თუშეთის ეროვნული პარკი
სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
თუშეთის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი აღმოსავლეთ კავკასიონზე. მდებარეობს თუშეთის ქვაბულში, ზღვის დონიდან 900-4492 მ სიმაღლეზე. მისი ფართობია 71 341 ჰექტარი.[1] იგი დაარსდა 2003 წელს. თუშეთის ეროვნულ პარკში დაცულია ალპური მდელოები, მყინვარები, მდინარეთა სათავეები, ცალკეული მნიშვნელოვანი ცენოზები, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ენდემურ რელიქტურ მცენარეთა სახეობები. აგრეთვე, უნიკალური ფიჭვნარი ტყე და წარმოდგენილი ტყის შემქმნელი სახეობები – არყი, მაღალმთის მუხა, ცირცელი, მდგნალი.
თუშეთის ეროვნული პარკი | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | თუშეთი, საქართველო |
უახლოესი ქალაქი | ახმეტა |
ფართობი | 71 341 ჰა |
დაარსდა | 2003 |
მმართველი ორგანო | დაცული ტერიტორიების სააგენტო |
თუშეთის ეროვნული პარკი გამორჩეულია მაღალი ესთეტიკური ღირებულებების მქონე ლანდშაფტებით, ულამაზესი ალპური მდელოებით, საუცხოოდ შემონახული ფიჭვნარი ტყეებით; თებულოს (4492 მ), დიკლოს (4285 მ) და ლაგაის (2456 მ) მთების მწვერვალებით.
მდებარეობა და საზღვრები
რედაქტირებამოიცავს კავკასიონის მთავარი ქედის გვერდითი ჩრდილოეთი (პირიქითა) ქედის სამხრეთ კალთებს (კავკასიონის ამ ნაწილში პირიქითა ქედი სიმაღლით აღემატება მთავარ ქედს და აღწევს ზღვის დონიდან 4500 მ), კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ ფერდობებს, მათ შორის მდებარე თუშეთის ქვაბულს და სპეროზის ქედს. ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის საზღვრები ემთხვევა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს რუსეთის ფედერაციასთან. კერძოდ, პარკი ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთსა და ინგუშეთს, ხოლო აღმოსავლეთით დაღესტანს. პარკს სამხრეთიდან ესაზღვრება კახეთი, ხოლო დასავლეთიდან ხევსურეთი, სადაც საზღვარი გადის აწუნთის ქედსა და თებულოსმთაზე. თუშეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობი შეადგენს 71 341 ჰა-ს. პარკის შემადგენლობაში შედის თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი, რომელიც მოიცავს მდინარეების: პირიქითის, გომეწრის ალაზნების და ჭანჭახოვანის ხეობებს. კერძოდ, გომეწრის ალაზნის სათავეებს და მისი ხეობის მარჯვენა ფერდს - დეკიანი კომპლექსებისა და სუბალპური არყნარების გავრცელების არეალებს; პირიქითა ალაზნის ქვედა დინებას, მაკრატელას ქედის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილს და მის მიმდებარე ფიჭვნარ ტყეებს დიკლოს მთამდე. პირიქითა ალაზნის ხეობის მარჯვენა ჩრდილო ფერდზე არსებულ ფიჭვნარ და არყნარ ტყეებს; ჭანჭახოვანის ხეობას, მარჯვენა და მარცხენა ფერდობებს, მის მდინარე გომეწრის ალაზანთან შესართავამდე. სახელმწიფო ნაკრძალი, ასევე, მოიცავს სოფლების: ომალოს, დიკლოს, შენაქოს, ქუმელაურთის და ხისოს მიმდებარე ტყის მასივებს; გომეწრის და პირიქითა ალაზნების შეერთების ადგილიდან დაღესტნის საზღვრამდე მდინარის მარჯვენა და მარცხენა ფერდობებზე არსებულ ტყის მასივებს. სახელმწიფო ნაკრძალის საერთო ფართობია 12 627,2 ჰა.
თუშეთის დაცული ლანდშაფტი მოიცავს თუშეთის ტერიტორიაზე არსებულ სოფლებს, ასევე სხვა ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს. კერძოდ, პირიქითის ალაზნის და მისი სათავეების – ქვახიდისწყლისა და ლაროვნისწყლის, გომეწრის ალაზნის სათავის (ალაზნისთავის), წოვათის წყლის (წოვათა), ორწყალისა და მისი შენაკადების ხეობებში არსებულ მწყემსების საზაფხულო ბინებს და მათ მიმდებარე ტერიტორიებს, ასევე, კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილო ფერდობებზე და დიკლოს მთის მახლობლად განლაგებულ საზაფხულო ბინებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებს. დაცული ლანდშაფტის საერთო ფართობია 31 518 ჰა.
ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება
რედაქტირებაგეოლოგია და გეომორფოლოგია
რედაქტირებათუშეთის ორივე გასწვრივი ხეობა (პრიქითი და გომეწრის ალაზნის ხეობები) და ნაყაიჩო-მაკრატელას ქედი იურული ფიქლებით არის აგებული. პირიქითის ალაზნის ხეობაში, სოფელ დართლოს მიდამოებში, რამდენიმე ადგილას კირქვიანი ტრავერტინების მძლავრი დანაგროვებია წარმოდგენილი. ამგვარ სუბსტრატზე განვითარებული ფლორა საკმაოდ თავისებურია და გამოირჩევა დანარჩენი ტერიტორიის ფლორისაგან.
თუშეთის რელიეფი საკმაოდ რთულია. რელიეფის მორფოლოგიური იერ-სახე მდინარეული ეროზიის ზემოქმედებით არის ჩამოყალიბებული. თუშეთის ორივე ალაზნის ზემო ნაწილები მეოთხეული პერიოდის მყინვარებითაა დამუშავებული. ამაზე მეტყველებს ტროგული ხეობების არსებობა და ხეობების ძირებზე მორენული ნაშალებით შემდგარი დანალექები. მაქსიმალური გამყინვარების ფაზაში მყინვარები აღწევდა ომალო-შენაქოს ვაკეებამდე და თუშეთის ტერიტორიის 60%-მდე მყინვარებით იყო დაფარული. მეოთხეული გამყინვარების ნიშნები კარგადაა გამოხატული როგორც პირიქითის და მაკრატელას ქედებზე, ასევე კავკასიონის მთავარ ქედზეც. ამ ადგილებში, ზღვის დონიდან 2700 მ-ზე მაღლა გვხვდება მყინვარული რელიეფის სხვადასხვა ფორმა ე. წ. მყინვარული ცირკის სახით.
თუშეთის აღმოსავლეთ ნაწილში სიმაღლეთა სხვაობა 2500 მ-ზე მეტია; ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან 1600 მ-ზე მდებარეობს, ხოლო ყველაზე მაღალი 4275 მ-ზე. ორივე ალაზნის შესაყართან, სოფელ შენაქოს, ქვემო ომალოსა და დიკლოს მიდამოებში, შემორჩენილია რელიქტური ეროზიული ვაკეები.
კლიმატი
რედაქტირებარეგიონისთვის, ზოგადად, დამახასიათებელია ზომიერად ტენიანი კლიმატი შედარებით მშრალი და ცივი ზამთრით და მოკლე ზაფხულით. კონტინენტური კლიმატი, განსაკუთრებით, დამახასიათებელია თუშეთის აღმოსავლეთი ნაწილისათვის. თუმცა ლოკალური კლიმატური პირობები (განსაკუთრებით ატმოსფერული ნალექების რაოდენობა) მნიშვნელოვნად ცვალებადობს რელიეფისა და სიმაღლის მიხედვით. მაგალითად, საყორნეს უღელტეხილზე (2970 მ. ზღ. დ.) საშუალო წლიური ნალექების რაოდენობაა 1631 მმ; მდ. ორწყალის ხეობაში იგი 1064 მმ-მდეა. სხვა ადგილებში წლიური ნალექების რაოდენობა მერყეობს 700-900 მმ-ის ფარგლებში. ნალექების სიუხვით განსაკუთრებით გამოირჩევა კავკასიონის მთავარი ქედი და, საერთოდ, გომეწრის ალაზნის აუზი, სადაც ატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა, დაახლოებით, 10 %-ით უფრო მაღალია ვიდრე პირიქითა ალაზნის ხეობაში. ეს სათანადოდ აისახება ამ ორი მდინარის წყლის რეჟიმებზეც. ნალექების რაოდენობის განსხვავება გამოწვეულია იმით, რომ თუშეთის აღნიშნული ნაწილი უმთავრესად ტენიანდება სამხრეთიდან შემოჭრილი ტენიანი ჰაერის მასებით.
თუშეთის ქვაბული, რომელიც ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მაღალი მთებითაა დაცული, ხასიათდება უმეტესად უქარო და მშრალი ლოკალური კლიმატით. მაგალითად, ომალოს პლატო თუშეთის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი და თბილი ადგილია, სადაც საშუალო წლიური ტემპერატურა 3,5 °C-ია. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 14,2 °C-ია, ხოლო იანვრისა - მინუს 9,1 °C (თუმცა ტემპერატურა ნულს ქვემოთ შესაძლოა აგვისტოშიც კი დაეცეს). აბსოლუტური მაქსიმუმი 31 °C-ია, ხოლო აბსოლუტური მინიმუმი - მინუს 36 °C. საშუალო წლიური ნალექების რაოდენობა 748 მმ-ია, რომლის უმეტესი ნაწილი მოდის წელიწადის უთბილეს პერიოდში – აპრილიდან სექტემბერის ჩათვლით.
