ეზიდიზმი[1], მოძველებული — იეზიდიზმი (ორიგინალში - შარფადინ) — ეზიდთა სინკრეტული რელიგია [2], რომელიც შეიცავს ზოროასტრიზმის, ნესტორიანული ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ისლამის ელემენტებს[3].ეზიდიზმი ძველი აღმოსავლური რელიგიაა, რომლის ფესვები შუამდინარეთის უძველეს კულტებთან ამჟღავნებს კავშირს. ამავდროულად ეზიდიზმი ნაციონალური რელიგიაა, მისი მიმდევრები არიან ეზიდები, რომლებიც წარმოადგენენ ქურთების ეთნიკურ ქვეჯგუფს. ეზიდებიც სუბეთნოსად ჩამოყალიბება განაპირობა მათმა მრავალსაუკუნოვანმა დევნამ.

ლალიში - ეზიდთა წმინდა ტაძარი და აღსარების ადგილი. მდებარეობს ერაყში, ერაყის ქურთისტანში ქალაქ სინჯარში, 60 კმ-ში მოსულიდან

ეზიდების რიცხვი დაახლოებით მილიონს აღწევს. მათი ძირითადი ნაწილი ცხოვრობს ისტორიულ სამშობლოში, ერაყის ქურთისტანში, ასევე დაჰუკის მუჰაფაზაში, შეიხანის და შანგალის რაიონებში. სირიაში ეზიდები ცხოვრობენ ყამიშლისა და ჰასაქას მიდამოებში. თურქეთის ტერიტორიაზე ეზიდთა დასახლებებია დიარბაქირის, ბათმანის, მარდინის და სიირთის პროვინციებში. ეზიდთა სათვისტომოები არსებობს უკრაინაში, რუსეთსა და გერმანიაში. ეზიდები ცხოვრობენ სომხეთსა და საქართველოში, სადაც ისინი ოსმალეთის იმპერიის მიერ დევნის გამო გადასახლდნენ.

ეზიდიზმის წარმოშობის შესახებ მეცნიერთა შორის აზრთა სხვადასხვაობაა. მას უკავშირებენ ირანულ ქალაქ იეზდს, ან ძველ ირანულ სიტყვას იაზატას ან ომაიან ხალიფა იაზიდ I-ს. ეზიდიზმი მრავალი საუკუნის განმავლობაში ქურთულ სირცეში ვითარდებოდა და ყალიბდებოდა. ეზიდთა წინაპრები ღვთაებრივ ძალას ხედავდნენ მზეში, მთვარესა და ვარსკვლავებში, აგრეთვე ბუნების ოთხ სტიქიაში, შესაბამისად, სიწმინდეებად მიაჩნდათ ცეცხლი,მიწა, წყალი და ჰაერი. მრავალსაუკუნეობრივი განვითარების შედეგად ეზიდიზმი ჩამოყალიბდა მონოთეისტურ რელიგიად.

მას შემდეგ, რაც არაბთა სახალიფოს მმართველები აბასიანები გახდნენ, მათ გააძლიერეს რელიგიური ბრძოლა ქურთების წინააღმდეგ. ქურთული ტომები X საუკუნემდე ებრძოდნენ ისლამის გავრცელებას ქურთისტანის ტერიტორიაზე, მაგრამ ამ პროცესების შეჩერება ვერ შეძლეს და X საუკუნისთვის ქურთების ნაწილმა ისლამი მიიღო, ხოლო ნაწილი ეზიდიზმის მიმდევარი დარჩა. ეზიდთა წინაპრებმა, დასნებმა, დაკაგეს წმინდა ადგილები, რომლებსიც მუსლიმებმა და ნესტორიანელებმა მიითვისეს. XII საუკუნეში ეზიდები გაერთიანდნენ შეიხ ადის გარშემო. ეზიდებმა ის ღვთის მოვლენილად აღიარეს და მისი მიმდევრები გახდნენ. შეიხ ადიმ მოახერხა ეზიდთა წმინდა ადგილის, ლალიშის დაბრუნება. შეიხ ადი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა და ლალიშში დაკრძალეს. მან ეზიდიზმში გარკვეული ცვლილებები შეიტანა და მას დასრულებული სახე მისცა. ქურთისტანის ტერიტორიაზე შუა საუკუნეებიდან მოყოლებული XIX საუკუნემდე დამოუკიდებელი და ნახევრად დამოუკიდებელი ქურთული სამთავროები არსებობდა. XIII-XIV საუკუნეებში ზოგიერთ ასეთ სამთავროში მხოლოდ ეზიდიზმის მიმდევარი ქურთები ცხოვრობდნენ. შარაფ ხან ბიდლისის ცნობით XVI საუკუნეში ჩრდილოეთ ქურთისტანის (ბოჰტანი, ბაჰდინანი, დასნი) დიდგვაროვნები ეზიდები იყვნენ. არაბების, ოსმალების და სპარსელების მიერ დევნის გამო ეზიდების რაოდენობა დროთა განმავლობაში შემცირდა. ეზიდებს ისლამმიღებული ქურთებიც დევნიდნენ.

არსებობს ერთი ღმერთი — ხუდე, იგივე იაზდანი. მან 7 დღეში შექმნა სამყარო, ისაა სიყვარული და სინათლე. ღმერთმა თავისი არსიდან ჯერ შექმნა მარგალიტი, რომელიც წარმოადგენს სამყაროს დასაბამს, ხლო შემდეგ თითონ მოთავსდა მარგალიტში, რომელიც მისი დიდებულიმზერისგან გასკდა და უსაზღვრო ზღვად იქცა. ღმერთმა შექმნა ცა, მნათობები. ყოველდღე თავისი სინათლისგან ქმნიდა თითო ანგელოზს, სულ შექმნა 7 ანგელოზი, რომელთა შორის უპირველესი არის მალაქ-ტაუსი, რომელიც ღვთის ნებით მართავს სამყაროს. ეზიდიზმში ანგელოზთა სიმბოლოა ფარშევანგი, რომლის სპილენძის გამოსახულება ეზიდიზმის ნიშანია. ღმერთმა ანგელოზები გაგძავნა ზღვის ზედაპირზე და მათ შექმნეს ხმელეთი, შემდეგ მათ ოთხი ელემენტი ერთმანეთში შეაზავეს და შექმნეს პირველი ადამიანი, ხოლო მისი ნეკნისგან შექმნეს მისი მეგობარი ქალი. ეზიდიზმი იმეორებს სახელებს ადამი და ევა, თუმცა სავარაუდოა, რომ ამ სახელებმა ჩაანაცვლა ძველი ეზიდური სახელები. ეზიდთა კოსმოგონიის მიხედვით ადამიანთა გამრავლება თავიდანვე იყო ჩაფიქრებული დაის არაა ადამიანთა პირველი ცოდვის შედეგი. ადამი და ევა ცხოვრობდნენ სამოთხეში (ბეჰეშტ) და მონელებულ საჭმელს გამოყოფდნენ ოფლთან ერთად, არ ჰქონდათ სასქესო ორგანოები. ღმერთის დავალებით მათ ანგელოზმა აჭამა ხორბალი, რის გამოც ადამი და ევა გასივდნენ და გაუჩნდათ სასქესო ორგანოები გამრავლესბითვის. ადამსა და ევას შორის წარმოიშვა დავა, თუ რომელია უპირატესი. ადამმა დაიმორჩილა ევა, რომელმაც გააჩინა ორი ვაჟი — აბელი და კაენი. კაენის მიერ აბელის მოკვლის შემდეგ ადამი და ევა ერთმანეთს ადანაშაულებდნენ მათი შვილების ცდოვაში. მალაქ-ტაუსის დარიგებით მათ გამოძერწეს თიხის დოქები, მათში ნერწყვი მოათავსეს და მიწაში დაფლეს. ადამის დოქში მალაქ-ტაუსმა გაურია ანგელოზის თესლი. ცხრა თვის შემდეგ ევას დოქში აღმოჩნდა მატლები, ხოლო ადამის დოქში მამრობითი სქესის ემბრიონი, რომელსაც შეიდ ბენ ჯარი ეწოდა. შეიდ ბენ ჯარმა შეირთო საომთხის ქალწული ჰურიათი და მათი შთამომავლები არიან ეზიდები. შესაბამისად, ეზიდთა გენი არსებობდა ადამამდე ანგელოზთა დედის სახით და ისინი ევას თავიანთ დედად არ მიიჩნევენ.

ეზიდიზმსა და ზოროასტრიზმს შორის ბევრი საერთოა, თუმცა ამ ორ რელიგიას შორის ფუნდამენტური განსხვავებები არსებობს. ეზიდებს სწამთ, რომ ყველა რელიგია ღვთის ნებით არსებობს, მაგრამ ისინი მხოლოდ ცოდნის ნაწილს ფლობენ, ხოლო სრულყოფილი ცოდნა მხოლოდ ეზიდმა წმინდანებმა მიიღეს ყავლების მეშვეობით. ეზიდები პატივისცემით ეპყრობიან სხვა რელიგიების მოციქულებს აბრაამს, მოსეს, იესო ქრისტეს. მათი აზრით ეს მოციქულები ღმერთმა გაუგზავნა სხვა ხალხებს, რათა ისინი ჭეშმარიტების გზაზე დააყენოს.

ეზიდმა მხოლოდ სიკეთე უნდა დათესოს, უნდა დაეხმაროს ყველა გაჭირვებულ ადამიანს, მიუხედავად მისი რჯულისა და სარწმუნოებისა. ეზიდებს სულის უკვდავების სწამთ. მიიჩნევენ, რომ ცოდვილები ჯოჯოხეთში (დოჯაჰ) მოხვდებიან, ხოლო უცოდველები — სამოთხეში. სული, რომელიც სამოთხეს ვერ დაიმსახურებს, მაგრამ არც ჯოჯოხეთი ეკუთვნის, ამ ქვეყანაზე სხვა ფორმით ბრუნდება. ეზიდებს სჯერათ მკდრეთით აღდგომის და მხსნელის, რომელსაც შარფადინი ეწოდება. ჯერ ქვეყანაზე გამეფდება არეულობა, მკვლელობები და სტიქიური უბედურებები, შემდეგ აღმოსავლეთიდან მოვა ტირანი და როცა დასავლეთიდან ამოვა მზე, შარფადინი გაანადგურებს ტირანს,გაანადგურებს ყველა ეკლესიას, მეჩეთს, მონასტერს და ხალხი, გაერთიანებული, იწამებს ერთ ღმერთს.

ლალიში წარმოადგენს წმინდა ადგილს, ყველა ეზიდთა სალოცავს, რადგან იქ დაკრძალულია შეიხ ადი. ეზიდთა ღვთისმეტყველებაში არის უამრავი წესი და სწავლება, რომელიც ყველა მორწმუნე ეზიდმა უნდა დაიცვას და იხელმძღვანელოს თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს განსაკუთრებით გამოწვეულია რელიგიის სიწმინდის დასაცავად. არსებობს აგრეთვე ზოგიერთი საკვების აკრძალვის წესი. აგრეთვე კატეგორიულად იკრძალება ლურჯი ფერის ხმარება. არსებობს ტაბუ, რომელიც დაკავშირებულია ცეცხლთან, წყალთან და მიწასთან.

წმინდა წიგნები

რედაქტირება

ეზიდიზმი ეფუძნება წმინდა რელიგიურ ტექსტებს — ყავლებს. მათი ავტორიტეტი მორწმუნე ეზიდისთვის ურყევია. ეზიდთა ტექსტები უძველეს ინფორმაციას იძლევიან ქურთი ხალხის და ძველი შუამდინარეთის მოსალხეობის რელიგურ წარმოადგენებზე. ეს ტექსტები ზეპირად გადაეცემოდა მცოდნე ოსტატების (ჰოსტა) მიერ მომავალ თაობას. ისინი წერილობითაც არსებობდა, მაგრამ ეზიდებზე ხანგრძლივი თავდასხმების გამო ხელნაწერები განადგურდა და XIII სუაკუნიდან ზეპირი გადმოცემა ტრადიციად იქცა. ამ ტექსტების ავტორები, მაგ. დარვეშ ყათანი, შეიხ ფახრი, ფირ რაშე ჰაირანი, პესე ჯამი, ჰასად თაური, ეზიდთა წმინდანები არიან. ისინი შეიხ ადის მოსწავლეები იყვნენ და მდიდარი პოეტურ-რელიგიური ლიტერატურა შექმნეს,სადაც შეიხ ადისა და სხვა წმინდანების ცხოვრებაა გადმოცემული. ეზიდური ტექსტები ძირითადად კურმანჯიზე არის შექმნილი.

გარდა ყავლებისა, არსებობდა ორი წიგნი შავი წიგნი და „გამოცხადების წიგნი“, რომელთა დედანი დაკარგულია და მხოლოდ მათი ფრაგმენტებია შემორჩენილი.ეზიდთა სასულიერო პირები მათ არ აღიარებენ. ეს წიგნები დაწერილი იყო ეზიდური ანბანით ქურთულ ენაზე. მათ გარდა არსებობს არაბულ ენაზე ტყავზე დაწერილი წიგნები „მშურ“, რომლებიც XIII სუაკუნით თარიღდება და მათში წმინდანთა ცხოვრება მათი ხალხთან ურთიერთობაა მოცემული. ეს ხელნაწერები ეზიდთა სასულიერო გვარების — ფირების — ოჯახში ინახება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. კიკნაძე ზ., „მარგალიტის საიდუმლო“, ეზიდური სასულიერო საბჭო საქართველოში, ეზიდური კვლევის ცენტრი. თბ., 2017
  2. Езиды // Народы мира: историко-этнографический справочник / Гл. ред. Ю. В. Бромлей. — М.: Советская энциклопедия, 1988. — С. 162.
  3. Who, What, Why: Who are the Yazidis?. Би-би-си (2014-08-08). ციტირების თარიღი: 2015-07-22.