თუშეთის ქვაბული — მაღალმთიანი გასწვრივი ქვაბული აღმოსავლეთ საქართველოში. მდებარეობს აღმოსავლეთ კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე. მოიცავს მდინარეების თუშეთის ალაზნისა და პირიქითი ალაზნის აუზებს. ყოველმხრივ ჩაკეტილია მაღალი ქედებით.

თუშეთის ქვაბული
კოორდინატები: 42°26′34″ ჩ. გ. 45°28′01″ ა. გ. / 42.44278° ჩ. გ. 45.46694° ა. გ. / 42.44278; 45.46694
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ახმეტის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 1500–1600 
თუშეთის ქვაბული — საქართველო
თუშეთის ქვაბული

თუშეთის ქვაბული აგებულია ძირითადად იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. სოფელ დართლოს მახლობლად გვხვდება ტრავერტინის მძლავრი დანაგროვები. მაკრატელას ქედი მას ორ ნაწილად ყოფს: ჩრდილოეთით პირიქითის ხეობაა, ხოლო სამხრეთით — გომეწრის. თუშეთის ქვაბულის ფსკერის აბსოლუტური სიმაღლე 1500–1600 მ ფარგლებშია.

გაბატონებულია ღრმად დანაწევრებული ეროზიული რელიეფი; კავკასიონის მთავარ ქედზე, პირიქითისა და მაკრატელას ქედებზე გლაციალური რელიეფიცაა. ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში შემონახულია ომალოს, შენაქოსა და დიკლოს რელიქტური ვაკე-პლატოები. თუშეთის ქვაბულში მიედინება პირიქითი ალაზანი (შენაკადებით: მარცხენა — ფარსმისწყალი, ჭეშოსწყალი, დიდიხევი, ჩიღოსწყალი; მარჯვენა — ლაროვანისწყალი) და თუშეთის ალაზანი (შენაკადებით: მარჯვენა — ბიქურთა, ორწყალი, ხისოსწყალი, მარცხენა — წოვათისწყალი).

თუშეთის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში მთავარი მდინარეების და მათი შენაკადების ხეობათა ქვემო კალთები შემოსილია ფიჭვნარ-არყნარი ტყით, ზოგან მხოლოდ ფიჭვნარია. ქვაბულის უდიდესი მაღალი ნაწილი სუბალპური და ალპური ბალახმცენარეულითაა დაფარული.

მდინარეების პირიქითი ალაზნისა და თუშეთის ალაზნის შესართავთან შემონახულია რელიქტური ეროზიული ვაკეები, სადაც გაშენებულია სოფლები: შენაქო, ომალო და დიკლო. ეს ვაკეები ზღვის დონიდან 2100–2200 მ ანუ მდინარეთა ხეობების ფსკერიდან 150–200 მ სიმაღლეზე მდებარეობენ. მათი წარმოქმნა დაკავშირებული უნდა იყოს მდინარე ანდის ყოისუს ტექტონიკურ შეგუბებასთან. თუშეთის ქვაბული სამანქანო გზით აბანოს უღელტეხილის გავლით უკავშირდება შიდა კახეთს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დავით უკლება, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 139.
  • მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964;
  • Геоморфология Грузии: Л. И. Маруашвили (отв. ред.) и др. Тб.: Мецниереба, 1971.