თოვლის საფარის სისქე და განაწილების კანონზომიერებანი ნაირგვარია და დამოკიდებულია არა მხოლოდ ნალექების რაოდენობაზე, არამედ ქარის მიმართულებაზე, მის სიძლიერესა და მეზორელიეფის თავისებურებაზე.
რელიეფის სირთულის, ექსპოზიციათა ნაირგვარობისა და სხვა გარემოებათა გამო, მეზო და მიკროკლიმატი თუშეთში საკმაოდ მრავალფეროვანია. თუმცა, უმთავრესად სიმაღლეთა სხვაობის მიხედვით, გამოიყოფა კლიმატის შემდეგი ძირითადი ტიპები:
- ნოტიო კლიმატი ცივი ზამთრითა და მოკლე ზაფხულით (1600-2000 მ);
- გარდამავალი მთის კლიმატი ცივი ზამთრით და მოკლე ზაფხულით (2000-2400 მ);
- ნამდვილ ზაფხულს მოკლებული მაღალმთის ზომიერად ნოტიო კლიმატი (2400-3400 მ);
- მაღალმთის ნოტიო კლიმატი, მუდმივი თოვლითა და მყინვარებით, სადაც წლის ყველა თვის საშუალო ტემპერატურა 0°C-ზე დაბალია (3400 მ-ზე ზევით).
ჰიდროლოგია
რედაქტირებათუშეთის ტერიტორია, არსებითად, საკმაოდ ვრცელ, გასწვრივ ქვაბულს წარმოადგენს. იგი ორი პარალელური ხეობისგან შედგება. ერთ ხეობაში გაედინება პირიქითი ალაზანი, ხოლო მეორეში – გომეწრის ალაზანი. მათ შორისაა ნაყაიჩო-მაკრატელას წყალგამყოფი გასწვრივი ქედი, რომელიც აწუნთის ქედს გამოეყოფა ამუგოს მწვერვალის მასივთან. მას აღმოსავლეთის მიმართულება აქვს და მთავრდება ომალოს პლატოთი. ამ პლატოს ძირზეა ზემოთხსენებული ორი ალაზნის შესართავი, რომელიც ზღ. დ-დან დაახლოებით 1600 მ-ზე მდებარეობს. გომეწრის ალაზნის აუზში ჩამონადენის მოდული ყოველ კვ. კმ-ზე 3 მეტრით მეტია, ვიდრე პირიქითი ალაზნის აუზში.
პირიქითი ალაზნის შედარებით დიდი შენაკადია ლაროვანისწყალი, ხოლო გომეწრის ალაზნისა — ხისოსწყალი (ჭანჭახოვანის ხეობა), ორწყალი და ქიბდუხის ხევი. ეს შენაკადები მარჯვნიდან ერთვიან თუშეთის ალაზნებს. გომეწრის ალაზნის შედარებით დიდი მარცხენა შენაკადებია წოვათისწყალი და სამაროვნისწყალი, ხოლო თუშეთის შეერთებული ალაზნებისა — დიკლოსხაისწყალი. პირიქითის ალაზნის მარცხენა შედარებით მოზრდილი შენაკადებია ჩიღოსხაისწყალი, დიდხევი, ჭეროსხაისწყალი და ფარსმისხევი. ეს შენაკადები პირიქითის ქედის სამხრეთი კალთებიდან ჩამოედინება. ასევე, უხვადაა წვრილ-წვრილი შენაკადები და წყაროები. თუშეთის რელიეფი ჰიდროგრაფიული ქსელით ძლიერაა დანაწევრებული. ზამთარში მდინარეების უმეტესობა ნაწილობრივ ან მთლიანად იყინება.
თუშეთში მრავლადაა სხვადასხვა წარმოშობის მცირე ზომის ტბები. მდ. ორწყალის სათავეებში წრამოდგენილია მცირე ზომის (20 მ-ზე ნაკლები დიამეტრის) მყინვარული წარმოშობის ტბები. პატარა ტბები გვხვდება შავკილდისა და ვებუს სათავეებთანაც. მუდმივად გაყინული ტბა მდებარეობს კალოანის სათავეებში. შედარებით დიდი ტბა (200 მ სიგრძეში) მდებარეობს მიტოვებული სოფლის ჰეღოს მიდამოებში.
მაღალი მთის ჭაობები გვხვდება შენაქოს, ომალოს, თურსიეხისა და ხახაბოს მიდამოებში. მათი უმეტესობა ჩამოყალიბებულია ტბების ადგილას და ამჟამად მიწისქვეშა წყლებით იკვებება.
