ლიანები (ფრანგ. liane მხ. რ.) — მცენარეები, რომლებსაც რაიმე საყრდენის გარეშე დგომა არ შეუძლიათ. ქართულ ბოტანიკურ ლიტერატურაში ზოგჯერ ამავე მნიშვნელობით იხმარება ტერმინი „ლეშამბოები“.

ლიანების უმეტესობა ყვავილოვანი მცენარეებია; შიშველთესლოვნებიდან ლიანებს გნეტუმის რამდენიმე სახეობა მიეკუთვნება; ლიანები არიან გვიმრანაირთა შორისაც. საყრდენზე მიმაგრების ხასიათის მიხედვით განასხვავებენ ხვიარა და მცოცავ ლიანებს. ხვიარა ლიანები საყრდენს გარს ეხვევიან; მცოცავი ლიანები კი საყრდენს ემაგრებიან ულვაშებით, განსაკუთრებული ფესვებით, ეკლებით, ქაცვებით და სხვა. საყრდენზე შემოხვევის და ცოცვის უნარი მცენარეებს გამოუმუშავდათ როგორც შეგუება სინათლისათვის ბრძოლაში.

ლიანები გავრცელებულია უმთავრესად ტროპიკულ სარტყელში (200-ზე მეტი სახეობა), ზომიერ სარტყელში შედარებით ცოტაა (200-მდე სახეობა). საქართველოში ლიანები (ეკალღიჭი, სურო, კატაბარდა, მაყვალი და სხვა) ბევრია კოლხეთის ტყეებში, სადაც ხშირად გაუვალ ბარდებს ქმნის.

კულტურული მცენარეებიდან ლიანებს განეკუთვნება ვაზი, ლობიო, ბარდა, სვია, ვანილი და სხვა. ტროპიკულ ქვეყნებში ლიანებისაგან წნავენ კალათებს, ავეჯს. ფართოდ იყენებენ მწვანე მშენებლობაში (მაგ. ამერიკული უსურვაზი, სურო, ცის ვაზი, პუერარია). ზოგიერთს (მაგ., სატაცურის რამდენიმე სახეობას) ბინებშიც აშენებენ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება