ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „რიხარდ შტრაუსი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. რიხარდ შტრაუსი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

რიხარდ გეორგ შტრაუსი (გერმ. Richard Georg Strauss [ˈʁɪçaʁt ˈʃtʁaʊs];[20][21] დ. 11 ივნისი, 1864 – გ. 8 სექტემბერი, 1949) — გერმანელი კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი და მევიოლინე. განიხილება, როგორც გვიანი რომანტიზმის და ადრეული მოდერნიზმის ერთ-ერთი უმთავრესი წარმომადგენელი, რიხარდ ვაგნერისა და ფრანც ლისტის მემკვიდრე.[22] გუსტავ მალერთან ერთად, არის ვაგნერის შემდგომი გერმანული რომანტიზმის გვიანი აღორძინების წარმომადგენელი, რომელთა მუსიკაშიც დახვეწილი გაორკესტრება მდიდარ ჰარმონიასთანაა შერწყმული.

რიხარდ შტრაუსი
250
250
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 11 ივნისი, 1864(1864-06-11)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17]
დაბ. ადგილი მიუნხენი, ბავარიის სამეფო, გერმანიის კავშირი[18] [15]
გარდ. თარიღი 8 სექტემბერი, 1949(1949-09-08)[18] [2] [3] [4] [5] [6] [8] [9] [19] [10] [11] [12] [13] [15] [17] [16] (85 წლის)
გარდ. ადგილი გარმიშ-პარტენკირხენი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა[1] [15]
დასაფლავებულია Friedhof Garmisch
ხელმოწერა
რიხარდ შტრაუსი ვიკისაწყობში

შტრაუსის საკომპოზიტორო საქმიანობა 1870 წელს დაიწყო, როცა მხოლოდ 6 წლისა იყო და მის გარდაცვალებამდე, თითქმის 80 წლის განმავლობაში გაგრძელდა. მისი შემოქმედება თითქმის ყველა ტიპის კლასიკურ ფორმას მოიცავს, თუმცა, უდიდეს აღიარებას სიმფონიური პოემებითა და ოპერებით მიაღწია. მისი პირველი აღიარებული სიმფონიური პოემა იყო „დონ ჟუანი“, რომელსაც ამ ტიპის სხვა წარმატებული ნაწარმოებები მოჰყვა, მათ შორის, „სიკვდილი და ფერისცვალება“ (გერმ. Tod und Verklärung), „ტილ ოილენშპიგელის მხიარული ოინები“ (Till Eulenspiegels lustige Streiche), „ასე იტყოდა ზარათუშტრა“ (Also sprach Zarathustra), „დონ კიხოტი“ (Don Quixote), „გმირის ცხოვრება“ (Ein Heldenleben), „საშინაო სიმფონია“ (Sinfonia Domestica) და „ალპური სიმფონია“ (Eine Alpensinfonie). მისი პირველი ოპერა, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, იყო „სალომე“. მისი ლიბრეტო, რომლის ავტორიც ჰედვიგ ლახმანი იყო, ეფუძნებოდა ოსკარ უაილდის ფრანგულენოვან პიესას Salomé. ამას მოჰყვა რამდენიმე კრიტიკულად აღიარებული ოპერა ლიბრეტისტ ჰუგო ფონ ჰოფმანსტალთან ერთად: „ელექტრა“, „ვარდის რაინდი“ (Der Rosenkavalier), „არიადნე ნაქსოსიდან“ (Ariadne auf Naxos), „ქალი ჩრდილის გარეშე“ (Die Frau ohne Schatten), „ეგვიპტელი ჰელენე“ (Die ägyptische Helena) და „არაბელა“ (Arabella). უკანასკნელ ოპერებში („დაფნე“, „მშვიდობის დღე“ (Friedenstag), „დანაეს სიყვარული“ (Die Liebe der Danae) და „კაპრიჩიო“) გამოიყენა ვენელი თეატრის ისტორიკოსის, იოზეფ გრეგორის ლიბრეტოები. მისი სხვა ცნობილი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია ორი სიმფონია, ლიდები (განსაკუთრებით, „უკანასკნელი ოთხი სიმღერა“), სავილიონო კონცერტი რე მინორი, კონცერტები ვალტორნისთვის №1 და 2, კონცერტი ჰობოისთვის და სხვა ინსტრუმენტული ნაწარმოებები, მათ შორის, „მეტამორფოზები“.

შტრაუსი, აგრეთვე, წარმატებული დირიჟორი იყო, როგორც დასავლეთ ევროპაში, ისე ამერიკის კონტინენტებზეც, სადაც მისი ნაწარმოებები საორკესტრო და საოპერო რეპერტუარის სტანდარტული ნაწილი იყო. თავის ნაწარმოებებთან ერთად, დიდი მოწონებით სარგებლობდა ვაგნერის, ლისტის და მოცარტის მისეული ინტერპრეტაციებიც. როგორც დირიჟორი, იგი ჰანს ფონ ბიულოვის შეგირდი იყო და სადირიჟორო კარიერაც 1883 წელს, მისი ასისტენტის რანგში, მაინინგენის კარის ორკესტრში დაიწყო. ბიულოვის გადადგომის შემდეგ (1885) იგი ამ ორკესტრის მთავარ დირიჟორად მუშაობდა 5 თვის განმავლობაში, ვიდრე ბავარიის სახელმწიფო ოპერის დირიჟორთა შემადგენლობაში არ დაინიშნა, სადაც 1886–1889 წლებში მესამე დირიჟორად მუშაობდა. შემდეგ, 1889–1894 წლებში, იყო ვაიმარის გერმანული ეროვნული თეატრისა და სახელმწიფო კაპელის მთავარი დირიჟორი. 1894 წელს შედგა მისი სადირიჟორო დებიუტი ბაიროითის ფესტივალზე, სადაც ვაგნერის „ტანჰოიზერი“ იდირიჟორა (ელიზაბეტის როლს მისი მეუღლე, პაულინა დე ანა ასრულებდა). შემდგომ, ბავარიის სახელმწიფო ოპერაში დაბრუნდა, ამჯერად, მთავარ დირიჟორად და ამ პოსტზე 1894–1898 წლებში მუშაობდა, რის შემდეგაც, 1898–1913 წლებში ბერლინის სახელმწიფო ოპერის მთავარი დირიჟორი იყო. 1919–1924 წლებში იყო ვენის სახელმწიფო ოპერის მთავარი დირიჟორი, ხოლო 1920 წელს ზალცბურგის ფესტივალის თანადამფუძნებელი გახდა. ამ თანამდებობებთან შეთავსებით გამოდიოდა სხვადასხვა ორკესტრისა და საოპერო თეატრის მიწვეული დირიჟორის რანგში.

1933 წელს შტრაუსი ნაცისტური გერმანიის ორ უმნიშვნელოვანეს მუსიკალურ თანამდებობაზე დაინიშნა. პირველი იყო სახელმწიფო მუსიკალური ბიუროს (გერმ. Reichsmusikkammer) ხელმძღვანელის, ხოლო მეორე – ბაიროითის ფესტივალის მთავარი დირიჟორის თანამდებობა. ამ უკანასკნელ თანამდებობაზე დანიშვნას მას შემდეგ დათანხმდა, რაც ნაცისტური პარტიის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად იგი არტურო ტოსკანინიმ დატოვა. ამ თანამდებობებზე მუშაობის გამო შტრაუსს ხშირად აკრიტიკებდნენ, თითქოსდა, ნაცისტებთან კოლაბორაციის გამო. თუმცა, შტრაუსის რძალი, ალის გრაბ შტრაუსი (დაბადებით ფონ ჰერმანსვერტი), ებრაელი იყო და შტრაუსის დათმობები ნაცისტურ პარტიასთან მისი და მისი შვილების (კომპოზიტორის შვილიშვილების) დასაცავად იყო გამიზნული. იგი აპოლიტიკური იყო და თანამდებობას მუსიკალურ ბიუროში კომპოზიტორების საავტორო უფლებების დასაცავად, ასევე, აკრძალული კომპოზიტორების (დებიუსის, მალერის, მენდელსონის და სხვათა) ნაწარმოებების გადასარჩენად იყენებდა. მეტიც, იგი დაჟინებით მოითხოვდა თავისი ოპერისთვის „მდუმარე ქალი“ (გერმ. Die schweigsame Frau) ებრაელი შტეფან ცვაიგის ლიბრეტოს გამოყენებას, რის გამოც, საბოლოოდ, ორივე ზემოთაღნიშნული თანამდებობა დაკარგა. მისი ოპერა „მშვიდობის დღე“, რომლის პრემიერაც II მსოფლიო ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შედგა, ნაცისტური პარტიის არცთუ კარგად შენიღბულ კრიტიკას წარმოადგენდა, რომელიც გერმანელებს მოუწოდებდა, ძალადობის ნაცვლად მშვიდობა აერჩიათ. შტრაუსის საკმოდ დიდი გავლენის წყალობით, მისი რძალი ომის დროს შინაპატიმრობით გადარჩა, თუმცა, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მან ვერ შეძლო საკონცენტრაციო ბანაკებში სიკვდილისაგან ყველა ნათესავი დაეხსნა. 1948 წელს, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, მიუნხენის დენაციფიკაციის ტრიბუნალმა იგი სრულიად უდანაშაულოდ გამოაცხადა.

ადრეული ცხოვრება და კარიერა (1864–1886)

რედაქტირება
 
შტრაუსი 22 წლის ასაკში

შტრაუსი დაიბადა 1864 წლის 11 ივნისს, მიუნხენში, ჟოზეფინ (დაბადებით პშორი) და ფრანც შტრაუსების ოჯახში. მამამისი მიუნხენის კარის ოპერის ორკესტრში პირველი ვალტორნა იყო, ასევე, ასწავლიდა სამეფო მუსიკალურ სკოლაში.[22][23] დედა გეორგ პშორის, წარმატებული მიუნხენელი ლუდის მწარმოებლის ქალიშვილი იყო.[22]

შტრაუსის მუსიკალური განათლება 4 წლის ასაკში დაიწყო, როცა კარის ორკესტრის არფისტთან, აუგუსტ ტომბოსთან ფორტეპიანოს შესწავლას შეუდგა.[22] მალევე დაიწყო დასწრება ორკესტრის რეპეტიციებზე, ასევე, გაკვეთილების მიღება მუსიკის თეორიასა და გაორკესტრებაში ორკესტრის ასისტენტ-დირიჟორისგან. პირველი კომპოზიცია 6 წლის ასაკში დაწერა და მუსიკის წერა გარდაცვალებამდე არ შეუწყვეტია. 1872 წელს ბენო ვალტერთან ვიოლინოზე დაკვრის შესწავლა დაიწყო (იგი მიუნხენის კარის ორკესტრის ხელმძღვანელი და მამისის ბიძაშვილი იყო), ხოლო 11 წლის ასაკში დაიწყო კომპოზიციის შესწავლა ფრიდრიხ ვილჰელმ მაიერთან.[22] 1882 წელს დაამთავრა ლუდვიგის გიმნაზია და შემდგომ მიუნხენის უნივერსიტეტში სწავლობდა, თუმცა, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში.[22]

