ბიორნ ენგლენი (ნამდვილი სახელი: ბიორნ ერიკ ენგლენი, დ. 1971 წელს, ვეკშიო, შვედეთი) — შვედი ბასისტი, რომელიც უკრავს ჯგუფებში სოულ საინი და ინგვი მალმსტინის Rising Force. იგი უკრავდა ასევე MSG-ში და Quiet Riot-ში.[1]

ბიოგრაფია და მუსიკალური კარიერა

რედაქტირება
 
ბიორნ ენგლენი

ბიორნ ენგლენი დაიბადა შვედეთში, 1971 წელს, ვეკშიოს მუნიციპალიტეტში, კრონებერგის მახლობლად. ბავშვობიდან მუსიკით იყო გატაცებული და მისი ფავორიტი ჯგუფი კისი იყო.

უკვე მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეობის დროს იმ მეგობრების წრეში ტრიალებდა, ვინც თაყვანს სცემდა ჯგუფებს Judas Priest, AC/DC, Motley Crue და ინგვი მალმსტინს და გიტარებზე და დასარტყამ ინსტრუმენტებზე ცდილობდნენ დაკვრას, ბიორნის სურვილი კი ბას გიტარაზე დაკვრა იყო. როდესაც მეშვიდე კლასში გადავიდა, ერთმა ახალმოსულმა სკოლელმა პირველად აჩვენა ნამდვილი ბას–გიტარა და რამდენიმე ბლუზის აკორდი, რის შემდეგადაც ბას გიტარა საბოლოოდ გადაიქცა მის სათაყვანებელ ინსტრუმენტად და ცხოვრების მიზნად.

15 წლის ასაკში, ის უკვე სტივ ჰარისსა (აირონ მეიდენი) და ბობ დეიზლის (ოზი ოსბორნი) უყურებდა და მიუხედავად დედის სურვილისა, თავი დაენებებინა ამ წამოწყებას, 1993 წელს ლოს ანჟელესში გადავიდა საცხოვრებლად და სწავლა გააგრძელა ბასის ტექნოლოგიის ინსტიტუტშიჰოლივუდის ეგიდის მუსიკოსთა ინსტიტუტში. მან მთელი მისი გულმოდგინებით დაიწყო სწავლა ისეთ დიდი რანგის ბასისტ–მასწავლებლებისაგან როგორიც არიან ტიმ ბოგერტი, პატერ სმითი, სტივ ბეილი და ელექსის სკლაირევსკი. სწავლასთან ერთად, მან დაიყო კლუბებსა და სტუდიებში დაკვრა. 1994 წელს ის შემთხვევით წააწყდა განცხადებას, რომ ცნობილი ჯგუფი Quiet Riot ბასისტს ეძებდა. მან ჯგუფს გაუგზავნა თავისი დემო და სულ მალე მისი ვოკალისტის კევინ დუბროუს სატელეფონო ზარით ჯგუფის წევრიც გახდა და 1995 წელს მის ტურნეზე დაუკრა.

ამ მოვლენიდან მოყოლებული მისი მუსიკალური კარიერა ითვლის მსოფლიოში აღიარებული არაერთი ვარსკვლავის, როკ ჯგუფის ერთობლივ პროექტში მონაწილეობას: რობინ მაკქოლი, რიკი ჰენდრქსი, რეინბოუ, ბლიდი, სოულ საინი, Heaven & Earth, უაით დაიამონდი, ტამპლინი, Foreigner, Guns N' Roses, Journey, კორნი, Dream Theater, უაიტსნეიკი, ნაით რეინჯერი, ჰარტი, Judas Priest, დევიდ ლი როთი, დიო, ოზი ოსბორნი, ელტონ ჯონი, სტივ ვაი, ტონი მაკალპინი და სხვ. დაკრული აქვს 1500 კონცერტში და მონაწილეობა მიღებული აქვს 30 ალბომის ჩაწერაში, მათ შორის, აღიარებული Deep Purple-ის ალბომის ჩაწერაშიც.

2008 წლიდან, მისი მუსიკალური მოღვაწეობის ბოლო პუნქტი გახდა ნეო–კლასიკური მძიმე მეტალის პიონერთან, ვირტუოზ გიტარისტსა და კომპოზიტორთან, ინგვი მალმსტინთან ერთად მუშაობა. ბიორნ ენგლენი ინგვის დრამერის, პატრიკ იუჰანსონის მეგობარი იყო ჯერ კიდევ შვედეთიდან, ერთად დაკრული ჰქონდათ არაერთ კონცერტზე. 2007 წელს NAMM –ის (უდიდესი ინსტრუმენტების სავაჭრო ყოველწლიური შოუ–გამოფენა) შოუსათვის მალმსტინს ბას გიტარისტი სჭირდებოდა, პატრიკმა მას პროტეჟეობა გაუწია ინგვისთან. მან ეს იშვიათი შანსი შესანიშნავად გამოიყენა და მალმსტინის ჯგუფის წევრი გახდა.[2]

2010 წლის აპრილში მან მალმსტინთან ერთად დაუკრა ისრაელისა და რუსეთის ტურნეებზე.

ბიორნს ჰყავს თავისი ჯგუფი, სახელწოდებით სოულ საინი, რომელთან ერთად 2010 წლის მარტში შვედეთის ტურნე გამართა.

ცნობილია თავისი პედაგოგიური მუშაობითაც, ე.წ. "მასტერ კლასებით".

  1. ჯგუფი Quiet Riot. Encyclopaedia Metallum. ციტირების თარიღი: 2010-11-13.
  2. ინგვი მალმსტინი: ბლუზის სახლი, ლას ვეგასი. Leah's Rock Report (10 ოქტომბერი, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-13. ციტირების თარიღი: 2010-11-13.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება