ეზიდები[11], მოძველებული — იეზიდები (ქურთ. Êzidî, Êzîdî, არამ. ܓ̰ܠܟܝܐ, არაბ. يزيدي,) — ეთნიკური ქურთების მცირერიცხოვანი რელიგიური განშტოება, რომლის მიმდევრები ძირითადად ჩრდილოეთ ერაყსა და თურქეთში ცხოვრობენ, შედარებით მცირერიცხოვანი თემები სომხეთში, საქართველოში, აგრეთვე ირანში, სირიასა და უკრაინაში. ეზიდთა დიდი ნაწილი ემიგრაციაშია ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში. მათი საერთო რაოდენობა სავარაუდოდ 1 მილიონია. ისინი მეტყველებენ ქურთული ენის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დიალექტზე — კურმანჯიზე.

ეზიდები
Êzidî

ეზიდები სინჯარში, ერაყი (1920-იანები)
საერთო მოსახლეობა
1 000 000–1 500 000[1][2][3]
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
ერაყის დროშა ერაყი 800 000 - 850 000[2][4][5]
გერმანიის დროშა გერმანია 200 000–250 000[1][6]
სომხეთის დროშა სომხეთი 65 000[7]
რუსეთის დროშა რუსეთი 70 000[8]
საქართველოს დროშა საქართველო 20 000[9]
სირიის დროშა სირია 35 000–50 000[1][10]
თურქეთის დროშა თურქეთი 11 900
შვედეთის დროშა შვედეთი 4000[6]
ენები ქურთული ენა: ძირითადად კურმანჯი დიალექტი
რელიგიები ეზიდიზმი

ეზიდიზმი სინკრეტული მონოთეისტური რელიგიაა, ენათესავება ზოროასტრიზმს, იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის ელემენტებით. ეზიდიზმის ფუძემდებლად ითვლება შეიხი ადი (XII ს.), რომელსაც ეზიდები თავიანთ წინასწარმეტყველად მიიჩნევენ.

ეზიდები ერთ ღმერთს აღიარებენ და თაყვანს სცემენ მთავარანგელოზ მალაქ-ტაუსს, რომელიც ფარშევანგის სახით ყავთ წარმოდგენილი; თაყვანს სცემდნენ აგრეთვე შამსს[12], რომელიც მზის ღვთაებაა ეზიდთა მითოლოგიაში. განსაკუთრებით პატივს სცემენ აღმოსავლეთ მხარეს, ანუ მზის ამომავალ მხარეს. საზოგადოება იყოფა საერო (მიურიდები) და სასულიერო (თარიყები, რუჰანი) კასტებად. სასულიერო კასტაში, თავის მხრივ, განასხვავებენ მაღალ (ემირი, შეიხი, ფირი) და დაბალ (ყავალი) წოდებებს. ცნობები ეზიდების საზოგადოებრივი წყობის და რელიგიის შესახებ გადმოცემულია რელიგიურ წიგნებში: „გამოცხადების წიგნი“ (აღსარების წიგნი), „შავი წიგნი“, რომელიც საიდუმლო შრიფტითაა დაწერილი. ეზიდების ერთადერთი საკულტო ნაგებობაა შეიხ ადის ტაძარი (ლალეში (ერაყი), სადაც მათი წინასწარმეტყველის საფლავია).

ეზიდები მრავალი საუკუნეა ცხოვრობენ ერაყის ტერიტორიაზე. ეზიდების დევნა დაიწყო VIII საუკუნეში, ამ დროს ეზიდების დიდი ნაწილი გადასახლდა პაკისტანში, ინდოეთსა და ტაჯიკეთში. XII საუკუნეში გატარებული ზეწოლის შედეგად ეზიდების დიდმა ნაწილმა მაჰმადიანობა მიიღო, ხოლო უკვე 1812 წლისთვის იეზდთა რაოდენობა შემცირდა 1 მილიონამდე, ხოლო ქურთ-მაჰმადიანთა რიცხვი გაორმაგდა.

დემოგრაფია

რედაქტირება
 
ეზიდების დროშა

კომპაქტურად ეზიდები ცხოვრობენ მოსულის გუბერნიის, დახუკის რაიონის სინჯარში. სწორედ იქ არა ერთი საუკუნე დგას იეზდების წმინდა ტაძარი — ლალეში. ერაყის ეზიდთა კავშირი აცხადებს რომ მათი რიცხვი ერაყში 500 000 აჭარბებს, ხოლო ერაყის არასამთავრობოების მონაცემებით ერაყში 300 ათასზე ნაკლები ეზიდი ცხოვრობს.

ეზიდების მიგრაცია სომხეთში დაკავშირებული იყო პირველ მსოფლიო ომთან. ისინი რუსეთის იმპერიას უჭერდნენ მხარს და მასთან თანამშრომლობდნენ. ამ დროს ეზიდები ჯანგირ აღას და უსვ ბეგს მიჰყავდა. ეზიდების რაოდენობა სომხეთში 67 000 ადამიანია.

ეზიდური დიასპორა რუსეთში არც ისე დიდია. ეზიდური ორგანიზაციები ოფიციალურად დარეგისტრირებულია ეკატერინბურგში, ირკუტსკში, ნოვგოროდში, სამარის ოლქში, სურგუტში, ტულასა და იაროსლავში. 2002 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, ეზიდების რაოდენობა რუსეთის ფედერაციაში 31 300 კაცამდეა[13].

საქართველო

რედაქტირება
 
ჩობან-აღა

ეზიდების პირველი დაკავშირება საქართველოსთან მოხდა 1770 წლის 13 აგვისტოს, როდესაც ასურელმა ეპისკოპოსმა ისაიამ და ეზიდების მეთაურმა ჩობან-აღამ მისწერეს მეფე ერეკლე II თხოვნით, შეეფარებინათ თავი საქართველოში და გაეძლიერებინათ ძალა ოსმალეთთან ბრძოლაში.

ჩობან-აღას წერილი ერეკლე მეფეს, 13 აგვისტო , 1770.

 
„მოწყალემ ბედნიერისა ხელმწიფის ჭირი და სატკივარი მოსცესმათ მტვერს ჩობან-აღასაბაღლულს, ეზიდის ჯამათს. ახლა ამას მოვახსენებთ ჩვენს მწყალობელს ხემწიფეს, რომ აისორის ეპისკოპოსი ესაის ხელით რაყამი გებოძა და უსტარი გებძანათ. ემ ვართაპეტი მოვიდა ჩვენთან. თქვენი ბედნიერი წიგნი და ბეჭდია…“
(АВПР, ф, Сн. России с Грузией, 1769—1776 гг., оп. 110/2, д. 12, л. 126, Подлинник)

ერეკლე მეფის პასუხი, 26 სექტემბერი, 1770.

 
„ეს ჩობან ოღლი რომელიც არის გვარად ეზიდი, ეს არც არის ქრისტიანი და არც მაჰმადიანი. მიმდეგი უფრო ქრისტიანებისა და წინააღმდეგი მაჰმადიანებისა. ამასაც სურს ჩვენი შემოერთება, რომელიც ესენი დიდად შეჭირვებული არიან მაჰმადიანთაგან. ეს წიგნი მოგვივიდა სეკტემბრის კვ 26, წელსა ჩღო 1770. ირაკლი…“
(АВПР, ф, Сн. России с Грузией, 1769—1776 гг., оп. 110/2, д. 12, л. 127, Подлинник)

ერეკლე II და ჩობან–აღას ამ წერილებმა ნაყოფი მოიტანა. 1772 წელს ყარსისა და ვანის ვილაიეთებიდან კახეთში გადმოსახლდა ასურელთა 78 და ეზიდთა 201 ოჯახი, რომლებმაც შემდგომში ქართული გვარები და ქრისტიანობა მიიღეს.

XIX ს-ის ქართული პრესის პირველი ცნობები ეზიდებზე:

 
„Иезиды и вероисповедание их, несмотря на то, что повсюду были преследуемы и всеми ненавистны доныне сохранились неприкосновенными по причине своей неустрашимости и врожденного мужества, с воих смертельных врагов…Последние езиды подвергались еще ужаснейшей участи, потому что должны были отказаться от своей веры...“
(Газета «Кавказ» 1848 г № 9, Тифлисъ)
 
„Есть основание думать, что Ванские Иезиды относятся к нам даже с большей симпатиею и искренностию, чем армяне и несторианцы…“
(Разведка стран. Издание Штаба Кавказского военного округа. Секретно. Тифлисъ. Сентябрь 1912 г Стр 1-8.)

XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო ეზიდთა მასიური გადასახლება სომხეთიდან და ოსმალეთის იმპერიიდან.

ეზიდური დიასპორა 1990-იან წლებამდე 30 000 კ. მეტს შეადგენდა, 2002 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით კი საერთო რაოდენობამ საქართველოში 48 000 კ. შეადგინა.[14]

2015 წლის 16 ივნისს თბილისში გაიხსნა ეზიდთა სასულიერო და კულტურის ცენტრი.

ეზიდიზმი ერთ-ერთ ყველაზე სინკრეტულ რელიგიად მიიჩნევა, ამის გამო მისი წარმოშობა საკმაოდ ბუნდოვანია. არსებობს ორი მეტ-ნაკლებად გავრცელებული მოსაზრება:

  1. ეზიდიზმს აქვს პრე-ისლამური წარმოშობა, რომლის რეფორმირებაც მოახდინა შეიხ ადიმ.
  2. ეზიდიზმი წარმოიშვა შეიხ ადის სუფიურ სწავლებათა საფუძველზე, პრე-ისლამური სარწმუნოების და ქრისტიანობის გნოსტიკური სწავლებათა შერწყმით.

თავად ეზიდებში პირველი მოსაზრებაა გავრცელებული, თუმცა არსებობს მესამე მოსაზრებაც, რომელსაც ეზიდების ნაწილი ემხრობა. ამ ვერსიით, ეზიდიზმი ზოროასტრიზმიდან იღებს სათავეს, თუმცა მათი ფუნდამენტური სწავლებანი ზოგ შემთხვევაში თანხვდება, ზოგში კი ურთიერთგამომრიცხავია. მიუხედავად წარმოშობის ბუნდოვანებისა, უდაოა, რომ ეზიდიზმი ერთ-ერთი ძველი რელიგიაა მსოფლიოში, რომელმაც დღემდე არ შეწყვიტა არსებობა.

მუსულმანებისა და ნესტორიანელების შეცდომით, ეზიდი ხალხი შევიდა ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში, როგორც ეშმაკის თაყვანისცემელი ხალხი. დღესაც ბევრი შეცდომით, ეზიდიზმს კერპთაყვანისმცემლობად (მზისთაყვანისმცემლობად) და ზოროასტრიზმად აღიქვამს. ეზიდიზმი მონოთეისტური რელიგიაა და ერთ ღმერთს აღიარებს. მთავარი ანგელოზი მალაქ-ტაუსია (მეფე-ფარშავანგი, ან ანგელოზი-ფარშავანგი).

 
ეზიდთა ტაძარი, ლალეში, ერაყი, 2005 წ.
ანგელოზები და წმინდანები
  • მალაქ ტაუსი
  • შეიხ ადი (შიხადი)
  • ჰავთ მერე დივანე
  • ხათუნა ფარხა
  • მამე შვანი
  • გავანე ზარზანი
  • ხოდანე მალე
  • შამსი
  • კაჭა კაზი

ეზიდიზმის წმინდა წიგნებია: ქტება ჯალვა (აღსარების წიგნი) და მასხაფე რაშ (შავი წიგნი). აგრეთვე ეზიდებს თავისი წმინდა ტაძარი ლალეში აქვთ, რომელიც მდებარეობს ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში, დაჰუკის რაიონში, სოფელ სინჯარში.

დღესასწაულები და მარხვები

რედაქტირება

ეზიდებს არც ისე ბევრი მარხვა და დღესასწაული შემორჩათ. მათი უმეტესობა ან მიუღებელია, ან ისლამური ზეწოლის გამო გაქრა.

კლოჭი — ეზიდების ოჯახში, ყოველი წლის მარტის მესამე ოთხშაბათს დიასახლისი აცხობს პასკის მსგავს ნამცხვარს, სადაც მონეტას ან მძივს ათავსებს. შემდეგ დილას ოჯახის ყველა წევრი იკრიბება და ოჯახში ყველაზე უფროსი მამაკაცი იძახის „ხატე ჯოტ“ (Xetê-Cot) და ნახევრად ჭრის კლოჭს. შემდეგ ერთ მხარეს ექვს ნაწილად ჭრის და ანგელოზებს უძღვნის წილებს, მეორე ნაწილს ჭრიან ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით, ის ვისაც შეხვდა მონეტა ან მძივი, ბედნიერი იქნება იმ წელს.

როჟე ეზიდ არის სამდღიანი მარხვა, რომელსაც დეკემბერში იცავენ. მარხვა ეძღვნება ერთიან ღმერთს, რომელსაც ეზიდები სლტან ეზიდს ეძახიან. ამ დღეებში სახლში არ უნდა იყოს ეზიდიზმით აკრძალური საკვები: ღორის ხორცი, კომბოსტო, თევზი, ქათმის ხორცი (მამლის ხორცი შეიძლება).

ხდრ ნაბი-ხდრ აილას — ეს არის სამდღიანი მარხვა. ამ მარხვის დროს, ეზიდი ახალგაზრდები მკითხაობენ, თუ ვინ გაბედნიერდება მომდევნო წელს. მარხვა ეძღვნება ეზიდურ წმინდანს ხდრ ნაბის.

მარზალი არის დღე, როდესაც მთელი იეზდიხანა მიდის სასაფლოზე საკუთარი მიცვალებულებისთვის პატივის მისაგებად. მარზალის დღე ინიშნება შეიხების და ფირების შეკრების დროს, ან, როგორც წესი, უნდა ჩატარდეს ივნისის მე-3 ხუთშაბათს[15] .

იეზდიხანა

რედაქტირება

იეზდიხანა (სრულიად ეზიდები) იყოფა სამ კასტად: შეიხები, ფირები და მრიდები. თითოეული კასტა იყოფა მრავალ ტომად. თითოეულ კასტას თავისი მოვალეობა აქვს. ამ კასტებს შორის აუცილებელია თანამშრომლობა, მაგრამ მათ ერთმანეთზე დანიშვნის უფლება არ აქვთ.

შეიხები ფირები მრიდები
შეიხები არიან პირველი რანგის სასულიერო პირები.
ისინი ფირებთან ერთად იცავენ რელიგიურ ტრადიციებს
და ლოცვებს კითხულობენ.
მათი რაოდენობა ფირებთან ერთად საქართველოში 5 ათასს აღწევს
  • ადანი
  • ყათანი
  • შამსანი
ფირებიც მეორე რანგის სასულიერო პირები არიან.
ისინი შეიხებთან ერთად
იცავენ რელიგიურ ტრადიციებს და ლოცვებს კითხულობენ.
  • ასნამანი
  • ისებია
  • ომარხალი
  • მამეშვანი და ა.შ.
მრიდები არ არიან სასულიერო პირები,
სწორედ აქედან იღებს ფუძეს სიტყვა „მრიდ“
რაც ძველ კურმანჯულად მოწაფეს ნიშნავს.
მრიდები უმეტესობას შეადგენენ.
ყველა მრიდს ჰყავს თავისი შეიხი და ფირი.
მრიდხანეს ასეული ტომი შეადგენს.
მათგან ყველაზე მეტნი არიან:
  • სიპკი
  • ბალი
  • მანდკი
  • მაჰამდი და ა. შ.

ნაციონალური ტანსაცმელი

რედაქტირება
 
ეზიდი ქალი

ქალის ნაციონალური ტანსაცმელი ძალიან მრავალფეროვანია. ის შედგება მრავალი კაბისა და მონეტისგან. ტანზე ქალს აცვია ფრაკივით კაბა, ანუ ამ კაბას წინ ქვედა ნაწილი არ აქვს. ქვევიდან წინ ქალი კაბას იცვამს, რომელიც ნახევრად არის დაყოფილი, ანუ რამდენიმე კაბით ქალი იფარება. ეზიდური ტანსაცმლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ატრიბუტი თავსაბურავი ქოფია[16]. ეს არის ხის ცილინდრი, რომელიც არის გახვეული უბრალო მატერიაში და მოწყობილი ათასობით მონეტებითა და მძივებით. ამ ქოფიზე ქალი იფარებს ქტანს — შარფს რომელიც თეთრი ფერიასაა[17] და სხვადასხვა წესით არის მოქსოვილი.

მამაკაცის ტანსაცმელი შედგება შარვლისგან, რომელიც ძალიან განიერია; პერანგისგან, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ღია ფერის და ჟილეტისგან, რომელიც შეკერილია ირმის ან ძროხის ტყავისგან.

საქორწინო რიტუალები

რედაქტირება

გარიგება

რედაქტირება

საქორწინო გარიგება ეზიდებში დღემდე მიღებული ტრადიციაა, რომელიც როგორც წესი ქალიშვილის ოჯახში ხდება. თავდაპირველად, ვაჟის მხრიდან სტუმრობენ მთხოვნელები, ძირითადად უფროსი თაობის წარმომადგენლები 3-4 კაცი (მამაკაცებიც და ქალებიც). დათვალიერების შემდეგ, ქალიშვილის მოწონების შემთხვევაში, სტუმრები მასპინძლებს უთანხმდებიან სასიძოს საცოლესთან და მის მშობლებთან გაცნობის თარიღზე. გაცნობის შემდეგ, თუ სასიძო თანახმაა შეირთოს ქალი, ვაჟის მშობლები ხელს სთხოვენ ქალის მშობლებს. წესისამებრ, საპატარძლოს მშობლები ცოტა დროს ითხოვენ, ოჯახში მოსათათბირებლად, სინამდვილეში კი გადამწყვეტი სიტყვა საპატარძლოზეა. ქალიშვილის მხრიდან დადებითი პასუხის შემთხვევაში, სასიძოს მხარე, საპატარძლოს უკეთებს თითზე ბეჭედს, ე.წ. „ბელგას“ (Gostîlkê Serbend) და იწყება მზადება ნიშნობისთვის;