ფორმალური განათლების გარდა, შტრაუსზე დიდ გავლენას ახდენდა მამა, რომელიც ოჯახურ გარემოში მუსიკის შესრულებას დიდ ყურადღებას აქცევდა. მათ ოჯახში მუსიკის შესრულებას, სადილებსა და სხვა აქტივობებს ხშირად უერთდებოდა დაობლებული ახალგაზრდა კომპოზიტორი და მუსიკის თეორეტიკოსი ლუდვიგ ტუილი, რომელიც ოჯახის წევრად ითვლებოდა.[22] რიხარდს მამა ბეთჰოვენის, ჰაიდნის, მოცარტის და შუბერტის მუსიკას ასწავლიდა.[22] იგი ეხმარებოდა პირველი კომპოზიციების შექმნაში 1870-იან და ადრე 1880-იან წლებში, სთავაზობდა რჩევებს, კომენტარებსა და კრიტიკას,[22] ასევე, მხარს უჭერდა მისი მუსიკის შესრულებას მოყვარულ ორკესტრთან „Wilde Gung'l“, რომელსაც თავადვე დირიჟორობდა 1875–1896 წლებში. შტრაუსის ბევრი ადრეული სიმფონიური ნაწარმოები ამ ანსამბლისთვის შეიქმნა.[22] ამ დროის კომპოზიციებს ემჩნევა რობერტ შუმანის და ფელიქს მენდელსონის სტილისტური გავლენები, რაც მამის სწავლებიდან გამომდინარეობდა. ეჭვგარეშეა, რომ მამას შტრაუსის გემოვნების განვითარებაზე გადამწყვეტი გავლენა ჰქონდა, რაც, უპირველეს ყოვლისა, ვალტორნის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულში გამოიხატა. ამ პერიოდის კარგი ნიმუშია კონცერტი ვალტორნისთვის №1, რომელიც ამ ინსტრუმენტის თანამედროვე რეპერტუარის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.[22]

1874 წელს შტრაუსმა პირველად მოისმინა ვაგნერის ოპერები, კერძოდ, „ლოენგრინი “და „ტანჰოიზერი“.[24] 1878 წელს დაესწრო „ვალკირიას“ და „ზიგფრიდის“ წარმოდგენებს მიუნხენში, ხოლო 1879 წელს „ბეჭდის“ მთლიანი ციკლის, „ნიურნბერგელი მაისტერზინგერების“ და „ტრისტან და იზოლდას“ შესრულება იხილა.[22] შტრაუსის სტილზე ვაგნერის გავლენა, საბოლოო ჯამში, უდიდესი მნიშვნელობისა აღმოჩნდა, თუმცა, პირველ ეტაპზე მუსიკალურად კონსერვატიულმა მამამ მისი შესწავლა აუკრძალა. მეტიც, შტრაუსების ოჯახში ვაგნერს ეჭვის თვალით უყურებდნენ და „ტრისტანის“ პარტიტურის შოვნა მან მხოლოდ 16 წლის ასაკში შეძლო.[24] 1882 წელს ბაიროითის ფესტივალს დაესწრო, სადაც მამამისის შესრულება მოისმინა ვაგნერის „პარსიფალის“ მსოფლიო პრემიერაზე, რის შემდეგაც, შემორჩენილ წერილებში მამის და ტუილის მიმართ ვაგნერზე და მის მუსიკაზე ნეგატიური შთაბეჭდილება იკითხება.[22] მოგვიანებით, შტრაუსი ამბობდა, რომ ვაგნერის პროგრესული ნამუშევრების მიმართ ამ კონსერვატიულ დამოკიდებულებას ძლიერ ნანობდა.[24]

1882 წლის დასაწყისში, ვენაში, შტრაუსმა პირველად შეასრულა თავისი სავიოლინო კონცერტი რე მინორი, საფორტეპიანო აკომპანიმენტს კლავირიდან თავად ასრულებდა, ხოლო სოლისტი მისივე მასწავლებელი, ბენო ვალტერი იყო. იმავე წელს სწავლა დაიწყო მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში, სადაც ფილოსოფიას და ხელოვნების ისტორიას სწავლობდა, მაგრამ არა მუსიკას. ერთი წლის შემდეგ ბერლინში წავიდა, სადაც მოკლე ხნის განმავლობაში სწავლობდა, შემდეგ კი მაინინგენის კარის ორკესტრში ჰანს ფონ ბიულოვის ასისტენტ-დირიჟორის თანამდებობა მოიპოვა. ბიულოვზე დიდი შთაბეჭდილება მოეხდინა მის სერენადას (თხზ. 7) ჩასაბერი ინსტრუმენტებისათვის, რომელიც შტრაუსს 16 წლის ასაკში ჰქონდა დაწერილი. შტრაუსმა სადირიჟორო ხელოვნება ბიულოვის რეპეტიციებზე დაკვირვებით ისწავლა. ბიულოვი ახალგაზრდა კომპოზიტორის მიმართ დადებითად იყო განწყობილი, ხოლო შტრაუსს იგი უდიდეს მენტორად მიაჩნდა და ხშირად ამბობდა, რომ ინტერპრეტაციის ხელოვნება სწორედ მან შეასწავლა.[22] აღსანიშნავია, რომ ბიულოვის დირიჟორობით მოხდა მისი პირველი გამოსვლა საკონცერტო პიანისტის რანგში; შეასრულა მოცარტის საფორტეპიანო კონცერტი №24, რომლისთვისაც კადენციები თავად დაწერა.[22]

1885 წლის დეკემბერში, მოულოდნელად, ბიულოვი თანამდებობიდან გადადგა და დარჩენილი სეზონის განმავლობაში, 1886 წლის აპრილის ბოლომდე, მისი მოვალეობის დროებით შესრულება შტრაუსს დაეკისრა.[22] აღსანიშნავია, რომ მან მოამზადა ორკესტრი ბრამსის მე-4 სიმფონიის პრემიერისთვის, რომელიც თავად ავტორმა იდირიჟორა. თავისი მე-2 სიმფონია დაუკრა ბრამსისთვის, რომელმაც ურჩია: „თქვენი სიმფონია თემებზე ზედმეტ თამაშს შეიცავს. ასე დაგროვება ბევრი თემისა, რომლებიც სამხმოვანებებზეა დამყარებული და ერთმანეთისგან მხოლოდ რიტმი განასხვავებს, არაფრისმომცემია“.[22] ბრამსის მუსიკამ, ვაგნერის მსგავსად, შტრაუსზე მძლავრი შთაბეჭდილება მოახდინა და ამ პერიოდს ხშირად იხსენიებდა, როგორც „Brahmsschwärmerei“ („ბრამსის თაყვანისცემა“). ბრამსის გავლენას ამ პერიოდის არაერთი ნაწარმოები ამჟღავნებს, მათ შორის Wandrers Sturmlied (1884) და Burleske (1885–86).[22]

სადირიჟორო წარმატება და სიმფონიური პოემები (1885–1898)

რედაქტირება
 
პაულინე დე ანა შტრაუსი, დაახლოებით 1900

1885 წელს შტრაუსი შეხვდა კომპოზიტორ ალექსანდერ რიტერს, რომელიც მაინინგენის ორკესტრის მევიოლინე და ვაგნერის ერთ-ერთი დისშვილის მეუღლე იყო. იგი ვაგნერისა და ლისტის იდეალების დიდი გულშემატკივარი იყო და შტრაუსის საკომპოზიტორო განვითარების ტრაექტორიაზე მასთან ურთიერთობამ უდიდესი გავლენა მოახდინა. მან დაარწმუნა შტრაუსი, მიეტოვებინა კონსერვატიული სტილი და შეექმნა „მომავლის მუსიკა“ ვაგნერისა და ლისტის სტილის მიხედვით.[22] კიდევ უფრო მეტი გავლენა იქონია შტრაუსზე მასთან იმ საუბრებმა, სადაც არტურ შოპენჰაუერის, ვაგნერისა და ფრიდრიხ ფონ ჰაუზეგერის ნაწერებს განიხილავდნენ. ამ ყველაფერმა ერთად შტრაუსს ახალი ესთეტიკური მიმართულება მისცა, რაც მის მიერ სიმფონიური პოემის ჟანრით დაინტერესებაში გამოიხატა.[22]

1886 წელს მაინინგენში პოსტი დატოვა და რამდენიმე კვირის განმავლობაში იტალიაში მოგზაურობდა, რის შემდეგაც ბავარიის სახელმწიფო ოპერაში დაიწყო მუშაობა (მას ამ დროს Munich Hofoper ეწოდებოდა). მოგზაურობის დროს იწერდა იმ ადგილების აღწერას, რომლებსაც ნახულობდა და თან ურთავდა ბგერით შთაბეჭდილებებს, რომლებიც ამ აღწერას შეესაბამებოდა. ამათ წერილის სახით დედას უგზავნიდა ხოლმე და საბოლოოდ, ისინი გახდა საფუძველი მისი პირველი სიმფონიური პოემისა „იტალიიდან“ (Aus Italien, 1886).[22] 1886 წლის სექტემბერში, შტრაუსის მიერ მიუხენში მუშაობის დაწყებიდან ცოტა ხნის შემდეგ, იქვე გადავიდა საცხოვრებლად რიტერიც. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ორი მუსიკოსი ერთმანეთს რეგულარულად ხვდებოდა, მათ ხშირად უერთდებოდნენ ტუილი და ანტონ სეიდლი. ისინი განიხილავდნენ მუსიკას, განსაკუთრებით, ვაგნერსა და ლისტს, ასევე, პოეზიას, ლიტერატურასა და ფილოსოფიას.[22]

შტრაუსის მუშაობა ბავარიის სახელმწიფო ოპერაში ბედნიერი არ იყო. 1886 წლის ივნისში გარდაიცვალა ლუდვიგ II, ხოლო მისი მემკვიდრე, ოტო, თეატრს წინამორბედის მსგავს ფინანსურ მხარდაჭერას აღარ უწევდა. ეს ნიშნავდა, რომ ბევრი ამბიციური და ძვირადღირებული პროექტი, მათ შორის, ვაგნერის ოპერები, განუხორციელებელი დარჩებოდა. ოპერები, რომელთა დირიჟორობაც შტრაუსს უხდებოდა (ბუალდიე, ობერი, დონიცეტი) მისთვის მოსაწყენი იყო. ვითარებას მთავარი დირიჟორის, ჰერმან ლევის ხშირი ავადმყოფობაც აუარესებდა, რის გამოც შტრაუსს, ხშირად, უკანასკნელ წუთს, ყოველგვარი რეპეტიციის გარეშე უხდებოდა მისი მოვალეობის გადაბარება. ეს იწვევდა პრობლემებს მისთვისაც, მომღერლებისთვისაც და ორკესტრისთვისაც. ამ პერიოდში ბევრად უფრო სასიამოვნო სადირიჟორო სამუშაოს იგი მიუნხენის გარეთ, ბერლინში, დრეზდენსა და ლაიფციგში პოულობდა. ლაიფციგში, 1887 წლის შემოდგომაზე, შეხვდა და დაუმეგობრდა გუსტავ მალერს. იმავე წელს გაიცნო მომავალი მეუღლე, სოპრანო პაულინე დე ანა, რომელიც ამ დროს მიუნხენის მუსიკის სკოლაში ვოკალს სწავლობდა, თუმცა, მალე, შტრაუსთან კერძო გაკვეთილებზე გადავიდა.[22]

1889 წლის მაისში შტრაუსმა ბავარიის სახელმწიფო ოპერაში თანამდებობა დატოვა, დაინიშნა რა კაპელმაისტერად საქსონია-ვაიმარ-აიზენახის დიდი ჰერცოგის, კარლ ალექსანდერის კარზე, 1889 წლის შემოდგომიდან. 1889 წლის ზაფხულზე ბაიროითის ფესტივალის ასისტენტ-დირიჟორი იყო, რა დროსაც კოზიმა ვაგნერს დაუმეგობრდა.[22] პაულინე დე ანა შტრაუსთან ერთად ვაიმარში დაბრუნდა და მათ 1894 წლის 10 სექტემბერს იქორწინეს. პაულინე ცნობილი იყო ბრაზიანობითა და ექსცენტრულობით, თუმცა, ქორწინება ბედნიერი იყო და ქალი შტრაუსისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა. მთელი შემოქმედების განმავლობაში, უადრესი სიმღერებიდან დაწყებული „უკანასკნელი ოთხი სიმღერით“ დამთავრებული (1948), იგი სოპრანოს ხმას არჩევდა და მისი ოპერებიც მნიშვნელოვან როლებს შეიცავს სოპრანოსათვის. ვაიმარში, 1894 წელს, მისმა მეუღლემ შექმნა ფრაიჰილდის როლი შტრაუსის პირველ ოპერაში „გუნტრამი“. ოპერას ვაიმარში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა, მიუნხენში ის ძალიან ცუდად მიიღეს და კომპოზიტორის პირველი მნიშვნელოვანი ჩავარდნა აღმოჩნდა.[22]

 
შტრაუსის ვილა გარმიშ-პარტენკირხენში, აშენდა 1906 წელს, არქიტექტორი ემანუელ სეიდლი.

პირველი ოპერის ჩავარდნის მიუხედავად, შტრაუსის მოღვაწეობა ვაიმარში მისი კარიერისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. 1889 წლის 11 ნოემბერს შედგა მისი სიმფონიური პოემის, „დონ ჟუანის“ პრემიერა, რასაც უდიდესი კრიტიკული წარმატება მოჰყვა და ავტორს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. 1890 წელს ამას მოჰყვა კიდევ ერთი მიღწევა, პრემიერა მისი სიმფონიური პოემისა „სიკვდილი და ფერისცვალება“ (Tod und Verklärung). ეს ორი ნაწარმოები, შედარებით ადრინდელ „ბურლესკთან“ ერთად, საერთაშორისოდ გახდა ცნობილი და შტრაუსს წამყვანი მოდერნისტი კომპოზიტორის რეპუტაცია დაუმკვიდრა.[22] წარმატებული იყო მისი სადირიჟორო კარიერაც ვაიმარში, განსაკუთრებით, ლისტის სიმფონიური პოემებით და ვაგნერის „ტრისტან და იზოლდას“ სრული სახით დადგმით, 1892 წელს.[22]

1894 წლის ზაფხულში შედგა მისი სადირიჟორო დებიუტი ბაიროითის ფესტივალზე, სადაც „ტანჰოიზერი“ იდირიჟორა. წარმოდგენაში ელიზაბეტის პარტიას მისი მეუღლე ასრულებდა. მათ ქორწინებამდე (იმავე წლის სექტემბერში) ცოტა ხნით ადრე მან ვაიმარი დატოვა. დაინიშნა კაპელმაისტერად (მთავარ დირიჟორად) ბავარიის სახელმწიფო ოპერაში, სადაც მის უმთავრეს პასუხისმგებლობას ვაგნერის ოპერების დადგმა წარმოადგენდა. მიუნხენში ამ პოსტზე ოთხწლიანი მუშაობის დროს დაემთხვა მისი ყველაზე აქტიური შემოქმედებითი პერიოდი, რა დროსაც შექმნა „ტილ ოილენშპიგელის მხიარული ოინები“ (1895), „ასე იტყოდა ზარათუშტრა“ (1896), „დონ კიხოტი“ (1897) და „გმირის ცხოვრება“ (1898).[22] 1894–1895 წლებში ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის მთავარი დირიჟორიც იყო. 1897 წელს დაიბადა შტრაუსის ვაჟი, ფრანცი, მისი ერთადერთი შვილი.[25] 1906 წელს შტრაუსმა შეიძინა მიწის ნაკვეთი გარმიშ-პარტენკირხენში და იქ ვილა ააშენებინა, რისთვისაც პირველადი შენატანი მისმა გამომცემელმა, ადოლფ ფიურსტნერმა გააკეთა.[26] ეს თანხა ნაწილი იყო მისი ანაზღაურებისა ოპერისთვის „სალომე“.[27][28] ამ სახლში შტრაუსი გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.[22]

ცნობადობა და წარმატება ოპერებით (1898–1933)

რედაქტირება
 
შტრაუსი მეუღლესთან და ვაჟთან ერთად, 1910

შტრაუსმა ბავარიის სახელმწიფო ოპერა 1898 წლის შემოდგომაზე დატოვა, როცა ბერლინის სახელმწიფო კაპელის და ბერლინის სახელმწიფო ოპერის მთავარ დირიჟორად დაინიშნა, სადაც 15 წლის განმავლობაში მუშაობდა. ამ დროისათვის მასზე, როგორც დირიჟორზე, დიდი საერთაშორისო მოთხოვნა იყო, განსაკუთრებით, ვაგნერის, მოცარტის, ლისტის და თავისივე ნაწარმოებების შესასრულებლად.[22] 1901 წელს გახდა გერმანიის გაერთიანებული მუსიკალური საზოგადოების (გერმ. Allgemeiner Deutscher Musikverein) პრეზიდენტი და იმავე წელს, კიდევ ერთი მუსიკალური საზოგადოების, Berliner Tonkünstlerverein-ის ხელმძღვანელი.[22] რედაქტირებას უწევდა წიგნების სერიას „მუსიკა“ (Die Musik). ყველა ამ თანამდებობას იგი თანამედროვე გერმანელი კომპოზიტორების, მაგალითად, მალერის ხელშეწყობისთვის იყენებდა. მისი საკუთარი კომპოზიციები სულ უფრო პოპულარული ხდებოდა. პირველი დიდი ორკესტრი, რომელმაც მთლიანად მისი ნაწარმოებებისგან შემდგარი კონცერტი ჩაატარა, 1901 წელს, ვენის ფილარმონიული ორკესტრი იყო.[22] 1903 წელს ლონდონსა და ჰაიდელბერგში მისი მუსიკის ფესტივალები დაარსდა. ჰაიდელბერგის ფესტივალზე შესრულდა მისი კანტატის, „ტაილეფერის“ პრემიერა. [22]

1904 წელს შტრაუსმა პირველი ჩრდილოამერიკული ტურნე დაიწყო, რომელიც ბოსტონს, ჩიკაგოს, კლივლენდს, ნიუ-იორკს და პიტსბურგს მოიცავდა. 21 მარტს, კარნეგი-ჰოლში, ვეცლერის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად Symphonia Domestica-ს პრემიერა იდირიჟორა.[29] კომპოზიტორ ჰერმან ჰანს ვეცლერთან და მის ორკესტრთან ერთად კარნეგი-ჰოლში სხვა ნაწარმოებებიც იდირიჟორა, ასევე, შეასრულა ლიდების კონცერტი მეუღლესთან ერთად.[29] ამ ტურნეს დროს ინტენსიურად მუშაობდა თავის მესამე ოპერაზე „სალომე“, რომელიც ოსკარ უაილდის 1891 წლის იმავე სახელწოდების პიესას ეფუძნებოდა. ნაწარმოები, რომლის პრემიერაც დრეზდენში, 1905 წელს შედგა, შტრაუსისთვის უდიდესი წარმატება აღმოჩნდა და იგი მალევე შევიდა საოპერო თეატრების პროგრამაში მსოფლიო მასშტაბით.[22]

„სალომეს“ შემდეგ შტრაუსმა ერთმანეთის მიყოლებით შექმნა კრიტიკულად წარმატებული ოპერები პოეტ და ლიბრეტისტ ჰუგო ფონ ჰოფმანსტალთან ერთად. მათ შორის იყო „ელექტრა“ (1909), „ვარდის რაინდი“ (1911), „არიადნე ნაქსოსიდან“ (1912, რევიზია 1916), „ქალი ჩრდილის გარეშე“ (1919), „ეგვიპტელი ჰელენე“ (1928) და „არაბელა“ (1933).[22] ყველა მათგანი სტანდარტული საოპერო რეპერტუარის ნაწილია, თუმცა, შტრაუსის უდიდეს მიღწევად „ვარდის რაინდი“ ითვლება.[22] ამავე პერიოდში აგრძელებდა სადირიჟორო საქმიანობას საერთაშორისო მასშტაბით. 1919–1924 წლებში ვენის სახელმწიფო ოპერის მთავარი დირიჟორი იყო.[22] 1920 წელს მაქს რაინჰარდტთან და ალფრედ როლესთან ერთად ზალცბურგის ფესტივალი დააარსა. 1924 წელს დრეზდენის ზემპერის ოპერაში მისი ოპერის, „ინტერმეცოს“ პრემიერა შედგა, რომელის ლიბრეტოც თავად დაწერა. ამ ოპერისთვის მას სურდა გამოსულიყო პოსტ-ვაგნერული მეტაფიზიკისგან, რომელიც ჰოფმანსტალის ლიბრეტოების ფილოსოფიურ საფუძველს წარმოადგენდა და შეექმნა თანამედროვე, „შინაურული“ კომედია.[22] ნაწარმოები წარმატებული აღმოჩნდა.[22]

1924 წელს შტრაუსის ვაჟი, ფრანცი, დაქორწინდა ალის ფონ გრაბ-ჰერმანსვერტზე, რომელიც ებრაელი მეწარმის ქალიშვილი იყო. ქორწინების ცერემონია კათოლიკური წესით გაიმართა.[25] ფრანცსა და ალისს ორი ვაჟი ჰყავდათ, რიხარდი და კრისტიანი.[25]

ნაცისტურ გერმანიაში (1933–1945)

რედაქტირება

1933 წლის მარტში ხელისუფლებაში ადოლფ ჰიტლერი და ნაცისტური პარტია მოვიდა. ამ დროს შტრაუსი 68 წლის იყო. კომპოზიტორი არასოდეს გაწევრიანებულა პარტიაში და დაჟინებით არიდებდა თავს ნაცისტური მისალმების გამოყენებას. მიუხედავად ამისა, მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საწყის ეტაპზე ნაცისტურ რეჟიმთან ეთანამშრომლა იმ იმედით, რომ ჰიტლერი — მხურვალე ვაგნერიანელი და მუსიკის მოყვარული, რომელიც „სალომეს“ ნახვის შემდეგ (1917) შტრაუსის მუსიკასაც დიდად აფასებდა, გერმანულ ხელოვნებასა და მუსიკას დაეხმარებოდა. ამ გადაწყვეტილების მნიშვნელოვანი მოტივატორი, ასევე, იყო შტრაუსის ებრაელი რძლისა და შვილიშვილების დაცვის სურვილი,[22] აგრეთვე, მისი მონდომება, დაეცვა და გადაერჩინა აკრძალული მუსიკა, მათ შორის, მალერისა და დებიუსის ნაწარმოებები.

1933 წელს შტრაუსი თავის პირად დღიურში წერდა:

მიმაჩნია, რომ შტრაიხერ–გებელსის მიერ ებრაელების დევნა გერმანული ღირსების შეურაცხყოფაა, არაკომპეტენტურობის დასტური. უმდაბლესი იარაღი უნიჭო, ზარმაცი რეჟიმისა უფრო დიდი ინტელექტისა და უფრო დიდი ნიჭის წინააღმდეგ.[30]

ამავე დროს, გებელსი, რომელსაც საერთოდ არ მოსწონდა შტრაუსის მუსიკა და მასთან მხოლოდ ნაძალადევად ზრდილობიან დამოკიდებულებას ინარჩუნებდა, წერდა:

სამწუხაროდ, იგი ჯერ კიდევ გვჭირდება, მაგრამ ერთ დღესაც ჩვენი საკუთარი მუსიკა გვექნება და ეს ნევროზიანი დეკადენტი აღარაფერში დაგვჭირდება.[31]

 
შტრაუსი ჟურნალ TIME-ის გარეკანზე, 1927

მიუხედავად ამისა, შტრაუსის საერთაშორისო წარმატების გამო, 1933 წლის ნოემბერში იგი ახლადდაფუძნებული რაიხის მუსიკალური ბიუროს (გერმ. Reichsmusikkammer) თავმჯდომარედ დანიშნეს. შტრაუსმა, რომელსაც არაერთი პოლიტიკური რეჟიმი ენახა და პოლიტიკა სრულებით არ აინტერესებდა, გადაწყვიტა, დათანხმებოდა პოსტს, მაგრამ დარჩენილიყო აპოლიტიკური; პოზიცია, რომლის შენარჩუნებაც, საბოლოოდ, შეუძლებელი აღმოჩნდა. იგი ოჯახს სწერდა: „მუსიკას ვქმნიდი კაიზერის დროსაც და ებერტის დროსაც. ამათაც გადავურჩები“.[32] 1935 წელს თავის ჟურნალში წერდა:

1933 წლის ნოემბერში მინისტრმა გებელსმა Reichsmusikkammer-ის პრეზიდენტად დამასახელა ისე, რომ ჩემთვის თანხმობა არ უთხოვია. არც აზრი უკითხავთ ჩემთვის. ამ საპატიო თანამდებობას იმ იმედით დავთანხმდი, რომ რაღაც კარგის გაკეთებას და უარესის თავიდან აცილებას შევძლებდი, თუ ამ დროიდან გერმანული მუსიკალური ცხოვრება, როგორც ამბობდნენ, „რეორგანიზებული“ უნდა ყოფილიყო მოყვარულთა და უვიც თანამდებობის მაძიებელთა მიერ.[32]

პირად საუბრებში შტრაუსი გებელსს ლანძღავდა და „წრიპას“ უწოდებდა.[33] მიუხედავად ამისა, 1933 წელს მიუძღვნა საორკესტრო სიმღერა Das Bächlein („პატარა ნაკადული“), რათა მისგან გერმანული მუსიკის საავტორო უფლებების 30-დან 50 წლამდე გახანგრძლივებაში დახმარება მიეღო.[34] იმავე წელს ბაიროითის ფესტივალის დირექტორის პოსტზე არტურო ტოსკანინი შეცვალა, რომელიც ნაცისტური რეჟიმის მიმართ პროტესტის ნიშნად გადამდგარიყო.[22]

შტრაუსი ცდილობდა, ნაცისტების მიერ დებიუსის, მალერისა და მენდელსონის მუსიკის აკრძალვისთვის ყურადღება არ მიექცია. ასევე, ებრაელ მეგობართან, ლიბრეტისტ შტეფან ცვაიგთან ერთად აგრძელებდა მუშაობას ოპერაზე „მდუმარე ქალი“. დრეზდენში ოპერის პრემიერის დროს, 1935 წელს, შტრაუსმა დაჟინებით მოითხოვა, რომ აფიშებზე ცვაიგის სახელიც ყოფილიყო, რამაც რეჟიმის გაღიზიანება გამოიწვია. ჰიტლერმა და გებელსმა სპექტაკლზე დასწრებას თავი აარიდეს და სამი პერფორმანსის შემდეგ ოპერა აიკრძალა.[35]

1935 წლის 17 ივნისს შტრაუსმა ცვაიგს წერილი მისწერა, სადაც წერდა:

ნუთუ გჯერათ, რომ ოდესმე, ჩემს რაიმე ქმედებაში წინ მიძღვის შეგნება, რომ „გერმანელი“ ვარ? ნუთუ, ვარაუდობთ, რომ მოცარტი შეგნებულად „არიანელი“ იყო, როცა მუსიკას წერდა? მე მხოლოდ ორი ტიპის ადამიანს ვცნობ: ნიჭიერებს და უნიჭოებს.[36]

ეს წერილი გესტაპოს ჩაუვარდა ხელში და ჰიტლერთან მოხვდა. შედეგად, 1935 წელსვე იგი Reichsmusikkammer-ის პრეზიდენტის პოსტიდან გაათავისუფლეს. მიუხედავად ამისა, 1936 წლის ბერლინის ოლიმპიადაზე მაინც გამოიყენეს მისი „ოლიმპიური ჰიმნები“, რომლებიც 1934 წელს ჰქონდა დაწერილი. ნაცისტებთან შტრაუსის ურთიერთობის გარეგანმა მხარემ 1930-იან წლებში სხვა ცნობილი მუსიკოსების კრიტიკა დაიმსახურა, მათ შორის, ტოსკანინისა, რომელმაც 1933 წელს, როცა შტრაუსი Reichsmusikkammer-ის პრეზიდენტი გახდა, თქვა: „შტრაუსის, როგორც კომპოზიტორის მიმართ, ქუდს ვიხდი; შტრაუსის, როგორც ადამიანის მიმართ – ისევ ვიხურავ“.[37] მესამე რაიხის დროს შტრაუსის ქმედებათა უმნიშვნელოვანესი მოტივატორი მისი ებრაელი რძლისა და შვილიშვილების დაცვა იყო. ორივე შვილიშვილი სკოლაში ბულინგის მსხვერპლი იყო, მაგრამ თავისი გავლენის წყალობით შტრაუსმა შეძლო, ბიჭები და მათი დედა საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნისგან დაეცვა.[38]

გვიანდელი ოპერები და ოჯახური ტრაგედია

რედაქტირება
 
შტრაუსი გარმიშში, 1938

ცვაიგის, როგორც ლიბრეტისტის დაკარგვის შემდეგ შტრაუსმა ვენელ თეატრის ისტორიკოსთან, იოზეფ გრეგორთან დაიწყო თანამშრომლობა, გრეგორისავე თხოვნით. პირველი ოპერა, რომელზეც მათ მუშაობა დაიწყეს, იყო „დაფნე“, თუმცა მასზე ადრე სხვა ოპერა დაიდგა. 1938 წელს, როცა მთელი ერი ომისთვის ემზადებოდა, მათ წარმოადგინეს „მშვიდობის დღე“ (Friedenstag), ერთაქტიანი ოპერა, რომლის მოქმედებაც ოცდაათწლიანი ომის დროს ალყაშემორტყმულ ციხესიმაგრეში ვითარდება. იგი მშვიდობის ჰიმნს და მესამე რაიხის ცუდად შენიღბულ კრიტიკას წარმოადგენს. მასში მოცემულია მკვეთრი კონტრასტები თავისუფლებასა და მონობას, ომსა და მშვიდობას, ნათელსა და ბნელს შორის, რითაც ბეთჰოვენის „ფიდელიოს“ ენათესავება. ოპერის წარმოდგენები 1939 წელს, ომის დაწყებიდან ცოტა ხნის შემდეგ შეწყდა. ავტორებმა კიდევ ორ ოპერაზე იმუშავეს, რომლებიც შტრაუსისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა: „დანაეს ცხოვრება“ (1940) და „კაპრიჩიო“ (1942).[22]

1938 წელს, როცა მის რძალს, ალისს, გარმიშ-პარტენკირხენში შინაპატიმრობა მიუსაჯეს, შტრაუსმა გამოიყენა კავშირები ბერლინში, მათ შორის, საოპერო თეატრების მთავარ ინტენდანტთან, ჰაინც ტიტიენთან, რათა მისი უსაფრთხოება უზრუნველეყო. იგი მანქანით გაემგზავრა ტერეზინშტადტის საკონცენტრაციო ბანაკში, რათა ხელმძღვანელობისთვის ალისის დედის, პაულა ნოიმანის გათავისუფლება ეთხოვა, თუმცა, უშედეგოდ. საბოლოოდ, ნოიმანი და მათი 25 ნათესავი საკონცენტრაციო ბანაკებში მოკლეს.[39] ალისის დედა, მარი ფონ გრაბი ლუცერნში, შვეიცარიაში უსაფრთხოდ იმყოფებოდა. რაც შეეხება მის ძმებს, ისინი აგრეთვე ბანაკებში იყვნენ და შტრაუსმა რამდენიმე წერილი გაგზავნა SS-ში მათი გათავისუფლების თხოვნით, თუმცა, მის წერილებს ყურადღება არ მიაქციეს.[40]

1942 წელს შტრაუსი ოჯახთან ერთად ვენაში დაბრუნდა, სადაც ალისისა და მისი შვილების უსაფრთხოებას ქალაქის გაულაიტერი, ბალდურ ფონ შირახი უზრუნველყოფდა. მიუხედავად ამისა, შტრაუსმა ნათესავების სრულად დაცვა ვერ შეძლო. 1944 წელს, როცა შტრაუსი სახლში არ იმყოფებოდა, ალისი და მისი ვაჟი, ფრანცი, გესტაპომ მოიტაცა და ორი ღამით დააპატიმრა. მათი სიცოცხლის გადარჩენა კომპოზიტორმა კვლავ შეძლო და ორივე უკან, გარმიშში დააბრუნა, სადაც ომის დასრულებამდე ისინი შინაპატიმრობაში დარჩნენ.[22]

„მეტამორფოზები“ და დაკავება ამერიკელი სამხედროების მიერ

რედაქტირება

1945 წელს შტრაუსმა დაწერა კომპოზიცია „მეტამორფოზები“, 23 სოლო სიმებიანი საკრავისთვის. ნაწარმოების სათაური და ინსპირაცია მოდის გოეთეს ღრმად პერსონალური პოემიდან, რომელზეც შტრაუსს საგუნდო ნაწარმოების შექმნა სურდა.[41] ნაწარმოები სიმებიანი საკრავების რეპერტუარის შედევრად ითვლება და შტრაუსის ნაწარმოებთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკულია. იგი II მსოფლიო ომის უმძიმეს დღეებში შეიქმნა და სხვა ემოციებთან ერთად, გამოხატავს შტრაუსის გლოვას გერმანული კულტურის დაცემის გამო, რომლის ნაწილიც იყო ქვეყნის ყველა მნიშვნელოვანი საოპერო თეატრის დაბომბვა. ომის დასასრულს, პირად დღიურში წერდა:

