ვაზისუბანი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი)

Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაზისუბანი.

ვაზისუბანი (1951 წლამდე ურიათუბანი) — სოფელი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთის ძირას. თელავი–ბაკურციხის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 500 მეტრი, გურჯაანიდან 14 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2862 ადამიანი.

სოფელი
ვაზისუბანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი გურჯაანის მუნიციპალიტეტი
თემი ვაზისუბანი
კოორდინატები 41°49′12″ ჩ. გ. 45°41′28″ ა. გ. / 41.82000° ჩ. გ. 45.69111° ა. გ. / 41.82000; 45.69111
ადრეული სახელები ურიათუბანი
ცენტრის სიმაღლე 500
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა Decrease2.svg 2862[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვაზისუბანი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ვაზისუბანი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი)
ვაზისუბანი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი) — კახეთის მხარე
ვაზისუბანი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი)

ისტორიარედაქტირება

სოფელს 1951 წლამდე ურიათუბანი ერქვა, მისი ტერიტორია ადრეფეოდალურ ხანაში მჭიდროდ დასახლებული მნიშვნელოვანი საეკლესიო და სავაჭრო ცენტრი ყოფილა, იგი მდიდარია ბრინჯაოს, ანტიკური და ფეოდალური ხანის არქეოლოგიური ძეგლებით. ტოპონიმ „ურიათუბანით“ ასევე აღინიშნებოდა ებრაელთა ლოკალური დასახლება ან რომელიმე ქალაქის უბანი. 1757 წელს შედგენილ „განწესებაში თეიმურაზ მეორისა საჭერემლო სამწყსოს მიბარების შესახებ“ მოხსენიებულია ურიათუბანი საჭერემლოს საწყემსოში. სოფელი ურიათუბანი მოხსენიებული აქვთ ვახუშტი ბატონიშილს, იოჰან გიულდენშტედტს და იოანე ბატონიშვილს. იოანე ბაგრატიონის მიხედვით, ურიათუბანი თავიდან შუამთის მონასტრის კუთვნილება იყო, ეპარქიულად კი ჭერემის ეპისკოპოსს ექვემდებარებოდა ჭერემის ეპარქიის ფუნქციონირების შეწყვეტის შემდეგ, რაც გამოიწვია მტრის გამუდმებულმა ამაოხრებელმა თავდასხმებმა, თეიმურაზ ll-ის 1757 წლის განწესებით, ურიათუბანი მთლიანად ნინოწმინდელ ეპისკოპოსს ტუსისშვილ საბას ერგო. მოგვიანებით ურიათუბნის ყმა-მამულის ნაწილს ფეოდალები — მამუჩაშვილები და ნაზარიშვილები ფლობდნენ. ამ სოფლის მკვიდრთ სავარგულების გამო, ხშირად ჰქონდათ უთანხმოება მეზობელი სოფლების — შაშიანისა და მუკუზნის თემებთან. სამხედრო-ადმინისტრაციული დაყოფით, სოფლიდან გამოსული მებრძოლები ნინოწმინდელი ეპისკოპოსის დროშის ქვეშ დგებოდნენ, რომელსაც უშუალოდ ადგილობრივი მოურავი ხელმძღვანელობდა. ვაზისუბანში ოდითგანვე განვითარებული იყო მევენახეობა, მემინდვრეობა და მეურნეობის სხვა დარგები.

ისტორიული ძეგლებირედაქტირება

ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია სანაგირის მონასტერი – სამნავიანი ბაზილიკა (X-XI სს). აქედან მიწისქვეშა გვირაბი ჭერემის ხევამდე ყოფილა გაყვანილი. ასევე მნიშვნელოვანია ღვთისმშობლის მიძინების სამნავიანი ბაზილიკა (VI ს.), სამკარიანის წმინდა გიორგის სახელობის სამეკლესიანი ბაზილიკა (VI ს.), ორმოცი მოწამის სახელობის, მთავარანგელოზის, სამების (გვიანი შუა სს.) წმინდა გიორგის (შუა სს.), ნათლისმცემლის სახელობის დიდი და პატარა (შუა სს.) ბარბარეს (შუა სს.) ბებრიჭამიას (ადრეული შუა სს.) თამარის ეკლესიები (XII ს.); ნათლისმცემლის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი (XIX ს ჭავჭავაძეების საძვალე), მიჯნის საყდარი (შუა სს.); სულხან ჭავჭავაძისეული მარანი და რომანოვების სასახლე[2]

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. ვინ გაასხვისა ვაზისუბანში სულხან ჭავჭავაძისეული მამული და რომანოვების ისტორიული სასახლე ფარულად[მკვდარი ბმული] კახეთის ხმა