ნიშნობაც საპატარძლოს ოჯახში ხდება, სადღესასწაულო სუფრისა და მუსიკის თანხლებით, რომელსაც სასიძოს მშობლების გარდა, უახლოესი ნათესავებიც ესწრებიან. სასიძოს მხარე საჩუქრებს გადასცემს საპატარძლოს ოჯახის წევრებს - დედას, მამას, ბებიას, პაპას და ა.შ. რის შემდეგაც, სტუმრების თანდასწრებით აცხადებენ ქალ-ვაჟის ნიშნობას. ადათის მიხედვით, ამ დროს ქალიშვილს უკეთებენ ე.წ. „შარა ბუკეს“, ე.ი. საპატარძლოს თავსაფარს, რომელიც მოხატულია თეთრი, წითელი და ყვითელი ფერის (ყვავილებით), რაც ეზიდიზმის სიმბოლოა. საპატარძლოს უკეთებენ მთავარ - ნიშნობის ბეჭედს (Gostîlkê Nişanî), რომელიც ქალიშვილის ოფიციალური დანიშვნის მაუწყებელია. წინათ სულ ერთი იყო, რომელ ხელზე ატარებდნენ ნიშნობის ბეჭედს, ან რომელ თითზე, მაგრამ ყველაზე ხშირად ეს იყო შუა თითი ან არათითი. ასევე - მესამე ბეჭედსაც, იმის აღსანიშნავად, რომ სასიძოს უფლება აქვს ესტუმროს თავის საცოლეს (Gostîlkê riya wekirnê). მესამე ბეჭედი შეიძლება საჩუქრად მიართვან საპატარძლოს მოგვიანებითაც, ერთი კვირის ან ერთი თვის შემდეგ, თუმცა როგორც წესი ჩუქნიან ნიშნობის დღეს. ბეჭდის ნაცვლად შესაძლებელია ოქროს სამაჯურის, ძეწკვის, კულონის ან ოქროს საათის ჩუქება და ა.შ.

ცერემონიის შემდეგ, ქალიშვილის მშობლები აწარმოებენ მოლაპარაკებას სასიძოს მშობლებთან გამოსასყიდის (Qalim) და ე.წ. „სე ხალატე ბუკეს“ (სამი რამ პატარძლისთვის) შესახებ. დღეს ეზიდთა უმრავლესობაში გამოსასყიდის (Qalim) წესი აღარ მოქმედებს, რაც არ შეიძლება ითქვას „ხალატე ბუკეზე“. ეს კი გულისხმობს, რომ ქორწილამდე სასიძო ვალდებულია მიართვას ის, რაც მოითხოვეს პატარძლის ნათესავებმა. ძირითადად ესენია: მშობლისთვის ქურქი, ან ტყავის ქურთუკი საპატარძლოს ძმისთვის ან დისთვის, საქორწილო კაბა პატარძლისთვის და ა.შ.

ქორწილამდე ქალიშვილი ჯერ კიდევ მშობლების სახლშია, სასიძოს მშობლები ნათესავებთან ერთად სტუმრობენ საპატარძლოს (Sertêdan) საჩუქრებით ყველა ქურთულ და საოჯახო დღესასწაულზე, როგორიცაა „როჯიე ხერდენაბი“ და „როჯიე ეზინადე“ (Şîv Paşîvê bûke), ასევე ეზიდთა ახალი წლის დროს მარტში (Kloç’a serê salê), კიდევ საერო დღესასწაულების დროს: ახალ წელს, 8 მარტს, საპატარძლოს დაბადების დღეს და ა.შ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეზიდებს ეკრძალებათ ქორწილის გადახდა აპრილში, რადგან აპრილი ითვლება წლის პირველ თვედ (სხვანაირად უწოდებენ „ბუკე სალეს“, ქართ. „წლის საპატარძლო“).

გარდა ზრდასრულთა გარიგებით ქორწინებისა, ეზიდებში დღემდე მოქმედებს ბავშვების აკვნად ყოფნისას ნიშნობის ადათი - „ბეშკეტმა“[18]. მცირეწლოვანმა ბავშვებმა იციან, თუ ვინ არის მათი საბედო. მოზრდილ ასაკს მიღწეულები კი ქორწინდებიან.

ქორწილი, როგორც წესი სასიძოს სახლში იმართება. დილიდანვე იკრიბებიან ყველა ახლო ნათესავი, მეზობლები და ოჯახის ახლობლები. შუადღისას სიძის ოჯახის უახლოესი ნათესავები მიემართებიან საპატარძლოსთან მუსიკის თანხლებით, სადაც სტუმრებისათვის პირდაპირ ქუჩაში გაშლილია სუფრა. მამაკაცები გაწყობილ სუფრაზე ადღეგრძელებენ მომავალ დღესასწაულს. ქალები კი ცეკვით დიდ მრგვალ ლანგარზე (Sinî) მიართმევენ საპატარძლოს საჩუქრებს (მათი რიცხვი ხუთზე ნაკლები არ უნდა იყოს). ლანგრები შეფუთულია გამჭვირვალე ფოლგაში, სხვადასხვა ფერის ბაფთებით. ლანგრები ქორწილისთვის აუცილებლობას წარმოადგენს. საჩუქრებს შორისაა შამპანური, ძვირფასი ღვინოები, სხვადასხვა სახეობის ხილი, ტკბილეული, ტკბილღვეზელა და რაც ყველაზე მთავარია, საქორწილო კაბა. საპატარძლოს ნათესავები ვალდებულნი არიან მიიღონ ეს საჩუქრები. საპატარძლოს სახლში შესვლამდე, სასიძოს და საპატარძლოს სტუმრები ერთად ასრულებენ ტრადიციულ, ეზიდების საყვარელ ცეკვას „გოვანდს“ (Gowend).

