულად შემორჩენილი ზედა მკლავი ბოლოში ფართოვდება.

ლიტერატურა

რედაქტირება