თუშეთი მდიდარია მინერალური წყლებით. სოფელ ჩიღოს წყარო ძლიერ მარილიანია. მჟავე წყაროებია ვეძის გორას ძირში, ხოლო ტუტე წყლები გამოდის სოფლებში ომალო, შენაქო, ფარსმა, ჭონთიო და სხვ. რკინის მაღალი შემცველობის მქონე წყლები გვხვდება დოჭუსა და ხახაბოსთან.
ნიადაგები
რედაქტირებათუშეთში წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ნიადაგები. მთის ზედა სარტყელში უმთავრესად კარგად განვითარებული ტყის ღია ყომრალი ნიადაგები გვხვდება. გავრცელებულია ამავე ტიპის ნიადაგის სუსტად განვითარებული ღორღიანი ნაირსახეობაც. საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული პრიმიტიულკორდიან-ღორღიანი ნიადაგები, როგორც ტყის, ისე — სუბალპურ და ალპურ სარტყლებში. ხეობების ძირებზე, შედარებით ახალგაზრდა ტერასებზე, განვითარებულია მეორადი მდელოებით ან მურყნარით დაფარული პროლუვიურ-დელუვიური ჭალის ნიადაგები. სუბალპურ მდელოებზე და გამეჩხერებულ ფიჭვნარებსა და არყნარებში გვხვდება მთა-მდელოს სანახევროდ გაკორდებული ნიადაგები. დეკიანებისთვის დამახასიათებელია ტორფიან-ღორღიანი ნიადაგები, რომლებიც განვითარებულია ჩრდილოეთის ფერდობებზე როგორც სუბალპურ, ისე ალპურ სარტყლებში. სუბალპურ ზონაში სამხრეთისა და აღმოსავლეთის ექსპოზიციის ციცაბო ფერდობებზე წარმოდგენილია პრიმიტიული კლდიან-ღორღიანი ნიადაგები. ამგვარ სუბსტრატზე განვითარებულია ქსეროფილური ბუჩქნარ-ბალახეული მცენარეულობა, ზოგან მეტად მეჩხერი ფიჭვნარები.
ლანდშაფტები და ჰაბიტატები
რედაქტირებათუშეთის დაცული ტერიტორიები გასაოცარი ლანდშაფტური მრავალფეროვნებით ხასიათდება. აქ ვხვდებით ფიჭვნარებისგან, სუბალპური ბუჩქნარებისა და ტყეებისგან, სუბალპური და ალპური მდელოებისა და მყინვარებისგან შექმნილ ეკოლოგიურ „მოზაიკას“. სხვადასხვა ტიპის ლანდშაფტების ფორმირებისა და გავრცელების კანონზომიერება გარემოს მახასიათებლების (გეოლოგიური, გეოგრაფიული, კლიმატური, ბიოგეოგრაფიული და სხვ. ფაქტორები) და საუკუნეების განმავლობაში ადამიანის საქმიანობის ერთობლივი მოქმედების შედეგია. წარსულში მეცხვარეობასთან ერთად მნიშვნელოვანი ანთროპოგენური ფაქტორი იყო მიწათმოქმედება. საკმაოდ დიდი ფართობები იხვნებოდა და მოთხოვნილება მარცვლეულზე მთლიანად ადგილობრივი მოსავლით კმაყოფილდებოდა. მოგვიანებით ხვნა-თესვა პრაქტიკულად შეწყდა (მარცვლეული უკვე ბარიდან შედიოდა) და მეცხვარეობა წამყვან საქმიანობად გადაიქცა. მიტოვებული სახნავ-სათესი მიწები გასაძოვრდა. ამ დროიდან მოყოლებული ძოვება ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი გახდა ლანდშაფტის ჩამოყალიბებაში. ყოფილ სახნავ-სათეს ტერიტორიებზე კი მცენარეულობის აღდგენა მუდმივი ძოვების პირობებში მიმდინარეობდა. შედეგად საკმაოდ ვრცელ ტერიტორიებზე, რომლებიც თავდაპირველად სახნავად გამოიყენებოდა, კერძოდ, ტყის ზონის ზედა ქვესარტყელში (1800-1900 მ. ზღ.დ.) და სუბალპური ზონის სამხრეთი ექსპოზიციის კალთებზე, ნაკლებ-პროდუქტიული მეორადი მდელოები ჩამოყალიბდა. შესაბამისად, ფიჭვნარებისა და მდელოების თანამედროვე გავრცელება მნიშვნელოვანწილად ადამიანის საქმიანობითაა განპირობებული.
მცენარეულობის ტიპი და სტრუქტურა, რელიეფის ფორმასთან ერთად დაცული ტერიტორიების ლანდშაფტების მეტ-ნაკლებად პირობითი კლასიფიკაციის საშუალებას გვაძლევს.
გალერეა
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ↑ საქართველოს კანონი თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ ka. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. ციტირების თარიღი: 26 დეკემბერი, 2022