ინგვი მალმსტინი
ყურადღება: ეს სტატია/სექცია შეიცავს ფრაგმენტებს, რომლებიც არ იცავს მიუკერძოებლობის პრინციპს. |
ინგვი იუჰან მალმსტინი (/ˈɪŋveɪ/; ნამდვილი სახელი და გვარი: ლარს იუჰან ინგვე ლანერბეკი, დ. 30 ივნისი, 1963, სტოკჰოლმი, შვედეთი) — შვედი გიტარისტი და კომპოზიტორი[2][3][4]. მის მუსიკაში გიტარაზე დაკვრის ელვისებური სისწრაფის ტექნიკა გაერთიანებულია კლასიკური მუსიკის შემოქმედების, იოჰან სებასტიან ბახის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, ნიკოლო პაგანინის მუსიკასთან[5][6]. იგი ითვლება ასევე ერთ-ერთ უსწრაფეს გიტარისტად[5][6] და პიონერად ნეო-კლასიკურ მეტალსა და შრედინგის სტილში.[6][7] მისი სადებიუტო ინსტრუმენტალური ალბომი (Rising Force), რომელიც ნეო–კლასიკური როკის უდავო შედევრად ითვლება,[8] გახდა არაერთი როკ გიტარისტის შთაგონებისა და მიბაძვის წყარო. ამასთან ერთად უნდა ითქვას, რომ ინგვი მალმსტინის შემოქმედებითი და პიროვნული ცხოვრება იყო და არის არა მარტო ხოტბა–დიდების, აღიარების, არამედ მრავალი დისკუსიის, სკანდალური კრიტიკის საგანიც: მუსიკალური კრიტიკოსები ზოგჯერ მას ბრალს სდებენ თვითგამეორებაში, ეგოიზმში, მისი მუსიკის „მექანიკურობაში“, მოსაბეზრებელ ხასიათში და გრძნობიერების ნაკლებობაში,[9][10] მაგრამ მიუხედავად ამ კრიტიკისა და სხვა სახის მთელი რიგი უიღბლო, ტრაგიკული მომენტებისა პირად ცხოვრებაში (მათ შორის, ფიზიკური ხასიათისაც), ინგვი მალმსტინმა შეძლო მათი დაძლევა სულიერი ჭიდილითა და მუხლჩაუხრელი, დაუღალავი შრომით და დღემდე რჩება თანამედროვე მუსიკალური სამყაროს მნიშვნელოვან, განუმეორებელ ფიგურად, მიბაძვის ობიექტად და „მძიმე მეტალის პაგანინიდ“.[11]
ინგვი მალმსტინი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ლარს იუჰან ინგვე ლანერბეკი |
დაბ. თარიღი | 30 ივნისი, 1963 |
დაბ. ადგილი | სტოკჰოლმი, შვედეთი |
წარმოშობა | სტოკჰოლმი, შვედეთი |
ჟანრ(ებ)ი | |
საქმიანობა | გიტარისტი, კომპოზიტორი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა |
აქტიური | 1978–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
აღსანიშნავი ინსტრუმენტები | |
| |
საიტი | yngwiemalmsteen.com |
ინგვი მალმსტინი ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
ახალგაზრდობის წლები
ბავშვობა
ლარს იუჰან ინგვე ლანერბეკი დაიბადა 1963 წლის 30 ივნისს შვედეთის ქალაქ სტოკჰოლმში.[12] სახელი „ინგვი“, მალმსტინის მტკიცებით, შვედურ ენაზე ნიშნავს „ახალგაზრდა“ ვიკინგს. მისი თანამედროვე ვერსია – Yngvi – შვედეთის უძველესი დინასტიის – ინგლინგის დამაარსებლად ითვლება.[13] მამა სამხედრო მოსამსახურე იყო კაპიტნის ჩინით, ხოლო დედა, რიგმორი კი – ლიბერალური სულისკვეთებისა და მსახიობური მონაცემების მქონე დიასახლისი. ინგვის დაბადებიდან ცოტა ხნის შემდეგ მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ და პატარა ინგვი თავისი დედის, დის – ანა ლუისას და ძმის – ბიორნის ანაბარა დარჩა. პატარაობაში ინგვი საკმაოდ ცელქი, მოუსვენარი, დედის თქმით, „ველური“, ბავშვი იყო და მუსიკისადმი არავითარ ინტერესს არ იჩენდა.[14] დედის არაერთმა მცდელობამ – საყვირზე ან პიანინოზე დაკვრა ესწავლა – შედეგი არ გამოიღო.[14] და მაინც, როდესაც ინგვი ხუთი წლისა გახდა, დედამ აკუსტიკური გიტარა აჩუქა, თუმცა ისიც საკამოდ დიდხანს უპატრონოდ ეკიდა მისი საძინებელი ოთახის კედელზე.[14]
1970 წლის 18 სექტემბერს შვიდი წლის ინგვიმ ტელევიზიით ნახა სპეციალური გადაცემა როკ გიტარის ლეგენდის – ჯიმი ჰენდრიქსის გარდაცვალების შესახებ,[15] მან პირველად ნახა, თუ რა სასწაულებს აკეთებდა ჯიმი ჰენდრიქსი გიტარაზე და როგორ დაწვა თავისი გიტარა მაყურებლის წინაშე, ამ დღეს გაღვივდა მასში ახალი, მისთვის ჯერ კიდევ აუხსნელი ინტერესის საოცარი ალი, ამ დღეს დაიბადა გიტარის ახალი ვირტუოზი – უნიკალური ინგვი მალმსტინი. Guitar Player–თვის მიცემულ ინტერვიუში ინგვი მალმსტინი ასე იხსენებს თავისი ცხოვრების ამ პერიოდს:
„ბავშვობის დროს, ფიქრობ – რა მაგარია იყო ჯარისკაცი, პოლიციელი, ან სხვა რამ, მაგრამ მე ვფიქრობდი, რომ ჯიმი ჰენდრიქსი იყო ჩემი ტიპის გმირი ბიჭი. კედლიდან ჩამოვიღე გიტარა და დავიწყე დაკვრა. მახსოვს, ვუკრავდი მანამ, სანამ თითებზე წყლულები არ გამიჩნდა და შემდეგ თითები შევიხვიე და ისევ გავაგრძელე.[15]“
|
ამ დღიდან მოყოლებული, ინგვის დაუცხრომელი ცნობისმოყვარეობისა და დაუღალავი სიბეჯითის საგანი გახდა ძველი, Mosrite–ის მარკის გიტარა, შემდეგ კი იაფადშეძენილი „ფენდერ სტრატოკასტერი“.[16] ყოველდღიურად, თითქმის 8 საათის განმავლობაში, შეუჩერებლივ უკრავდა. საკუთარ ჯანმრთელობას ზიანსაც კი აყენებდა სათანადო ძილისა და ჭამის იგნორირების გამო.[17] ერთი წლის შემდეგ, მან ყურადღება გადაიტანა Deep Purple-ის მუსიკაზე. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ალბომმა Fireball, რომელიც მისმა დამ, ანა ლუისამ – „ლულუმ“ აჩუქა. გამუდმებით უსმენდა ამ ალბომს და შესაშური სიზუსტით აითვისა ბლეკმორის სოლოები, მაგრამ სულ მალე ინგვი მიხვდა, რომ ბლეკმორის ბლუზზე დაფუძნებული პენტატონიკური სოლოები მისთვის ზედმიწევნით ადვილი იყო და რომ მას უფრო სხვა სიმაღლეების მუსიკა ესჭიროებოდა,[18] მიუხედავად იმისა, რომ ძალზედ მოსწონდა Deep Purple-ის მუსიკის ენერგია და ძალა, ამბოხური ხასიათი. ასე მივიდა ის კლასიკურ მუსიკამდე, რომლის ინტერესი გაუღვიძა ასევე მისი დის მიერ მოტანილმა ჯერ ჯგუგ ჯენესისის ალბომმა Trespass, მოგვიანებით კი მის მიერ შეთავაზებულმა ბახის, ვივალდის, ბეთჰოვენისა და მოცარტის მუსიკამ.[15][19] რაც უფრო მეტს უსმენდა, მით უფრო მეტ საათებს ატარებდა თავის პირველ გიტარებზე დაკვრასა და ექსპერიმენტებში, და ასე დღითიდღე, ნელ-ნელა იკვეთებოდა მისი უჩვეულო დაკვრის ტექნიკა.
როდესაც 10 წლისა გახდა, ინგვიმ გადაწყვიტა დედის ქალიშვილობის გვარზე – Malmsten–ზე გადასულიყო, თუმცა, უფრო „ამერიკანიზირებული“ ვერსიით შეცვალა იგი – Malmsteen-ად გადააკეთა. ამავე დროს შეიცვალა სახელიც: Yngve-დან უფრო „ინგლისურ“ Yngwie-ზე.[20] მან მთელი თავისი დაუშრეტელი ენერგია მუსიკისადმი მიმართა. საკმაოდ ხშირ შემთხვევებში სკოლას თავს არიდებდა და მხოლოდ ორი საგნით – ინგლისურითა და ხელოვნებით იყო დაინტერესებული.[14] მისმა დედამ, რომელიც უკვე ხედავდა ბავშვის განსაკუთრებული ხასიათის ინტერესსა და ნიჭს მუსიკისადმი, უფლება მისცა სახლში ყოფილიყო მის გიტარებთან ერთად, მით უფრო, რომ დღე და დღე უფრო მეტად უდავო ხდებოდა მისი ხელოვანობა.[15][21]
ამ მომენტისათვის გაჩნდა დილემა, რომელიც დიდი ხანია აწვალებდა მომავალი ვირტუოზის ფსიქიკას: ვერ ამოეცნო პასუხი კითხვაზე, თუ სად უნდა ეძებნა კავშირი კლასიკური მუსიკის სტრუქტურულ ფორმებსა და ჯიმი ჰენდრიქსის სასწაულებრივ შესრულებას შორის? პასუხი და შველა ისევ ტელევიზიიდან მოვიდა: პატარა ინგვიმ ნახა რუსი მევიოლინის, გიდეონ კრემერის სატელევიზიო კონცერტი, რომელშიც ნიკოლო პაგანინის „24 კაპრიზს“ უკრავდა.[22] ინგვი ერთ–ერთ ინტერვიუში იხსენებს:
„ჩემზე უდიდესი გავლენა მოახდინა ვიოლინომ და არა გიტარამ. ვიცი, ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეს მაშინ მოხდა, როდესაც გავიგონე ნიკოლო პაგანინი და მისი 24 კაპრიზი, ვთქვი: „ვა, რა მაგრად ჟღერს! რა მაგარი იქნებოდა, ამის მაგვარი რამე რომ გიტარაზე გამეკეთებინა–მეთქი!“[23]“
|
ეს გახდა შთაგონების ის ათვლის წერტილი, რომელიც მას სჭირდებოდა: ნიკოლო პაგანინი! ვიოლინოს ჟღერადობა და მასზე დაკვრის ფორმა! ის საბოლოოდ მიხვდა, როგორ უნდა შეერწყა თავისი ვნება კლასიკური მუსიკისადმი ელექტრო გიტარაზე სწრაფი დაკვრის მისეულ ტექნიკასთან, ენერგიასა და სასცენო წარმოჩენასთან, ყოველივე ამან კი საფუძველი დაუდო ახალი ტიპის მუსიკალურ სტილს - ნეო-კლასიკურ მეტალს, რომელმაც საბოლოოდ დაიმკვიდრა თავისი ადგილი მძიმე მეტალის ჟანრში და გავლენა მოახდინა არაერთი მუსიკოსის, გიტარისტისა და ჯგუფის გემოვნების ჩამოყალიბებასა თუ მუსიკალურ კრედოზე.
პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები მუსიკაში
თხუთმეტი წლის ინგვიმ, რომელიც თავისი ექსცენტრიკული ქცევების გამო სკოლის დირექციას ათვალწუნებული ჰყავდა, საბოლოოდ მიატოვა სკოლა.[16] ცოტა ხნით იმუშავა ერთ მუსიკალურ მაღაზიაში, სადაც გიტარების შეკეთების პატარა საამქრო იყო.[24] ამ მაღაზიაში ყოფნის დროს მან გიტარის ხის მასალის დამუშავება აითვისა. ერთხელ იგი შემთხვევით წააწყდა უძველეს, მე–17 საუკუნის სიმებიან ინსტრუმენტს – ლუთნას (ინგლ. lute), რომლის გრიფს დანაყოფები ამოტვიფრული, ჩაღრმავებული ჰქონდა, რაც უფრო პრაქტიკულს ხდიდა გრიფის დანაყოფების ხედვას და დაკვრას.[14][25] ამ იდეით შთაგონებულმა, ეს დეტალი თავის შემდგომ გიტარებს დაუმატა, რაც, თავის მხრივ, კიდევ ერთი მისეული მიგნებაა როკ-მუსიკაში.
ამ პერიოდში ინგვიმ დაიწყო თავისი ორიგინალური დაკვრის სტილის გამოყენება სხვადასხვა დამწყებ როკ ჯგუფებში, პუბლიკას უჩვენებდა თავისი ფეთქებადი ხასიათის ხანგრძლივ ინსტრუმენტულ აღმოჩენებს, რაც ABBA-ს მიჩვეული შვედი მსმენელისათვის საკმაოდ „უცნაური ხილი“ იყო. დაახლოებით 18 წლის ასაკში მან და მისმა 3 მეგობარმა შექმნეს ჯგუფი Rising Force, ჩაწერეს სამ სიმღერიანი დემო CD და გაუგზავნეს სხვადასხვა კომპანიებს მთელ მსოფლიოში, მათ შორის, შვედურ SBC–ს, მაგრამ ამ უკანასკნელმა არავითარი ინტერესი არ გამოამჟღავნა ახალბედა ჯგუფის და მალმსტინის მიმართ.[22][26] სულ მალე ინგვის ბედმა გაუღიმა: ერთ–ერთი ამ დემოთაგანი ხელში ჩაუვარდა Shrapnel Records– ის პრეზიდენტს, ამერიკელ პროდიუსერს, მუსიკალურ გამომცემელსა და ემპრესარიოს მაიკ ვარნის, რომელმაც აღმოაჩინა და გზა გაუკვალა არაერთ ისეთ ღირსშესანიშნავ ვარსკვლავს თუ ჯგუფს, როგორებიც არიან ერიკ ჯონსონი, ტონი მაკალპინი, Liquid Tension Experiment, მაიკ პორტნოი, პოლ გილბერტი, W.A.S.P. და ა.შ.
