ლალიში

(გადამისამართდა გვერდიდან ლალეში)

ლალიში[1] (კურმ. Laliş, არაბ. لالش), ლალიშის ტაძარი, შეიხი ადის ტაძარიეზიდთა მომლოცველობის და თაყვანისცემის მთავარი ტაძარი. მდებარეობს ერაყში, მოსულის მუჰაფაზის შეიხანის ოლქში, ლალიშის ხეობაში, მოსულიდან 60 კმ-ში. დე-ფაქტო იმყოფება ქურთისტანის ავტონომიური მთავრობის კონტროლქვეშ.

ლალიში
კურმ. Laliş
ლალიში — ერაყი
ლალიში
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 36°46′18″ ჩ. გ. 43°18′14″ ა. გ. / 36.77167° ჩ. გ. 43.30389° ა. გ. / 36.77167; 43.30389
რელიგიური კუთვნილება ეზიდიზმი
ქვეყანა დროშა: ერაყი ერაყი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

სახელწოდება

რედაქტირება

არსებობს „ლალიშის“ სახელწოდების რამდენიმე განსაზღვრება. ზოგადად ადგილობრივი მოსახლეობა თვლის, რომ ის წარმოებულ იქნა ორი სიტყვისაგან კურმანჯიზე — lal (მუნჯი, უტყვი) და iş (დუმილი), რაც ნიშნავს — „მუნჯივით მდუმარებას“.

ეზიდურ წმინდა ტექსტებში წერია, რომ თავიდან დედამიწა წარმოადგენდა უკიდეგანო ზღვას (ოკეანეს). ღმერთმა უბრძანა ანგელოზებს დედამიწაზე დაშვება და შეექმნათ მიწა. ანგელოზები დაეშვნენ უკიდეგანო ზღვაზე და ჩაუშვეს მასში „დვრიტა“ და ის შედედდა — ასე შეიქმნა ხმელეთი. ეზიდიზმის მიხედვით ადგილი სადაც დაეშვნენ ანგელოზები არის სწორედ ის სადაც მდებარეობს ლალიშის ხეობა. „დვრიტას“ კვალად ითვლება კანია სპის წყარო (თეთრი წყარო ან წმინდა წყარო). მის წყალს ეზიდები თვლიან წმინდად და იყენებენ მას წმინდა მიწაზე მოსულ ეზიდ მომლოცველთა კურთხევისას.

გადმოცემის მიხედვით სამოთხის ბაღი ბეჰეშტი მდებარეობდა სწორედ იქ, სადაც მდებარეობს ლალიშის ტაძარი. ბაღში თავდაპირველად ცხოვრობდა ადამი, მაგრამ მას შემდეგ რაც შეიქმნა მისი მეორე ნახევარი — ევა (ეზიდური ტრადიციით — ჰავა), ანგელოზებმა ისინი ბაღიდან მოშორებით დაასახლეს, რათა წყვილის ერთადყოფნის დროს არ შებღალულიყო წმინდა ადგილი.

ეზიდურ წმინდა ტექსტებში ასევე მოთხრობილია, რომ ხმელეთის შექმნიდან 40 წლის მანძილზე, მასზე არაფერი არ იზრდებოდა, სანამ ლალიშის ტაძარი არ დაეშვა მიწაზე.

ეზიდიზმის მიხედვით ყველა ეზიდი სიკვდილის შემდეგ ხვდება ლალიშში. ტაძრის შესასვლელში დარგე მირის კარიბჭეში მასზე მიმდინარეობს ზეციური სასამართლო. შემდგომ სული ღვთისმსახურთა დახმარებით უნდა გავიდეს ბეწვის ხიდზე — სარატის ხიდზე. ბეწვის ხიდზე გასასვლელად ეზიდის სული უნდა იყოს წმინდა. ლალიშში არის ხიდი, რომელიც სიმბოლურად აღნიშნავს სარატის ხიდს — მასზე მომლოცველმა ეზიდებმა სამჯერ უნდა გადაირბინონ. სარატის ხიდთან მისვლამდე აუცილებელია ფეხზე გახდა, რათა წმინდა მიწაზე ფეხს დაადგამს ეზიდი.

ლალიშში ყველა ხეს, ბუჩქს და ქვას თავისი სახელი და წმინდა ფუნქცია გააჩნია. ტაძარში არის სამოთხისა და ჯოჯოხეთის სიმბოლური კარიბჭე, სულთა ადგილი, ჯოჯოხეთის მცველთა ადგილი, ანგელოზთა ადგილი, ოცნების ხე და სხვა. ტაძრის ტერიტორიაზე აკრძალულია ხის თუ ტოტების ჭრა: ტაძრის მსახურები (ხლამატკარები) მეურნეობისათვის საჭირო შეშას ეზიდებიან ხეობის გარე ტერიტორიებიდან. ტაძარში შესვლა არ შეიძლება შესასვლელისა და კედლებზე მთხვევის გარეშე, ასევე არ შეიძლება შესვლა თავსაბურავის გარეშე.

გადმოცემის მიხედვით ლალიშში ნამყოფები არიან მოსე წინასწარმეტყველი და სოლომონ მეფე. აქვე ცხოვრობდნენ წმინდანები, რომელთა სახელებიც ჰქვია ტაძრის სხვადასხვა კუთხესა თუ ხეობის ადგილს.

ლალიში ყოველთვის იზიდავდა, როგორც ეზიდ მორწმუნეებს ისე სხვა რელიგიის წარმომადგენლებსაც. შეიხი ადი და მისი მოწაფეები ლალიშში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ, ხოლო ბევრი მათგანის ნაწილები ლალიშის ხეობის ტერიტორიაზეა. შეიხ ადის აკლდამა მდებარეობს ტაძრის მთავარი გუმბათის ქვეშ და წარმოადგენს მომლოცველ ეზიდთა მთავარ თაყვანისცემის ობიექტს. ტაძარს სწირავენ: ზეითუნის ზეთს, პურს, პირუტყვს და სხვადასხვა საჭირო ნივთს, რომელსაც იყენებენ ტაძრის საჭიროებისათვის. ყოველ საღამოს ტაძრის სახურები ანთებენ ზეთის სანთურებს, ხოლო საღამოს სამშაბათიდან ოთხშაბათზე და ხუთშაბათიდან პარასკევზე მზის ჩასვლამდე ხეობაში წმინდანების სახელზე ინთება მრავალი ზეთის სანათი.

ლალიშს იხსენიებს მრავალი შუასაუკუნეების არაბი მოგზაურები (იბნ ასირი, იბნ ხალიკანი, აბულ ფიდა, ჰაფიზ ზაჰაბი, იბნ ვარდი, მაკრიზი, იაფი, შა'რანი და სხვები) შეიხ ადის მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რომელმაც თავის ირგვლივ შეაგროვა ადგილობრივი ტომები და ლალიში კვლავ დაუბრუნა მათ.

დადგენილი არაა თავად სატაძრო კომპლექსის აშენების თარიღი. ასურულ-ქალდეველ ღვთისმსახურ რამიშოს მიხედვით ტაძარი აშენებულია VII საუკუნეში, როგორც ქრისტიანული მონასტერი. ამავდროულად ზოგი მკვლევარი, როგორიცაა მაგალითად ერაყელი ისტორიკოსი ჯორჯ ჰაბიბი თვლიან რომ ეს მოსაზრება მცდარია, რადგანაც ძველი დროიდან მოყოლებული ლალიშის ტაძარი ყოვლეთვის ითვლებოდა მზისთაყვანისმცემელთა კულტის ტაძრად. ეზიდთა ზეპირი გადმოცემით ტაძრის ისტორია ასეთია: არაბების შემოსევის შემდეგ ტაძარს დაეპატრონნენ ნესტორიანელი ბერები, რომლებსაც მფარველობდნენ მუსულმანები. XII საუკუნეში შეიხ ადიმ გააერთიანა ეზიდთა ტომები და დაიბრუნა ძველი ტაძარი.

ლალიშის სატაძრო კომპლექსი

რედაქტირება

ლალიშის კომპლექსი წარმოადგენს სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობების ერთობლიობას.

ლალიშის ტაძრის გუმბათი (კუბბა) რელიგიურად და არქიტექტურულად ითვლება ტაძრის უნიკალურ ნაწილად. ეს მოგრძო და წაწვეტებული მრავალწახნაგა კონუსები სიმბოლიზებენ მზის სხივებს, რომლებიც ეშვება ზეციდან მიწაზე. ლალიშის სატაძრო კომოლექსში მსგავსი ტიპის გუმბათი ექვსია.

მთავარი ტაძრის თავზე აღმართულია სამი გუმბათი:

  1. ყველაზე მაღალი — შეხ ადი, რომლის ქვეშ მდებარეობს შეიხ ადის აკლდამა;
  2. მარჯვნივ — შეხ ჰასანი (მალაკ შეხსინი);
  3. მარცხნივ — შეხ მუსე ანზალი.

დანარჩენი სამი სხვა გუმბათი იქვე ხეობაში ცალ-ცალკე დგას.

წმინდა წყაროები

რედაქტირება

ტაძარში რამდენიმე წმინდა წყაროა: კანია სპი, კანია ზემზემ, კანია კულავა, კანია შვანა და კანია ბარბაიკე.

კანია სპი — ითვლება ყველაზე წმინდა წყაროდ ეზიდებისათვის. ის მოედინება ლალიშიხ ხეობის მშატის მთიდან. გადმოცემის თანახმად წარღვნის დროს ყველა წყალი აიმღვრა, ამ წყაროს გარდა. ეს წყარო ითვლება „დვრიტას“ კვალად, როდესაც იქმნებოდა ხმელეთი. კანია სპის წყაროს წყით ხდება ახალშობილისთვის „შთამომავლობითი ცოდვის“ ჩამობანა. დღესასწაულების დროს კაინა სპის კარებთან მიმდინარეობს რელიგიური ცეკვა სახელად დილანა დარე კანიე, რომელშიც მონაწილეობენ ყველა ეზიდები. მისასალმებელია ცეკვისას ჯგუფში დგომა. დაოჯახებულ წყვილებს არ აქვთ უფლება კანია სპისა და კანია ზემზემის წყალში ერთობლივი შესვლის, რადგანაც ამით ისინი გახდებიან სულიერი და-ძმანი. წყაროზე მისასვლელად არსებობს მამაკაცების და ქალბატონების მხარეები.

კანია ზემზემ — წყარო , რომელიც მოედინება მთავარი ტაძრის ქვემოთ არსებული გამოქვაბულიდან. ითვლება, რომ შეიხ ადიმ შექმნა ეს წყარო 40 ბაღდადელი შეიხ-სუფიეს თხოვნით.

კანია კულავა — მდებარეობს ტაძრის ეზოში და გამოიყენება წმინდა ნივთების გადასავლებად.

კანია შვანა და კანია ბარბაიკე — ასევე მდებარეობენ ლალიშის ხეობის ტერიტორიაზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Пирбари Д., Григорьев С., Ивасько Л., Святой Лалыш (альбом) — Екатеринбург: Баско, 2008

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ფირბარი დ., შჩედროვიცკი დ., (დ. ბარბაქაძის ქართული თარგმანი). რედაქტორი კიკნაძე ზ., „მარგალიტის საიდუმლო“, ეზიდთა სასულიერო საბჭო საქართველოში, ეზიდური კვლევის ცენტრი. თბილისი, 2017