ტომბუქტუ (ფრანგ. Tombouctou), მოძველებული სახელი ტიმბუქტუ (ფრანგ. Timbouktou; Tin-Bouktou (ტამაშექის ენა), Tinbuktu, Timbuctoo და Timbuktoo ბერბერო-ლიბიური ენები) — შუა საუკუნეების ქალაქი მალის ცენტრალური ნაწილის ჩრდილოეთში, მდინარე ნიგერიდან 13 კმ-ით ჩრდილოეთში, მოსახლეობა — 54 453 ადამიანი (2009 წელი).[1]

ტომბუქტუ*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

დიდი მეჩეთის კოშკი
ქვეყანა მალის დროშა მალი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv, v
სია [3]
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 16°46′33″ ჩ. გ. 3°00′34″ დ. გ. / 16.77583° ჩ. გ. 3.00944° დ. გ. / 16.77583; -3.00944
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1988  (მე-12 სესია)
ნომერი 119
საფრთხის ქვეშ 1990–2005; 2012-დან -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
ტიმბუქტუ — მალი
ტიმბუქტუ
ტიმბუქტუ
ტიმბუქტუ მალის რუკაზე

ქალაქმა ეკონომიკურ აღმავლობას მიაღწია მანსა მუსა I-ის დროს[2][3]. ამ დროს ტომბუქტუ იყო ინტელექტუალური და ისლამური სასულიერო ცენტრი ცენტრალურ სუდანში. დღეისათვის ქალაქში მდებარეობს რამდენიმე მსხვილი მედრესე, მათ შორის სანკორეს მედრესე, ასევე დასავლეთი აფრიკის სამი უძველესი მეჩეთი.

გეოგრაფია და კლიმატი

რედაქტირება
 
მომთაბარეთა გაჩერების ადგილი

ქალაქი მდებარეობს მდინარე ნიგერის დაკლაკნილ ადგილზე (ე. წ. მდინარე ნიგერის შიდა დელტაში), საჰარის უდაბნოს სამხრეთ კიდეზე. ქალაქისთვის უდაბნოს გაფართოების პრობლემა აქტუალურია: ქალაქის ქუჩები სავსეა ქვიშით, მდინარის ოდესღაც წყალუხვი კალაპოტი, რომელიც ქალაქში იწვევდა წყალდიდობებს, დაშრა. ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში ქალაქი იყო ძნელადმისაღწევი: მდინარე ნიგერით ტომბუქტუმდე მიღწევა შესაძლებელი იყო მხოლოდ მაშინ, როდესაც წყლის დონე იყო საკმაოდ მაღალი; საქარავნო გზას ხშირად ფარავდა ქვიშა.

კლიმატი ცხელი და მკვეთრად კონტინენტალურია. იშვიათ მცენარეულობას შორის ჭარბობს აკაციის, ბაობაბის და პალმის ხეები. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 28 °C-ს, ყველაზე უფრო ცხელი თვეებია — მაისი და ივნისი (საშუალო ტემპერატურა 34 °C). ნალექების საშუალო რაოდენობაა — დაახლოებით 170 მმ. ყველაზე უფრო მეტი ნალექების რაოდენობა მოდის ივლისიდან აგვისტოს ჩათვლით (დაახლოებით 56-66 მმ)[4]. ამ პერიოდში მოსული წვიმები ხშირად მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ თიხისგან აშენებულ შენობებს.

მოსახლეობა

რედაქტირება

2012 წლის მონაცემებით ქალაქ ტომბუქტუს მოსახლეობა შეადგენს 35 330 ადამიანს; 1998 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობდა 31 973 ადამიანი[5]. ქალაქი გეოგრაფიულად მდებარეობს მომთაბარე ბერბერების, ადგილზე დამაგრებულ ნეგროიდებსა და არაბი მოსახლეობის განსახლების გადაკვეთის რეგიონში; ძირითადი ეთნიკური ჯგუფებია: სონგაი, ტუარეგები, ფულბე და მანდე. მოსახლეობის უმრავლესობა ლაპარაკობს სონგაის ენებზე. ასევე გავრცელებულია არაბული, ფრანგული და ტამაშექის ენები.

დაარსდა ტუარეგების მიერ დაახ. 1100 წელს ტრანსსაჰარის ქარავნების გასაჩერებლად და მნიშვნელობას იძენს მალის იმპერიის შემადგენლობაში შესვლისას. ტრადიციულად ითვლება, რომ ქალაქის დასახელება წარმოქმნილია სიტყვისგან „ტინ“ („ადგილი“) და „ბუქტუ“ (ამ რეგიონში ოდესღაც მცხოვრები ასაკოვანი მალელი ქალის სახელი, რომელთანავ ჩერდებოდნენ ჩრდილოეთისკენ ქარავნებით მიმავალი არაბი ვაჭრები). მეორე ეტიმოლოგიური ვერსიით, რომელიც გამოთქვა ფრანგმა აღმოსავლეთმცოდნე რენე ბასეტმა, ტამაშექის ენაზე „ტინ-ბუქტი“ ნიშნავს შორეულ ადგილს „დედამიწის კიდეზე“. ქალაქის პირველი აღწერა ჩაატარეს ლეო აფრიკანუსმა (ლათ. Joannes Leo Africanus, არაბ. يوحنا ليون الإفريقي, იტალ. Giovanni Leone l'Africano) (1526 წელი) და იბნ ბატუტამ (1353 წელი).

XIV საუკუნეში მანსა მუსამ აქ აღმართა საკუთარი სასახლე (რომლისგან კვალი დღემდე არ შემორჩენილა), ასევე საკათედრო მეჩეთი დამახასიათებელი კოშკით (გადაკეთებულია). XV და XVI საუკუნეებში ტომბუქტუ ზღაპრულად გამდიდრდა ოქროსა და მარილის ვაჭრობით და უმსხვილეს საქარავნო ვაჭრობის ცენტრად იქცა ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში. ვაჭრებს ფეხდაფეხ მოჰყვნენ ბერბერი, არაბი და ევროპელი მეცნიერები და მწერლები, რომლებიც საგანმანათლებლო საქმიანობას სანკორეს სასწავლებელში ეწეოდნენ.[6] ქალაქში დღემდე ინახება ანტიკური ბერძნული მანუსკრიპტები[7]. 1433 წელს ტომბუქტუ ტუარეგებმა დაიპყრეს, მაგრამ ისინი ცხოვრობდნენ ქალაქის სიმაგრეების ფარგლებს გარეთ და მხოლოდ იშვიათად ესხმოდნენ თავს ქალაქს.

1468 წელს ტომბუქტუ შევიდა სონგაის იმპერიის შემადგენლობაში. ადგილობრივმა მმართველმა სონი ალიმ დევნა დაუწყო მუსლიმ სწავლულებს, მაგრამ მისმა ვაჟმა ასკია მოჰამად I-მა საქმე იქითკენ მიმართა, რომ ქალაქში პირიქით მოიზიდა მეცნიერები მექადან და კაიროდან, რომელთაგანაც ბევრი განათლებულმა მმართველმა სასახლეში გადაიყვანა და თავის თანაშემწედ დანიშნა. მაღრიბიდან ჩამოსულები აქ საჰარის მარილს ცვლიდნენ ოქროზე და მონებზე.

 
ტომბუქტუ. ჰაინრიხ ბართის ნახატი, 1858 წელი
 
გერმანული რუკა. 1855 წელი

ტომბუქტუს ოქროს ხანა დასრულდა 1591 წელს, როდესაც ქალაქი დაიპყრეს ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული მაროკოელი სულთნის აჰმად ალ-მანსურის ჯარებმა. სწავლულთა საზოგადოებას ბრალი დასდეს ღალატში, რის შედეგადაც მათი ნაწილი ამოხოცეს, ნაწილი კი მაროკოში წაიყვანეს. სულთანის მიერ ქალაქში დატოვილმა რაზმმა ვერ გაუძლო მომთაბარე ბერბერების თავდასხმებს, რის შედეგადაც ქალაქი თანდათან მთლიანად გაპარტახდა. ასე გრძელდებოდა 1893 წლამდე, როდესაც ტომბუქტუში მოვიდნენ ფრანგი კოლონიზატორები. ამ დროისათვის ტრანსსაჰარული ვაჭრობის დაცემის გამო ქალაქის ეკონომიკური სიმძლავრე მნიშვნელოვნად იყო შელახული.

