ყვავილოვანი მცენარეები

(გადამისამართდა გვერდიდან ფარულთესლოვანები)

ყვავილოვანი მცენარეები (ლათ. Magnoliophyta) — უმაღლესი მცენარეების განყოფილება. მოიცავს 400 ოჯახს, 12 ათასზე მეტ გვარს და თითქმის 240 ათას სახეობას. ყვავილოვნები ერთ-ერთია თესლოვან მცენარეების ორი ჯგუფიდან და მათ ფარულთესლოვნები (ლათ. Angiospermae) ეწოდებათ. ისინი განვითარების ყველაზე მაღალ საფეხურზე დგანან მცენარეთა სამყაროში, მათ განაყოფიერების სისტემა უფრო დახვეწილი აქვთ, ვიდრე დანარჩენ თესლოვან მცენარეებს — შიშველთესლოვნებს.

ყვავილოვანი მცენარეები

Magnolia virginiana
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
ლათინური სახელი
Magnoliophyta
Anthophyta
Angiospermae

ფარულთესლოვნები მრავალგვაროვნობით და რაოდენობრივად მცენარეთა ყველა დანარჩენ ჯგუფს აღემატებიან. ყვავილოვანი მცენარეების წარმომადგენლები ზომითაც უდიდესია მთელ ორგანულ სამყაროში. მაგ., ზოგიერთის (ევკალიპტი) სიმაღლე 100 აღწევს, ზოგი ლიანის სიგრძე 200 მ-ზე მეტია. ყვავილოვანი მცენარეები ყველა კლიმატური ზონასა და მრავალნაირ ეკოლოგიურ პირობებში იზრდება — ტროპიკულ ტყეებიდან ტუნდრამდე, ჭაობებიდანუდაბნოებამდე და ზღვის სანაპიროებიდან — უმაღლეს მთებამდე. ისინი შეადგენენ ბიოსფეროს მცენარეული სამყაროს ძირითად მასას და უზრუნველყოფენ ყველა ცოცხალი არსების, მათ შორის ადამიანის არსებობას.[1]

ყვავილოვანი მცენარეები თავისი აგებულებითა და ფუნქციებით ურთულესია მცენარეთა ყველა სხვა ჯგუფთან შედარებით. მათ ახასიათებთ მაღალსპეციალიზებული გამტარი სისტემა თავისი ჭურჭლებით და თანამგზავრი უჯრედების მქონე საცრიანი მილებით, სასიცოცხლო პროცესების, ზრდისა და განვითარების აჩქარება, მზის მაღალ რადიაციასთან შეგუება, სპეციალიზებული ნივთიერებების — ალკალოიდების, ეთერზეთების, გლიკოზიდების და სხვათა წარმოქმნა, მაღალი პლასტიკურობა (განსაკუთრებით ფოთლების), მრავალიარუსიანი თანასაზოგადოებების შექმნის უნარი. მხოლოდ ყვავილოვანი მცენარეებისთვისაა დამახასიათებელი ყვავილი, რომელიც შიშველთესლოვნების სტრობილებისაგან იმით განსხვავდება, რომ ნაყოფფოთლების ანუ მეგასპოროფილებისს შეზრდით დახურული სათავსი–ნასკვია განვითარებული.

ნასკვის კედლებზე ვითარდებიან თესლკვირტები. ნასკვის წარმოქმნამ ურზუნველყო თესლკვირტების დაცვა, პლასტიკური ნივთიერებათა ეკონომია. განაყოფიერების შემდეგ ნასკვიდან ნაყოფი ვითარდება, სადაც თესლებია მოთავსებული. სწორედ აქედან წარმოდგება ყვავილოვან მცენარეთა მეორე სახელწოდება — ფარულთესლოვანები. ნაყოფის წარმოშობამ ფარულთესლოვანებში განაპირობა თესლის გავრცელების მრავალნაირობა. ნასკვის წარმოქმნასთან არის დაკავშირებული ფარულთესლოვანთა კიდევ ერთი არსებითი განსხვავება: მტვრის მარცვლები თესლკვირტებში ხვდება ნაყოფის სპეციალიზებული ზონით — დინგით.[1]

