ბალი

მცენარეების სახეობები
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბალი (მრავალმნიშვნელოვანი).

ბალი (ლათ. Prunus avium) — ქლიავის გვარის ხეხილოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. ხე ინტენსიურად იზრდება (სიმაღლე 15-20 მ-მდე), აქვს მორიგეობით განლაგებული ტოტები და სწორი, მაღალი შტამბი. ფოთოლი მოგრძო ელიფსური ფორმისაა, ყვავილი თეთრი, ქოლგებად შეკრებილი, ნაყოფი კურკიანა — მომრგვალო ან გულისებრი, სხვადასხვა შეფერილობის (ყვითელი, ვარდისფერი, წითელი და შავი).

ბალი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ვარდისნაირნი
ოჯახი:  ვარდისებრნი
გვარი:  ქლიავი
სახეობა:  ბალი
ლათინური სახელი
Prunus avium (L., 1755)
სინონიმები[1]
სია
    • Prunus cerasus var. avium L.
    • Cerasus avium (L.) Moench
    • Druparia avium (L.) Clairv.
    • Prunus bigarella Dumort.
    • Prunus duracina (L.) Sweet
    • Prunus juliana (L.) Gaudin
    • Prunus nigricans Ehrh.
    • Prunus varia Ehrh.
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 172064
გავრცელება

ნაყოფის რბილობი წვნიანია, კურკას ცუდად ეცვლება და სიმკვრივის მიხედვით იყოფა ბიგაროებად (მკვრივი რბილობი) და გინებად (ნაზი რბილობი). ამ უკანასკნელს განეკუთვნება უმთავრესად საქართველოში გავრცელებული ბლის ადგილობრივი ჯიშები. ბალს მყნობით ამრავლებენ (ამონაყარს არ იძლევა; გამონაკლისია ქართული ბალი), საძირეებად იყენებენ ბალამწარას, ბალღოჯსა და ბლის კულტურული ჯიშების თესლნერგებს.

ბალი კულტივირებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. საქართველოში ბალი გავრცელებულია მეხილეობის ყველა რაიონში და კურკოვანი კულტურების ნარგაობათა 72%-ს შეადგენს. იგი ზომიერი კლიმატის, სინათლის მოყვარული მცენარეა. მაღალხარისხოვან მოსავალს იძლევა ნეშომპალაკარბონატულ ან ლამიან ნიადაგებზე. ხელსაყრელ პირობებში ყოველწლიურად მსხმოიარობს, საშუალო მოსავლიანობა 50-60 ც/ჰა.

ბალი საადრეო ხილია (მწიფდება მაისსა და ივნისში), ნაყოფი შეიცავს 10-15% შაქარს (გლუკოზა, ფრუქტოზა, ნაკლებად საქაროზა), 0,2-1,1% მჟავას (უმთავრესად ვაშლისას), C ვიტამინსა და კაროტინს. იყენებენ სუფრის ხილად, კომპოტის, მურაბისა და წვნის დასამზადებლად. საქართველოში ფართოდაა ცნობილი ნაპოლეონის ვარდისფერი, მარკის ადრეულა, დროგანის ყვითელი, აგრეთვე ადგილობრივი ჯიშები — ჭოპორტულა, კახაბალი, ძუძუბალი. დარაიონებული ჯიშებია თათრული შავი, ხარისგულა და დროგანის ყვითელი. ეს უკანასკნელი უხვმოსავლიანი, საკმაოდ ყინვაგამძლე, საკონსერვო დანიშნულების საგვიანო ჯიშია და საქართველოში გავრცელების მიხედვით ბლის ნარგაობის 42,2%-ს შეადგენს. ბალი ავადდება გომოზით, ნაყოფის სიდამპლით. მავნებელთაგან აზიანებს ალუბლის ბუზი, ალუბლის ბუგრი და რინქიტი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. The Plant List: A Working List of All Plant Species. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 იანვარი 2023. ციტირების თარიღი: 27 January 2014.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბალი&oldid=4573651“-დან