კაცობრიობის ისტორიის უსაშინლესი პერიოდი დასასრულს უახლოვდება: მხეცობის, უმეცრებისა და უკულტურობის თორმეტწლიანი ზეობა უდიდეს დამნაშავეთა ქვეშ, რომლის დროსაც გერმანიის 2000 წლიანი კულტურული ევოლუცია განადგურდა.[42]

1945 წლის აპრილში, გარმიშში, საკუთარ სახლში, შტრაუსი ამერიკელმა სამხედროებმა დააკავეს. როცა კიბეზე ჩამოდიოდა, მან აშშ-ის არმიის ლეიტენანტ მილტონ უაისს განუცხადა: „მე რიხარდ შტრაუსი ვარ, „ვარდის რაინდისა“ და „სალომეს“ ავტორი“. ლეიტენანტმა ვაისმა, რომელიც თავადაც მუსიკოსი იყო, იგი იცნო და თავი დაუკრა. ამის შემდეგ ამერიკელმა სამხედროებმა მის დასაცავად სახლის წინ Off Limits („შესვლა აკრძალულია“) ნიშანი დააყენეს.[43] ამერიკელი ჰობოისტი ჯონ დე ლენსი, რომელიც შტრაუსის მუსიკას ზედმიწევნით იცნობდა, იმავე ქვედანაყოფში მსახურობდა. მან სთხოვა შტრაუსს, ჰობოისთვის კონცერტი შეექმნა. შტრაუსს თავდაპირველად იდეა არ მოეწონა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და კონცერტი წლის ბოლომდე დაასრულა.[22]

უკანასკნელი წლები და გარდაცვალება (1942–1949)

რედაქტირება

შტრაუსის შემოქმედებით გამოცოცხლებას 1942 წლიდან გარდაცვალებამდე ხშირად „გვიანი ზაფხულის“ მეტაფორით იხსენიებენ. II მსოფლიო ომის მოვლენებმა კომპოზიტორი, უკვე მოხუცებული, დაღლილი და გაღიზიანებული, როგორც ჩანდა, გამოაცოცხლა.[44] შტრაუსის უკანასკნელი წლების უმთავრესი ნაწარმოებებია კონცერტი ვალტორნისთვის №2, „მეტამორფოზები“, კონცერტი ჰობოისთვის, დუეტი-კონცერტინო კლარნეტისა და ფაგოტისთვის, ასევე, „უკანასკნელი ოთხი სიმღერა“.[22]

გერმანელების უმეტესობის მსგავსად, შტრაუსების საბანკო ანგარიშები ამერიკულმა მხარემ გაყინა. უკვე მოხუცი, გაღარიბებული შტრაუსი და მისი მეუღლე 1945 წლის ოქტომბერში გერმანიიდან შვეიცარიაში გაემგზავრნენ. იქ შეხვდნენ შვეიცარიელ კრიტიკოსს ვილი შუს, რომელიც შტრაუსის ბიოგრაფი გახდა. ფინანსური საჭიროების გამო 1947 წელს შტრაუსი ბოლო, სამკვირიან საერთაშორისო ტურნეში გაემგზავრა, ამჯერად, ლონდონში, სადაც იდირიჟორა რამდენიმე სიმფონიური პოემა და ნაწყვეტები ოპერებიდან, ასევე, ესწრებოდა „ელექტრას“ სრულ დადგმას BBC-ს მიერ. ტურნე კრიტიკულად წარმატებული აღმოჩნდა და შტრაუსი და მისი მეუღლე საჭირო ფულითაც უზრუნველჰყო.[22]

1948 წლის მაისიდან სექტემბრამდე, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, შტრაუსმა დაწერა „ოთხი უკანასკნელი სიმღერა“, რომლებიც სიკვდილის თემას ეხება. ბოლო, Im Abendrot („დაისის დროს“), სრულდება ფრაზით „Ist dies etwa der Tod?“ („ნუთუ ეს სიკვდილია?“) კითხვას სიტყვიერი პასუხი არ გაეცემა, ნაცვლად ამისა, შტრაუსი ციტირებს ტრანსფიგურაციის თემას სიმფონიური პოემიდან „სიკვდილი და ფერისცვალება“, რაც სიკვდილისა და სიკვდილის შემდეგ სულის გარდაქმნის სიმბოლოა. 1948 წლის ივნისში მიუხენში გამართულმა დენაციფიკაციის ტრიბუნალმა იგი სრულიად უდანაშაულოდ გამოაცხადა.[22] იმავე წელს გააორკესტრა სიმღერა Ruhe, meine Seele! („დამშვიდდი, სულო ჩემო!“), რომელიც 1894 წელს ჰქონდა დაწერილი.[22]

1948 წლის დეკემბერში, შარდის ბუშტის ოპერაციის შემდეგ, შტრაუსი რამდენიმე კვირით საავადმყოფოში მოათავსეს.[22] ამის შემდეგ მისი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა. მისი ბოლო გამოსვლა 1949 წლის 10 ივნისს შედგა, როცა თავისივე 85 წლის იუბილესთან დაკავშირებულ კონცერტზე, მიუნხენის პრინცრეგენტენთეატრში „ვარდის რაინდის“ მე-2 მოქმედება იდირიჟორა. 15 აგვისტოს გულის შეტევა გადაიტანა. 1949 წლის 8 სექტემბერს, დასავლეთ გერმანიაში, გარმიშ-პარტენკირხენში, დაახლოებით დილის 2 საათზე, შტრაუსი მშვიდად, ძილში, თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა.[22] კომპოზიტორს იუმორის გრძნობა სასიკვდილო სარეცელზეც არ დაუკარგავს. თავის რძალს, ალისს, უთხრა, რომ სიკვდილი ზუსტად ისეთი იყო, როგორც თავად ჰქონდა აღწერილი „სიკვდილსა და ფერისცვალებაში“.[45] გეორგ შოლტი, რომელიც კომპოზიტორის 85 წლის იუბილის აღსნიშნავ ღონისძიებებს ხელმძღვანელობდა, ასევე დირიჟორობდა ორკესტრს შტრაუსის დაკრძალვის დროსაც.[46] მოგვიანებით, დირიჟორი იხსენებდა, თუ როგორ აუტყდა ტირილი სამივე მომღერალს „ვარდის რაინდის“ ცნობილი ტრიოს შესრულების დროს.[47] შტრაუსის მეუღლე, პაულინე დე ანა, რვა თვის შემდეგ, 1950 წლის 13 მაისს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.[48]

შტრაუსის უკანასკნელი ნაწარმოებები ფართოდ განიხილება, როგორც 80 წელს გადაცილებული ნებისმიერი კომპოზიტორის მიერ შექმნილი საუკეთესო ნამუშევრები.[49] 1947 წელს, დამახასიათებელი თვითსარკაზმით, შტრაუსი ამბობდა: „შესაძლოა, არ ვიყო პირველი ხარისხის კომპოზიტორი, მაგრამ მეორე ხარისხის კომპოზიტორთაგან ნამდვილად საუკეთესო ვარ“. კანადელი პიანისტი გლენ გულდი 1962 წელს ამბობდა: „შტრაუსი უდიდესი მუსიკალური ფიგურაა, ვისაც ჩვენს საუკუნეში უცხოვრია“.[50]

შტრაუსი, როგორც კომპოზიტორი

რედაქტირება

სოლო და კამერული ნაწარმოებები

რედაქტირება
შტრაუსი ამსტერდამში (მოკლემეტრაჟიანი ფილმი, 1924)

შტრაუსის პირველი კომპოზიციები სოლო ინსტრუმენტული და კამერული ნამუშევრები იყო. ეს პიესები მოიცავდა ადრეულ ნაწარმოებებს სოლო ფორტეპიანოსთვის კონსერვატიული ჰარმონიით, რომელთაგანაც ბევრი დაკარგულია, ორ საფორტეპიანო ტრიოს (1877 და 1878), სიმებიან კვარტეტს (1881), საფორტეპიანო სონატას სი მინორში, თხზ. 5 (1882), ჩელოს სონატას (1883), საფორტეპიანო კვარტეტს (1885), სავიოლიონო სონატას (1888), ასევე, „სერენადას“ (1882) და მოზრდილ სიუიტას (1884), უკანასკნელი ორი განსაზღვრული იყო ორმაგი ჩასაბერი კვინტეტისათვის ორი დამატებითი ვალტორნითა და კონტრფაგოტით.

1890 წლის შემდეგ შტრაუსი კამერული ჯგუფებისათვის ცოტას წერდა, რადგან მისი ენერგია თითქმის მთლიანად დიდი მასშტაბის საორკესტრო ნაწარმოებებზე და ოპერებზე იყო მიმართული. მისი ოთხი კამერული ნაწარმოები წარმოადგენს ნაწყვეტების არანჟირებას მისივე ოპერებიდან, მაგალითად, „დაფნეს ეტიუდი“ სოლო ვიოლინოსთვის და სიმებიანი სექსტეტი, რომელიც უვერტიურაა მისივე ოპერისა „კაპრიჩიო“. მისი ბოლო დამოუკიდებელი კამერული ნაწარმოებია ალეგრეტო მი მაჟორში ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის, რომელიც 1948 წლით თარიღდება.

ამ პერიოდში შექმნა ორი დიდი ზომის ნაწარმოები ჩასაბერი ანსამბლისათვის: სონატინა №1 და №2 (1946) — ორივე მათგანი განსაზღვრულია ორმაგი ჩასაბერი კვინტეტისათვის, ორი დამატებითი ვალტორნით, დო კლარნეტით, ბასეტ-ჰორნით და კონტრფაგოტით.

სიმფონიური პოემები და საორკესტრო მუსიკა

რედაქტირება

შემოქმედების ადრეულ პერიოდში შტრაუსმა ორი სიმფონია დაწერა: სიმფონია №1 (1880) და №2 (1884). მისი სტილის ჭეშმარიტი ცვლილება და განვითარება 1885 წელს დაიწყო, როცა იგი კომპოზიტორს და მევიოლინეს, ვაგნერის ერთ-ერთი ძმისშვილის მეუღლეს, ალექსანდერ რიტერს შეხვდა. სწორედ რიტერმა დაარწმუნა ის, მიეტოვებინა კონსერვატიული სტილი და სიმფონიური პოემების შექმნა ეცადა. მანვე გააცნო ვაგნერის ესეები და შოპენჰაუერის ნაწერები. შტრაუსმა რიტერის ერთ-ერთი ოპერაც იდირიჟორა, მოგვიანებით კი, შტრაუსის თხოვნით, რიტერმა დაწერა პოემა, რომელშიც გადმოცემულია მოვლენები, რომლებიც ვითარდება შტრაუსის სიმფონიურ პოემაში „სიკვდილი და ფერისცვალება“.

რიტერისეული გავლენების შედეგი აღმოჩნდა სიმფონიური პოემა „დონ ჟუანი“ (1888), რომელიც ფართოდ განიხილება,[51] როგორც შტრაუსის მოწიფული სტილის პირველი ნიმუში, სადაც გაორკესტრების უპრეცედენტო ვირტუოზულობა და გამბედაობა გვხვდება. ამის შემდეგ კომპოზიტორმა განაგრძო კიდევ უფრო ამბიციური სიმფონიური პოემების შექმნა: „სიკვდილი და ფერისცვალება“ (1889), „ტილ ოილენშპიგელის მხიარული ოინები“ (1895), „ასე იტყოდა ზარათუშტრა“ (1896), „დონ კიხოტი“ (1897), „გმირის ცხოვრება“ (1898), „საშინაო სიმფონია“ (1903) და „ალპური სიმფონია“ (1911–1915). თანამედროვე სიმფონიური ორკესტრების არსებობა ძნელი წარმოსადგენია ამ ნაწარმოებების გარეშე, რომლებიც „დაწერილია პოსტ-ვაგნერული სიმფონიური ორკესტრის განსადიდებლად“.[48]

კონცერტები

რედაქტირება

შტრაუსის შემოქმედება მნიშვნელოვანი რაოდენობის ნაწარმოებებს მოიცავს სოლო ინსტრუმენტებისა და ინსტრუმენტებისათვის ორკესტრთან ერთად. მათგან ყველაზე ცნობილია ორი კონცერტი ვალტორნისათვის (1883 და 1942), რომლებიც ვალტორნისტების უმეტესობისთვის სტანდარტული რეპერტუარის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რომანსი ჩელოსა და ორკესტრისთვის (1883), სავიოლინო კონცერტი რე მინორი (1882), Burleske ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის (1885, რევიზია 1889), სიმფონიური პოემა „დონ კიხოტი“ ჩელოს, ალტისა და ორკესტრისათვის (1897), ცნობილი, გვიანდელი კონცერტი ჰობოისათვის რე მაჟორში (1945) და დუეტი-კონცერტინო კლარნეტისა და ფაგოტისათვის ორკესტრთან ერთად (1948).

XIX საუკუნის დასასრულს შტრაუსის ყურადღება ოპერამ მიიპყრო. მისი პირველი ორი მცდელობა ამ ჟანრში, „გუნტრამი“ (1894) და „ცეცხლის საჭიროება“ (Feuersnot) (1901) სადავო ნაწარმოებები იყო: „გუნტრამი“ მისი პირველი მნიშვნელოვანი კრიტიკული წარუმატებლობა იყო, ხოლო Feuersnot ბევრი კრიტიკოსისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.[52]

 
რიხარდ შტრაუსი,
ფერდინანდ შმუცერის გრავიურა (1922)

1905 წელს შტრაუსმა დაწერა ოპერა „სალომე“, საკმაოდ დისონანტური მოდერნისტული ოპერა, რომელიც ოსკარ უაილდის იმავე სახელწოდების ფრანგულენოვან პიესას ეფუძნებოდა. აუდიტორია მას ენთუზიაზმით შეხვდა. პრემიერა უდიდესი წარმატება აღმოჩნდა, შემსრულებლები 38-ჯერ გამოიყვანეს სცენაზე.[53] ბევრი შემდგომი წარმოდგენაც წარმატებული გამოდგა, არა მარტო მსმენელთა, არამედ შტრაუსის კოლეგების მოსაზრებითაც: მორის რაველმა მას „გამაოგნებელი“ უწოდა,[54] ხოლო გუსტავ მალერის თქმით, ის „ცოცხალი ვულკანი, მიწისქვეშა ცეცხლი იყო“.[55] გადმოცემის მიხედვით, შტრაუსმა თავისი ვილის აშენება გარმიშ-პარტენკირხენში მთლიანად „სალომეს“ ჰონორარებით დააფინანსა. უფრო გვიანდელი „ელექტრას“ მსგავსად, „სალომეც“ უკიდურესად რთულ სოპრანოს მთავარ პარტიას შეიცავს. შტრაუსი ხშირად აღნიშნავდა, რომ ურჩევნოდა ქალის ხმისათვის ეწერა, რაც დასტურდება ამ ორი ოპერით — მამაკაცის თითქმის ყველა პარტია მცირე ზომისაა და დამხმარე ფუნქცია აქვს.

 
„ელექტრას აკორდი“: მი სი რე ფა ლა

შტრაუსის შემდეგი ოპერა იყო „ელექტრა“ (1909), სადაც კომპოზიტორის მიერ დისონანსის გამოყენება კიდევ უფრო შორს მიდის, რისი მაგალითიცაა ე.წ. „ელექტრას აკორდი“. იგი, ასევე, პირველი ოპერა იყო, რომელშიც შტრაუსმა პოეტ ჰუგო ფონ ჰოფმანსტალთან ითანამშრომლა. მათი კოლაბორაცია სხვა ოპერებზეც გაგრძელდა, თუმცა, უფრო გვიანდელ ოპერებში შტრაუსმა ჰარმონიული ენა შედარებით შეარბილა და კვლავ მიმართა გვიანრომანტიკულ მელოდიურ ხაზებსა და ვაგნერისეულ ქრომატიულ ჰარმონიას, რომელსაც სიმფონიურ პოემებში იყენებდა ხოლმე; დისონანსის გამოყენება აქ შემცირებულია, ხოლო საორკესტრო ვირტუოზობა უპრეცედენტო სიმაღლეზეა აყვანილი. ამ ცვლილებების შედეგია ოპერა „ვარდის რაინდი“ (1911), მორიგი საყოველთაო წარმატება. 1942 წლამდე შტრაუსი რეგულარულად ქმნიდა ოპერებს. ჰოფმანსტალთან ერთად შექმნა „არიადნე ნაქსოსიდან“ (1912), „ქალი ჩრდილის გარეშე“ (1919), „ეგვიპტელი ჰელენე“ (1928) და „არაბელა“ (1933). ოპერისთვის „ინტერმეცო“ (1924) მან ლიბრეტო თავად შექმნა. „მდუმარე ქალის“ (1935) ლიბრეტო შტეფან ცვაიგს ეკუთვნის; „მშვიდობის დღისა“ (1935–36) და „დაფნეს“ (1937) ლიბრეტოები იოზეფ გრეგორის და შტეფან ცვაიგის ერთობლივი ნამუშევარია, ხოლო „დანაეს სიყვარულზე“ (1940) მხოლოდ გრეგორი მუშაობდა. შტრაუსის ბოლო ოპერას, „კაპრიჩიო“ (1942), კლემენს კრაუსის ლიბრეტო აქვს, თუმცა მასში მოცემული იდეები იოზეფ გრეგორსა და შტეფან ცვაიგს ეკუთვნის.

სტატისტიკის მიხედვით, რომელიც მოცემულია ვებგვერდზე Operabase, 2008/09 და 2012/13 წლების სეზონზე, მსოფლიოს მასშტაბით, შტრაუსი XX საუკუნის კომპოზიტორთა შორის შესრულების სიხშირით მეორე ადგილზეა, უსწრებს ბენჯამინ ბრიტენს და მხოლოდ ჯაკომო პუჩინის ჩამორჩება.[56]

სიმღერები

რედაქტირება

შტრაუსს მნიშვნელოვანი რაოდენობის არტ-სიმღერები (გერმ. Lied) აქვს შექმნილი, რომელთაც, როგორც წესი, მეუღლის ხმისთვის წერდა. ლიდები ფორტეპიანოსა და ხმისთვის იწერებოდა, რამდენიმე მათგანი კი კომპოზიტორმა მოგვიანებით გააორკესტრა. 1894–1895 წლებში, დაახლოებით 30 წლის ასაკში რამდენიმე ცნობილი სიმღერა გამოსცა, მათ შორის, „დამშვიდდი, სულო ჩემო!“ (Ruhe, meine Seele!), Cäcilie, „ხვალ!“ (Morgen!), „საიდუმლო მოწვევა“ (Heimliche Aufforderung) და „სიზმარი დაისის დროს“ (Traum durch die Dämmerung). 1918 წელს, დიდი პაუზის შემდეგ, რაც ოპერების შექმნით იყო გამოწვეული, დაწერა ექვსი სიმღერა (თხზ. 68), რომლებსაც „ბრენტანოს ლიდებსაც“ (Brentano Lieder) უწოდებენ. ამ ჟანრში მუშაობა 1948 წელს დაასრულა „ოთხი უკანასკნელი სიმღერით“ სოპრანოსა და ორკესტრისათვის. გადმოცემის მიხედვით, ისინი კირსტენ ფლაგსტადის ხმისთვის შეიქმნა, რომელმაც ისინი პრემიერაზე შეასრულა და ჩაწერა კიდეც. შტრაუსის სიმღერები ყოველთვის პოპულარული იყო როგორც მსმენელთა, ისე შემსრულებელთა შორის და ბევრი მუსიკოლოგის აზრით, ისინი ჟანრის შედევრებს წარმოადგენს.

მემკვიდრეობა

რედაქტირება
 
რიხარდ შტრაუსი

1980-იან წლებამდე ზოგიერთი პოსტ-მოდერნისტი მუსიკათმცოდნე შტრაუსს კონსერვატიულ, ძველმოდურ კომპოზიტორად მიიჩნევდა, თუმცა, მისი მუსიკის ხელახალმა კვლევამ ეს მოსაზრება შეცვალა და იგი მოდერნისტ კომპოზიტორთა რიცხვში შეიყვანა,[57] რომელიც კვლავ იყენებდა ტონალობას და მდიდარ გაორკესტრებას.[58] აღსანიშნავია შტრაუსის ინოვაციები გაორკესტრებაში, რაც შერწყმულია მაღალგანვითარებულ ჰარმონიულ სტილთან. ცნობილია, რომ შტრაუსის პირველი შესრულებისას დირიჟორი მარკ ელდერი გაოგნებული იყო: „წარმოდგენა არ მქონდა, თუ მუსიკას ისეთი რამეები შეეძლო, რასაც იგი აკეთებდა ჰარმონიასა და მელოდიაში“.[59]

შტრაუსის მუსიკას ძლიერი გავლენა ჰქონდა კომპოზიტორებზე XX საუკუნის დასაწყისში. ბელა ბარტოკმა „ასე იტყოდა ზარათუშტრა“ 1902 წელს მოისმინა და მოგვიანებით ამბობდა, რომ ნაწარმოები „ახალი სიცოცხლის ჩანასახებს შეიცავდა“. შტრაუსის გავლენა ცხადად იგრძნობა ამ პერიოდში შექმნილ მის ნამუშევრებში, მათ შორისაა სიმებიანი კვარტეტი №1, „კოშუტი“ და „ლურჯწვერას სასახლე“.[60] შტრაუსის დიდ გავლენას ამჟღავნებს კაროლ შიმანოვსკის მუსიკაც, მათ შორის, „საკონცერტო უვერტიურა“, 1-ლი და მე-2 სიმფონიები,[61] მისი ოპერა „ჰაგითი“ კი „სალომეს“ მოდელს იმეორებს. შტრაუსის გავლენა ჩანს ინგლისელი კომპოზიტორების მუსიკაშიც, მათ შორის, ედვარდ ელგარი (საკონცერტო უვერტიურა „სამხრეთში (ალასიო)“ და სხვა ნამუშევრები)[62] და ბენჯამინ ბრიტენი (მისი ოპერები). ბევრი თანამედროვე კომპოზიტორი, მათ შორის, ჯონ ადამსი და ჯონ კორილიანო შტრაუსის გავლენას აღიარებენ.[63]

შტრაუსის მუსიკალური სტილი მნიშვნელოვანი იყო კინომუსიკის განვითრებისთვის XX საუკუნის შუა ხანებში. პერსონაჟების (დონ ჟუანი, ტილ ოილენშპიგელი, გმირი) და ემოციების მუსიკალური აღწერის მისეული სტილი სწრაფად მოხვდა კინომუსიკის ლექსიკონში. კინომუსიკის ისტორიკოსი ტიმოთი შიურერი წერდა, რომ „გვიანი (პოსტ) რომანტიზმის ელემენტები, რომლებსაც უმნიშვნელოვანესი გავლენა ჰქონდა, იყო ლამაზი ხმოვანება, გაფართოებული ჰარმონიული ენა, ქრომატიზმი, პროგრამული მუსიკის და ლაიტმოტივების გამოყენება. ჰოლივუდის კომპოზიტორებმა აღმოაჩინეს, რომ პოსტ-რომანტიკული მუსიკალური ენა კარგად პასუხობდა მათ ძალისხმევას კინომუსიკის შექმნისთვის“.[64] მაქს შტაინერი და ერიხ კორნგოლდი იმავე მუსიკალური წარმომავლობისა იყვნენ, როგორც შტრაუსი და მისი სტილისკენ ბუნებრივად იყვნენ მიდრეკილნი. როგორც კინოს ისტორიკოსი, როი პრენდერგასტი წერდა, „იმ დრამატული პრობლემების გადასაჭრელად, რომელსაც კინო სთავაზობდათ, შტაინერი, კორნგოლდი და ნიუმენი... პასუხებს ვაგნერის, პუჩინის, ვერდის და შტრაუსის მუსიკაში ეძებდნენ“.[65] მოგვიანებით, „ასე იტყოდა ზარათუშტრა“ თავად იქცა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კინომუსიკად, როცა სტენლი კუბრიკმა 1968 წელს გამოიყენა ფილმში „2001: კოსმოსური ოდისეა“. შტრაუსის გავლენა ჩანს ჯონ უილიამსის კინომუსიკაშიც, მათ შორის, ისეთი ცნობილი ფილმებისთვის, როგორიცაა „სუპერმენი“ და „ვარსკვლავური ომები“.[66]

შტრაუსი ყოველთვის იყო და დღესაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კომპოზიტორად. 2002-2010 წლებში იგი ყველაზე ხშირად შესრულებული კომპოზიტორების ათეულში იყო, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე კანადაში.[67] იგი, აგრეთვე, XX საუკუნის (1860 წლის შემდეგ დაბადებულ) კომპოზიტორებს შორის ჩანაწერების რაოდენობით ხუთეულში შედის დებიუსისთან, რაველთან, რახმანინოვთან და პროკოფიევთან ერთად.[68]

შტრაუსი, როგორც დირიჟორი

რედაქტირება
 
1957 წელს გამოცემული საფოსტო მარკა

შტრაუსს, დირიჟორის რანგში, როგორც თავისი, ისე სხვა გერმანელი და ავსტრიელი კომპოზიტორების მუსიკის დიდი რაოდენობის ჩანაწერები აქვს გაკეთებული. მის მიერ „ტილ ოილენშპიგელის მხიარული ოინების“ და „დონ ჟუანის“ 1929 წელს გაკეთებული ჩანაწერები ბერლინის სახელმწიფო ოპერის ორკესტრთან ერთად დიდი ხანია საუკეთესო ელექტრონულ ჩანაწერებს შორის ითვლება. „ალპური სიმფონიის“ პირველი სრული შესრულების დროს, რომელიც 1941 წელს განხორციელდა და მოგვიანებით, EMI-ს ლეიბლით გამოიცა კიდეც, შტრაუსმა ამ ნაწარმოებისთვის საჭირო დასარტყამი ინსტრუმენტების სრული კომპლექტი გამოიყენა.

Koch Legacy-ს ლეიბლით გამოსულია გლუკის, ვებერის, პეტერ კორნელიუსის და ვაგნერის უვერტიურების ჩანაწერები. გერმანელი და ავსტრიელი კომპოზიტორების გამორჩევა 1920-იანი წლებიდან 1940-იან წლებამდე ბუნებრივი იყო I მსოფლიო ომის შემდგომი გერმანული ნაციონალიზმის პირობებში, რასაც შტრაუსი კარგად იყენებდა.

1944 წელს შტრაუსმა 80-წლის იუბილე აღნიშნა და ვენის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი საორკესტრო ნაწარმოებები ჩაწერა, ასევე, ნაკლებად ცნობილი საბალეტო მუსიკა Schlagobers. ზოგიერთი მოსაზრებით, ეს ჩანაწერები უფრო მეტი მგრძნობელობით გამოირჩევა, ვიდრე შტრაუსის ადრინდელი ჩანაწერები, რომლებიც მაგნიტოფონზე იყო ჩაწერილი. Vanguard Records-მა, მოგვიანებით, ეს ჩანაწერები LP-ს სახითაც გამოსცა, ზოგიერთი მათგანი კი Preiser-ის ლეიბლით CD-ზეც არის ხელმისაწვდომი. შტრაუსის ბოლო ჩანაწერი იყო ცოცხალი შესრულება ლონდონის როიალ ალბერტ-ჰოლში, 1947 წლის 19 ოქტომბერს Philharmonia Orchestra-სთან ერთად, სადაც თავისივე Burleske (პიანისტი ალფრედ ბლუმენი), „დონ ჟუანი“ და Sinfonia Domestica იდირიჟორა.[69]

შტრაუსმა ჩანაწერები Hupfeld-ის და Welte-Mignon-ის პიანოლასთვისაც გააკეთა (1906). აგრეთვე, შტრაუსი იყო პირველი კომპოზიტორი, რომლის მუსიკაც კომერციულად გამოშვებულ CD-ზე მოხვდა: ეს იყო Deutsche Grammophon-ის მიერ 1983 წელს გამოცემული „ალპური სიმფონია“ ჰერბერტ ფონ კარაიანის დირიჟორობით, 1980 წლის ჩანაწერი.

ჩანაწერები დირიჟორის რანგში

რედაქტირება
 
შტრაუსი დირიჟორობის დროს (დაახლოებით 1900)

პიერ ბულეზის თქმით, შტრაუსი, როგორც დირიჟორი, „თავისი ხელობის სრულყოფილი ოსტატი“ იყო.[70] მუსიკალური კრიტიკოსი ჰაროლდ შონბერგი წერს, რომ შტრაუსი, მიუხედავად იმისა, რომ კარგი დირიჟორი იყო, ჩანაწერებში დიდ ძალისხმევას არ დებდა.[71] შონბერგი მეტწილად ეხება მოცარტის მე-40 და ბეთჰოვენის მე-7 სიმფონიის ჩანაწერებს, ასევე, შენიშნავს, რომ შტრაუსი ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიას „კისრისტეხით“, 45 წუთში დირიჟორობს. ბეთჰოვენის მე-7 სიმფონიის შესახებ შონბერგი წერს, რომ ჩანაწერში არ იგრძნობა ექსპრესიის, ტემპის ან ნიუანსის ცვლილება, „ნელი ნაწილი ისეთივე სწრაფია, როგორც მისი შემდგომი vivace; ხოლო ბოლო ნაწილი ... 4 წუთში და 25 წამში მთავრდება, (მაშინ, როცა 7-8 წუთი უნდა გრძელდებოდეს)“.[71] კრიტიკოსი, აგრეთვე, შენიშნავს, რომ მოცარტის სიმფონიას არ აქვს „არავითარი ძალა, არავითარი შარმი ... და მეტრონომული სიზუსტით“ სრულდება.

1994 წელს პიტერ გუტმანი ClassicalNotes.com-ზე გამოქვეყნებულ მიმოხილვაში წერს, რომ ბეთჰოვენის მე-5 და მე-7 სიმფონიები, ასევე, მოცარტის ბოლო სამი სიმფონიის ჩანაწერები თუმცა უჩვეულო, მაგრამ საკმაოდ კარგია.[72]

ანეკდოტები

რედაქტირება

1891 წლის მაისში შტრაუსს პნევმონიის მძიმე შემთხვევა ჰქონდა. ფელდაფინგში დასვენების დროს კრიტიკოს არტურ სეიდლს მისწერა: „სიკვდილი, შეიძლება, არც ისე ცუდი იყოს, მაგრამ მანამდე, მსურს „ტრისტანი“ ვიდირიჟორო.“[73]

1948 წელს შტრაუსს მონტრეში ვაჟი, ფრანცი სტუმრობდა, რომელმაც უთხრა: „მამა, შეწყვიტე წერილების წერა და ჭირვეულობა, ეს კარგს არაფერს მოგიტანს. სჯობს, რამდენიმე ლამაზი სიმღერა დაწერო.“ რამდენიმე თვის შემდეგ კომპოზიტორს იქვე ფრანცის მეუღლე, ალისი ესტუმრა. წასვლამდე შტრაუსმა მაგიდაზე პარტიტურა დაუდო და უთხრა: „აი სიმღერები, რომლებიც შენმა ქმარმა შეუკვეთა.“ ეს მისი „უკანასკნელი ოთხი სიმღერა“ იყო.[74]

რჩეული ნაწარმოებები

რედაქტირება

საფორტეპიანო და კამერული

რედაქტირება
  • საფორტეპიანო სონატა სი მინორი, თხზ. 5 (1880–1881)
  • სონატა ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის ფა მაჟორი, თხზ. 6 (1883)
  • სავიოლინო სონატა მი მაჟორი, თხზ. 18 (1888)

სიმფონიური პოემები და სხვა საორკესტრო ნამუშევრები

რედაქტირება

სიმფონიური პოემების პირველი ციკლი

რედაქტირება
  • Aus Italien („იტალიიდან“), თხზ. 16 (1886)
  • „დონ ჟუანი“, თხზ. 20 (1888)
  • „მაკბეტი“, თხზ. 23 (1888/90)
  • Tod und Verklärung („სიკვდილი და ფერისცვალება“), თხზ. 24 (1888–89)

სიმფონიური პოემების მეორე ციკლი

რედაქტირება
  • Till Eulenspiegels lustige Streiche („ტილ ოილენშპიგელის მხიარული ოინები“), თხზ. 28 (1895)
  • Also sprach Zarathustra („ასე იტყოდა ზარათუშტრა“), თხზ. 30 (1896)
  • „დონ კიხოტი“, თხზ. 35 (1898)
  • Ein Heldenleben („გმირის ცხოვრება“), თხზ. 40 (1899)
  • Symphonia Domestica („საშინაო სიმფონია“), თხზ. 53 (1904)
  • Eine Alpensinfonie („ალპური სიმფონია“), თხზ. 64 (1915)

საბალეტო მუსიკა

რედაქტირება
  • Josephslegende („ლეგენდა იოსებზე“), თხზ. 63 (1914)
  • Schlagobers („ათქვეფილი ნაღები“), თხზ. 70 (1921/22)
  • Verklungene Feste: Tanzvisionen aus zwei Jahrhunderten („გარდასული დღესასწაულები: საცეკვაო ხილვები ორი საუკუნიდან“), თხზ. 86 (1940).

სხვა საორკესტრო ნაწარმოებები

რედაქტირება
  • სიმფონია №1 რე მინორი (1880)
  • სიმფონია №2 ფა მინორი, თხზ. 12 (1883)
  • Le bourgeois gentilhomme, სიუიტა ორკესტრისთვის, თხზ. 60 (1917)
  • საცეკვაო სიუიტა ფრანსუა კუპერენის საკლავიშო პიესების მიხედვით, TrV 245, 1923
  • კინომუსიკა „ვარდის რაინდისთვის“ (1925)
  • „იაპონური ფესტივალის მუსიკა“ (1940)
  • დივერტიმენტო კამერული ორკესტრისთვის ფრანსუა კუპერენის საკლავიშო პიესების მიხედვით (1942)
  • Metamorphosen („მეტამორფოზები“) 23 სოლო სიმებიანი საკრავისათვის (1945)

სოლო ინსტრუმენტისა დ ორკესტრისათვის

რედაქტირება
  • სავიოლინო კონცერტი რე მინორი, თხზ. 8 (1882)
  • კონცერტი ვალტორნისთვის №1 მი მაჟორი, თხზ. 11 (1882/83)
  • Burleske ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის(1886–1890)
  • „დონ კიხოტი“ ჩელოს, ალტისა და ორკესტრისათვის (1897)
  • კონცერტი ვალტორნისთვის №2 მი მაჟორი (1942)
  • კონცერტი ჰობოისათვის რე მინორი (1945)
  • დუეტი-კონცერტინო კლარნეტისა და ფაგოტისათვის არფასთან და სიმებიან ორკესტრთან ერთად (1947)
  • „გუნტრამი“, ლიბრეტო კომპოზიტორის, თხზ. 25 (1892-1893, რევიზია 1940)
  • Feuersnot („ცეცხლის საჭიროება“), ლიბრეტო ჰანს ფონ ვოლცოგენის, თხზ. 50 (1900-1901)
  • „სალომე“, ლიბრეტო კომპოზიტორის, ოსკარ უაილდის „სალომეს“ ჰედვიგ ლახმანისეული გერმანული თარგმანის მიხედვით, თხზ. 54, (1903-1905)
  • „ელექტრა“, ლიბრეტო ჰუგო ფონ ჰოფმანსტალის, სოფოკლეს „ელექტრას“ მიხედვით, თხზ. 58, (1906-1908)
  • Der Rosenkavalier („ვარდის რაინდი“), ლიბრეტო ჰოფმანსტალის, თხზ. 59 (1909-1910)
  • Ariadne auf Naxos („არიადნე ნაქსოსიდან“), ლიბრეტო ჰოფმანსტალის, თხზ. 60 (1911-1912)
  • „არიადნე ნაქსოსიდან“ (მეორე ვერსია), ლიბრეტო ჰოფმანსტალის, თხზ. 60 (II) (1915-1916)
  • Die Frau ohne Schatten („ქალი ჩრდილის გარეშე“), ლიბრეტო ჰოფმანსტალის, გოეთეს მიხედვით, თხზ. 65 (1914-1917)
  • „ინტერმეცო“, ლიბრეტო კომპოზიტორის, თხზ. 72 (1918-1923)
  • Die ägyptische Helena („ეგვიპტელი ჰელენე“), ლიბრეტო ჰოფმანსტალის, ევრიპიდეს მიხედვით, თხზ. 75 (1923-1927)
  • „არაბელა“, ლიბრეტო ჰოფმანსტალის, თხზ. 79 (1929-1932)
  • Die schweigsame Frau („მდუმარე ქალი“), ლიბრეტო შტეფან ცვაიგის, თხზ. 80 (1933-1934)
  • Friedenstag („მშვიდობის დღე“), ლიბრეტო იოზეფ გრეგორის, თხზ. 81 (1935-1936)
  • „დაფნე“, ლიბრეტო გრეგორის, თხზ. 82 (1936-1937)
  • Die Liebe der Danae („დანაეს სიყვარული“), ლიბრეტო გრეგორის, თხზ. 83 (1938-1940)
  • „კაპრიჩიო“, ლიბრეტო კლემენს კრაუსის და კომპოზიტორის, თხზ. 85 (1940-1941)

ვოკალური/საგუნდო

რედაქტირება
  • "Zueignung", თხზ. 10 No. 1
  • "Ruhe, meine Seele!" („დამშვიდდი, სულო ჩემო!“), თხზ. 27 №1
  • "Cäcilie", თხზ. 27 №2
  • "Heimliche Aufforderung" („საიდუმლო მიწვევა“), თხზ. 27 No. 3
  • "Morgen!" („ხვალ!“), თხზ. 27 №4
  • „ოლიმპიური ჰიმნები“ გუნდისა და ორკესტრისათვის (1934)
  • Allerseelen]], თხზ. 10 №8
  • Vier letzte Lieder („ოთხი უკანასკნელის სიმღერა“) (1948)
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #11861911X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  5. 5.0 5.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  6. 6.0 6.1 Nationalencyklopedin — 1999.
  7. Find a Grave — 1996.
  8. 8.0 8.1 IMSLP — 2006.
  9. 9.0 9.1 filmportal.de — 2005.
  10. 10.0 10.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  11. 11.0 11.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  12. 12.0 12.1 Frankfurter Personenlexikon — 2014.
  13. 13.0 13.1 Salzburgwiki
  14. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 Archivio Storico Ricordi — 1808.
  16. 16.0 16.1 Munzinger Personen
  17. 17.0 17.1 The Fine Art Archive — 2003.
  18. 18.0 18.1 Штраус Рихард // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  19. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  20. Richard – Französisch-Übersetzung – Langenscheidt Deutsch-Französisch Wörterbuch de, fr. Langenscheidt. ციტირების თარიღი: 20 October 2018.
  21. Wells, John C. (2008), Longman Pronunciation Dictionary (3rd რედ.), Longman, ISBN 9781405881180
  22. 22.00 22.01 22.02 22.03 22.04 22.05 22.06 22.07 22.08 22.09 22.10 22.11 22.12 22.13 22.14 22.15 22.16 22.17 22.18 22.19 22.20 22.21 22.22 22.23 22.24 22.25 22.26 22.27 22.28 22.29 22.30 22.31 22.32 22.33 22.34 22.35 22.36 22.37 22.38 22.39 22.40 22.41 22.42 22.43 22.44 22.45 22.46 22.47 22.48 22.49 Gilliam და Youmans 2001
  23. Richard Strauss facts, information, pictures. ციტირების თარიღი: 29 April 2017.
  24. 24.0 24.1 24.2 Boyden 1999
  25. 25.0 25.1 25.2 Richard Strauss Website.
  26. 'Salome 2' დაარქივებული 2019-12-03 საიტზე Wayback Machine. . Salome (opera). Adolph Fürstner. 'The Bible Through Music'. Indiana University. (USA).
  27. Jefferson, Alan. (1973). The Life of Richard Strauss. p. 107. ISBN 0 7153 6199 6. David & Charles. (Devon, UK)
  28. Hopkins, Kate. (16 January 2018). 'Opera Essentials: Strauss's Salome'. Royal Opera House. (United Kingdom).
  29. 29.0 29.1 „Herman Wetzler, Composer, 72, Dies“. The New York Times. May 30, 1943. p. 26.
  30. Kennedy 1999, p. 274.
  31. Kennedy 1999, p. 293.
  32. 32.0 32.1 Quoted on "Strauss, Richard" დაარქივებული 2020-06-28 საიტზე Wayback Machine. , Exploring Music (2004) on the WFMT Radio Network; episode 5 of 5, first aired 9 January 2004. (Broadcast no longer available)
  33. Reuth 1993, p. 402.
  34. Kennedy 1999, pp. 281–282.
  35. Kennedy 1999, p. 285.
  36. Kennedy 1999, p. 297.
  37. Kennedy, Michael (1978), Review of "A Confidential Matter: The Letters of Richard Strauss and Stefan Zweig, 1931–1935" in Music & Letters, Vol. 59, No. 4, October 1978. pp. 472–475.
  38. Kennedy 1999, p. 316.
  39. "Music; Richard Strauss and Hitler's Reich: Jupiter in Hell" by Michael Hans Kater, The New York Times, 6 January 2002
  40. Kennedy 1999, p. 339.
  41. Ross 2009, p. 338.
  42. Kennedy 1999, p. 361.
  43. Ross 2009, p. 373.
  44. McGlaughlin, Bill. Exploring Music, Episode 5 of 5 of "Richard Strauss", first aired 9 January 2004.
  45. Kennedy 1999, p. 113.
  46. Portrait of Sir Georg Solti., documentary (1984), directed by Valerie Pitts
  47. Kennedy 1999, p. 394.
  48. 48.0 48.1 Kennedy 1999, p. 395
  49. Kennedy 1999, p. 365.
  50. Kennedy 1999, p. 3.
  51. Kennedy 1999, p. 69.
  52. Tim Ashley, "Feuersnot". The Guardian. London. 30 November 2000. Retrieved 27 October 2007.
  53. Derrick Puffett et al, Richard Strauss: "Salome" (1989), p. 4
  54. Kennedy 1999, p. 145.
  55. Kennedy 1999, p. 149.
  56. The five seasons 2008/9 to 2012/13: Composers. Operabase. (Note: "Composer and opera tables are based on counts of performance runs over the five seasons from 2008/09 to 2012/13, i.e. how many times a work was programmed not the number of performances.")
  57. Shirley, Hugo (2012). "In Search of Strauss" in Journal of the Royal Musical Association, vol. 137, issue 1, pp. 187–192
  58. Hepokoski, James, "The Second Cycle of Tone Poems" in Youmans (ed.), p. 78
  59. „Richard Strauss: profound genius or gifted entertainer?“. The Guardian. ციტირების თარიღი: 12 January 2016.
  60. Elliott Antokoletz and Paolo Susanni, Béla Bartók: A Research and Information Guide, 2nd Revised edition (1997), Routledge, London, ISBN 978-0815320883, Introduction p. xxi.
  61. Paul Caldrin, "Orchestra music and orchestration", pp. 166–169 in Paul Cadrin and Stephen Downes (editors), The Szymanowski Companion, Routledge, London, Revised edition (2015). ISBN 978-0754661511
  62. Ian Parrott, Elgar (Master Musician), Everyman Ltd, London, First Edition (1971), p. 60.
  63. Ross, Alex (2010). "Strauss's Place in the Twentieth Century". In The Cambridge Companion to Richard Strauss, edited by Charles Youmans, 195–212. Cambridge Companions to Music. Cambridge and New York: Cambridge University Press, ISBN 978-0-521-72815-7. p. 211.
  64. Timothy Scheurer, Music and Mythmaking in Film, Mcfarland, 2007 ISBN 978-0786431908. p. 41.
  65. Roy Prendergast, Film Music: A neglected Art, W. W. Norton & Company, 1992, ISBN 978 0393308747.
  66. WQXR – New York's Classical Music Radio Station. ციტირების თარიღი: 29 April 2017.
  67. ORR Archive – League of American Orchestras. ციტირების თარიღი: 29 April 2017.
  68. Arkivemusic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-22. ციტირების თარიღი: 2020-06-29.
  69. Richard Strauss: The last concerts, CD issued by Testament SBT2 1441, 2009
  70. Boulez 2003.
  71. 71.0 71.1 Schonberg 1967.
  72. Peter Gutmann, "Richard Strauss Conducts" on classicalnotes.net
  73. Michael Kennedy, Richard Strauss, Schirmer Books, New York 1976, p. 22
  74. Michael Kennedy, Richard Strauss, Schirmer Books, New York 1976, p. 112

წყაროები

რედაქტირება

რეკომენდებული ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე: