კარლო საკანდელიძე

(გადამისამართდა გვერდიდან საკანდელიძე, კარლო)

კარლო საკანდელიძე (დ. 1 აპრილი, 1928, ზედა ბზვანი, ქუთაისის მაზრა — გ. 29 ოქტომბერი, 2010, თბილისი) — ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი. მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრში. საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1974).

კარლო საკანდელიძე

კარლო საკანდელიძე
დაბადების სახელი კარლო საკანდელიძე
დაბადების თარიღი 1 აპრილი, 1928
ზედა ბზვანი, ქუთაისის მაზრა
გარდაცვალების თარიღი 29 ოქტომბერი, 2010 (82 წლის)
თბილისი
საქმიანობა მსახიობი

ბიოგრაფია

რედაქტირება

კარლო საკანდელიძე 1928 წლის 1 აპრილს დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფელ ზედა ბზვანში (ამჟამინდელი ვანის მუნიციპალიტეტი). 1944 წელს დაამთავრა თბილისის ვაჟთა 1 საშუალო სკოლა, იმავე წელს სწავლა განაგრძო შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე.

1949 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობია. რუსთაველის თეატრის სცენაზე მსახიობმა 61 წელი გაატარა, მას 50-მდე კინოროლი და 80-მდე როლი თეატრში აქვს შესრულებული. მისი მნიშვნელოვანი როლებია: გოგია („ლოსვეს ამბავი“), გიო („ტარიელ გოლუა“), ოსიკო ხარებაძე („შემოდგომის აზნაურები“), კუჩარა („ყვარყვარე თუთაბერი“), ტოშეკი („რა სიყვარული“), ჭინჭრაქა („ჭინჭრაქა“), ბუთხუზა („ძველი ყომარბაზები“), არისტო ქვაშავაძე („სამანიშვილის დედინაცვალი“) გლეხი და ქმარი („კავკასიური ცარცის წრე“), კეტსბი („რიჩარდ III“), სკრუჯი („შობის ღამის სიზმარი“).

კარლო საკანდელიძის პირველი კინოროლი „მაგდანას ლურჯა“ში იყო 1955 წელს, თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის ფილმში მან ვანოს როლი შეასრულა. ამ ფილმმა კანის ფესტივალზე ოქროს პალმის რტო დაიმსახურა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის. მეორე მნიშვნელოვანი ფილმი იყო დათა თუთაშხია, სადაც მან ნიკანდრო ქირია განასახიერა.

კარლო საკანდელიძე იყო მკვეთრად სახასიათო და კომიკური ინდივიდუალობის მქონე მსახიობი. მის მიერ შექმნილი სახეები გამოირჩევა დასრულებულობით, მთლიანობით, ეროვნული, სოციალური თუ ასაკობრივი ხასიათების კონკრეტულობით და სიცხადით. სხვადასხვა ტიპის ხასიათების პერსონიფიცირებას მსახიობი დეტალების, ნიუანსების, მხატვრული ხერხების სახოვანძიებებით და გონებამახვილური მიგნებებით აღწევდა. ახასიათებდა შემოქმედებითი აქტიურობა, შინაგანი ექსპრესია, ტემპერამენტი, სასცენო გარდასახვის დიდი უნარი.

1961 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტის, ხოლო 1974 წელს საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტის წოდებები. 1998 წელს გახდა საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი. 2008 წლის 23 აპრილს რუსთაველის თეატრთან კარლო საკანდელიძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

კარლო საკანდელიძე, 2010 წლის ოქტომბერს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ნათამაშები როლები

რედაქტირება

რუსთაველის თეატრი

რედაქტირება
  • „ლოსვეს ამბავი“ (გოგია)
  • „ტარიელ გოლუა“ (გიო)
  • „შემოდგომის აზნაურები“ (ოსიკო ხარებაძე)
  • „ყვარყვარე თუთაბერი“ (კუჩარა)
  • „რა სიყვარული“ (ტოშეკი)
  • „ჭინჭრაქა“ (ჭინჭრაქა)
  • „ძველი ყომარბაზები“ (ბუთხუზა)
  • „სამანიშვილის დედინაცვალი“ (არისტო ქვაშავაძე)
  • „კავსასიური ცარცის წრე“ (გლეხი და ქმარი)
  • „რიჩარდ III“ (კეტსბი)
  • „შობის ღამის სიზმარი“ (სკრუჯი)

ჯილდოები და წოდებები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება