დასავლეთი საიანი
დასავლეთი საიანი (რუს. Западный Саян) — მთათა სისტემა სამხრეთ ციმბირში. განფენილია რუსეთის ტერიტორიაზე, კრასნოიარსკის მხარეში. იწყება მდინარე პატარა აბაკანის ზემოთში, ვრცელდება ჩრდილო-აღმოსავლეთით 650 კილომეტრზე და ებმის აღმოსავლეთ საიანს მდინარეების უდისა და კაზირის სათავეებთან. უმაღლესი მწვერვალია კიზილ-ტაიგა (3121 მ), რომელსაც გამყინვარების კვლები ახასიათებს, — ცირკებისა და ტროგების სახით.[1][2]
დასავლეთი საიანი | |
---|---|
ერგაკის ქედზე არსებული ტბა | |
კოორდინატები: 52°39′ ჩ. გ. 92°53′ ა. გ. / 52.650° ჩ. გ. 92.883° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | კრასნოიარსკის მხარე |
უმაღლესი წერტილი | კიზილ-ტაიგა |
სიმაღლე | 3121 მ |
სიგრძე | 650 კმ |
სიგანე | 80-200 კმ |
გეოლოგიური თვალსაზრისით, იგი ალთაი-საიანის ნაოჭა სისტემის შიგა ნაწილია და ძირითადად შექმნილია კალედონური დანაოჭების შედეგად. კალედონური სტურქტურები აგებულია ქვედა-, შუა- და ზედაკამბრიული, სილურული, დევონური და კარბონული ასაკის დანალექი, მეტამორფული და ვულკანოგენური ქანებით. დასავლეთ საიანის ტექტონიკურ სტრუქტურაზე დიდ გავლენას ახდენენ რღვევები. კამბრიულ ინტრუზიებთან დაკავშირებულია რკინისა და სპილენძ-კობალტის საბადოები, კალედონურ სტრუქტურებთან — ოქროს, ნიკლისა და ქრომის საბადოები, დევონურ გრანიტოიდებთან — ვერცხლის, მოლიბდენის, ტყვიისა და თუთიის მადან-გამოვლინებები.[2][3]
თანამედროვე მორფოლოგიური სახე ძირითადად ჩამოყალიბდა ნეოგენის დასასრულსა და ანთროპოგენის დასაწყისში მიმდინარე დიფერენცირებული ხასიათის თაღოვანი აზევების შედეგად, რასაც თან ახლდა ინტენსიური ეროზიული დანაწევრება და მრავალჯერადი გამყინვარება. ძველი მოსწორებული რელიეფი ჩაჭრილია მდინარე ენისეისა და მისი შენაკადების საკმაოდ ღრმა და ციცაბფერდობიანი ხეობებით. დასავლეთ საიანის ძირითადი ოროგრაფიული ერთეული — მთავარი წყალგამყოფი ქედი — 2800-3000 სიმაღლეზე ტიპური ალპური რელიეფისაა; ენისეის ხეობის აღმოსავლეთით ქედის სიმაღლე კლებულობს და საშუალო სიმაღლისაა. აღმოსავლეთ საიანის მთებთან მიახლოებისას მთავარი წყალგამყოფი ქედი კვლავ 3000 მ-მდე მაღლდება. გვერდითი ქედების უმეტესობა 2000-2500 მ სიმაღლისაა.[2][3]
დასავლეთ საიანში ჰავა მკვეთრად კონტინენტურია. ზამთარი ცივი და ხანგრძლივია, ზაფხული გრილი და ხანმოკლე. იანვრის საშუალო ტემპერატურა 1000-1400 მ სიმაღლეზე –20 °C, –25 °C, მთათაშორის ქვაბულებში –30 °C; ივლისში მთებში 10-12 °C, ქვაბულებში 20 °C. ნალექები უმეტესად ზაფხულში მოდის; ჩრდილოეთ მთისწინეთში 400-500 მმ წელიწადში, ჩრდილოეთ კალთებზე 1000-1200 მმ, სამხრეთ კალთებზე და მთათაშორის ქვაბულებში, შესაბამისად, 400-500 მმ და 300-350 მმ. დასავლეთ საიანზე თანამედროვე მყინვარები არ არის.[2][3]
დასავლეთი საიანის მდინარეები მდინარე ენისეის აუზს ეკუთვნიან. მიედინებიან ვიწრო და ღრმა ხეობებში და ჭორომებსა და ჩანჩქერებს ქმნიან. დასავლეთ საიანის ჩრდილოეთი კალთების მდინარეები აბაკანი, კანტეგირი, ამილი წყალუხვია; საზრდოობენ ძირითადად თოვლისა და წვიმის წყლით. იყინებიან ნოემბრის დასაწყისში, ყინულძვრა აპრილის ბოლოსა და მაისის დასწყისშია. მდინარეებს ჰიდროენერგიის დიდი მარაგი აქვთ. აშენებულია საიანის ჰესი. დასავლეთ საიანის ტბათა უმრავლესობა ძველმყინვარულია. მნიშვნელოვნაია: კარა-ხოლი, სუტ-ხოლი, ემგენ-ხოლი.[2][3]
დასავლეთ საიანის მთის კალთებზე განვითარებულია მაღალმთიანი, მთის ტაიგისა და მთის ტყესტეპის ლანდშაფტები. ჩრდილოეთი კალთების ქვედა სარტყელში გვხვდება მთის რუხ ნიადაგზე აღმოცენებული ნათელწიწვოვანი (ლარიქსი) და ფოთლოვანი (არყი, ვერხვი) ტყეები. 800-900 მეტრიდან 1500-1800 მეტრამდე მთის მუქწიწვოვანი (ნაძვი, სოჭი, კედარი) ტაიგა; მუქწიწვოვანი ტაიგითაა შემოსილი სამხრეთ კალთის ზედა სარტყელი. მინუსინსკის ქვაბულის ძირში ფიჭვისა და არყის ტყესტეპის ლანდშაფტებია. ტყის ზედა საზღვართან ტაიგას ცვლის კედრისა და ლარიქსის მეჩხერი ტყეები. ტუვის ქვაბულისაკენ მოქცეული კალთების დიდ ნაწილზე განვითარებულია მთის ტყესტეპის ლანდშაფტი. აქ სამხრეთი ექსპოზიციის კალთებზე წაბლა ნიადაგზე მთის სტეპია, ჩრდილოეთ ექსპოზიციის კალთებზე — ლარიქსის ნათელი ტყე. დასავლეთ საიანის ცენტრალური ნაწილის სამხრეთ კალთებზე ნათელწიწვოვანი ლარიქსის ტყეებია, რომლებსაც ზემოთ ცვლის კედარ-ლარიქსიანი ტყეები. 2200 მ-ზე ზევით მაღალმთიანი ლანდშაფტია — მთის ტუნდრა, ალპური ბუჩქნარები, ალპური მდელო და მთა-მდელოს ნიადაგებით.[2][3]
მრავალფეროვანია ცხოველთა სამყარო. გვხვდება ციყვი, კურდღელი, მელა, შველი, ლოსი, მურა დათვი. ფრინველებიდან — ტყის ქათამი, როჭო, კოდალა და სხვა. სტეპის ფაუნის წარმომადგენლებიდან არის გრძელკუდა ზაზუნა, სტეპის პატარა ცხენი და სხვა. მაღალ მთის სარტყელში — დედოფალა, თეთრი კაკაბი, ტუნდრის კაკაბი, სიასამური და სხვა.[2] [3]
გალერეა
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ კიზილ-ტაიგა — დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (რუსული)
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 დასავლეთი საიანი — დიდი რუსული ენციკლოპედია დაარქივებული 2021-04-24 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 390-391.