სპორა (ბერძ. σπορά, σπόρος — თესვა, ნათესი, თესლი) — უმდაბლეს და უმაღლეს მცენარეთა მიკროსკოპული, ჩვეულებრივ ერთუჯრედიანი, იშვიათად ორ ან რამდენიმე უჯრედიანი სტრუქტურა, რომელიც გამრავლებას ემსახურება. ბევრი მცენარის სპორას აქვს რთული აღნაგობის გარსი (იხ. სპოროდერმა), შეიცავს საკვების მარაგს და ხანგრძლივად ინარჩუნებს გაღივების უნარს.

სპორას ცხოვრების ციკლი.

უმდაბლესი მცენარეების სპორა სახელწოდება გამოხატავს აგებულების (მაგ., შოლტიანი ზოოსპორები და უშოლტო აპლანოსპორები), მოყვანილობის (სტილოსპორები), ზრდისა (აუქსოსპორები) და განვითარების ადგილის (ენდო- და ეგზოსპორები) თავისებურებებს, ერთი სპორანგიუმის ფარგლებში სპორების რაოდენობას (მონო- ან ტეტრასპორები), სქესობრივი პროცესის ტიპს, რომლის შედეგადაც ეს სპორები წარმოიქმნება (ოო- და ზიგოსპორები), წარმოქმნის ადგილს (სპორანგიო-, კარპო-, ასკოსპორები და სხვა).

არსებობს სპორების 3 ჯგუფი:

  • გამეტების შერწყმის შედეგად წარმომნილი დიპლოიდური ზიგოტა ანდა მრავალბირთვიანი გამეტანგიუმების შეერთებით წარმოქმნილი სინზიგოტა;
  • მიტოსპორა, რომელიც უშუალოდ მეიოზის შედეგად არ წარმოიქმნება, უმეტესად ჰაპლოიდურია, ზოგჯერ დიპლოიდური;
  • ჰაპლოიდური მეიოსპორები, წარმოქმნილია მეიოზის ან მეიოზის შემდგომი ერთი-ორი მიტოზური დაყოფის შედეგად.

უმაღლეს მცენარეებს მხოლოდ მეიოსპორები აქვთ. წარმოიქმნება სპორანგოუმებში. სპორებიდან ვითარდება გამეტოფიტები. ხავსებისა და გვიმრანაირების სპორები ვრცელდება ქარის, იშვიათად წყლის საშუალებით. ტოლსპორიანი გვიმრანაირების უმეტესობას ერთი სახის სპორა აქვს და მისგან განვითარებული გამეტოფიტი (წინაზრდილი) ორსქესიანია. განსხვავებულსპორიანი (პეტეროსპორული) მცენარეების (ზოგიერთი გვიმრანაირი და ყველა თესლოვანი მცენარე) სპორა ორგვარია:პატარა მიკრო სპორა (მისგან ვითარდება მამრობითი წინაზრდილი) და დიდი ზომის მეგა- ანუ მაკროსპორა (ვითარდება მდედრობითი წინაზრდილი). თესლოვანი მცენარეების სპორები არ გამოიფანტება. წინაზრდილი ვითარდება სპორანგიუმებშივე. ამასთანავე, მიკროსპორანგიუმში მიკროსპორიდან განვითარებული მამრობითი წინაზრდილები — მტვრის მარცვლები მომწიფების მერე გარეთ გამოიფანტება, ხოლო მეგასპორიდან განვითარებულ მდედრობითი წინაზრდილები (პირველადი ენდოსპერმი შიშველთესლოვანებში და ჩანასახის პარკი ფარულთესლოვანებში) მეგასპორანგიუმებშივე რჩება.

პარაზიტული უმარტივესების სპორა ერთ ან მრავალუჯრედიანია, სქელგასიანი. ემსახურება გავრცელებას და არახელსაყრელი გარემო პირობების გადატანას. სხვადასხვა უმარტივესი ორგანიზმის სპორის განვითარება და აგებულება სხვადასხვაა.

ლიტერატურა

რედაქტირება