ყვავილოვანი მცენარეებისთვის დამახასიათებელია განსაკუთრებული საჩანასახე პარკი და ორმაგი განაყოფიერება, რაც გამოიხატება სპერმიების კვერცხუჯრედთან მეორეულ ბირთვთან ერთდროულად შერწყმაში. სამტვრე მილს აკისრია ახალი ფუნქცია — გამანაყოფიერებელი ელემენტების გადატანა თესლკვირტამდე. განაყოფიერების შედეგად წარმოიქმნება ტრიპლოიდური ენდოსპერმი, რომლის ჰიბრიდული ბუნება და პლოიდურობა პროგრესული ნიშანია ყვავილოვანი მცენარეებისათვის. ყვავილოვან მცენარეებში მკვეთრადაა გამოსახული მდედრობითი (საჩანასახე პარკის) და მამრობითი გამეტოფიტის (მტვრის მარცვალი გენერაციული და ვეგეტატიური უჯრედებითურთ) რედუქცია, მძლავრადაა განვითარებული სპოროფიტი.[1]

ყვავილოვანი მცენარეების წარმოშობა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია ორგანული სამყაროს ევოლუციაში: ისინი წარმოიშვნენ დედამიწაზე ცალკეილ პერიოდში. მორფოლოგიის, ანატომიის და ემბრიოლოგიის განვითარების მაღალმა საფეხურმა, ევოლუციურმა პლასტიკურობამ სხვადასხვა ეკოლოგიურ პირობებში განაპირობა შედარებით მცირე გეოლოგიურ დროში მცენარეთა ახალგაზრდა ჯგუფის ფართო განსახლება და განვითარება. ყვავილოვანი მცენარეების შედარებითი მორფოლოგიურრი, ანატომიური, ემბრიოლოგიური და სისტემატიკური კვლევის მონაცემები ადასტურებს მათ წარმოშობას შიშველთესლოვანთა ერთი ჯგუფიდან, ე. ი. მათ „მონოფილეტურ“ განვითარებას, თუმცა მკვლევართა განსაზღვრული ჯგუფი მათ „პოლიფილეტურობას“ ამტკიცებს. სადისკუსიოა აგრეთვე ყვავილოვანი მცენარეებთა შესაძლო წინაპრების საკითხიც. მიღებულია, რომ უმაღლეს მცენარეთა არც ერთი თანამედროვე ჯგუფი არ შეიძლება ყოფილიყო ყვავილოვანი მცენარეებთა წინაპარი. ამომწყდარი შიშველთესლოვანებიდან ყვავილოვანი მცენარეებთან შედარებით ახლოს დგანან ბენეტიტები, რომელთა უმრავლესობას ორსქესიანი სტრობილები ახასიათებს; შესაძლო წინაპრებად შეიძლება ჩაითვალონ თესლოვანი გვიმრებიც; პალეონტოლოგიური მონაცემების ნაკლებობა ართულებს ყვავილოვანი მცენარეებთა წინაპრების დადგენას. ყვავილოვანი მცენარეებთა დამახასიათებელი ნიშნების წარმოშობას მეცნიერთა უმეტესობა ნეოტენიით ხსნის.

ყვავილოვანი მცენარეებთა თანამედროვე, შედარებით დაბალი განვითარების ჯგუფების გეოგრაფიული გავრცელების და ფილოგენეზური ურთიერთობის ანალიზის შედეგად 1957 წელს არმენ ტახტაჯიანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ყვავილოვანი მცენარეები უნდა წარმოშობილიყვნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში; არსებობს სხვა მოსაზრებებიც. თუმცა ყვავილოვანი მცენარეების პირველადი ტიპი საბოლოოდ დადგენილი არ არის, მეცნიერთა უმეტესობა მაინც ფიქრობს, რომ პირველი ყვავილოვანი მცენარეები იყვნენ მერქნიანი, პატარა ხეები, რომელთაც ქსილემაში ჭურჭლები არ ჰქონდათ განვითარებული. ყვავილოვანი მცენარეების კლასიფიკაცია ემყარება შედარებით მორფოლოგიურ, ანატომიურ, ემბრიოლოგიურ, ციტოლოგიურ, გენეტიკურ,ბიო-ქიმიურ და ფიტოგეოგრაფიულ მანოცემებს. ყვავილოვანი მცენარეების დაყოფას კლასებად, ქვეკლასებად, რიგებად, ოჯახებად და სხვად საფუძვლად უდევს ყვავილის, ყვავილედის, მტვრის მარცვლის, თესლკვირტის, მდედრობითი და მამრობითი გამეტოფიტის, თესლის, ნაყოფის, ჩანასახის აგებულება, ლებნების რაოდენობა და სხვა სისტემატიკოსთა უმეტესობა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 ღვინიანიძე ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 635-636.