სპოროფიტი
სპოროფიტი (სპორა და ბერძნ. phyton — მცენარე) — უსქესო დიპლოიდური (შეიცავს ქრომოსომათა ორმაგ რაოდენობას) თაობა მცენარეებისა, რომელთა განვითარების ციკლიც ხასიათდება თაობათა მორიგეობით. სპოროფიტზე წარმოიქმნება სპორანგიუმი, რომელშიც მეიოზის შედეგად ყალიბდება სპორები. სპოროფიტს ენაცვლება სპორიდან წარმოქმნილი ჰაპლოიდური გამეტოფიტი — სქესიანი თაობა, რომელზეც ვითარდება მდედრობითი და მამრობითი სასქესო ორგანოები. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი — ზიგოტა — საწყისს აძლევს სპოროფიტს. მცენარეთა სხვადასხვა ჯგუფში სპოროფიტი წარმოდგენილია სხვადასხვაგვარად. სპოროფიტი დომინირებს გამეტოფიტზე შიშველ- და ფარულთესლოვანებში, აგრეთვე გვიმრანაირებსა და ლამინარიასნაირ წყალმცენარეებში. ხავსებისა და ზოგიერთი წაბლა წყალმცენარის განვითარების ციკლში სპოროფიტს დაქვემდებარებული მდგომარეობა აქვს. მცენარეებში, რომელთაც განვითარების იზომორფული ციკლი ახასიათებთ, სპოროფიტი და გამეტოფიტი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არსებობენ და ერთნაირად არიან განვითარებული. იზოსპორიიდან ჰეტეროსპორიაზე გადასვლამ განაპირობა თესლების წარმოქმნა და მცენარეთა უფრო სრულყოფილ, თესლით გამრავლებაზე გადასვლა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ღვალაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 523.