შუა საუკუნეების დროიდან ტომბუქტუ ევროპაში ცნობილი იყო, როგორც ზღაპრულად მდიდარი ქალაქი. XVIII საუკუნის ბოლოს ევროპელმა მკვლევარებმა განახორციელეს საჰელის რეგიონში მდებარე ოდესღაც დიდი სავაჭრო ცენტრის აღმოჩენის რამდენიმე ცდა. 1795 და 1805 წლებში მუნგო პარკმა აფრიკული ასოციაციის შემადგენლობაში სცადა აღმოეჩინა ქალაქი და იმავდროულად გამოეკვლია მდინარე ნიგერის შესართავი. შესაძლოა მუნგო პარკი გახდა ტომბუქტუში მყოფი პირველი ევროპელი, მაგრამ ის გარდაიცვალა ნიგერიის ტერიტორიაზე და ვერ მოასწრო წერილობითი ფორმით მოეყოლა ნანახის თაობაზე.[2][3]

1824 წელს საფრანგეთის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ შესთავაზა 10 ათასი ფრანკის პრიზი იმ არამუსლიმს, რომელიც შეძლებდა შესულიყო ქალაქში, დაბრუნებულიყო უკან და დაეწერა ნანახის შესახებ. 1826 წლის სექტემბერში ალექსანდერ გორდონ ლენგმა მიაღწია ტომბუქტუს, მაგრამ მოკლული იქნა მუსლიმი ვაჭრის მიერ, რომელსაც ეშინოდა ქალაქში ევროპელების შეღწევისა და შემდეგ დაპყრობისა.

1829 წელს მუსლიმის ფორმაში გადაცმულმა ფრანგმა რენე ოგიუსტ კაიემ შეძლო შესულიყო ქალაქში, მშვიდობიანად დაბრუნებულიყო ევროპაში და მიეღო პრიზი. ამას გარდა, 1813 წელს ქალაქ ტანჟერში მდებარე დიდი ბრიტანეთის საკონსულოში ჩასულმა აფრო-ამერიკელმა მეზღვაურმა რობერტ ადამსმა განაცხადა, რომ მან 1811 წელს შეძლო ქალაქში შესვლა, მას შემდეგ, როდესაც მისი გემი ჩაიძირა აფრიკის სანაპიროსთან.[8]. 1816 წელს მან გამოსცა წიგნი „The Narrative of Robert Adams, a Barbary Captive“, მაგრამ მკვლევარებმა ეჭვი შეიტანეს მისი ქალაქში ყოფნის თაობაზე. ასევე ცნობილია, რომ 1890 წლამდე კიდევ სამმა ევროპელმა მიაღწია ქალაქს: ესენი არიან გერმანელები ჰაინრიხ ბართი და ოსკარ ლენცი 1853 წელს და ესპანელი კრისტობალ ბენიტესი 1880 წელს.

თანამედროვე ქალაქი

რედაქტირება

1989 წელს იუნესკომ ქალაქის ცენტრის თიხისგან აშენებული შენობები თავის დაცვის ქვეშ აიყვანა, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები, ხოლო 2000 წელს ლუქსემბურგის ხელისუფლებამ და ზოგიერთმა საერთაშორისო ფონდმა დაიწყო იმ მრავალრიცხოვანი შუა საუკუნეების ხელნაწერების შესწავლის და შენარჩუნების პროექტის განხორციელება, რომლებიც ინახება ტომბუქტუში და მის შემოგარენში. მათი საერთო რაოდენობა შეადგენს ასობით ათას ეგზემპლიარს; ყველაზე უფრო ძველები მიეკუთვნება XII საუკუნეს.

1990-იან წლებში ტომბუქტუ, როგორც მალის და ნიგერის სხვა ქალაქები, მოიცვა ტუარეგების აჯანყებებმა (1990—1995 წლები).

2012 წლის 1 აპრილს ტუარეგების მორიგი აჯანყების დროს ქალაქი დაიპყრო აზავადის განთავისუფლების ეროვნული მოძრაობის ჯარებმა[9], ხოლო 6 აპრილს გახდა თვითგამოცხადებული დამოუკიდებელი სახელმწიფო აზავადის დედაქალაქი. 26 ივნისს აჯანყებულებმა გაანადგურეს 7 სამარხი, ხოლო 28 ივნისს ისლამისტებმა ჩამოხსნეს მეჩეთ სიდი იაჰიას კარები.[10] ამასთან დაკავშირებით იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 36-ე სესიაზე ტომბუქტუ შეიტანეს საფრთხიშ ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში შეიყვანა[11][12]. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ისლამისტებმა, რომელთაც რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ანსარ ად-დინი“ უდგას სათავეში მავზოლეუმების დანგრევით უპასუხეს[10]. დანგრეულია შუა საუკუნეების მუსლიმი წმინდანის სიდი მუჰამედის მავზოლეუმი[13].

2013 წლის იანვარში დაწყებული ანტიტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობის დროს 27 იანვარს ქალაქი დაიკავა მალისა და საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა. აჯანყებულებმა ქალაქი უბრძოლველად დატოვეს, მაგრამ ამასთან დაწვეს აჰმედ ბაბას ისტორიული საკვლევი ცენტრის შენობა, ბიბლიოთეკის ჩათვლით,[14] რომელშიც ინახებოდა 100 ათასამდე არაბული და ძველბერძნული ხელნაწერი, რომლებიც შედიოდნენ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში (შემდგომში ცნობილი გახდა, რომ ხელნაწერები საიდუმლო ვითარებაში გადაარჩინეს). რამდენიმე თვის განმავლობაში ისლამისტების კონტროლ ქვეშ ტომბუქტუ ცხოვრობდა შარიათის კანონებით.

მიუხედავად ღირსშესანიშნაობების დიდი რაოდენობისა და საერთაშორისო აეროპორტისა დღეისათვის ტომბუქტუ ღარიბი ქალაქია. ქალაქში შუა საუკუნეებიდან დაწყებული მოიპოვებენ ქვამარილს.

ქალაქის ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება
 
სანკორეს მედრესეს ეზო

ქალაქის მთავარი მონაპოვარია რამდენიმე ოჯახში შენახული 100 000-ზე მეტი ხელნაწერი, რომელთაგან ზოგიერთი თარიღდება XII საუკუნით.[15] მათი უმრავლესობა შეეხება ასტრონომიას, მუსიკას, ბიოლოგიას და ღვთისმეტყველებას, რომლებიც დაწერილია მალიში ჩამოსული მუსლიმი სწავლულების მიერ არაბულ ან ფულანის ენებზე. უფრო გვიანდელი ხელნაწერები ეხება ისლამური სამართლის საკითხებს, მათემატიკას და ისტორიას (კერძოდ XVI საუკუნეში მაჰმუდ კატის მიერ დაწერილ „ტარიჰ ალ-ფატაშის“ ქრონიკებს და XVII საუკუნეში აბდურაჰმან სადის მიერ ჩაწერილ „ტარიჰ ას-სუდანის“ („სუდანური ქრონიკები“) ქრონიკებს).

მალის ხელისუფლების მიერ იუნესკოს ხელშეწყობით 1970 წელს დაარსებულ აჰმედ ბაბას ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში და ასევე სანკორეს მედრესეს ბიბლიოთეკაში შენახულია შუა საუკუნეების ხელნაწერების გარკვეული რაოდენობა[16]. ხელნაწერების ნაწილი იმყოფება კერძო ბიბლიოთეკებში, რომელთა რაოდენობა ქალაქში 60-დან 80-მდეა (ინგლ. Mamma Haidara Library, Fondo Kati Library, Al-Wangari Library, Mohamed Tahar Library და სხვა).

დღეისათვის ქალაქში არსებული ხელნაწერები წარმოადგენენ ტომბუქტუში დაწერილი შუა საუკუნეების მანუსკრიპტების არასრულ ჩამონათვალს. მათი ნაწილი კოლონიალურ ეპოქაში გაიტანეს ლონდონში, პარიზში და სხვა ქალაქებში. ბევრ მანუსკრიპტებს მალავენ საკუთარი მფლობელები.

2006 წლის თებერვალში დაიწყო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისა და მალის ერთობლივი პროექტი ტომბუქტუს და დასავლეთ აფრიკის სხვა რეგიონების ხელნაწერების მოკვლევაში და შესწავლაში (როგორც მაგალითად, სოკოტოში)[17].

2013 წლის 29 იანვარს ისლამისტმა აჯანყებულებმა დაწვეს ბიბლიოთეკა.

შენობების უმრავლესობა თიხისაა[18] და აშენებულია საჰელის სტილში.

ყველაზე უფრო დიდი ნაგებობებია — მეჩეთები.

სხვა ღირსშესანიშნაობებია — მუზეუმი, დაკიდული ბაღები და სასმელი წყლის წნევითი სისტემის კოშკი.

დამეგობრებული ქალაქები

რედაქტირება

ქალაქი ტომბუქტუ დამეგობრებულია მსოფლიოს შემდეგ ქალაქებთან:[20]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 119
ინგლ.რუს.ფრ.
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Resultats Provisoires RGPH 2009 (Région de Tombouctou), République de Mali: Institut National de la Statistique, http://instat.gov.ml/documentation/tombouctou.pdf. წაკითხვის თარიღი: 2017-08-21 დაარქივებული 2013-01-17 საიტზე Wayback Machine.
  2. 2.0 2.1 Amazon.com listing for the "Cruelest Journey: 600 Miles to Timbuktu". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-27. ციტირების თარიღი: 2017-08-21.
  3. 3.0 3.1 Salak, Kira. Kira Salak's official webpage on "The Cruelest Journey". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-27. ციტირების თარიღი: 2017-08-21.
  4. [1] Просечне климатске вредности за Тимбукту
  5. Mali: largest cities and towns and statistics of their population. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-27. ციტირების თარიღი: 2012-12-27.
  6. Okolo Rashid. Legacy of Timbuktu: Wonders of the Written Word Exhibit — International Museum of Muslim Cultures [2] დაარქივებული 2009-02-09 საიტზე Wayback Machine.
  7. Timbuktu. (2007). Encyclopædia Britannica. Chicago: Encyclopædia Britannica.
  8. Calhoun, Warren Glenn; From Here to Timbuktu, p. 273 ISBN 0-7388-4222-2
  9. Mali rebels seize Timbuktu — Telegraph
  10. 10.0 10.1 რადიკალმა ისლამისტებმა ტომბუქტუში ისლამის წმინდანთა მავზოლეუმი დაანგრიეს
  11. Heritage sites in northern Mali placed on List of World Heritage in Danger
  12. Heritage sites in northern Mali placed on List of World Heritage in Danger. // whc.unesco.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-05. ციტირების თარიღი: 2012-7-11.
  13. მალიში ხუროთმოძღვრების ძეგლები ნადგურდება
  14. მალიში ხელნაწერთა მუზეუმი დაარბიეს. „ამერიკის ხმა“. 30.01.2013.
  15. Un patrimoine inestimable en danger: les manuscrits trouvés à Tombouctou, par Jean-Michel Djian dans Le Monde diplomatique d’août 2004.
  16. Reclaiming the Ancient Manuscripts of Timbuktu
  17. Curtis Abraham, "Stars of the Sahara," New Scientist, 18 August 2007: 37-39
  18. Timbuktu — World Heritage (Unesco.org)
  19. Salak, Kira. Photos from "KAYAKING TO TIMBUKTU". National Geographic Adventure. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-27. ციტირების თარიღი: 2017-08-27.
  20. „Timbuktu 'twins' make first visit“. BBC News. 24 October 2007. ციტირების თარიღი: 24 May 2010.