 
ეზიდი გოგოების ცეკვა „შეხანი“, ქორწილში თბილისში.

ცეკვის შემდეგ ყველა სტუმარს პატარძლისთვის მორთმეულ საჩუქრებს უჩვენებენ სახლში. საჩუქრების მიღების და სამადლობელო სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, პატარძლის ნათესავები უძღვნიან საჩუქრებს მომავალ სიძეს, უმეტეს შემთხვევებში ეს არის ქორწინების ბეჭედი, რომელსაც პატარძალი თითზე უკეთებს სასიძოს. წინათ სასიძოს სხვა საჩუქრებს სჩუქნიდნენ როგორიც იყო მარგალიტი, ძვირფასი პიჯაკი შარვლით. მშობლები სტუმრებს უჩვენებენ საპატარძლოს მზითებს (Cêhêz), რომელიც პატარძლის მოსვლამდე გადააქვთ სასიძოს სახლში. მზითები ითვალისწინებს ყველა საჭირო ნივთს ახალშექმნილი ოჯახისთვის, ესენია: ყავადანი, სარეცხის მანქანა, მაცივარი, ტელევიზორი და ავეჯი. მათ შორისაა უმთავრესი საპატარძლოს საწოლის თეთრეული (Nivîn) (საბანი, ლეიბი, ბალიშები). პატარძალს, გარდა საქორწინო კაბისა, ასევე უძღვნიან წითელ (ეზიდიზმის სიმბოლო) აბრეშუმის ნაჭერს ე.წ. „ხელს“ (Xel), თითქმის ისეთსავეს როგორიც „შარა ნიშანია“ (Şarê nîşan). „ხელი“ უნდა იყოს ორი ცალი, ერთი მოაქვთ სასიძოს ნათესავებს, მეორე კი საპატარძლოს ოჯახშია. ქორწილის დროს ამ ორ შალს ერთმანეთს გადაბმულს, პატარძალს თავზე ახვევენ, რასაც ქორწილის დასრულებამდე ატარებს. ამჟამად ეს ადათ-წესი აღარ იხმარება.

სადღასასწაულო სუფრიდან პატარძლის წაყვანამდე, აუცილებლად მისი ძმა მას წელზე სამჯერ შემოახვევს ბაფთას: პირველი გულისხმობს კეთილდღეობის ჩასახვას, მეორე სიკეთის დანერგვას, მესამე კი კეთილ საქმეს. ამას გარდა სასიძო ვალდებულია გამოისყიდოს ე.წ. „ბალგიე ბუკე“ (Belgiyê), ანუ სარძლოს ბალიში სარძლოს ნათესავებისაგან და მხოლოდ ამ წესის შესრულების შემდეგ სასიძოს უფლება ეძლევა წაიყვანოს უკვე პატარძალი სახლიდან. ვაჭრობა შეიძლება გაგრძელდეს დიდხანს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეაფასებენ საპატარძლოს ბალიშს მისი ნათესავები. გამოსყიდვის შემდეგ, სიძეს სამჯერ ნელა ჩაარტყამენ თავში ბალიშს სიტყვებით: შეაბერდით ერთ ბალიშზეო.

მეფე-პატარძალს დაფის (Def-ორმხრივი დოლი) და ზურნის (Zurna) მუსიკის თანხლებით მიაცილებენ სიძის სახლში. ახალდაქორწინებულებს ეგებებათ დედამთილი ტკბილეულით სავსე ლანგრით ხელში და თავზე აყრის მეფე-პატარძალს. ამის მერე სასიძო უნდა ავიდეს აივანზე (სახლის მეორე სართული ან ვერანდა) და იქიდან ესროლოს პატარძალს თავში ვაშლი. შემდეგ ორივეს თავზე არხევენ „ბედნიერების ხეს“ (Dara Miraza), რომელიც მორთულია ხილით, კანფეტებით, ფულით. ხე უნდა მორთონ ახალგაზრდა გოგონებმა და ვაჟებმა, ძირითადად დაუოჯახებლებმა. ეკრძალებათ ხის მორთვა და მიახლოებაც კი ქვრივებს და განქორწინებულებს (ქალებს, თუ მამაკაცებს).

