ნანშანი
ნანშანი (ჩინ.: 南山; ფინინი Nán Shān) — მთათა სისტემა ცენტრალურ აზიაში, ჩინეთში. გადაჭიმულია დაახლოებით 800 კმ-ზე, სიგანე 200-იდან 400 კმ-მდე. უმაღლესი ადგილის სიმაღლეა 5808 მ (მთა გუანძეფინი, სულენანშანის ქედი). ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით შემოზღუდულია ხესის დერეფანით, რომელიც ნანშანს გამოყოფს ალაშანის უდაბნოსაგან, სამხრეთ-დასავლეთით ცაიდამის ქვაბულით. შედგება რამდენიმე ქედისაგან, რომლებიც უმეტესწილად გადაჭიმულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთსაკენ და დაყოფილია გასწვრივი ხეობებით. ძირითადი ქედებია: ცილიანშანი (5808 მ), ტულაინანშანი (5748 მ), ულან-დაბანი (5400 მ), კუკუნორი (4120 მ) და სხვა. ნანშანის სამხრეთი შტოქედები წარმოქმნიან მოკლე ჭიუხების მწკრივს. ნანშანის ლოდა და ნაოჭა-ლოდა-თაღოვანი საშუალომთიანეთი და მაღალმთიანეთი ჩამოყალიბდა კალედონური ასაკის სტრუქტურებზე. ქედის ჩრდილო ნაწილი აგებულია ქვიშაქვებით, ფიქლებითა და ძირითადი შედგენილობის ვულკანური ქანებით, ცენტრალური ნაწილი — კამბრიულისწინა მეტამორფული ქანებით, სამხრეთი ნაწილი — ზედა პალეოზოური და ტრიასული დანალექი ქანებით. კირქვის გავრცელების ადგილებში განვითარებულია კარსტი. ნანშანის აღმოსავლეთი ნაწილის მთისწინეთში ჩნდება ლიოსური დანალექების საფარველი.
ნანშანი | |
---|---|
ნანშანის მთათა სისტემა | |
კოორდინატები: 39°12′00″ ჩ. გ. 98°32′00″ ა. გ. / 39.20000° ჩ. გ. 98.53333° ა. გ. | |
ქვეყანა | ჩინეთი |
ტერიტორიული ერთეული | ცინხაი განსუ |
უმაღლესი წერტილი | გუანძეფინი |
სიმაღლე | 5808 მ |
სიგრძე | 800 კმ |
სიგანე | 400 კმ |
სურათები ვიკისაწყობში |
კლიმატი ზომიერია, მკვეთრად კონტინენტური, აღმოსავლეთით განიცდის წყნაროკეანური მუსონის გარკვეულ გავლენას. ცაიდამის ქვაბულის მთისწინა ვაკეებზე წელიწადში მოდის 50 მმ ნალექი, ხესის დერეფანში 100-150 მმ; ნალექების დიდი ნაწილი ზაფხულშია. მაღალმთიანეთში ნალექების საშუალოწლიური ჯამი მატულობს 200-400 მმ-იდან (დასავლეთით) 700 მმ-მდე (აღმოსავლეთით); ნალექები უმეტესად თოვლის სახით მოდის. თოვლის მიჯნა ეშვება დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 4800-5100 მ-იდან 4300-4600 მ-მდე. გამყინვარება დიდწილად განვითარებულია ნანშანის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში. სულ გვხვდება 2859 მყინვარი, რომელთა საერთო ფართობია დაახლოებით 1970 კმ². დანდეს ბრტყელი მწვერვალის მყინვარი (ფართობი 57,1 კმ²) მდებარეობს ქედის აღმოსავლეთ ნაწილში, კერძოდ ტერგუნ-დაბანის ქედზე. დასიუეშანის ქედის ჩრდილო კალთაზე გაწოლილია ხეობის ტიპის მყინვარი ლაოხუგოუ, რომლის სიგრძეა დაახლოებით 10 კმ, ხოლო ფართობი 22 კმ². მყინვარების დიდი ნაწილი უკანდახევის სტადიაშია, მყინვარების დაახლოებით 30 % წინ მიიწევს, ხოლო 17 % — სტაციონარულია. ნანშანი ძირითადად მიეკუთვნება ცენტრალური აზიის შიგა ჩამონადენის არეს, სამხრეთ-აღმოსავლეთი რაიონები მდინარე ხუანხეს აუზს. ჩრდილოეთი კალთის მდინარეები (შულეხე, ხეიხე და სხვა) უხვწყლიანია გაზაფხულსა და ზაფხულში, რომელთა წყლები ფართოდ გამოიყენება ხესის დერეფნის ოაზისების სარწყავად. ნანშანის ცენტრალურ ნაწილში განლაგებულია მტკნარი ტბა ხარა-ნური, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ცენტრალური აზიის უდიდესი მთის მარილიანი ტბა კუკუნორი, რომლის ზედაპირის ფართობია 4489 კმ².
ნანშანის დასავლეთი ნაწილი უმეტესწილად უდაბნო ტიპისაა. 3000 მ-მდე გაბატონებულია უდაბნოები, ნახევარუდაბნოები და მშრალი სტეპები, 3800 მ-მდე მთა-მდელოს, 4400 მ-მდე მთის ტუნდრის ლანდშაფტები; 4000-4400 მ-ის ზემოთ განლაგებულია ნივალური სარტყელი. აღმოსავლეთ ნაწილში ჭარბობს სტეპური და ტყე-სტეპის ლანდშაფტები. ჩრდილოეთ კალთებზე, 2500-3000 მ-ზე ადგილ-ადგილ გავრცელებულია წიწვოვანი ტყეების (ნაძვი, ღვია, სოჭი) მასივები, სარტყლის ქვედა ნაწილში არყისა და მთრთოლავი ვერხვის მინარევით; 3000-3600 მ სიმაღლეზე გადაჭიმულია ტანბრეცილი ტყეებისა და ბუჩქნარის სარტყელი, უფრო მაღლა მაღალბალახოვანი სუბალპური და ალპური მდელოები, 4000 მ-ის ზევით მთის ტუნდრა. ჩრდილოეთ კალთებზე სიმაღლებრივი სარტყლურობა უკეთაა გამოხატული, ვიდრე სამხრეთისაზე. კუკუნორის მთათაშუა ქვაბულში ჭარბობს ცივი სტეპების ლანდშაფტები. ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა მთის საძოვრებზე იაკების, წვრილფეხა- და მსხვილფეხა რქოსანი საქონელისა და ცხენების ძოვება. ხეობებში ამუშავებენ მარცვლოვნებს (ხორბალი, ქერი, შვრია), კარტოფილსა და ბოსტნეულ კულტურას.
XIX საუკუნის ბოლოს ნანშანის შესწავლაში დიდი წვლილი შეიტანეს რუსმა მკვლევრებმა ნიკოლოზ პრჟევალსკიმ, ვსევოლოდ რობოროვსკიმ, გრიგოლ პოტანინმა, გრიგოლ გრუმ-გრჟიმაილომ და ვლადიმერ ობრუჩევმა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Обручев В. А., Центральная Азия, Северный Китай и Нань-шань, т. 1—2, СПБ, 1900—01;
- Роборовский В. И., Путешествие в Восточный Тянь-Шань и Нань-Шань, М., 1949.
- Гвоздецкий Н. А., Голубчиков Ю. Н. Горы. М., 1987;
- Долгушин Л. Д., Осипова Г. Б. Ледники. М., 1989.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნანშანი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ნანშანი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)