კურკოვანი კულტურები
კურკოვანი კულტურები — მცენარეები ვარდისებრთა ოჯახის ქლიავისებრთა ქვეოჯახისა. მათ განეკუთვნება ატამი, ქლიავი, გარგარი, ბალი, ალუბალი, ტყემალი, ალუჩა, ნუში, ღოღნოშო და სხვა. ნაყოფი ერთბუდიანი კურკიანაა, ნაყოფსაფარი წვნიანია, რომლის შიდა შრე (ენდოკარპიუმი) გადაქცეულა კურკად, რომელშიც თესლია მოთავსებული. საჭმელად იყენებენ ნაყოფსაფარს (გარდა ნუშისა) როგორც ნედლად, ისე გადამუშავებულს (მურაბა, კომპოტი, ჯემი და სხვა).
კურკოვანი კულტურები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სიცოცხლის ხანგრძლივობით, ზრდით, მსხმოიარობის დაწყებით, ეკოლოგიურ პირობებზე დამოკიდებულებით, მოსავლიანობით და სხვა. გამრავლების ძირითადი წესია მყნობა.ზოგიერთი კულტურა (ქლიავი, ალუბალი) ფესვის ამონაყრითაც მრავლდება. საქართველოში კურკოვანი კულტურებს 30 ათასი ჰა ფართობი უკავია, რაც ხეხილის ბაღების მთელი ფართობის 18%-ს შეადგენს. ჩვენში კურკოვანი კულტურებიდან ყველაზე მეტი ფართობი უჭირავს ატამს (55%), შემდეგ ქლიავს (20%), ბალს (6%), ალუბალს (5%), გარგარს (4%) და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვარძელაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 81-82.