 
ეზიდთა ქორწილი სომხეთში, ალხაგაზრდებს ხელებში „ბედის ხე“ და „ბედის ბალიში“ უჭირავთ.

გზად, მეფე-პატარძალს მცირე ხნით მხარზე ულაგებენ ლავაშს, რომელიც ოჯახში კეთილდღეობას და მშვიდობიანობას ნიშნავს. ვაჟის სახლის ზღურბლზე გადაბიჯებისას მეფე-პატარძალმა ერთდროულად უნდა გატეხონ წინასწარ გამზადებული თეფში. ამბობენ, თუ თეფში პირველად სასიძომ გატეხა, მაშინ პირველი ბავშვი მამრობითი სქესის ეყოლებათ, ხოლო თუ პატარძალმა, მაშინ - მდედრობითი სქესის[19]. წესის მიხედვით სტუმრები ვერ მიუსხდებიან საქორწილო მაგიდას მანამ, სანამ არ მოვლენ მშობლები და სტუმრები პატარძლის მხრიდან. საპატარძლოს მშობლების მოსაწვევად, როგორც წესი აგზავნიან ვაჟის ნათესავს. სტუმრების მოსვლის შემდეგ ყველას მუსიკის თანხლებით იპატიჟებენ სახლში. სუფრაზე, ქალები ცალკე სხდებიან, მამაკაცები ცალკე. ქეიფი იწყება თამადის დანიშვნით, რომელიც ვალდებულია თვალყური ადევნოს ქორწილის მსვლელობას.

ქორწილის დროს მიმდინარეობს ე.წ. „ხნის დარიგება“ (Xina-Zerbil). ხნას მოაქვს ბედნიერება და ახალდაქორწინებულ ახალგაზრდებსაც ბედნიერებას მოუტანს. ეს ადათ-წესი ძალიან ძველია და დაფიქსირებულია არა მხოლოდ ეზიდებთან, არამედ ბევრ ირანული წარმოშობის ხალხშიც (სპარსელები, ტაჯიკები, ქურთები, ოსები, ასურელები). ხნას სასიძოს სახლში დაატარებენ თეფშით, რომელიც მოთავსებულია ლანგარზე, ძველი ადათ-წესის თანახმად ამ ლანგარს დაატარებს ვაჟის ნათესავი, უფრო ხშირად კი სიძის და. მსგავსად „დარა მრაზას“ შესრულების დროს, ქვრივებს კატეგორიულად ეკრძალებათ მონაწილეობა ამ ადათის შესრულებაში. როდესაც ხნით სავსე თეფშიან ლანგარს მიართმევენ სტუმარს, მან თეფშში უნდა ჩაყოს ნეკის თითი და ამასთან ერთად ლანგარზე უნდა დადოს გარკვეული რაოდენობა თანხისა. ეს იმ გოგონასთვისაა განწესებული, ვინც ხნას დაატარებს. ქორწილობის დროს სრულდება ყველაზე სერიოზული ადათ-წესი: დაგვირგვინება-კურთხევა - „მერ ბერინი“ (ქრისტიანობაში ჯვრისწერა). იგი, ტრადიციის თანახმად, უნდა შეასრულოს შეიხმა შეიხესენის საგვარეულოდან. ეს ადათ-წესი, შეიძლება შესრულდეს ქორწინებიდან ერთი ან რამდენიმე წლის შემდეგაც. „მერ ბერინ”-ის შესრულებამდე, სრულდება „ნინიკი“ – იგი შეუძლია შეასრულოს სამღვდელოების ყველა წარმომადგენელმა.

ქორწილის შემდეგ რძალს ელოდება ე.წ. „ბუკტი“ (Bûkti), რომელიც გულისხმობს რომ რძალს არ აქვს უფლება ელაპარაკოს მამამთილს და ხანდაზმულ ხალხს, განსაკუთრებით მამაკაცებს. არ აქვს უფლება, აგრეთვე მათი თანდასწრებით მიიღოს საკვები. „ბუკტი“ უპირველეს ყოვლისა არის ქცევის მანერა, რომელიც მიუთითებს თავდაბლობაზე და გამოხატავს გარშემომყოფთა მიმართ პატივისცემას. გარკვეული დროის განმავლობაში რძალი მოიპოვებს უფლებას ელაპარაკოს თავის მამამთილს. ამ შემთხვევაში მამამთილი რძალს რაიმე სახის საჩუქარს უძღვნის და სთხოვს დალაპარაკებას, რძალი ვალდებულია მიიღოს საჩუქარი და სიტყვიერი მადლობაც გადაუხადოს.

ფოტოგალერეა

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კიკნაძე ზ., „მარგალიტის საიდუმლო“, ეზიდური სასულიერო საბჭო საქართველოში, ეზიდური კვლევის ცენტრი. თბ., 2017
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 80.
  • დიმა ფირბარი. «На пути к истине Езидизм» - თბილისი, 2004 წ. (რუსული)
  • ქერიმ ამოევი. «Курдский вопрос в международных договорах» - თბილისი, 2007 წ. (რუსული)
  • ქარამე ანყოსი. «Din Bawariya Ezditi» - თბილისი, 2007 წ. (რუსული)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 Allison, Christine. (2004-02-20) Yazidis i: General. Encyclopædia Iranica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-08. ციტატა: „There are probably some 200,000-300,000 Yazidis worldwide.“ ციტირების თარიღი: August 20, 2010.
  2. 2.0 2.1 Yezidi. Adherents.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-07. ციტირების თარიღი: 2008-03-31. Cites estimates between 100 000 and 700 000.
  3. „Deadly Iraq sect attacks kill 200“. BBC News. 2007-08-15. ციტირების თარიღი: 2008-03-31.
  4. Iraq Yezidis: A Religious and Ethnic Minority Group Faces Repression and Assimilation By Christian Peacemaker Teams in Iraq (25 September 2005)
  5. [Idan Barir: www.dayan.org/The%20Yezidis%20of%20Iraq.pdf The Yezidis of Iraq: an Endangered Minority] Citation: The number of Yezidis residing in Iraqi Kurdistan is estimated at 300 000 residents
  6. 6.0 6.1 Megalommatis, Muhammad Shamsaddin (February 28, 2010). „Dispersion of the Yazidi Nation in Syria, Turkey, Armenia, Georgia and Europe: Call for UN Action“. American Chronicle. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 16, 2012. ციტირების თარიღი: August 20, 2010.
  7. თარგი:CIA World Factbook link 1.3% of 2,971,650 (July 2007 est.) = 38631.45.
  8. 2002 Russian census. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-09. ციტირების თარიღი: 2011-03-25.
  9. საქართველოს მუდმივი მოსახლეობა ცალკეული ეროვნებების მიხედვით. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-23. ციტირების თარიღი: 2011-11-01.
  10. Commins, David Dean (2004). Historical Dictionary of Syria. Scarecrow Press, გვ. 282. ISBN 0810849348. ციტირების თარიღი: August 20, 2010. 
  11. ფირბარი დ., შჩედროვიცკი დ., (დ. ბარბაქაძის ქართული თარგმანი). რედაქტორი კიკნაძე ზ., „მარგალიტის საიდუმლო“, ეზიდთა სასულიერო საბჭო საქართველოში, ეზიდური კვლევის ცენტრი. თბილისი, 2017
  12. შამსი არაბულად მზეს ნიშნავს (شمس)
  13. რუსეთი 2002 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგები. ტომი 4. — ნაციონალური შემადგენლობა და ენების ფლობა, მოქალაქეობა. ცხრილი «Национальный состав населения» (მოსახლეონის ნაციონალური შემადგენლობა) (სრული ტექსტი: ბრაუზერში დაარქივებული 2012-02-20 საიტზე Wayback Machine. (გამოიყენეთ IE), Excel-ში დაარქივებული 2020-01-09 საიტზე Wayback Machine. ).
  14. საქართველოს მოსახლეობის რელიგიური ნიშნით აღწერის მონაცემები (2002) მეთოდურ-ინსტრუქციულ წერილში - „ბიბლიოთეკა და რელიგიური განათლება“, ქავთარაძე, ნ. www.nplg.gov.ge. dlibrary/collect. (ინტერნეტი) 2006 წლის. (ციტირებულია: 2009 წლის 4 თებერვალს.) http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000120/religiuri%20ganatleba2.pdf დაარქივებული 2011-09-27 საიტზე Wayback Machine. .
  15. ოთხშაბათი ეზიდთა წმინდა ქალწულის, ქალებისა და ბავშვების მფარველის, ხათუნა ფარხას დღეა.
  16. საქართველოში ანალოგიურ თავსაბურავს ჩიხტი-კოპი ჰქვია
  17. ეზიდი ქალები თავზე მარტო თეთრ ფერს იფარებენ. დანარჩენი ფერი აკრძალულია რელიგიით. ეზიდმა ქალმა აუცილებლად უნდა დაიფაროს შავი ფერი გლოვის დროს
  18. საქართველოში, განსაკუთრებით მთაში იგივე წაწლობა;
  19. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით იმასაც ამბობენ, რომ თუ პატარძლისა და სასიძოს მიერ ზღურბლზე გატეხილი თეფშის ნატეხს გაუთხოვარი ქალი ან დაუქორწინებელი ვაჟი ღამით ძილის წინ ბალიშის ქვეშ დაიდებენ, სიზმრად ნახავდნენ თავის მომავალ საქმროს ან საცოლეს, თუ ამ წელიწადში უწერიათ გათხოვება ან დაქორწინება.