ვარდისუბნის საცხოვრებელი კომპლექსი
ვარდისუბნის საცხოვრებელი კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ვარდისუბნის სამხრეთით, დაახლოებით 3-3,5 კილომეტრზე, მცირე ქანობის ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ძეგლი შედგება ორი, თანადროული ნაწილისგან, ოთკუთხა კოშკისგან მასზე სამხრეთიდან მიშენებული გალავნისგან, რომელიც კოშკის წინ 100-120 კვადრატული მეტრის ფართობისაა, სწორკუთხა მოხაზულობის მონაკვეთს ფარგლავს.
კოშკი და გალავანი ისეა განლაგებული, რომ მათი დასავლეთ კედლები ერთ ხაზზე მდებარეობს. ფერდობის დახრილობა სამხრეთიდან ჩრდილოეთითაა, ტის გამოც ეზოს მნიშვნელოვანი ნაწილი ფერდობშია შეჭრილი და გალავნის სამხრეთ კედელი საყრდენი კედლის ფუნქციას ასრულებს. კოშკი ორი სართულის სიმაღლეზე დგას. გეგმოთ კვადრატულია და ზემოთკენ სწორხაზოვნად ვიწროვდება. საშენ მასალად რიყის ქვაა გამოყენებული. კუნსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები ნაწყობია კვადრატული აგურით. შესასველი აღმოსავლეთ კედელში, ერთი სართულის დონეზეა, კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან ხის, ბრტყელი გადახურვა აქვს. სართულის თითოეულ კედელში ორ-ორი, თაღოვანი ნიშაა, რომელშიც თითო-თითო, სათოფურია გაჭრილი. დასავლეთ კედელში სათოფურიან ნიშებს შორის, სამხრეთ ნიშების მსგავსი, უსათოფურო ნიშაცაა. თითო, მცირე სწორკუთხა ნიშაა მოწყობილი შესასვლელის გვერდებზე. იატაკის დონეზე ჩრდილოეთ კედელში გეგმით ნახევარწრიული, თაღოვანი ბუხარია. სართული გადახურულია აგურით ნაწყობი, შეკრული კამარით. კამარის აღმოსავლეთ მონაკვეთში დატანებულია II სართულზე ასაძვრომი ხვრელი, როლმელიც II სართულის აღმოსავლეთ კედელში მოწყობილ მაღალ, განიერ ნიშაში ადის. სართულის დანარჩენ კედლებში ორ-ორი, თითო სათოფურიანი ნიშაა. ნათგან დასავლეთ ნიშებს შორის ბუხარია, სამხრეთ ნიშებს შორის კიეზოში ჩასასვლელი, ვიწრო კარი ჩრდილოეთ კედელში მცირე, ნისკარტა სამოდის მსგავსი ხვრელობია. სართული გადახურული იყო აგურით ნაწყობი, ვარსკვლავისებრი კამარით, რომლისაგანაც მცირე ნაწილებიღაა დარჩენილი. გალავანი სამხრეთ-ჩრდილოეთითაა მიმართულებითაა წაგრძელებული, ნაშენია რიყის ქვით და მთელ პერიმეტრზე ნალესობით გამოყვანილი, ორფერდა დაბოლოება აქვს. შიგნიდან გალავანი შელესილია. ნალესობაზე ქაფჩის წვერით ერთმანეთზე გადაბმული, უსწორო ნახევარწრეებია გამოყვანილი, რომლებიც კედლის ზედაპირზე ერთმანეთისგან გარკვეული ინტერვალით დაცილებულ, თარაზულ ზოლებს ქმნის.
შესასვლელი გალავნის ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია, კოშკის გვერდით. შესასვლელის წირთხლებში შემორჩენილია საურდულე ხვრელები. სამხრეთი კედლის შუაში მოწყობილია მცირე, შეისრულთაღიანი ნიშა. მსგავსი ორ-ორი ნიშა, გრძივ კედლებშიცაა. გალავნის დასავლეთ კედელში, სამხრეთ კიდესთან, თიხის მილი შემოდის.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 212.