მაიკ ვარნის პროფესიონალურმა ალღომ უმალვე შეამჩნია ინგვი მალმსტინის თვითმყოფადი საშემსრულებლო ტალანტი და დაკვრის ორიგინალური ტექნიკა და ინგვი აშშ–ში მიიწვია როკ ჯგუფ სტილერში ასაყვანად.[27][28][29] ინგვიმ ეს წინადადება უმალვე აიტაცა და – როგორც ერთ–ერთ ინტერვიუში იხსენებს: „მხოლოდ გიტარისა და ორიოდ გამოსაცვლელი ჯინსის შარვლის ამარა, როგორც ვიკინგი!..“[26] – შტატებში გამეგზავრა.
ემიგრირება ამერიკაში და შესანიშნავი სოლო დებიუტი: Rising Force
ამერიკაში ჩასული ინგვი მალმსტინი, ვარნის იდეის მიხედვით, ჯგუფ სტილერს შეუერთდა. თავისი პირველი ნაბიჯებისა და ემოციების შესახებ „Pacific Northwest Writer“–ის ჟურნალისტთან, კრიშტა ებრაზინისთან საუბარში ის ამხელს:
„კარგი ჯგუფი იყო. მე იმ დროისათვის არც ისე კარგი. უფრო მეტად სასაცილოსაც გეტყვი – ჩამოვედი აშშ–ში და ამ ბიჭებმა ამიყვანეს რომლებსაც სტილერი ერქვათ. და მე ისე გასხვავებული ვიყავი მათგან! ჰიპის ვგავდი: გრძელი თმები, ულვაში. ამ ბიჭებს კი ჭერამდე გრძელი შავი თმები ჰქონდათ, და მაშინ ვიფიქრე: „არა უჭირს, ამაზე მიჩვევა შეიძლება–მეთქი!“[30]“
|
ლოს-ანჯელესში ჯგუფის პირველ კონცერტს, რომელიც გლენ ჰიუზისა და ჯგუფ Pat Thrall–ის კონცერტის წინ შედგა „შემახურებელი“ ჯგუფის ამპლუაში, 30 კაცი დაესწრო, მეორეს – ათასი.[31] ხმები მალმსტინის უჩვეულო დაკვრის ტექნიკისა და უდიდესი პროფესიონალიზმის შესახებ ელვის სისწრაფით გავრცელდა. მალე ჯგუფმა სან ფრანცისკოს გარეუბანში, Prairie Sun Studios–ში ჩაწერა პირველი ალბომი.[32] სადებიუტო დისკის შესავალ კომპოზიციაში Hot On Your Heels ინგვი მალმსტინის სოლო პარტია მისი ახალბედა, მაგრამ უკვე გამოკვეთილი, ნოვატორული „შრედინგის“ სტილის მაუწყებელი იყო და ჯგუფის სტილის ძირითადი ხასიათისაგან განსხვავებულ შთაბეჭდილებას ტოვებდა.[33] ალბომის პოპულარობა ძალას იკრებდა, მალმსტინის დიდება კი მით უფრო მეტ ჰორიზონტებს იპყრობდა. მას ერთობლივი მუშაობის წინდადებებით მიმართეს ისეთმა როკ-ჯგუფებმა, როგორიც არიან კისი, U.F.O. და ოზი ოსბორნი, მაგრამ ინგვი მალმსტინი სხვა ჯგუფში – ალკატრაზში გადავიდა, რომელიც როკ მუსიკის უკვე საქვეყნოდ ცნობილი ვარსკვლავის, გრეჰემ ბონეტის (ყოფ. რეინბოუ, MSG) მიერ იყო ჩამოყალიბებული.
ალკატრაზთან ერთად მალმსტინმა ჩაწერა ალბომი No parole from Rock´N Roll, სადაც კომპოზიციების უმრავლესობა მალმსტინის მიერ იყო დაწერილი.[32] მალმსტინმა შექმნა საკუთარი კომპოზიციები, დაუვიწყარი სოლოები (კომპოზიციებში „Kree Nakoorie“, „Jet To Jet“ და „Hiroshima, Mon Amour“), ჯგუფმა მალე მოიპოვა პოპულარობა, რომლის მიზეზი და ცენტრალური ფიგურა ინგვი მალმსტინი იყო: კონცერტების დაწყების წინ მაყურებელი მის მოლოდინში იყო და გაიძახოდა: „ინგვი, ინგვი!“[34] მაგრამ ინგვი თავს მაინც შეზღუდულად გრძნობდა, რადგან ის მიხვდა, რომ მისი მუსიკალური მოთხოვნები და დონე ჯგუფის მიზნებსა და შესაძლებლობებს სცილდებოდა, რის გამოც ერთადერთი გზა სრული შემოქმედებითი თავისუფლებისკენ სოლო კარიერის დასაწყისი იყო.[35] ინგვიმ ამ მოსაზრებებით და პოზიციებით დატოვა ალკატრაზი და იგი შეცვალა სტივ ვაიმ, მაგრამ ალკატრაზი სულ მალე „დაიძირა“, რადგან, როგორც ვაიმ მოგვიანებით აღიარა, ვერ შეძლო მალმსტინისათვის კონკურენციის გაწევა, ხალხი კი მის სანახავად მოდიოდა.[34]
ამ არჩევნის სისწორე სულ მალე გამართლდა: 1984 წელს გამოვიდა ინგვი მალმსტინის პირველი სოლო ალბომი, სახელწოდებით Rising Force, რომელმაც შეარყია გიტარის სამყარო და მისი სტანდარტები ახალი ტიპის საშემსრულებლო და მუსიკალური ხედვით და მალმსტინისეული დაკვრის ორიგინალურ სტილს გაუჩინა არაერთი მიმბაძველი, რომლებიც შემდგომში მსოფლიო აღიარების მქონე გიტარისტები გახდნენ: ტონი მაკალპინი, ჯოი ტაფოლა, ვინი მური, გრეგ ჰოუ.[36][37]
ამ ალბომის მუსიკა მიედინება არაერთი ემოციისა და ატმოსფეროს გავლით. დამწყები კომპოზიცია Black Star, თითქოსდა, გვეპატიჟება საიდუმლო ტრანსის სამყაროში, რომელიც მოულოდნელად იცვლება Far Beyond the Sun–ის სწრაფი, ახალი ხასიათის, გიტარისა და კლავიშებიანი ინსტრუმენტის მონაცვლე შესანიშნავი პარტიებით. აღსანიშნავია, რომ ეს ორი კომპოზიცია მალმსტინის სათაყვანებელი, ფავორიტი კომპოზიციებია, რომლებსაც, მისი თქმით, შესაძლოა დაუკრავს ყველა კონცერტზე, სანამ არ მოკვდება.[32] კომპოზიცია Now Your Ships Are Burned გამოირჩევა აგრესიული გიტარის სოლოებით. განსაკუთრებული ორიგინალურობით გამოირჩევა კომპოზიცია Evil Eye, რომელშიც შერწყმულია აკუსტიკური და ელექტრო გიტარები, თავისი მელოდიებით მეხსიერებაში რჩება და კიდევ და კიდევ ერთხელ გამეორებას ითხოვს.[38]
ამ არაჩვეულებრივმა ალბომმა, თავისი დასრულებული ხასიათის კომპოზიციებით, დამახსოვრებადი თემებით და სტილობრივი ნოვატორობით უმალვე მოიპოვა ღირსეული აღიარება: ბილბორდ 200–ში მესამოცე ადგილზე გავიდა[21] და გრემის საუკეთესო ინსტრუმენტური ინტერპრეტაციის ნომინაცია მოიპოვა.[39] სულ მალე ალბომი Rising Force აღიარებული იქნა წლის საუკეთესო ალბომად, მალმსტინი ერთ-ერთ საუკეთესო როკ გიტარისტის რანგში გავიდა და მას სამუდამო დიდება და სახელი მოუხვეჭა. ეს ალბომი დღემდე ითვლება ნეო–კლასიკური როკის ბიბლიად.[14]
მძიმე გზა ახალი სიმაღლეებისაკენ
მომდევნო წლებში ინგვი მალმსტინის დიდება და პოპულარობა კიდევ ერთხელ გაზარდა მისმა შემდგომმა ალბომებმა Marching Out (1985 წ.) და Trilogy (1986 წ.). ამ ბოლო ალბომმა საბოლოოდ აიყვანა მალმსტინი როკ–გიტარისტების ოლიმპოზე.[40] მასში ნათლად ჩანს მალსტინის უფრო მეტად დაბრძენება ორივე კუთხით – როგორც გიტარისტის და როგორც ლირიკოსის. ეს პროგრესი განსაკუთრებით შეინიშნება კომპოზიციებში Queen In Love, Fury, You Don't Remember, I'll Never Forget – ერთადერთი კომპოზიცია, რომელიც მალმსტინმა გიტარის ნაცვლად კლავიშებიან საკრავებზე დაწერა,[32] Liar, განსაკუთრებით კი ინსტრუმენტური კომპოზიცია Trilogy Suite Op. 5. ეს კომპოზიცია არის მისი, როგორც გიტარისტის, ერთ–ერთი ღირსშესანიშნავი ნამუშევარი ინსტრუმენტური მარათონით, დაკვრის ტექნიკით, სისწრაფით, კლასიკური მუსიკის გავლენით, შემოქმედებითი ხედვის სიღრმით.[41][42][43] ამ ალბომში ვოკალის პარტიები შეასრულა ახალმა მომღერალმა, მარკ ბოლსმა, რომელმაც სახელი გაითქვა სწორედ მალმსტინის ამ ალბომში მონაწილეობის შემდეგ და შემდგომში ისეთ ჯგუფში მოხვდა, როგორიცაა როიალ ჰანტი. ამ ალბომმა მოახერხა რკინის ფარდის მიღმა მყოფ ქვეყნებში შეღწევაც: მისი ოფიციალური ტირაჟირება მოახდინა საბჭოურმა ფირმა მელოდიამ, რაც იმ დროისათვის საკმაოდ უპრეცედენტო შემთხვევა იყო.[44]
ინგვი მალმსტინის არაჩვეულებრივ დებიუტსა და შემდგომ კარიერას თითქმის წერტილი დაუსვა ტრაგიკულმა მოვლენებმა მის პირად ცხოვრებაში. 1987 წლის 22 ივნისს გადამეტებული სიჩქარის გამო იგი თავისი იაგუარით – Jaguar XKE ხეს შეეჯახა და თავით საჭე გადატეხა, რის გამოც ერთი კვირის განმავლობაში კომაში იყო.[16] კომიდან გამოსვლის შემდეგ, მარჯვენა ხელი პარალიზებული ჰქონდა ტვინის ტრავმის გამო. მალმსტინი ბედს არ შეეგუა და ხელის დაზიანებული ნერვების ინტენსიური აღგდენითი თერაპია დაიწყო.[14] მალე ახალი, სხვა ტიპის ტკივილის გადატანა არგუნა ბედმა: ამ წელს, შვედეთში კიბოთი გარდაიცვალა მისი დედა – რიგმორი, მალმსტინის უსაყვარლესი ადამიანი და შთაგონების წყარო მის წარმატებულ მუსიკალურ კარიერაში.[14] ამას დაემატა ახალი, სხვა ტიპის პრობლემაც: მისმა მენეჯერმა მთელი მისი შრომით ნაშოვნი ფული გაუფლანგა და სამედიცინო მომსახურების ფაქტურების მთელი გროვა დაუტოვა გადასახდელად,[45] მაგრამ მალმსტინმა მისთვის ჩვეული სულიერი სიმტკიცითა და მიზანდასახულობით შეძლო ამ ბედშავი დღეების გადატანა საყვარელი საქმის – მუსიკის, მოპოვებული წარმატებების გასაგრძელებლად.[14]
1988 წელს ინგვი მალმსტინი სცენას დაუბრუნდა ახალი ალბომით Odyssey. ამჟამად ალბომის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო ჯო ლინ ტერნერმა,[46] ბლეკმორის რეინბოუს ყოფილმა მომღერალმა. კომპოზიცია Heaven Tonight ჰიტი გახდა.
საინტერესო და საგულისხმოა თვით მალმსტინის დამოკიდებულება ამ ალბომისადმი. ფინელ ჟურნალისტებთან – მარკო სერჟსა და ლუქსი ლათინენთან საუბარში მან თქვა:
„ეს ალბომი გაკეთდა მაშინ, როდესაც ჩემს ცხოვრებაში მქონდა პერიოდი, როცა დაცემული ვიყავი. ეს ჩემი ცხოვრების საშინელი დრო იყო, ჩემი ცხოვრების დაბალი წერტილი. ყველაფერს ცუდი ელფერი ჰქონდა – ყველაფერი ნეგატიური მეჩვენებოდა. ამიტომაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ალბომში არის ზოგიერთი კარგი სიმღერა და ამერიკაში კარგად იყიდებოდა, მაინც და მაინც არ მომწონს ეს ალბომი.[47]“
|
ალბომის შექმნის შემდეგ მალმსტინმა დააკომპლექტა ჯგუფი სახელწოდებით Rising Force და რუსეთში გაემგზავრა, კერძოდ მოსკოვსა და სანქტ–პეტერბურგში (მაშინდელ ლენინგრადში). ჯგუფმა ჩაატარა კომერციული თვალსაზრისით უპრეცედენტო წარმოდგენები, რომელიც ჩაწერილი იქნა ვიდეოზე და გამოვიდა სახელწოდებით Live in Leningrad/Trial By Fire, რომელსაც არნახული კომერციული წარმატება ხვდა წილად (მხოლოდ რუსეთში მის გაყიდვის ციფრმა 27 მილიონს მიაღწია),[48] საკონცერტო ალბომის სახით კი - როგორც Trial By Fire. აშშ–ში დაბრუნებიდან ცოტა ხნის შემდეგ ჯგუფმა დაშლა გადწყვიტა და ინგვი მალმსტინმა საბოლოოდ უარყო სახელი Rising Force თავისი გამოსვლებისათვის.[49]
არსებობს აზრი, რომ მალმსტინმა ჯო ლინ ტერნერი ჯგუფიდან დაითხოვა მისი ეგოცენტრული ამბიციების გამო, რადგან ვერ აიტანა სცენაზე ტერნერის სახით კონკურენტული ფიგურის არსებობა, რის გამოც მათ შორის წარმოიშვა პიროვნული კონფლიქტი და ტერნერი Deep Purple-ში გადავიდა.[50]
მაიამიში გადასვლა და ახალი ეტაპი
რუსული ტურნედან შტატებში დაბრუნების შემდეგ, 1989 წელს მალმსტინი მაიამიში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც, მისი თქმით, თავს უკეთესად გრძნობდა.[51][52] მისი ახალი ნამუშევარი გახდა ალბომი Eclipse (1990 წ.), რომელიც მხოლოდ უცნობი, მაგრამ დიდი პროფესიონალური დონის შვედი მუსიკოსების მონაწილეობით იქნა ჩაწერილი. ამ ალბომს დიდი მოწონებით შეხვდა ევროპელი და იაპონელი მსმენელი, სადაც გაყიდვების სტატისიტიკით მას ოქროსა და პლატინის სტატუსი მიენიჭა, მაგრამ თვით აშშ–ში ცუდი პრომოუშენის გამო ამერიკამ შედარებით გულგრილად მიიღო იგი.[14] ამ შედეგით უკმაყოფილო ინგვი მალმსტინმა 1991 წლის მარტში ლეიბლი Polygram Records მიატოვა. მან იაყვანა ახალი მენეჯერი, ნაიჯელ თომასი და 1991 წლის მარტში Elektra Records–ში გადავიდა.[14] ორი თვის შემდეგ, ის დაქორწინდა ცნობილ შვედ პოპ მომღერალ ქალზე, ერიკა ნორბერგზე, მაგრამ მათმა ცოლ–ქმრულმა კავშირმა მხოლოდ რამდენიმე თვეს გასტანა.[53]
მალე მალმსტინმა ახალ ხმის ჩამწერ სტუდიაში ჩაწერა ალბომი Fire & Ice (1992 წ.). ალბომმა უდიდესი წარმატება მოიპოვა იაპონიაში, სადაც ჩარტებში სახელწოდებით Ichiban (იაპონ. 一番 საუკეთესო, პირველი ნომერი?) პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მისი გამოსვლის პირველსავე დღეს 100 000 დისკი გაიყიდა, ევროპასა და აზიაში კი ოქროსა და პლატინის დისკის ნომინაციაში გავიდა გაყიდვების მიხედვით. ამ ალბომის კომპოზიციები არაკომერციულ ხასიათს ატარებენ, მასში წინა პლანზე წამოწეულია ბაროკოს ელემენტები და მალმსტინმა პირველად თავის მუსიკალურ კარიერაში განახორციელა თავისი დიდი ხნის ჩანაფიქრი: მთელ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაწერა იოჰან სებასტიან ბახის Badinerie–ის (საორკესტრო სუიტა No. 2–დან) საკუთარი არანჟირება, ამავე ხასიათის No Mercy, და Cry No More.[14] აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ ბოლო კომპოზიციის ჩაწერისას ფლეიტის პარტია შეასრულა მალმსტინის დამ, ანა ლუისამ.[49] განსაკუთრებით აღსანიშნავია კომპოზიცია Final Curtain, თავისი ეპიკური, საორკესტრო ხასიათით, რომელიც გრანდიოზულად ამთავრებს ამ ალბომს.
ეს ალბომი განსაკუთრებით ძვირფასია თვითონ ინგვი მალმსტინისათვის. ჯო ლელეინასთვის (2008 წ.) მიცემული ინტერვიიუში ის ამბობს:
„...მაიამიში გადავედი და Eclipse გავაკეთე, ალბომი, რომელიც ნაღდად მომწონს... Eclipse ახლებური ჟღერადობის იმიტომაა, რომ ამ დროს ახალ ადგილას ვცხოვრობდი და ახალი ჯგუფი მყავდა. ისე კარგად ვგრძნობდი თავს, ლოს-ანჯელესიდან და მიწისძვრებისაგან შორს რომ ვიყავი![32]“
|
და მაინც, აშშ–ში მალმსტინის მუსიკისადმი ინტერესი კლებულობდა. ამის მიზეზი გახდა არაერთი ფაქტორი. უპირველეს ყოვლისა, ამერიკის მუსიკალური ცხოვრების ახალი ტენდენცები: ამ დროის ამერიკულ როკ-მუსიკაში პოპულარობას იხვეჭდა ახალი სტილი - გრანჟი, ჩნდებოდნენ მთელი რიგი ახალბედა, ერთმანეთის მსგავსი, უსახური მეტალ ჯგუფები.[13] ბევრი მუსიკალური კრიტიკოსის თქმით, მძიმე მეტალი მოკვდა ნირვანასა და გრანჟის შემსრულებელი ჯგუფების ხელით.[54] ისეთმა მძიმე მეტალ მონსტრებმა, როგორიც არიან Dokken, Queensryche და Metallica, ამ პერიოდში მიატოვეს მეტალი უფრო მეტი პოპულარობის მქონე ამ ახალი სტილის მუსიკოსთა სასარგერბლოდ.[55][56][57]
გარდა ამისა, ამერიკაში, ზოგიერთი მუსიკალური კრიტიკოსის შეფასებით, ალბომის აღიარებაზე უარყოფითად იმოქმედა ახალი ვოკალისტის, გორან ედმანის სუსტმა ხმამაც, რომელსაც უჭირდა მაღალი ნოტების აღება და ამით გააუფერულა მალმსტინის კომპოზიციები,[58] მიუხედავად მათი საერთო მაღალი დონისა.
ბედის ახალი ირონია
1993 წელი ინგვი მალმსტინის ცხოვრებაში ახალი, მთელი რიგი ტრაგედიების მომტანი აღმოჩნდა. იანვარში გულის შეტევით გარდაიცვალა მისი მენეჯერი 4 წლის განმავლობაში ნაიჯელ თომასი.[14] ორი თვის შემდეგ Elektra Records–მა მას კონტრაქტი შეუწყვიტა, ივლისში, ავარიაში მოხვედრილმა, მარჯვენა ხელი მოიტეხა. ამავე წლის აგვისტოში ქარიშხალმა ენდრიუმ უდიდესი ზარალი მიაყენა მის კერძო საკუთრებებს მაიამიში. სულ მალე, 27 აგვისტოს, მის სახლს ალყა შემოარტყეს SWAT–ის (ინგლ. Special Weapons and Tactics - სპეციალური შეიარაღება და ტაქტიკები) აგენტებმა და იგი დააპატიმრეს ყალბი საერთაშორისო ბრალდების გამო: მისი დანიშნულის, ემბერ დაუნ ლენდინის დედამ პოლიციაში უჩივლა მისი ქალიშვილის იარაღის ძალით მძევლად აყვანაში. მალმსტინმა შეძლო თავის გამართლება, დაამტკიცა, რომ ეს ბრალდება მხოლოდ მისი დანიშნულის დედის მიერ მოგონილი ისტორია იყო, რადგან არ სურდა, რომ მისი ქალიშვილი მას ცოლად გაჰყოლოდა.[49] ერთი თვის შემდეგ მალმსტინს ბრალდება მოუხსნეს და წლის ბოლოს მისი ცხოვრება ისევ ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდა.[45][59] მოტეხილი ხელის სრულიად გამოჯანსაღების შემდეგ მან ახალი კონტრაქტი დადო იაპონურ ხმის ჩამწერ სტუდიასთან სახელწოდებით Pony Canyon Records, დეკემბერში კი ლენდინზე დაქორწინდა.[60]
1994 წლის ოქტომბრისათვის მოტეხილი ხელის სრულიად გამოჯანსაღების შემდეგ ინგვი მალმსტინი დაუბრუნდა სტუდიურ მუშაობას და ჩაწერა ახალი ალბომი – The Seventh Sign (1994 წ.).
ამ ალბომში მალმსტინმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ჭეშმარიტი მძიმე მეტალის ძალა, მაქსიმალური დინამიურობა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელმა მსმენელმა ზურგი შეაქცია მას, ინგვი მალმსტინი კარგად მოემზადა თავის მუსიკალურ კარიერაში ახალი ნახტომისათვის: მუსიკალურ სცენაზე ფეხმოკიდებული ახალი, გრანჟის უღიმღამო სტილით, პსევდო პანკით უკმაყოფილო მალმსტინმა ამ ალბომში ჩაწერილი თავისი ძლიერი როკ ბალადებით, სწრაფი შრედინგის ბაროკოთი გაჯერებული სოლოებით კიდევ ერთხელ დაუმტკიცა მსმენელს ჭეშმარიტი თანამედროვე მუსიკის სიდიადე.[61] ალბომის წარმატება განაპირობა ორმა მნიშვნელოვანმა ცვლილებამაც: ყოფილი მომღერლის, გორან ედმანისაგან განსხვავებით, ახალი ფრონტმენი მაიკლ ვესერას ხმის დინამიკა უფრო ძლიერ ხასიათს ანიჭებდა მალმსტინის ახალ ნამუშევარს, რაც ნათლად ჩანს კომპოზიციებში Never Die, Forever One და Crash and Burn,[61] დასარტყამ ინსტრუმენტებზე ბო ვერნერის ადგილზე მოსულმა მაიკ ტერანამ კი უფრო გააძლიერა მალმსტინის მუსიკის რიტმული ბაზა და ჟღერადობა, რისი ნათელი მაგალითია კომპოზიცია Pyramid of Cheops.
ინგვი მალმსტინის ამ ალბომმა ევროპულ ჩარტებში სწრაფად დაიკავა პირველი ადგილი საერთაშორისო ჩარტებში და იაპონიაში სამმაგი პლატინა მოიპოვა.[59] CMC International Records–მა შეისყიდა ამ ალბომის ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელების უფლებები, თუმცა, ამ კომპანიის უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, ამ ალბომით მალმსტინმა ჯერ კიდევ ვერ შეძლო აშშ–ში თავისი რეიტინგის გაუმჯობესება გრანჟის მზარდი პოპულარობის გამო,[53][59] 1994 წელს მან გამოუშვა ორი EP – Power and Glory და I Can't Wait, რის შემდეგადაც მაიამიში ააშენა საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია Studio 308.[53]
ამერიკის ხელმეორედ დაპყრობა
Magnum Opus (1995)
1995 წელს ახალი საკუთარი სტუდიის პირველი პირმშო გახდა ალბომი Magnum Opus. არაერთი მუსიკალური კრიტიკოსის აზრით, ეს ალბომი ერთ–ერთ საუკეთესო ალბომად უნდა ჩაითვალოს მალმსტინის მუსიკალურ მემკვიდრეობაში.[62][63] ეს ალბომი იყო მალმსტინის ერთგვარი პასუხი იმ გამოწვევაზე, რომელიც ამერიკული მუსიკალური ცხოვრების სინამდვილემ და მსმენელმა წაუყენა მას. შედეგად მან შექმნა ორიგინალური ალბომი, რომლის კომპოზიციები Vengeance, Time Will Tell, Overture 1622, Fire in the Sky კიდევ ერთხელ ამტკიცებენ მალმსტინის გენიალურ კომპოზიტორულ ნიჭს. ეს კომპოზიციები გამოირჩევიან უფრო მეტი სიმძიმითა და გემოვნებით სხვა, ადრინდელი კომპოზიციებისაგან.[62] ინსტრუმენტული კომპოზიცია Amberdawn, რომელიც მალმსტინმა თავისი მეუღლის სახელითა და სიყვარულით შექმნა, მინორული ხასიათის მონუმენტური სიდიადის შესანიშნავი კომპოზიციაა.
ალბომის ჩაწერაში მონაწილეობდნენ მუსიკოსები: ინგვი მალმსტინი — ელექტრო და აკუსტიკური გიტარები; მატს ოლაუსონი — კლავიშებიანი საკრავები და ბეკ-ვოკალი; მაიკლ ვესერა — ვოკალი; ბარი სპარკსი — ბას გიტარა; შეინ გაალაასი — დასარტყმელი საკრავები. ამ ალბომის ცოცხალი შესრულების ტურნე პირველად განხორციელდა სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ, არგენტინასა და ბრაზილიაში, შემდეგ კი აშშ–ში, იაპონიასა და ევროპაში, რომელმაც აჩვენა, რომ მალმსტინის მელოდიური ელფერის მქონე მუსიკალური მარკა არა თუ არ მომკვდარა, არამედ ახალი ცხოვრების ფაზაში იყო შესული.[59]
Inspiration (1996)
წლების განმავლობაში ინგვი მალმსტინს მოსვენებას არ აძლევდა იდეა: ერთგვარი პატივი მიეგო როკ/მეტალის ჟანრის იმ მუსიკალური ჯგუფებისა და შემსრულებლებისათვის, რომლებმაც პირდაპირ თუ ირიბად, დიდი როლი ითამაშეს მისი მუსიკალური გემოვნებისა და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში[14] - Deep Purple-, რეინბოუ, კანზასი, სკორპიონსი, რაში და, რაღა თქმა უნდა, ჯიმი ჰენდრიქსი. ამ იდეის ხორცშესხმის საფუძველი გახდა მაიამიში მის მიერ შექმნილი ხმის ჩამწერი სტუდია Studio 308. 1996 წლის იანვარში ახალი მუსიკალური პროექტის სარეალიზაციოდ მან თავისი ძველი მეგობრები მოიწვია: ჯო ლინ ტერნერი (ვოკალი), ჯეფ სკოტ სოტო (ვოკალი), მარკ ბოლზი (ვოკალი), დევიდ როზენთალი, მარსელ ჯეიკობი, იენს იუჰანსონი (კლავიშებიანი საკრავები), ანდრეს იუჰანსონი (დასარტყამი ინტრუმენტები).[64]
უნდა ითქვას, რომ მალმსტინმა შესანიშნავად გაართვა თავი როკ მუსიკის ამ უდიდესი ლეგენდების მუსიკის საკუთარი ხედვით წარმოჩენას. მის მიერ არანჟირებული ქავერ-ვერსიები ახლებურად წარმოუდგენს მსმენელს ცნობილ კომპოზიციებს ზემოთხსენებული ჯგუფების რეპერტუარიდან. განუმეორებელი ჰენდრიქსის 2 კომპოზიციაში – Manic Depression და Spanish Castle Magic – მიუხედავა იმისა, რომ საკმაოდ ახლოს დგანან ორიგინალთან, განსაკუთრებით ვოკალის თვალსაზრისით (ჯო ლინ ტერნერი), - უდავოდ იგრძნობა მალმსტინის საკუთარი ინტერპრეტაცია.[65] Deep Purple-ის მუსიკალური მემკვიდრეობიდან მალმსტინმა აიღო კომპოზიციები Pictures of Home, Child in Time, Demon's Eye და Mistreated. მათში შესრულებული გიტარის სოლოებით ინგვი მალმსტინი უფრო შორს მიდის ორიგინალიდან და საკუთარი ხელწერის დემოსტრირებას შესანიშნავად ართმევს თავს.[65]
ალბომში მონაწილე ვოკალისტების ტრიომ – ჯო ლინ ტერნერმა, ჯეფ სკოტ სოტომ და მარკ ბოლზმა – თავის წვლილი შეიტანეს კომპოზიციების ორიგინალურობაში, განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯეფ სკოტ სოტო, რომელიც ამ სამეულში, კრიტიკოსთა შეფასებით, ყველაზე უფრო განსაკუთრებულია და გამარჯვების პალმის მფლობელია.[65]
ამ ალბომზე მუშაობამ ახალ, საკუთარ სტუდიაში, მეგობრების თანამშრომლობით მიღწეულმა შედეგმა ინგვი მალმსტინს დადებითი ფსიქოლოგიური იმპულსი მისცა და ახალი გამარჯვებებისაკენ ლტოლვისა და ბრძოლის სურვილი კიდევ უფრო გაუძლიერა.
Facing the Animal (1997)
როკ მუსიკის ლეგენდებთან თავისი პიროვნული ვალის პირნათლად მოხდის შემდეგ ინგვი მალმსტინმა მუშაობა განაგრძო ახალი, საკუთარი კომპოზიციების პროექტით, რომელსაც ეწოდა Facing the Animal. მძიმე მეტალის მრავალი მსმენელისათვის ეს ალბომი ახალი სუფთა ჰაერის მობერვის ტოლფასი იყო, რადგან 90–იანი წლების დასასრულს მძიმე მუსიკა განიცდიდა კრიტიკულ პერიოდს მოზღვავებული ჯგუფების გამო, რომლებიც ნოვატორული იდეებისაგან ძალიან შორს იყვნენ.[66]
ალბომის Facing the Animal ჩაწერისთვის მალმსტინმა მოიწვია როკ მუსიკის ერთ–ერთი უდიდესი ვარსკვლავი და ცოცხალი ისტორია, დრამერი კოზი პაველი†, შვედი მომღერალი მატს ლევენი, კლავიშებზე ასევე შვედი მატს ოლაუსონი, ბას გიტარაზე კი ბარი დანევეი. ამ ალბომში ინგვი მალმსტინმა თავის დაკვრის სტილსა და კომპოზიციების სტრუქტურულ ასპექტში გარკვეული სიახლეები შეიტანა: მელოდიები უფრო დაიხვეწა, რაც კარგად ჩანს კომპოზიციებში Like an Angel, Sacrifice და Alone in Paradise,[66] მისი დაკვრის შრედინგის მანერა უფრო ზომიერი, მინიმალისტური გახდა, რისი დასტურია კომპოზიციები My Resurrection და Heathens from the North, განსაკუთრებით კი ინსტრუმენტური პიესა Air on a Theme.[66][67]
საკუთარი თავის გამოწვევა — Concerto Suite for Electric Guitar and Orchestra in E flat minor Opus1 (1998)
მძიმე მეტალის ჟანრში ჩაწერილი არაერთი ალბომის შემდეგ გიტარის ვირტუოზად აღიარებულმა ინგვი მალმსტინმა ახალი გამოწვევა გაუკეთა თავის თავს: დიდი ხნის წინათ ჩაფიქრებული იდეის – სრულიად კლასიკური ალბომის ჩაწერა ყოველგვარი ვოკალის, ბას გიტარისა და დასარტყმელი საკრავების გარეშე. ეს იყო მისი, როგორც არა მარტო ვირტუოზ გიტარისტის, არამედ როგორც კომპოზიტორის დიდი გამოცდა.
ამ დრომდე როკ მუსიკის სამყაროში არსებობდა არაერთი პრეცედენტი მსგავსი საკონცერტო შესრულებისა. ამ ხერხს მიმართეს მსოფლიოში აღიარებულმა ისეთმა როკ ჯგუფებმა, როგორიც არიან Deep Purple, რეიჯი, კისი, მოგვიანებით კი მეტალიკა, Dream Theater, მაგრამ ინგვი მალმსტინის ჩანაფიქრი სრულიად განსხვავებული გასაღების მორგებით იხსნებოდა: ეს უნდა ყოფილიყო ელექტრო გიტარისტის სიმფონიურ ორკესტრთან შერწყმა, გაერთიანება როკ მუსიკის ყოველგვარი ბაზის - დრამების, ვოკალის, როკისათვის დამახასიათებელი აკორდული განვითარების გარეშე.[18] ამ იდეას ატარებდა იგი თითქმის 10 წლის განმავლობაში, დღენიადაგ ხვეწავდა მას თავის გონებაში.[68]
1997 წლის ივნისში, მალმსტინი ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში გადაფრინდა თავისი დიდი ხნის ოცნების ასასრულებლად – ჩეხეთის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად გრანდიოზული პროექტის – ახალი ალბომის Concerto Suite for Electric Guitar and Orchestra in E flat minor Opus1 ჩასაწერად, რაც დასაწყისში გარკვეულ სირთულეებსაც კი წააწყდა, მაგრამ 3 დღიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ მიზანი მიღწეული იქნა[69] ატლანტას სიმფონიური ორკესტრის დირიჟორ ჯოელ ლევაის მონაწილეობით.[70]
ადრე ჩაწერილი ალბომებისაგან განსხვავებით, ამ ალბომის კომპოზიციებში მელოდიები უფრო ბრწყინვალე ხასიათისა და დასრულებული ფორმისა არიან. ამის უდავო მაგალითია იოჰან სებასტიან ბახისადმი მიძღვნილი კომპოზიცია Fugue, რომელშიც ელექტრო გიტარა და სიმფონიური ორკესტრი ხან ერწყმებიან, ხან კი ერთმანეთს ენაცვლებიან მელოდიის დაკვრაში.[71]
აი, რას წერს როჩესტერის უნივერსიტეტის მუსიკალური დეპარტამენტის თავმჯდომარე და მუსიკალური თეორიის მასწავლებელი, დოქტორი ჯონ კოვაჩი ინგვი მალმსტინთან მისი ინტერვიუს შესავალში, რომელიც ძირითადად მალმსტინის ამ ალბომის თემატიკას ეხება, მაგრამ მასში წარმოდგენილია მალმსტინის, როგორც გიტარისტ–ვირტუოზისა და შემოქმედის პროფესიონალური ანალიზიც:
„Concerto Suite კლასიკური მუსიკის მონური მიბაძვის მცდელობა როდია. ფაქტობრივად, ეს სწორედ ის გზაა, რომელიც როკის კლასიკურ მუსიკასთან შერწყმას დამაჯერებელს ხდის...მალმსტინის პატივისცემა მუსიკალური ტრადიციისადმი თვალსაჩინოა მის ხიბლში კლასიკური მუსიკისადმი მთელი მისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, და Concerto Suite წარმოადგენს ამ ტენდენციის უახლეს მანიფესტაციას.[18]“
|
2000–იანი წლები
War to And All Wars (2000 წ.)
პრაღის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაწერილი თავისი კლასიკური ალბომის და 1998 - 2000 წლებში გამოშვებული რამდენიმე საკონცერტო ალბომის (აუდიო/ვიდეო ვერსია) შემდეგ ინგვი მალმსტინმა ჩაწერა ახალი ალბომი სახელწოდებით War to And All Wars. ამ ალბომის სახელწოდების იდეა მის მიერ აღებული იქნა პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ გავრცელებული საყოველთაოდ ცნობილი მოწოდებისაგან.[72] მიუხედავად იმისა, რომ ალბომს გააჩნია საკმაოდ დიდი და თვალშისაცემი მინუსი – მიქშირების ცუდი ხარისხი (რიტმ სექციის (ბასის, დასარტყმელი საკრავები) და რიტმ გიტარის თხელი, სუსტი ჟღერადობა, მთავარი ვოკალის (მარკ ბოულსი) ხმის ალბომის ზოგიერთ მომენტებში თითქმის გაურჩევლობა), მუსიკალური თვალსაზრისით იგი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია მალმსტინის შემოქმედებაში.[73][74]
ამ ტექნიკურმა წუნმა მაინც ვერ დაჩრდილა ალბომის ძირითადი მასალა – შესანიშნავი სიმღერები, სოლოები, ინსტრუმენტული კომპოზიციები (განსაკუთრებით Arpeggiosa, Preludium). ამ ალბომის გამორჩეულ კომპოზიციად შეიძლება ჩაითვალოს კომპოზიცია Miracle of Life, რომელიც გიტარის გენიოსმა მალმსტინმა თავის ერთდაერთ ვაჟიშვილს - ანტონიოს მიუძღვნა, რომლის ლირიკული და მელოდიური მხარე, აკუსტიკური გიტარის სოლო ქმნიან ერთ დიდებულ მიმზიდველ მთლიანობას.[73]
მალმსტინის, როგორ კომპოზიტორის, წარმოსახვის უკიდეგანობის დატურია მისი შესანიშნავი მუსიკალური მოგზაურობა აღმოსავლურ სამყაროში კომპოზიცია Crucify–ის სახით, სადაც მალმსტინი იყენებს როკისათვის ნაკლებად ტრადიციულ ინსტრუმენტებს – სიტარს, გონგს, ასევე, რეგის სტილის მისეულ ინტერპრეტაცია კომპოზიციაში Black Sheep of the Family.
უძრაობის 2 წელი (2002 – 2004 წლები)
2000 წლიდან 2002 წლამდე მალმსტინის მუსიკალური მოღვაწეობა ნაკლები შემოქმედებით დინამიურობით ხასიათდება. ამ პერიოდში მან გამოუშვა საარქივო მასალებზე აგებული ალბომი, აგრეთვე, ანთოლოგიური ალბომი კრებულის სახით, რომელიც მოიცავს 1984–1999 წლების მასალას, მუსიკალური ვიდეო, 2002 წელს კი შეეცადა პრაღის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაწერილი Concerto Suite-ის წარმატების გამეორებას ამჟამად იაპონიის ფილარმონიის ორკესტრთან. ამ ახალი პროექტის DVD ალბომს ეწოდა Concerto Suite Live with Japan Philharmonic, რაც, სამწუხაროდ, ნაკლები დამაჯერებლობით მოახერხა, რადგან ამ საკონცერტო, ცოცხალი შესრულების დროს (2002 წლის 29 იანვარი) მალმსტინის დაკვრაში შეიმჩნევა გარკვეული დაუდევრობები, რაც უფრო თვალშისაცემია ვიზუალურად აღქმისას, ვიდრე მისი აუდიო მოსმენით.[75]
2002 წელს გამოვიდა მალმსტინის ახალი ალბომი, სახელწოდებით Attak!!. ალბომის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო ვოკალისტმა დაუგი უაითმა (ექს–რეინბოუ), რომლის ხმის ტემბრის თავისებურება ხშირად ასოცირდება 70–იანი წლების მძიმე როკის ვოკალთან.[76]. ზოგიერთი შეფასებით, ალბომი უფრო ეგოცენტრულია, მალმსტინის შოუა, საერთო ჯამში კი მოსაწყენია და უგემურია მაკდონალდსის “თევზის ფილეს” (ინგლ. ფაილიt-o-Fish) მსგავსად, რომელიც ტექნიკური თვალსაზრისით საკვებია, მაგრამ იმდენი რამის ერთმანეთში არევის შედეგად მიღებული პროდუქტია, რომ საბოლოო ჯამში თევზის გემო აღარსად ჩანს.[77] მიუხედავად ამ ტიპის შეფასებების არსებობისა, ალბომში არის კომპოზიციები, რომლებიც მუსიკალური და საშემსრულებლო დონით კიდევ ერთხელ ამტკიცებენ მალმსტინის ერთგულებას საკუთარი ხელწერისა, კლასიკური ელემენტებისადმი: ინსტრუმენტური Air (ბახის თემაზე აგებული), Baroque & Roll და Majestic Blue, აგრეთვე, მელოდიურობით გამორჩეული კომპოზიციები Stronghold და Touch the Sky, რომლებშიც აშკარად იკვეთება დერეკ შერინიანის უაღრესად დახვეწილი მუსიკალური გემოვნება და საშემსრულებლო ტექნიკა.[76]
ამ ბოლო ალბომიდან მოყოლებული, ინგვი მალმსტინის მუსიკალურ ცხოვრებაში იწყება 2 წლიანი, ძირითადში ბურუსით მოცული პაუზის წლები. ზოგიერთი ვერსიით, მალმსტინმა ტაიმ აუტი აიღო დასასვენებლად და ძალების მოსაკრებად. ამ პერიოდში მალმსტინი, როგორც ამას თავად აღიარებს არაერთ ინტერვიუში, ძალზედ მიეძალა ლუდს, თამბაქოს წევას (დღეში 4 კოლოფს ეწეოდა) [78][79][80] ამ ბუნდოვანი და მძიმე, პასიური 2 წლიანი პერიოდის შესახებ (2002 – 2004 წლები) მისი ბიოგრაფები დუმილს არჩევენ, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ინგვი მალმსტინმა არაერთხელ – შემდგომ წლებშიც ყველას დაუმტკიცა, რომ ის არა მარტო ძლიერი გიტარისტია, არამედ როგორც პიროვნება თავისი სულიერი პოტენციალით და შემართებით.
G3 2003: გიტარის 3 გიგანტი სცენაზე
2003 წლის 20 ოქტომბერს ამერიკის შტატ კოლორადოს ქალაქ დენვერში გაიმართა მუსიკალური პროქტის, სახელწოდებით G3, გრანდიოზული შოუ–კონცერტი, გიტარის სამი გიგანტის – ჯო სატრიანის, სტივ ვაისა და ინგვი მალმსტინის მონაწილეობით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ პროექტის იდეა ეკუთვნის ჯო სატრიანს, მაგრამ მას ამ იდეის ბოლომდე ხორცშესხმაში სტიმული მისცა სტივ ვაიმ, რომელიც მისი ყოფილ მოსწავლედ და მეგობრად ითვლება. სტივ ვაი მას მხარში ამოუდგა მისთვის მეტად რთულ ფსიქოლოგიურ მომენტში, როდესაც სატრიანი სულიერ დეპრესიაში იყო.[81] ასე, რომ ამ პროექტის იდეის უკან დიდი კეთილშობილური მიზანიც არსებობს: გიტარისტების სოლიდარობა.
ეს კონცერტი გამოვიდა DVD–ს სახით. იგი არ განისაზღვრება, როგორც ერთგვარი დუელი გიტარის მსოფლიო ვარსკვლავებისა, არამედ ჯო სატრიანის საწყისი ჩანაფიქრით, მათი ერთ სცენაზე მეგობრული გაერთიანება და მსმენელისათვის დაუვიწყარი მუსიკალური ზეიმის, საკუთარი სტილის უნიკალურობის ჩვენებაა.[82] ეს დაამტკიცა დენვერის კონცერტმაც, სადაც სამმა განსხვავებულმა საშემსრულებლო ხელწერისა და მსოფლიო ავტორიტეტის მქონე გიტარისტმა კიდევ ერთხელ ასიამოვნა მაყურებელს თავისი უზადო და ბრწყინვალე ტექნიკით. მაყურებელმა იხილა ნატურალური, თავმდაბალი და არაერთი სტილის დომინანტი ჯო სატრიანი, არისტოკრატული ხიბლის მქონე ვირტუოზი სტივ ვაი და ამბოხური, უკომპლექსო, ექსცენტრიკული, თითქმის ბავშვური აღტკინების მქონე მალმსტინის ხელოვნების ფოიერვერკი.[83] მაყურებელზე განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნილ იანგის კომპოზიცია Rockin' in the Free World–ის საერთო თანამშრომლობის ფორმით დაუვიწყარმა შესრულებამ. მასში ცხადად იკვეთება ამ სამი გიტარისტის თვითმყოფადობა. ამ შოუში მალმსტინმა აჩვენა ყველაფერი ერთად: უზადო დაკვრა და უზადო შოუ, რომელშიც არც ერთი ნოტი არ იკარგება.[83] ამ კონცერტზე მან შეასრულა თავისი კომპოზიციები Evil Eye, Baroque 'n' Roll, Adagio და Far Beyond The Sun, ასევე გიტარის ლეგენდა ჯიმი ჰენდრიქსის† სიმღერა Voodoo Child ალბომიდან Electric Ladyland.
ამ შოუს წამყვანი 3 ფიგურის – როკ–გიტარის ვირტუოზების – ჯო სატრიანის, სტივ ვაისა და ინგვი მალმსტინის გარდა, სტივ ვაის სოლო პროგრამის დროს, G3–ს სცენაზე გამოჩნდა კიდევ ორი უდიდესი მუსიკოსი: ვირტუოზი გიტარისტი ტონი მაკალპინი და ვირტუოზი ბას გიტარისტი ბილი შიჰანი.
მალმსტინის დაბრუნება
Unleash the Fury (2005 წ.)
2005 წელს ინგვი მალმსტინი სცენას საბოლოოდ დაუბრუნდა. გამოვიდა მისი ახალი ალბომი სახელწოდებით Unleash The Fury. ამ ალბომის სახელწოდებას საფუძვლად უდევს ერთი საკმაოდ კურიოზული შემთხვევა: 1987 წლის იანვარში, მალმსტინი თვითმფრინავით იაპონიიდან მიფრინავდა თავისი იმდროინდელ ჯგუფის წევრებთან ერთად, კერძოდ, მასთან ერთად იყვენ: ვოკალისტი ჯო ლინ ტერნერი (ექს რეინბოუ), იენს იუჰანსონი (კლავიშები) და მისი ძმა პატრიკ იუჰანსონი (დრამები). ეს ავიარეისი ხანგრძლივი (16 საათიანი) და მოსაბერზრებელი იყო, ყველა მათგანმა კონიაკი დალია და ცოტა ხნის შემდეგ, საკმაოდ უხეში და უკონტროლო ქცევები დაიწყეს, რაშიც განსაკუთრებით აქტიურობდა იენს იუჰანსონი. ამ სიტუაციამ კულმინაციას მიაღწია მას შემდეგ, როცა მან ტუალეტში ნახულ ქალის ჰიგიენურ საფენებს Bloody Mary–ის (წითელი ფერის მიქსი სახელწოდებით სისხლიანი მერი) წაუსვა და სხვა მგზავრებს ესროლა საჭმელში. პროტესტის და შურისძიების ნიშნად ერთ–ერთმა მგზავრმა ქალბატონმა მალმსტინსა და მის გვერდით მჯდომ ტერნერს, სიტყვებით Cool off, boys! (ინგლ. დაწყნარდით, ბიჭებო!), თავზე ერთი ჭიქა ყინულიანი წყალი დააცალა. აღშფოთებულმა და გაცეცხლებულმა მალმსტინმა, რომელსაც ჯერ კიდევ წინა დღის ნასვამი არ ჰქონდა მონელებული და ამ მომენტში ჩაძინებული იყო, შურისმაძიებელ ქალბატონს შემდეგი სიტყვებით უპასუხა: You've unleashed the f*cking fury!!! - თქვენ წაუხსენით პირი ამ შ*ცემულ რისხვას! და ამ ფრაზას მანამდე წიოდა, სანამ მის დასაშოშმინებლად საქმეში ჩარეულმა უსაფრთხოების დაცვამ ამ ქალბატონს არ მოაშორა.[23][84] ეს ინციდენტი ფირზე ჩაიწერა მალმსტინის ჯგუფის ერთ–ერთმა წევრმა და თითქმის 16 წლის შემდეგ ეს აუდიო ჩანაწერი ინტერნეტში ატვირთა.[23] ეს ფრაზა - Unleash The Fury – იმდენად პოპულარული გახდა ხალხში, რომ მალმსტინმა გადაწყვიტა, მისი ახალი ალბომის სახელწოდებად გამოეყენებინა, და ეს სკანდალური ფრაზა ამგვარად გახდა მალმსტინის მუსიკალური კარიერის გაცოცხლებისა და დაბრუნების სიმბოლო.
ახალი ალბომის ჩასაწერად მალსტინმა ამჟამად მოიწვია შემდეგი მუსიკოსები: დაუგი უაითი (ექს-რეინბოუ, ვოკალი), ხოაკიმ სვოლბერგი (კლავიშებიანი საკრავები), პატრიკ იუჰანსონი (დასარტყმელი საკრავები). ბას გიტარის პარტიები თვითონ მალმსტინმა ჩაწერა.[85]
ამ თვრამეტ კომპოზიციანი ალბომის საუკეთესო კომპოზიციად ითვლება Winds Of War (Invasion), სადაც კლავიშებიანი საკრავებისა და ვოკალის პარტიები ქმნიან ბრწყინვალე კლასიკურ ატმოსფეროს, რომელსაც კიდევ უფრო ზრდის კომპოზიცია Guardian Angel.[86] უნდა აღინიშნოს, რომ ალბომში არის კომპოზიცია – Revelation (Drinking With The Devil), რომელიც მალმსტინის პერსონალურ სულიერ ასპექტს უკავშირდება და მის არც თუ ისე შორეულ წარსულში ალკოჰოლისამდი მიდრეკილებას და მის დემონებთან ბრძოლის ისტორიას მოგვითხრობს:
„მუდამ მნუსხავდი /მაგრამ მოვეგე უკვე მე გონს / რომ ეშმასთან ერთად ვსვამდი მთელ ამ დროს!/...რაზედ მაცდუნებ? წადი, გამცილდი, ბოთლის დემონო! /...შენგან არ არის გულმოწყალება!../ შენ წააგებ, მე გავიმარჯვებ! ეს არის ჩემი გამომჟღავნება.[87]“
|
ალომის ერთ-ერთი თვალსაჩინო კომპოზიციაა Magic & Mayhem, რომელიც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ინგვი მალმსტინი ელექტრო გიტარის ინსტრუმენტური კომპოზიციების უდავო, ჭეშმარიტი მეფეა.[88]
Perpetual Flame (2008 წ.)
Perpetual Flame ინგვი მალმსტინის ერთ–ერთი საუკეთესო ბოლო ნამუშევარია. ამ ალბომში მკვეთრად იგრძნობა მალმსტინის, როგორც გიტარისტ–ვირტუოზისა და კომპოზიტორის, თავისი შემოქმედებისადმი ერთგვარი ახლებური მიდგომა, ახალი ფორმულის აღმოჩენა კომპოზიციების სტრუქტურაში, მის შესრულებასა და მუსიკოსების შემადგენლობაში.[89] მისი დაკვრის ტექნიკა, სოლო პარტიები და იმპროვიზაცია უფრო გაბალანსებული, კონტროლს დაქვემდებარებული და კომპაქტურია, ყოველი კომპოზიციის მელოდიური მხარე უფრო მეტი გულდასმითაა აგებული და დოზირებული.[89]
არაერთი მუსიკალური კრიტიკოსისა და მალმსტინის მუსიკის მოყვარულთა აზრით, ამ მუსიკალური პროექტის და საერთოდ, მალმსტინის შემოქმედებითი კარიერის წინსვლად ითვლება ახალი ვოკალისტის, Judas Priest-სა და Iced Earth–ის ყოფილი მთავარი ვოკალის, ტიმ რიპერ ოუენსის მოსვლა მალსმტინის მუსიკაში: მალმსტინის ადრინდელი ვოკალისტებისაგან განსხვავებით, რომლებიც ხმის ტემბრის ხასიათისა და დიაპაზონის მიხედვით ნაკლები მრავაფეროვნებით ხასიათდებოდნენ, ტიმ ოუენსმა ახალი სიცოცხლე შემატა მის მუსიკას: მას ახასიათებს ვოკალის მდიდარი ჰარმონიული ქორუსი, აგრესიული დინამიკა და მელოდიურობა. ეს იყო სწორედ ის, რაც აქამდე აკლდა მალმსტინის მუსიკას ვოკალის ასპექტში.[89]
ამ ალბომის მუსიკალური სპექტრი ასევე გაამდიდრა კლავიშებიანი საკრავების მსოფლიოში ცნობილმა დამკვრელმა და კომპოზიტორმა დერეკ შერინიანმა,[90] რომელმაც მანამდე უდიდეს როკ–ვარსკვლავებთან და ჯგუფებთან ჰქონდა ნამუშევარი, როგორებიც არიან ელის კუპერი, კისი, Dream Theater, ასევე ცნობილია თავისი სოლო პროექტით, სახელწოდებით Planet X.
დრამების პარტიები ჩაწერა პატრიკ იუჰანსონმა, რომელმაც აქამდე მალმსტინის არაერთ პროექტში მიიღო მონაწილეობა. ამ ალბომში მალმსტინი მთავარი ვოკალის როლშიც გვევლინება კომპოზიციაში Magic City, რაც ალბომის კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზია.
ფერარის მარკის მანქანებით მალმსტინის გატაცება საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. ამის დასტურია ამ ალბომის ერთ-ერთი კომპოზიცია - Red Devil, რომელიც ფერარის სიყვარულითა და პატივისცემით შექმნა მალმსტინმა.[91]
ბოლო წლები (2008 – 2010 წ.)
Angels of Love, საკონცერტო ალბომები და კრებულები
ინგვი მალმსტინის ბოლოდროინდელი მუსიკალური მოღვაწეობა 2008 წლიდან დღემდე მოიცავს ორ ალბომს – Angels of Love, რომელიც ძირითადად აკუსტიკური ინტრუმენტური ალბომია (2009 წ.) და მასში თითქმის ყველა ინსტრუმენტის (აკუსტიკური, კლასიკური და ელექტროგიტარები, კლავიშებიანი საკრავები, ჩელო) პარტიები თვითონ მალმსტინმა ჩაწერა.[92] მეორე ალბომია High Impact, რომელშიც 1993 წლიდან 2009 წლამდე მალმსტინის საუკეთესო ინსტრუმენტური კომპოზიციებია ჩაწერილი. ამ ალბომის ერთ–ერთი კომპოზიციაა Beat It, რომელიც პოპ მუსიკის მეფედ აღიარებული მაიკლ ჯეკსონის კომპზიციის მალმსტინისეული ინტერპრეტაციაა.
2009 წელსვე ინგვი მალმსტინმა DVD–ს ფორმატში გამოუშვა ორი ალბომი – Live Animal და Live in Korea. სულ ახლახან კი, 2010 წლის 29 ივნისს, გამოვიდა მისი ამავე ფორმატის ალბომი Raw Live!.
ინგვი მალმსტინის მთელი შემოქმედება და მუსიკალური კარიერა, მისი უზადო, განუმეორებელი საშემსრულებლო სტილი და დაკვრის ორიგინალური ტექნიკა სათანადოდ შეაფასა მუსიკასთან კავშირში მყოფმა არაერთმა სოლიდურმა ინსტიტუტმა:
2007 წელს, მალმსტინის პატივსაცემად, კომპანიამ Harmonix Music Systems გამოუშვა ვიდეო თამაში Guitar Hero II სათამაშო კონსოლისთვის Xbox 360, რომელშიც შეტანილია ორმოცი კომპოზიცია და ათასი ნოტის მანევრირება მალმსტინის დაკვრის სტილის იმიტირებით.[16]
2008 წლის 13 ოქტომბერს ჰოლივუდის როკის ხეივანმა ინგვი მალმსტინის სახელი უკვდავყო თავის საპატიო გალერიაში მალმსტინის ხელის ანაბეჭდების სპეციალურ დაფაზე აღბეჭდვით[93][94] და მსოფლიოში ცნობილი იმ გიტარისტების და მუსიკალური ნოვატორების გვერდით მოთავსებით, როგორებიც არიან ერიკ კლეპტონი, კარლოს სანტანა, ჯონი კეში, ელვის პრესლი, ჯერი ლი ლუისი, ჯეიმზ ბრაუნი, ჯონ ლი ჰუკერი, ჯგუფი Earth Wind & Fire, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს და თავისი წვლილი შეიტანეს როკ-ენ-როლის, ბლუზისა და რიტმ ენდ ბლუზის ევოლუციაში.[95]
2009 წელს პრესტიჟულმა ჟურნალმა ტაიმმა ინგვი მალმსტინი ყველა დროის 10 საუკეთესო გიტარისტთა საპატიო სიაში შეიყვანა.[6]
Relentless (2010)
1980 წლიდან დაწყებული ინგვი ცდილობს ამოიცნოს და მაყურებელსა თუ მსმენელს აჩვენოს გიტარის შესაძლებლობების მაქსიმალური ზღვარი. ამის კიდევ ერთი დასტურია მალმსტინის ბოლო ალმბომი სახელწოდებით Relentless (ინგლ. დაუცხრომელი, დაუღალავი, ულმობელი), რომელიც 2010 წლის 22 ნოემბრიდან გამოვა გაყიდვაში მძიმე მეტალის ფანების, მალმსტინის მუსიკის გულშემატკივრების სასიხარულოდ. ამ ალბომშიც მთავარ ვოკალისტად კვლავ ტიმ რიპერ ოუენსი რჩება. ალბომის სახელწოდება ძალზედ სიმბოლურია მალმსტინის, როგორც პიროვნებისა და შემოქმედის ხედვის ასპექტში. აი, რას ამბობს ამის შესახებ თვითონ ინგვი მალმსტინი:
„ალბომის სახელწოდება თავისთავად ამბობს ყველაფერს. იმპულსი საკუთარი მიღწევების გადალახვისა საუკეთესოდ შეიძლება გამოიხატოს ერთი სიტყვით – დაუღალავი. კომპოზირებისა და დაკვრის მთელი ამ წლების მიუხედავად, მე ჯერ კიდევ შეპყრობილი ვარ რაღაც ძალით, რომელიც მიმმართავს იმისაკენ, რომ გადავლახო ყოველივე, რაც აქამდე მიმიღწევია. მე შევეცადე დამეჭირა ცოცხალი შესრულების ნედლი ენერგია, საკუთარ თავს ვუბიძგე ყველაზე უფრო მომთხოვნი დაკვრისა და კომპოზირების საუკეთესო დონისაკენ, რომლის მოუხელთებელი მაგიის მარტივად ჩართვა შეუძლებელია.[96][97]“
|
მუსიკოსი, რომელიც უაღრესად დიდი პატივისცემით სარგებლობს როგორც თანამებრძოლებს, ასევე მძიმე მეტალის ფანებს შორის, აგრძელებს დაკვრას და დომინირებას იმ დონისა, რომლის მიღწევაც მხოლოდ ოცნებად რჩება ზოგიერთი მუსიკოსისათვის.
პირადი ცხოვრება
ინგვი მალმსტინის პირადი ცხოვრება საინტერესო და არაერთგვაროვანი ფაქტებითაა აღსავსე. იგი რამდენიმეჯერ დაქორწინდა, პირველად შვედ პოპ მუსიკის ვარსკვლავზე, ერიკა ნორბერგზე, ისიც, მოკლე ხნით. მეორედ მან არჩევანი გააკეთა ამბერ დაუნ ლენდინზე, რომელიც 1992 წლის მაისში გაიცნო ფოენიქსში გამართული კონცერტის შემდეგ ავტოგრაფის მიცემის დროს, მაგრამ არც ეს ცოლქმრული კავშირი გაგრძელდა დიდხანს, მიუხედავად სტოკჰოლმის ერთ–ერთ სასახლეში გამართული პომპეზური ქორწილით დაწყებისა, ორმხრივი ოცნებებისა და გეგმებისა.
ამბერ დაუნ ლენდინთან გაცილების შემდეგ, 1998 წელს ინგვი მალმსტინი დაქორწინდა თურქი წარმოშობის, სტამბოლის მკვიდრ ებრუ სოლმაზზე, რომელიც ახლა ქალბატონ ეიპრილ მალმსტინად მოიხსენება. მალმსტინმა მას სიყვარულის ნიშნად მთელი ალბომი მიუძღვნა სახელწოდებით Angels Of Love, რომლის გარეკანზე გამოსახული მშვენიერი ქალბატონი სწორედ მისი მეუღლე, ეიპრილ მალმსტინია. ერთ–ერთი კომპოზიცია – Like an Angel– ამ ალბომის ჰიტია და მასი ჩაქსოვილია მალმსტინის დიდ გრძნობა თავისი ცხოვრების თანამგზავრ ეიპრილისადმი.[78] ამ სიმღერის საფუძველზე შექმნილ ვიდეო–კლიპში არის კადრები, რომელშიც ეიპრილ მალმსტინი ჩნდება და უფრო ინტიმურს ხდის ამ ვიდეოს. უნდა აღინიშნოს, რომ გარდა მეუღლეობისა, ეიპრილ მალმსტინი ინგვის აღმასრულებელი მენეჯერიცაა.[78] მან დიდი როლი ითამაშა მალმსტინის პერსონალურ და პროფესიონალურ სტაბილიზაციაში. მათ ჰყავთ ერთი შვილი, ანტონიო, რომელსაც ეს სახელი ინგვიმ კლასიკური მუსიკის გენიის ანტონიო ვივალდის პატივსაცემად შეარქვა. მალმსტინი ცხოვრობს ფლორიდის სამხრეთში, ქალაქ მაიამიში თავის ოჯახთან ერთად.
ინგვი, როგორც პიროვნება, ხასიათდება არაორდინარულობით, ხასიათის თავისებურებებით და ძვირადღირებული გემოვნებით. უპირველეს ყოვლისა, ის მაქსიმალისტია ყველგან და ყველაფერში, მისი თქმით, პურისტია – ყველაფერი მხოლოდ ნაღდის მოტრფიალე, ამის გამოა, რომ მას მხოლოდ როლექსის მარკის საათები (განსაკუთრებით, მოდელი Rolex Submariner ოქროში) და იაგუარის და ფერარის მანქანები მოსწონს. ფერარი ან არაფერი! – ეს მისი დევიზია მანქანებთან დამოკიდებულებაში.[31] მალმსტინმა ეს მარკა შეიყვარა 1989 წელს მაიამი ბიჩში ალბომ Eclipse–ის ჩაწერის დროს და იქვე შეიძინა შავი ფერის 1985 წლის მოდელი Ferrari GTS 308 Quattro Valvole, რომელიც შემდგომში eBay–ის აუქციონით გაყიდა[98] და შეიძინა წითელი ფერის 1962 250 GTO. სწორედ ამიტომ ამშვენებს ფერარის მარკის სიმბოლო მალმსტინის არაერთ გიტარას.
მისი საყვარელი ჰობია ჩოგბურთი,[51] რომელსაც, მისი თქმით, არც თუ ისე ურიგოდ თამაშობს თავისუფალ დროს, რომელიც ძალიან ცოტა აქვს. ძირითადად სახლში, საკუთარ ოჯახთან, მეუღლე ეიპრილთან და ვაჟ ანტონიოსთან, ყოფნას ამჯობინებს. მას იტაცებს ასევე წიგნების კითხვა, განსაკუთრებით კი ინგლისელი მწერლის, კინორეჟისორისა და მსახიობის, კლაივ ბარკერის შემოქმედება, უპირველესად – მისი ფაუსტის სულისკვეთების რომანი წყეული თამაში.[79] ინგვის ინტერნეტი არ უყვარს, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებთან პროფესიონალური მიზნების გამო კარგად გათვიცნობიერებული პიროვნებაა.[47] უნდა ითქვას, რომ ინტერნეტში, კერძოდ, ინგლისურ ვიკიპედიაში მის შესახებ სტატიის არსებობის შესახებ მან შემთხვევით გაიგო ერთ–ერთი ჟურნალისტისაგან ინტერვიუს მიცემის დროს.[31]
მალმსტინის პიროვნული ხასიათის კიდევ ერთი თავისებურებაა ერთგვარი ეგზიბიციონიზმი, საკუთარი თავის რაც შეიძლება ზეაწეული ჩვენება, ერთგვარი ქედმაღლობა, პოზიორობა, რასაც არც ურყოფს და ამბობს:
„დიახ, მიყვარს ამის კეთება. და ეს როკ–ენ–როლის სცენაზე დიდი ხანია არსებობს. ფიქრობთ, ჯიმი ჰენდრიქსი სცენაზე დაკვრის დროს რკალს რომ აკეთებდა, ამით რაღაც ღრმა არტისტულ მტკიცებას აჩვენებდა? თავს ნუ გაიშტერებთ, ამით ის შოუს აჩვენებდა![80]“
|
სტილი და დაკვრის ტექნიკა
ინგვი მალმსტინის მუსიკალური მიმდინარეობას ანუ სტილს წარმოადგენს მძიმე მეტალის ქვეჟანრი ნეო-კლასიკური მეტალი, რომლის პიონერად, ზოგი შეფასებებით – მამად – ითვლება თვითონ მალმსტინი.[6][7] ხშირად მის სტილს მოიხსენებენ როგორც Bach-N-Roll ან Baroque-N-Roll, რადგან მალმსტინმა პირველად მსოფლიო მუსიკის ისტორიაში ერთმანეთს შეაუღლა ორი განხვავებული საუკუნის მუსიკა – XVI საუკუნეში აღმოცენებული კლასიკური ბაროკო და XX საუკუნის ახალი ტიპის მუსიკალური ევოლუციის ნიმუში – მძიმე მეტალი.[5][6]
მისი მუსიკის საფირმო ნიშანია უკვდავი იოჰან სებასტიან ბახისა და ანტონიო ვივალდის მელოდიური და ჰარმონიული ელემენტების შერწყმა აგრესიულ–ვირტუოზული შესრულების მანერასთან XIX საუკუნის ისეთი ვირტუოზების ტრადიციების სტილში, როგორიც იყო ვიოლინოს განუმეორებელი გენია, ნიკოლო პაგანინი, რომელიც მალმსტინისათვის თავიდანვე იქცა მიბაძვის, დაკვრის და საშემსრულებლო ტექნიკური თავისთავადობისა შთაგონების წყარო.[5][6]
შრედ გიტარა, ნეო-კლასიკური მეტალი — ეს ის ტერმინებია, რომლებიც დეკადების განმავლობაში თანამედროვე მძიმე მეტალის სინამდვილეში ცალკეულ რეალობებად მოიხსენიებოდნენ, მაგრამ ორივე მათგანი უდავოდ შეიძლება ჩაითვალოს ინგვი მალმსტინის შემოქმედებისა და საშემსრულებლო ტექნიკის პირმშოდ.[2][3][4][5][6][7] მალმსტინის დაკვრის სტილი, გიტარაზე დაკვრის ტექნიკა არაერთგვარი ელემენტებითაა ცნობილი. უპირველეს ყოვლისა, ის აღიარებულია როგორც შრედინგის ერთ–ერთი პიონერი, ერთ-ერთი უსწრაფესი გიტარისტი და შესანიშნავი, უბადლო ვირტუოზი.[2][3][4][5][6][7] საკუთარ კომპოზიციებში მალმსტინი იყენებს ვიოლინოს მსგავს ვიბრატოებს, ჰარმონიულ მინორულ არპეჯოებს ( იტალ. arpeggio - როგორც არფაზე), რომელსაც უსადაგებს გიტარაზე დაკვრის ცნობილ ტექნიკას სახელწოდებით სვიპ-პიკინგი, შემცირებული ზომის არპეჯოებს, ბერძნული წარმოშობის ე.წ. ფრიგიულ გამას, პენტატონიკურ გამებს, ფართო ინტერვალებს, ლეგატოებს,[99] აგრეთვე შრედის სხვა ტექნიკურ ელემენტებს: პულ-ოფი, ჰამერ-ონი, ალტერნატიული პიკინგი და ჰიბრიდული პიკინგი.[20][100][101]
გარდა ამ ჩამოთვლილი, მალმსტინისეული სტილობრივი თვითმყოფადობის, დაკვრის ტექნიკური–საშემსრულებლო მხარეებისა, მისი შესრულების მთავარ ღერძად, მიუხედავად უდიდესი სისწრაფისა, მაინც რჩება მელოდიურობა: მინორული ჰარმონიული არპეჯოები ინგვი მალმსტინის სამარკო ნიშანია. ეს მისი სტილის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი და განმასხვავებელი ფაქტორია, რასაც ბევრი შრედინგის სტილის გიტარისტი ნაკლებად ახერხებს, რადგან ბევრი მათგანის შრედინგი კონცენტრირებულია შრედინგის ძირითად ასპექტზე – სისწრაფეზე, სოლო პარტიების მელოდიური ხაზი, ღერძი კი ნაკლებად განირჩევა.
Modern Guitar-ის ჟურნალისტის, მეთიუ მილსისათვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა:
„გზა, რომლის ძიებაშიც ვიყავი მუდამ იყო ის, რომ რაგინდ არ უნდა დამეკრა, მელოდიური ყოფილიყო. 1/64 ნოტს ვუკრავ თუ ნელა ვუკრავ, მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ჩქარა ან რამდენად სწრაფად ვუკრავ. ეს დაკრული მელოდიური უნდა იყოს..[68]“
|
სისწრაფისა და მელოდიურობის გარდა, მალმსტინის დაკვრის, საშემსრულებლო ტექნიკის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი დამახასიათებელი ნიშანია დაკვრის სისუფთავე: ყოველი ნოტის სუფთა, გარკვევით გაჟღერება, რაც მან გიტარაზე დაკვრის სწავლის პირველივე დღეებიდანვე კატეგორიულად დაუსახა თავის თავს მიზნად. სხვა გიტარისტები შეიძლება წამში მეტ ნოტს უკრავდნენ, მაგრამ ჩემი ყოველი ნოტი სუფთად ჟღერს, ამბობს იგი ერთ–ერთ ინტერვიუში.[102]
როგორც შესავალში ავღნიშნეთ, მალმსტინს ხშირად აკრიტიკებენ საკუთარი თავის გამეორების, სტილის პროგრესის უქონლობასა და ნაკლებ ევოლუციაში. მაგრამ მას გააჩნია ნათლად და მყარად ჩამოყალიბებული საკუთარი მოსაზრება ამ პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც მან Guitarworld-ის ჟურნალისტ ჯო ლალაიანასთვის 2008 წელს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:
„ნებისმიერი ხელოვანისათვის, რომელსაც საკუთარი ჟღერადობა გააჩნია, დაწყებული სტინგიდან და დამთავრებული აირონ მეიდენით თუ ZZ Top-ით, სიგიჟე იქნებოდა რომ შეცვლილიყვნენ. როდესაც საკუთარი გამოკვეთილი ჟღერადობა გაქვს, განძივით უნდა შეინახო... მეამაყება, რომ წამოვიწყე მუსიკის სტილი, რომელიც სხვებმა გადაიღეს. როგორ უნდა მომთხოვოს ვინმემ, რომ ხელმეორედ გამოვიგონო ჩემი სტილი? რას უნდა ჰგავდეს ამაზე ლაპარაკი? მე ხელოვანი ვარ, ოფიციანტი კი არა, რომელიც შეკვეთებს იღებს ხალხისაგან! ჩემი ნეო-კლასიკური სტილის შემდეგ დონეზე გადასატანად, სიმფონია დავწერე - Concerto Suite for the Electric Guitar and Orchestra, 1998. მისი შემდეგ დონეზე გადატანა როგორ უნდა გაიგოს კაცმა?![103]“
|
ინსტრუმენტი და მუსიკალური დანადგარები
გიტარები
ინგვი მალმსტინის ძირითად ინსტრუმენტად ითვლება ფენდერის მარკის ელექტრო გიტარა, კერძოდ, ფენდერ სტრატოკასტერი, რომლის კოლექცია ორას გიტარას ითვლის მალმსტინის არსენალში, დაწყებული 1950 წლების მოდელებიდან და დამთავრებული დღევანდელ მისი სახელობის ე.წ. Custom shop-ის ინსტრუმენტებით.[104][105] მისი ფავორიტი მოდელებია ფენდერის მიერ 1968 და 1972 წლებში წარმოებული გიტარები, მათ შორის განსაკუთრებით დაძველებული თეთრი ფერისა.[104][105] მალმსტინის სტრატოკასტერებს შორის ყველაზე მეტად აღიარებული მოდელია The Duck, ეს მეტსახელი მან მისი ყვითელი ფერის გამო შეარქვა ჰოლივუდში ცნობილი ანიმაციური ფილმის დონალდ დაკის მსგავსი შეფერილობის გამო. ეს გიტარა ფენდერის ფირმის გადაწყვეტილებით 100 ეგზემპლარად გამოვიდა ზუსტად იგივე სახით, როგორიც მალმსტინს გააჩნია: ნაკაწრებით, სიგარეტით დამწვარი ადგილებით და ა.შ.[31] გარდა ამისა, იგი მისი სადებიუტო ალბომის Rising Force ყდასაც ამშვენებს. მალმსტინი, შეიძლება ითქვას, ერთადერთი გიტარისტია, რომელიც მძიმე მეტალში ფენდერის მარკის გიტარას იყენებს.
უნდა აღინიშნოს, რომ მალმსტინის გიტარების გრიფები ერთი მნიშვნელოვანი თავისებურებით ხასიათდებიან: ისინი დანაყოფებს შორის უფრო მეტადაა ჩაღრმავებული, რასაც მალმსტინი გრიფის დანაყოფებს შორის არსებული სივრცის ოვალური ამოტვიფრვის (ამოქლიბვის) საშუალებით აკეთებს. ამ ხერხის შედეგად, გიტარისტის თითები დაკვრისას მხოლოდ სიმებს ეხებიან და არა გრიფის ხის კორპუსს, რაც გიტარისტისაგან უაღრესად დიდ ტექნიკურ მომზადებას, კონტროლსა და სიფრთხილეს მოითხოვს.[106] ეს მალმსტინისეული ნოვატორული მიგნება ცნობილია ინგლისური ტერმინით Scalloped frettboard და ამ მეთოდით დამუშავებული გიტარის გრიფები ფართოდ გამოიყენება შრედის სტილის უმრავლესი გიტარისტების მიერ.
გარდა ამისა, მალმსტინმა ფენდერის გიტარებზე კიდევ ერთი სიახლე დანერგა: DiMarzio–ს მარკის (გიტარის კორპუსზე მყოფი) გამაძლიერებლები მისი მითითებით, HS-3–ის ვერსიით შეიცვალა.[31]
აკუსტიკურ და ნახევრად აკუსტიკური გიტარების სახით მალმსტინი უკრავს ოვეიშენის მარკის შემდეგ მოდელებს: Ovation Viper Nylon String Electro-Acoustic (შავი ფერის) და Ovation C779 Custom Legend LX (ამ გიტარაზე დაუკრა კომპოზიცია Angels of Love–ის ჩაწერის დროს).[107]
გამაძლიერებლები
გიტარის სასცენო გამაძლიერებლად მალმსტინის მარკაა საქვეყნოდ აღიარებული მარშალი. გამაძლიერებლების კატეგორიაში მისი ფავორიტი მოდელია: 50 ვატიანი Marshall MK.II JCM900 და JCM2000 (1987 წლის წარმოებისა), რომელსაც იგი წლების განმავლობაში ერთგულად იყენებს მისი სუფთა და აგრესიული ჟღერადობის გამო. დინამიკების შემთხვევაშიც მალმსტინის არჩევანი ჩერდება ასევე მარშალის მარკაზე, კერძოდ, G12H30 ვერსიის Marshall 1982 4x12 Basket Weave (4X75 ვატიანი G30 Celestion–ის ტიპის დინამიკებით ყოველ ყუთში, სულ 8 ყუთი) სცენის უკანა ხაზისათვის.
გიტარის ხმის პროცესორები
გიტარის ხმის დასამუშავებელ ეფექტებად მისი მოდელებია: DOD 250 Overdrive/Preamp, YJM308 Overdrive/Preamp Pedal -მალმსტინის სახელობის DOD–ის მარკის ხმის დამუშავების ეფექტი, რომელიც ამ მარკამ ზუსტად იმ ხასიათის ხმით გამოუშვა, რომელიც ამავე მარკის პედალზე დაყენებული ჰქონდა მალმსტინს 1978 წელს შვედეთში.[108] IBANEZ TS-9 TubeScreamer, Jim DUNLOP Crybaby Wah, Korg DL-8000R (გიტარის ექო), TC Electronics G Force Multi FX, Korg DTR-1 (ტიუნერი), Furman Power Conditioner RP-8D, Voodoo Lab Ground Control Pro (MIDI სისტემის პედლებიანი კონტროლი), AKG SR4000 (უკაბელო ხმის გადაცემის სისტემა), Boss CS-3 Compression Sustainer (კომპრესორ–სუსტაინერი), Roland DC-10 (გიტარის ანალოგიური პედალი), Roland PK-5 (MIDI პედალი), Boss OC-2 Octave, Boss NS-2 Noise Suppressor (ხმაურის ჩამხშობი სუპრესორი), MXR Dyna Comp, Boss CH-1 Super Chorus (ქორუსის ტიპის ეფექტი), Boss PS-5 Super Shifter, Emu Vintage Keys, GCX Audio Switcher, Roland JV-1080 Synthesizer Module (ხმის დამუშავების სინთეზატორის ტიპის მოდული).[107][109]
ვოკალისთვის ბგერის მოსახსნელად (ცოცხალი კონცერტების დროს) იგი იყენებს Shure–ის მარკის SM57 მოდელის მიკროფონებს. სიმებად იყენებს Dean Markley–ის მარკის, მისი მითითებებით დამზადებულ სიმებს, ხოლო მედიატორებად 1.5 მილიმეტრიან Dunlop–ს.
ინგვი მალმსტინის აღიარებით, ყველას როდი შეუძლია მისი ინსტრუმენტური არსენალის გამოყენება, მაგრამ მას უნდა ყოველმხრივ დაეხმაროს მუდმივად მზარდ ნიჭიერ თაყვანისმცემლებს, მომავალ თაობას. ამ მიზნით მან გამოუშვა არაერთი მეთოდისტური ვიდეო, არაერთ ინტერვიუში დეტალურად აღწერა მისი პროფესიონალური ასპექტები, ხერხები, ტექნიკური საშუალებები და მათთან მუშაობის წესები. (იხ. შესაბამისი ინფორმაცია სტატიის ბოლოს).
რჩევები მომავალი გიტარისტებისათვის
Guitar Messenger–ისათვის მიცემულ ინტერვიუში ინგვი მალმსტინი ასეთ რჩევა–დარიგებას აძლევს დამწყებ გიტარისტებს:
„თუ მხოლოდ ცნობილი და მდიდარი გინდა გახდე, შეგიძლია გიტარაზე დაკვრა ისწავლო და არც თუ ისე ძლიერი იყო. მაგრამ თუ ვირტუოზი გინდა გახდე, ამ შემთხვევაში არაფერი გელოდება სისხლის, ოფლის და ცრემლების გარდა. უკარი, სანამ სისხლი არ წამოგივა!.. ეს სამწუხაროა, მაგრამ სწორედ ის არჩევანია, რომელიც უნდა გააკეთო, ის მხვერპლთშეწირვაა, რომლის გაღება ყველას როდი შეუძლია!.. უკარი, რაც უფრო მეტი შეგეძლება, უკარი სხვა ბიჭებთან ერთად და ერთი მეორისაგან ისწავლეთ. მუსიკოსი თუ ხარ, აუცილებელი არაა იყო ის, რაც უკვე სხვამ გააკეთა. ვფიქრობ, დიდი მნიშვნელობა აქვს, გყავდეს გმირები, გქონდეს მიზნები და გავლენები, მაგრამ დღის მიწურულს, როდესაც ყველაფერი უკვე ნათქვამი და გაკეთებული გაქვს, შენ შენი საკუთარი მარკა უნდა შექმნა. ეს უმძიმესი რამეა და შეიძლება, ყველაზე უფრო რთულიც, მაგრამ თუ რაიმეს მიაგნებ ახალს, ღმერთი იყოს შენი მწყალობელი![23]“
|
ახლანდელი შემადგენლობა
- ინგვი მალმსტინი — გიტარა, ვოკალი, ბას გიტარა, კლავიშები, სიტარი, ჩელო.
- ტიმ ოუენსი – მთავარი ვოკალი, გიტარა (2008 – დღემდე) (Beyond Fear (USA), Judas Priest, Iced Earth, Brainicide, Winters Bane, Charred Walls of the Damned, Seattle, Hail!)
- ბიორნ ენგლენი – ბას გიტარა (2008 – დღემდე ) (Quiet Riot, Blaksmith, Takara)
- პატრიკ იუჰანსონი – დასარტყმელი საკრავები (2001 – დღემდე) (Without Grief, Prey (შვედ.), Chainwreck, Kinlin, Takara, Jack Frost (აშშ), Stormwind (შვედ.), Deuxmonkey)
- ნიკ მერინოუ – კლავიშებიანი საკრავები (2010)
დისკოგრაფია
- სოლოალბომები - სტუდიური ჩანაწერები
წელი | ალბომის სახელწოდება | პოზიცია ჩარტებში | |
---|---|---|---|
შვედ | აშშ | ||
1984 | Rising Force
|
14 | 60 |
1985 | Marching Out
|
9 | 54 |
1986 | Trilogy
|
— | 44 |
1988 | Odyssey
|
7 | 40 |
1990 | Eclipse
|
112 | |
1992 | Fire and Ice
|
11 | 121 |
1994 | The Seventh Sign
|
11 | — |
1995 | Magnum Opus
|
17 | — |
1997 | Facing the Animal
|
39 | — |
1998 | Concerto Suite for Electric Guitar and Orchestra in E flat minor, Opus 1
|
— | — |
1999 | Alchemy
|
— | — |
2000 | War to End All Wars
|
— | — |
2002 | Attack!!
|
37 | — |
The Genesis
|
— | — | |
2005 | Unleash the Fury
|
— | — |
2008 | Perpetual Flame
|
52 | — |
2009 | Angels of Love
|
— | — |
2010 | Relentless
|
— | — |
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ Ovation YM68 Steel String Review.
- ↑ 2.0 2.1 2.2 100 უდიდესი გიტარისტი (ყველა ჟანრი). DigitalDreamDoor (13 თებერვალი, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-09. ციტირების თარიღი: 2010-10-14.
- ↑ 3.0 3.1 3.2 ტოდ კრისტიანი. ათი საუკეთესო ელექტრო-გიტარისტი. Helium.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-19. ციტირების თარიღი: 2010-10-14.
- ↑ 4.0 4.1 4.2 „ყველა დროის ასი უდიდესი მძიმე მეტალ გიტარისტი“. GUITAR WORLD. 23 იანვარი, 2004. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-02. ციტირების თარიღი: 2010-10-14. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 სტეფენ რამპური. (17 ივნისი, 2010) ყველა დროის საუკეთესო გიტარისტები. Buzzle.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-19. ციტირების თარიღი: 2010-10-14.
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 6.6 6.7 6.8 „ათი საუკეთესო ელექტრო-გიტარისტი“. Time. 14 აგვისტო, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-07. ციტირების თარიღი: 2010-10-14. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 ყველა დროის საუკეთესო გიტარისტები. GuitarPlayLearn.com (15 ივლისი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-11. ციტირების თარიღი: 2010-10-14.
- ↑ Rising Force-ის მიმოხილვა ultimate-guitar.com-ზე. Ultimate-Guitar.com (2 მარტი, 2006). ციტირების თარიღი: 2010-10-15.
- ↑ ინგვი მალმსტინი - განსაზღვრა. WordIQ.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-02-23. ციტირების თარიღი: 2010-10-15.
- ↑ სტივ ჰიუი. Odyssey-ის მომოხილვა Allmusic-ზე. Allmusic. ციტირების თარიღი: 2010-10-15.
- ↑ Relentless-ის გაფორმება და საბოლოო ტრეკების სია ცნობილი გახდა. Blabbermouth.net (14 ოქტომბერი, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-18. ციტირების თარიღი: 2010-10-15.
- ↑ ინგვი მალმსტინი, ხშირად დასმული კითხვები. Yngwie.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-30. ციტირების თარიღი: 2010-10-14.
- ↑ 13.0 13.1 ინგვი მალმსტინი - ბიოგრაფია. Artists.Letssingit.com (22 ივლისი, 2006). ციტირების თარიღი: 2010-10-18.
- ↑ 14.00 14.01 14.02 14.03 14.04 14.05 14.06 14.07 14.08 14.09 14.10 14.11 14.12 14.13 ინგვი მალმსტინის ბიოგრაფია. Rock Guitar Word. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-27. ციტირების თარიღი: 2010-10-19.
- ↑ 15.0 15.1 15.2 15.3 მილი მორიტზი. (2009) ინგვი მალმსტინის ბიოგრაფია. MusicianGuide.com. ციტირების თარიღი: 2010-10-19.
- ↑ 16.0 16.1 16.2 16.3 ინგვი მალმსტინის ბიოგრაფია. MadGuitarLicks.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-09. ციტირების თარიღი: 2010-10-18.
- ↑ ჯო ლალაინა. (ოქტომბერი, 1992) ინგვი მალმსტინი: „დაბადებული“ დასაწვავად. Guitar World. ციტირების თარიღი: 2010-11-06.
- ↑ 18.0 18.1 18.2 ჯონ კოვაჩი. (ივნისი, 1998) „ბაროკოში“ გადასვლა. Guitar World. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-13. ციტირების თარიღი: 2010-10-20.
- ↑ ინგვი მალმსტინი. ინგვი განიხილავს მის ალბომს Concerto Suite for Electric Guitar and Orchestra in Eb minor, Op. 1. YngwieMalmsteen.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-01. ციტირების თარიღი: 2010-10-20.
- ↑ 20.0 20.1 ინგვი მალმსტინის ბიოგრაფია. GuitarHolic (31 იანვარი, 2010). ციტირების თარიღი: 2010-10-15.[მკვდარი ბმული]
- ↑ 21.0 21.1 ინგვი მალმსტინის ბიოგრაფია. YngwieMalmsteen.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-22. ციტირების თარიღი: 2010-10-19.
- ↑ 22.0 22.1 ინგვი მალმსტინის ბიოგრაფია. TVCOAST.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-23. ციტირების თარიღი: 2010-10-20.
- ↑ 23.0 23.1 23.2 23.3 ივან ჩოპიკი. (24 თებერვალი, 2006) ინტერვიუ ინგვი მალმსტინთან. GuitarMessenger.com. ციტირების თარიღი: 2010-10-20.
- ↑ ჯული-ენ ამოსი. ინგვი მალმსტინი: სახელმძღვანელო - მსოფლიოს საუკეთესო გიტარისტები. Hubpages.com. ციტირების თარიღი: 2010-10-21.
- ↑ ინგვი იუჰან მალმსტინი. Classical-Composers.org (6 მარტი, 2007). ციტირების თარიღი: 2010-10-21.
- ↑ 26.0 26.1 ჰიუ ოჩოა. (24 ივნისი, 2010) ინტერვიუ ინგვი მალმსტინთან. GuitarInternational.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-29. ციტირების თარიღი: 2010-10-21.
- ↑ სტილერის ბიოგრაფია. TartareanDesire.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-19. ციტირების თარიღი: 2010-10-21.
- ↑ ჯეფ ბურხარტი. მაიკ ვარნის ბიოგრაფია. StudioExpresso.com. ციტირების თარიღი: 2010-10-21.
- ↑ ინგვი მალმსტინი. GuitarsCanada.com (2 ივნისი, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-31. ციტირების თარიღი: 2010-10-21.
- ↑ კრიშტა ებრაზინი. (29 მარტი, 2004) ექსკლუზივი! ინტერვიუ გიტარის ვირტუოზ ინგვი მალმსტინთან. Knac.com. ციტირების თარიღი: 2010-10-21.
- ↑ 31.0 31.1 31.2 31.3 31.4 ჰიუ ოჩოა. (21 აგვისტო, 2005) ინტერვიუ ინგვი მალმსტინთან. Modernguitars.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-28. ციტირების თარიღი: 2010-10-17.
- ↑ 32.0 32.1 32.2 32.3 32.4 ჯო ლალაინა. (ივლისი, 2008) ინგვი მალმსტინი: მეფეთა ბრილიანტები. Guitar World. ციტირების თარიღი: 2010-11-06.
- ↑ რედ. ჯონ ეიჩი: როკ გიტარის ლეგენდები. ISBN 0-7935-4042-9. ციტირების თარიღი: 2010-10-22.
- ↑ 34.0 34.1 ინგვი მალმსტინის ბიოგრაფია. TuGuitarra.com.ar (11 აპრილი, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-02. ციტირების თარიღი: 2010-11-04.
- ↑ ალკატრაზისა და გრჰემ ბონეტის დუეტი. Rockville-Music.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-13. ციტირების თარიღი: 2010-10-22.
- ↑ ალბომები, რომელთა მოსმენაც ღირს: Rising Force. Guitar Nine Records. ციტირების თარიღი: 2010-10-22.
- ↑ ინგვი მალმსტინის Rising Force. Metal-Observer.com (4 თებერვალი, 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-10. ციტირების თარიღი: 2010-10-22.
- ↑ Rising Force-ის მიმოხილვა. MetalReviews.com (ნოემბერი, 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-05. ციტირების თარიღი: 2010-10-22.
- ↑ ინგვი მალმსტინის ბიოგრაფია. TheGauntlet.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-30. ციტირების თარიღი: 2010-10-22.
- ↑ ინგვი მალმსტინის ალბომის Trilogy მიმოხილვა. SputnikMusic.com (21 მაისი, 2006). ციტირების თარიღი: 2010-10-30.
- ↑ ინგვი მალმსტინის ალბომის Trilogy მიმოხილვა. Ciao.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-17. ციტირების თარიღი: 2010-10-30.
- ↑ ინგვი მალმსტინის ალბომის Trilogy მიმოხილვა. Metal-Reviews.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-28. ციტირების თარიღი: 2010-10-30.
- ↑ ინგვი მალმსტინის ალბომის Trilogy მიმოხილვა. Metal1.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-29. ციტირების თარიღი: 2010-10-30.
- ↑ ინგვი მალმსტინის ალბომის Trilogy მიმოხილვა. MetalLibrary.ru (5 აპრილი, 2003). ციტირების თარიღი: 2010-10-30.
- ↑ 45.0 45.1 ინგვი მალმსტინის ბიოგრაფია. StarPulse.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-22. ციტირების თარიღი: 2010-11-06.
- ↑ ინგვი მალმსტინის ბიოგრაფია. SortMusic.com (23 მაისი, 2010). ციტირების თარიღი: 2010-11-04.
- ↑ 47.0 47.1 მარკო სერჟი და ლუქსი ლათინენი. (2002)ინტერვიუ ინგვი მალმსტინთან. Metal-Rules.com. ციტირების თარიღი: 2010-11-04.
- ↑ ინგვი მალმსტინის ბიოგრაფია. Yngwie-Malmsteen.GuitarTabs247.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-18. ციტირების თარიღი: 2010-10-29.
- ↑ 49.0 49.1 49.2 ინგვი მალმსტინის ბიოგრაფია. Oocities.com. ციტირების თარიღი: 2010-11-04.
- ↑ ინგვი მალმსტინის ბიოგრაფია. MusicMight. ციტირების თარიღი: 2010-11-04.
- ↑ 51.0 51.1 რეგ დოლი. (ნოემბერი, 2002) ინტერვიუები: ინგვი მალმსტინი. MetalKings.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-05. ციტირების თარიღი: 2010-10-17.
- ↑ სტეფ პერი. (2 დეკემბერი, 2008) ინტერვიუ ინგვი მალმსტინთან. Myspace.com. ციტირების თარიღი: 2010-11-04.[მკვდარი ბმული]
- ↑ 53.0 53.1 53.2 ინგვი მალმსტინის ბიოგრაფია. BestGuitarPlayers.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-11. ციტირების თარიღი: 2010-11-06.
- ↑ ჯონ ლეონი. (18 იანვარი, 2010) დღე, როდესაც მეტალ მოძრაობა მოკვდა: მეტალიკის Black Album და ქუინსრიჩის Empire. White Wizzard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-12. ციტირების თარიღი: 2010-11-06.
- ↑ როკი საზოგადოებაში: გრანჟი. AzHeavyMetal.com. ციტირების თარიღი: 2010-11-06.
- ↑ 90-იანი წლების როკ-მუსიკის ისტორია. Ultimate-Guitar.com (4 აგვისტო, 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-10. ციტირების თარიღი: 2010-11-06.
- ↑ ბრეტ სოკოლი. (18 იანვარი, 2001) ბედისწერა, სიბნელე და აყვავება. MiamiNewTimes.com. ციტირების თარიღი: 2010-11-06.[მკვდარი ბმული]
- ↑ ალბომის მიმოხილვა: Eclipse. Encyclopaedia Metallum. ციტირების თარიღი: 2010-11-14.
- ↑ 59.0 59.1 59.2 59.3 ინგვი მალმსტინის ბიოგრაფია. Spirit-of-Metal.com. ციტირების თარიღი: 2010-11-06.
- ↑ პოლ რუბინი. (17 მაისი, 2007) ალიკაპის წვეულების დედოფალი. Phoenix New Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-28. ციტირების თარიღი: 2010-11-06.
- ↑ 61.0 61.1 ალბომის მიმოხილვა: The Seventh Sign. Encyclopaedia Metallum. ციტირების თარიღი: 2010-11-14.
- ↑ 62.0 62.1 ალბომის მიმოხილვა: Magnum Opus. Encyclopaedia Metallum. ციტირების თარიღი: 2010-11-14.
- ↑ მაქსიმილიან გრეივზი. (14 მაისი, 2003) ალბომის მიმოხილვა: ინგვი მალმსტინი - Magnum Opus (ხელახალი გამოცემა). PlanetHeavyMetal.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-15. ციტირების თარიღი: 2010-11-06.
- ↑ ინგვი მალმსტინის ბიოგრაფია. Persona.Rin.ru. ციტირების თარიღი: 2010-11-06.
- ↑ 65.0 65.1 65.2 ალბომის მიმოხილვა: Inspiration. Encyclopaedia Metallum. ციტირების თარიღი: 2010-11-14.
- ↑ 66.0 66.1 66.2 ალბომის მიმოხილვა: Facing the Animal. Encyclopaedia Metallum. ციტირების თარიღი: 2010-11-14.
- ↑ ინგვი მალმსტინის ალბომის Facing The Animal მიმოხილვა. HouseOfShred.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-09. ციტირების თარიღი: 2010-11-06.
- ↑ 68.0 68.1 მეთიუ მილსი. (20 ოქტომბერი, 2008) ინტერვიუ ინგვი მალმსტინთან (2008). ModernGuitars.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-05. ციტირების თარიღი: 2010-10-15.
- ↑ ალბომები, რომელთა მოსმენაც ღირს: Concerto Suite For Electric Guitar And Orchestra. Guitar Nine Records. ციტირების თარიღი: 2010-11-07.
- ↑ ინგვი მალმსტინის ბიოგრაფია. Metaleum.org (19 სექტემბერი, 2007). ციტირების თარიღი: 2010-11-07.[მკვდარი ბმული]
- ↑ ალბომის მიმოხილვა: Concerto Suite for Electric Guitar and Orchestra in E flat minor Opus1. Encyclopaedia Metallum. ციტირების თარიღი: 2010-11-07.
- ↑ „The war to end all wars“. BBC News. 10 ნოემბერი, 1998. ციტირების თარიღი: 2010-11-07. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ 73.0 73.1 ალბომის მიმოხილვა: War To End All Wars. Ultimate-Guitar.com (4 ნოემბერი, 2009). ციტირების თარიღი: 2010-11-07.
- ↑ რობერტო მარტინელი. ალბომის მიმოხილვა: War To End All Wars. Maelstrom.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-11. ციტირების თარიღი: 2010-11-07.
- ↑ ალბომის მიმოხილვა: Concerto Suite Live with Japan Philharmonic. Encyclopaedia Metallum. ციტირების თარიღი: 2010-11-07.
- ↑ 76.0 76.1 ალბომის მიმოხილვა: Attack!!. Revelationz.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-12. ციტირების თარიღი: 2010-11-14.
- ↑ ალბომის მიმოხილვა: Attack!!. Encyclopaedia Metallum. ციტირების თარიღი: 2010-11-15.
- ↑ 78.0 78.1 78.2 ჩარლი სტეფენსი. (6 ოქტომბერი, 2008) ამ ცეცხლს ჩამქრობი არ ჰყავს. ექსკლუზიური ინტერვიუ ინგვი მალმსტინთან. KNAC.com. ციტირების თარიღი: 2010-11-04.
- ↑ 79.0 79.1 ბარბარა ფარა. ინტერვიუ ინგვი მალმსტინთან. Music Incider. ციტირების თარიღი: 2010-11-07.
- ↑ 80.0 80.1 დეივ ლინგი. (11 თებერვალი, 2008) ინტერვიუ ინგვი მალმსტინითან. Classic Rock. ციტირების თარიღი: 2010-11-07.
- ↑ ჯო სატრიანის ბიოგრაფია. SoundWare.ru. ციტირების თარიღი: 2010-11-07.
- ↑ კიმ ჯოუნსი. (29 ოქტომბერი, 2003) ინტერვიუ ჯო სატრიანისთან. Guitar.About.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-10. ციტირების თარიღი: 2010-11-07.
- ↑ 83.0 83.1 ჯო სატრიანი, სტივ ვაი, ინგვი მალმსტინი - G3 LIVE IN DENVER. ProgArchives.com. ციტირების თარიღი: 2010-11-07.
- ↑ ანდრე მისინი. (4 თებერვალი, 2009) ინგვი მალმსტინი ალბომის Unleash the Fury შესახებ. CHARTattack.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-26. ციტირების თარიღი: 2010-11-14.
- ↑ ალბომის მიმოხილვა: Unleash the Fury. TheMetalCircus.com. ციტირების თარიღი: 2010-11-07.
- ↑ ბრაიან რეიდმეჩერი. ალბომის მიმოხილვა: Unleash the Fury. RockEyez.com. ციტირების თარიღი: 2010-11-07.
- ↑ ტექსტი სიმღერისა Revelation (Drinking With The Devil). Melomanet.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-23. ციტირების თარიღი: 2010-11-07.
- ↑ ალბომის მიმოხილვა: Unleash the Fury. Encyclopaedia Metallum. ციტირების თარიღი: 2010-11-07.
- ↑ 89.0 89.1 89.2 ალბომის მიმოხილვა: Perpetual Flame. Encyclopaedia Metallum. ციტირების თარიღი: 2010-11-07.
- ↑ ალბომის მიმოხილვა: Perpetual Flame. ReviewBusters.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-16. ციტირების თარიღი: 2010-11-07.
- ↑ ალბომის მიმოხილვა: Perpetual Flame. Revelationz.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-08. ციტირების თარიღი: 2010-11-07.
- ↑ ალბომის მიმოხილვა: Angels Of Love. h33t.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-20. ციტირების თარიღი: 2010-11-07.
- ↑ ჰოლივუდის როკის ხეივანი: ინგვი მალმსტინი. RockWalk.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-29. ციტირების თარიღი: 2010-11-07.
- ↑ ინგვი მალმსტინის შესვლა ჰოლივუდის როკის ხეივანში. BraveWords.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-16. ციტირების თარიღი: 2010-11-07.
- ↑ 2008 წლის სიახლეები ინგვი მალმსტინის ოფიციალურ საიტზე. YngwieMalmsteen.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-10. ციტირების თარიღი: 2010-11-07.
- ↑ სპენსერ მატულაიტისი. (27 სექტემბერი, 2010) ინგვი მალმსტინი ბრუნდება ალბომით Relentless. PureGrainAudio.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-15. ციტირების თარიღი: 2010-11-07.
- ↑ ინგვი მალმსტინი ბრუნდება ახალი მკვლელი ალბომით Relentless. GuitarPlayer.com (სექტემბერი, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-21. ციტირების თარიღი: 2010-11-07.
- ↑ ინგვი მალმსტინის 1983 წლის ფერარი 25 000-ზე მეტად გაიყიდა. Road Runner Records (20 მაისი, 2007). ციტირების თარიღი: 2010-11-08.[მკვდარი ბმული]
- ↑ ინგვი მალმსტინი: კლასიკური შესრულება. ჟურნალი Guitar World (ივლისი, 2008). ციტირების თარიღი: 2010-10-20.
- ↑ კრისტოფერ რუელი. ნეო-კლასიკური მუსიკის მიმოხილვა კრის რუელის მიერ:ინგვი მალმსტინი. ChrisRuel.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-19. ციტირების თარიღი: 2010-10-15.
- ↑ ინგვი მალმსტინის ბიოგრაფია. DinosaurRockGuitar (28 მაისი, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-11. ციტირების თარიღი: 2010-10-15.
- ↑ კრის გილი. (ივლისი, 2008) ინგვი მალმსტინი: სისწრაფის მეფე. Guitar World. ციტირების თარიღი: 2010-11-07.
- ↑ ჯო ლალაინა. (ივნისი, 2010) გიტარის ძვირფასი გმირი: ინგვი მალმსტინი. Guitar World. ციტირების თარიღი: 2010-11-07.
- ↑ 104.0 104.1 ინგვი მალმსტინის ფენდერ სტრატოკასტერის ელექტრო გიტარა. Guitars.MusiciansFriend.com. ციტირების თარიღი: 2010-10-17.
- ↑ 105.0 105.1 ინგვი მალმსტინის ფენდერ სტრატოკასტერის ელექტრო გიტარა. Zuitar.com. ციტირების თარიღი: 2010-10-17.[მკვდარი ბმული]
- ↑ ინგვი მალმსტინის სტრატოკასტერის მიმოხილვა. Ultimate-Guitar.com (17 თებერვალი, 2006). ციტირების თარიღი: 2010-11-10.
- ↑ 107.0 107.1 ინგვი მალმსტინის აპარატურა. Guitar-Insight.com (29 იანვარი, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-03. ციტირების თარიღი: 2010-11-11.
- ↑ DOD YJM308-ის ინგვი მალმსტინის ოვერდრაივ პედალი. AmericanMusical.com. ციტირების თარიღი: 2010-11-11.
- ↑ ინგვი მალმსტინის აპარატურის სქემა (jpg). YngwieMalmsteen.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-02. ციტირების თარიღი: 2010-11-11.