ნაყოფის სიდამპლე
ნაყოფის სიდამპლე, მონილიოზი — ხეხილის დაავადება. იწვევს Monilia-ს გვარის პარაზიტული სოკოები. ფართოდაა გავრცელებული კურკოვანთა და თესლოვანთა ნაყოფის სიდამპლე. კურკოვანი კულტურების — ალუბლის, ბლის, ქლიავის, გარგარის, ნუშისა და სხვა კურკოვანებზე ნაყოფის სიდამპლეს იწვევს Monilia cinerea. ავადდება აგრეთვე ყლორტი, ყვავილი, სანაყოფე ტოტი. თესლოვანთა ნაყოფის სიდამპლეს იწყვევს Monilia fructigena, აავადებს ნაყოფს, დასავლეთ საქართველოში - სანაყოფე ტოტს, ყვავილსა და ყლორტს. Monilia mali აზიანებს ვაშლის, ხოლო Monilia cydoniae კომშის ნაყოფს, ყლორტი სანაყოფე ტოტსა და ყვავილს, დაავადება ვრცელდება სპორებით, რომელიც მცენარეში იჭრება უმეტესად მექანიკური დაზიანების ადგილიდან. სპორა ზამთრობს მცენარის დაავადებულ ორგანოებში.
ბრძოლის ღონისძიებანი: გამძლე ჯიშების შერჩევა, ნაყოფის შენახვის პირობების დაცვა, დაავადებული ნაყოფების შეგროვება და მოსპობა, ხის ძირში ნიადაგის გაფხვიერება, გასხვლა და 1%-იანი ბორდოს სითხის ან 0,5%-იანი ცინების შესხურება.
ლიტერატურა
რედაქტირება- წაქაძე თ., რეხვიაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 337.